აგროსიახლეები

კახეთში 168,5 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, რთველი პიკშია

5 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში 168 500 ტონა ყურძენი გადამუშავდა, მათ შორის 166 865 ტონა მაღალი და საშუალო ხარისხისაა. რთველი რეგიონში პიკშია, პროცესის ორგანიზებას კი გურჯაანში მოქმედი რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გურჯაანში, რთველის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა და ყურძნის ჩაბარებისა და მოსავლის დაბინავების პროცესს ადგილზე გაეცნო.

მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის ვენახების თითქმის ნახევარი უკვე დაკრეფილია და რთველი პიკურ პერიოდში მიმდინარეობს. მისი თქმით, ადგილზე ყურადღება გამახვილდა რიგების მართვასა და ყურძნის ხარისხობრივ სეგრეგაციაზე.

„მნიშვნელოვანია, რომ რთველი ორგანიზებულად მიმდინარეობს და ჩაბარებული ყურძნის უმეტესი ნაწილი მაღალი ხარისხისაა“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მისივე შეფასებით, არსებული მონაცემებისა და საპროგნოზო მოსავლის გათვალისწინებით, წლევანდელი რთველი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მაღალი ხარისხის იქნება.

განსაკუთრებულ ყურადღებას მინისტრი წელს პირველად დანერგილ ყურძნის ხარისხობრივ დიფერენციაციაზე ამახვილებს. მისი თქმით, განსხვავებული ხარისხის ყურძენზე განსხვავებული ფასის დაწესებამ მევენახეებს დამატებითი მოტივაცია მისცა, მეტი ყურადღება მიაქციონ მოსავლის ხარისხს, რაც საბოლოოდ ღვინის ხარისხზეც უნდა აისახოს.

გადამუშავებულ ყურძენში ძირითადი წილი საფერავსა და რქაწითელს უკავია. ამ დროისთვის მიღებულია:

  • 86,7 ათასი ტონა საფერავი;
  • 70 ათას ტონამდე რქაწითელი;
  • დანარჩენი – სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

ღვინის საწარმოებს ყურძენი უკვე 12 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა.

წლევანდელი რთველის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ყურძნის ხარისხობრივი დიფერენციაციაა, რაც პროდუქციის შაქრიანობის მიხედვით განსხვავებულ ფასს ითვალისწინებს.

საფერავის შემთხვევაში, თუ ყურძნის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია, მისი ფასი 1,50 ლარია კილოგრამზე. 16%-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში ფასი 1 ლარს, ხოლო 16%-ზე ნაკლები შაქრიანობისას – 50 თეთრს შეადგენს.

რქაწითელისა და სხვა საღვინე ჯიშების შემთხვევაში, არანაკლებ 19%-იანი შაქრიანობის ყურძნის ფასი 1,30 ლარია. 16%-დან 19%-მდე შაქრიანობის ყურძნის შემთხვევაში ფასი 90 თეთრია, ხოლო 16%-ზე ნაკლები შაქრიანობისას — 50 თეთრი.

ამგვარი დიფერენციაცია მიზნად ისახავს, მევენახეს მაღალი ხარისხის ყურძნის წარმოების დამატებითი მოტივაცია შეუქმნას და ხარისხობრივი მაჩვენებელი ყურძნის ჩაბარებისას ფასშიც აისახოს.

რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახე მოსავალს დააბინავებს.

კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ იბარებს.

ყურძნის ჩაბარების პროცესს კი გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას.

რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოქმედებს ცხელი ხაზები: 1501 და 032 2 19 37 18.

წლევანდელი რთველი, როგორც მოცულობის, ისე ხარისხობრივი მაჩვენებლების მიხედვით, განსაკუთრებული მასშტაბით მიმდინარეობს. საბოლოო შედეგი კი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად წარმატებით მოხდება დარჩენილი მოსავლის აღება, ჩაბარება, გადამუშავება და რეალიზაცია.