მებაღეობა

კაკლის ინტენსიური ჯიშები და  წარმოების პერსპექტივები საქართველოში

კაკლის ნაყოფის წარმოების გაზრდა შესაძლებელია, ლატერალური და მტევნისებური მსხმოიარობის ტიპის ჯიშების ბაზაზე მცირეკონტურიანი, ინტენსიური ტიპის ბაღების გაშენებით.
ყოველწლიური მსხმოიარობის შენარჩუნებისათვის აღნიშნული ჯიშები მოითხოვენ გასხვლის სპეციფიკურ წესს.
სტატიაში მოცემულია ლატერალური და მტევნისებური ჯიშების მსხმოიარობის თავისებურებები და მათი ბიოლოგიურ-სამეურნეო მახასიათებლები.
კაკლის ნაყოფის მაღალი კვებითი ღირებულებისა და მოხმარების ფართო ხასიათიდან გამომდინარე, მისი წარმოება საქართველოში ვერ აბალანსებს მოხმარების დონეს. დიდია დეფიციტი შიდა ბაზარზე.

საქართველო მიჩნეულია კაკლის კულტურის წარმოშობის ერთ-ერთ კერად, რასაც ადასტურებს ქვეყანაში კულტურის გავრცელების შესაძლებლობის ფართო დიაპაზონი და წარმოებული პროდუქციის მაღალი კონკურენტუნარიანობა. აღნიშნულ გარემოებათა გამო სადღეისოდ მნიშვნელოვნად გაიზარდა ინტერესი კაკლის კულტურისადმი, განსაკუთრებით თანამედროვე, ინტენსიური ტიპის ბაღების გაშენების მიმართულებით.

კაკალი ეკონომიკურად მეტად მომგებიანი კულტურაა. 1 კგ კაკლის სარეალიზაციო ფასი მსოფლიო ბაზარზე 2,0-2,5 აშშ დოლარს აღემატება, რაც ინტენსიური ტიპის ბაღების მოსავლიანობაზე (6,8-8,0 ტ`ჰა-ზე) გაანგარიშებით 15-20 ათას აშშ დოლარს შეადგენს.

დღეს საქართველოში კაკლის ყოველწლიური მოსავალი 12-16 ათას ტონას ვერ სცილდება, მოთხოვნილება კი შიდა ბაზარზე — 25 ათას ტონას აჭარბებს. ამავე დროს დღეს არსებული ნარგაობების მნიშვნელოვანი ნაწილი ერთეული ძირების სახითაა წარმოდგენილი, რომელთა მოვლაც შესაბამისად გართულებულია და ყოველგვარი აგროტექნოლოგიური ღონისძიებების გამოყენების გარეშე ხდება, რის გამოც მიღებული პროდუქციის საგრძნობი ნაწილი უხარისხოა, ვერ პასუხობს საბაზრო მოთხოვნებს და ფასიც ადეკვატურია. დეფიციტის შევსება პროდუქციის იმპორტირების საშუალებით ხდება, რაც იწვევს სამომხმარებლო ბაზარზე ფასების საკმაოდ ზრდას. იგი ეკონომიკურად მძიმე ტვირთად აწვება ქვეყნის მოსახლეობას, რომელიც კაკლის ნაყოფის ტრადიციული მომხმარებელია.

საქართველოში არსებობს ყველა პირობა მაღალი გემური თვისებების მქონე პროდუქციის ზრდისათვის, რომელსაც შეუძლია არა მარტო შიდა ბაზრის გაჯერება, არამედ საექსპორტო პროდუქციის წარმოება და მნიშვნელოვანი შემოსავლების შემოტანა.

ზემოთაღნიშნული საკითხების დარეგულირება და პროდუქციის წარმოების ზრდის პოტენციური შესაძლებლობების მიღწევა შესაძლებელია სათანადო ჯიშებით, მცირეკონტურიანი, ინტენსიური ტიპის კაკლის ბაღების გაშენებითა და მოვლის თანამედროვე ტექნოლოგიური სქემების გამოყენებით.

ბაღები უნდა გაშენდეს როგორც შემოტანილი პერსპექტიული ჯიშებით, ასევე ადგილობრივი გენოფონდიდან თავისუფალი დამტვერვის შედეგად მიღებული ნათესებიდან კლონური სელექციის შედეგად გამორჩეული მაღალმოსავლიანი, ლატერალური და მტევნისებური ტიპის მსხმოიარობის მქონე ჯიშებითა და ფორმებით.

პერსპექტივაში სწორედ მსხმოიარობის ლატერალური და მტევნისებური ტიპის, მცირეკონტურიანი ინტენსიური ტიპის ბაღების გაშენებითაა შესაძლებელი კაკლის ნაყოფის წარმოების მნიშვნელოვანი გაზრდა.

კაკლის ლატერალური და მტევნისებური ჯიშები ჩვეულებრივ ჯიშებთან შედარებით მსხმოიარობის მეტად განსხვავებული თავისებურებებით ხასიათდება.

ეს ჯიშები მსხმოიარობას მეორე — მესამე წელს იწყებსენ. მცენარის ზრდა და ვარჯის ჩამოყალიბება მსხმოიარობის პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ყველა ნაზარდი მსხმოიარეა. მათზე 2-8 ნაყოფია განვითარებული;

6 წლის ასაკში ამ ჯიშების ხის სიმაღლე 2,5-3.5, ვარჯის დიამეტრი 1,2-2,5, ხოლო შტამბის გარშემოწერილობა 0,2-0,3 მეტრია. წლიური ნაზარდის სიგრძე 12,5-15 სმ-ს არ აღემატება. ვარჯის პროექცია 1,13-4,0მ2, მოცულობა კი 0,75—4,90მ3-ია. მოსავალი პროექციის ერთეულზე 1,38-5,68, ვარჯის მოცულობის ერთეულზე კი  — 1,15-4,29კგ-ს შეადგენს. ე.ი. ლატერალური და მტევნისებური ჯიშები სუსტი ზრდით და მაღალი მოსავლიანობით გამოირჩევა.

მოსავლიანობა სტაბილურად იზრდება მსხმოიარობის დაწყებიდან 4-5 წლის მანძილზე. მეექვსე წელს შეინიშნება მოსავლის კლება, რომელიც სანაყოფე ტოტების ხმობით არის გამოწვეული. ტოტების ხმობის გამო ვარჯი შიშვლდება, მსხმოიარობა პერიფერიებისაკენ ინაცვლებს, მოსავალი კი ვარჯზე განლაგებული ერთეული მძინარე კვირტებიდან მიიღება.

ასეთ შემთხვევაში მცენარის სიცოცხლის გახანგრძლივება და მოსავლის შენარჩუნება მხოლოდ გასხვლით არის შესაძლებელი, ერთი და 2-3-კვირტიანი გადანაჭრების დატოვებით (სურ 5); გაზაფხულზე ვეგეტაციის დაწყების შემდეგ მოსავალი მხოლოდ 2-3-კვირტიანი გადანაჭრებიდან წამოსულ ყლორტზე ფორმირდება, მასზე 2-3, ზოგჯერ კი 4 ნაყოფია განვითარებული, ერთკვირტიანი გადანაჭრებიდან კი წარმოიქმნება ძლიერი ნაზარდები, რომელთა სიგრძე ვეგეტაციის ბოლოს 1-1,5, ზოგჯერ კი 2,5-3,5 მეტრს, ხოლო დიამეტრი 1,5-2,5 სმ-ს აღწევს. მათზე ლატერალური კვირტები ყალიბდება და ტოტებზე მათი რაოდენობა 20-50 ცალს აღემატება;

ვეგეტაციის მეორე წელს ტოტზე განლაგებული ყველა ლატერალური კვირტიდან იწყება 10-15 სმ სიგრძის ერთწლიანი ნაზარდების წარმოქმნა. მათზე 2-3, ზოგჯერ 6-8 ნაყოფი ვითარდება. ე.ი. ერთწლიან ტოტზე 40-60, ზოგჯერ კი 80-90 ცალი ნაყოფი წარმოიქმნება და მწიფდება.

მომდევნო წელს წინა წლის მსხმოიარე ტოტების ძირითადი ნაწილი უმოსავლოდ რჩება, მათზე მხოლოდ მჭიდები ვითარდება.

მსხმოიარობის შენარჩუნების მიზნით აუცილებელია რეგულარული გასხვლა. იგი შესაძლოა მონაცვლეობით ჩატარდეს: ერთ წელს გაისხლას მცენარეთა ნაწილი, მეორე წელს — მეორე ნაწილი, ან პირველ წელს გაისხლას მცენარის ერთი ნაწილი, მეორე წელს მეორე ნაწილი.

ნუგო

წარმოშობა: შერჩეულია თავისუფალი დამტვერვის შედეგად მიღებული ნათესებიდან (სელექციონერი: ნუგზარ შენგელია).

გამოირჩევა: საშუალო პერიოდის სიმწიფით ( აღმოსავლეთ საქართველოში სექტემბრის მეორე ნახევარი— ოქტომბრის დასაწყისი), ნაყოფების მაღალი სასაქონლო ხარისხით, მაღალი მოსავლიანობით.

მცენარე: სუსტად მოზარდი, მსხმოიარობა დაიწყო აღმოცენებიდან მესამე წელს.

მგრძნობიარობა დაავადებებისადმი: საშუალო.

ყვავილობა: მიმდინარეობს აპრილის ბოლოდან.

მსხმოიარობა: ლატერალური, 6-წლიანი ხის მოსავალი 5,5-6,0 კგ-ს შეადგენს (საშუალოდ მესამე წელს ნამყენი მცენარე იძლევა 880 გრამს).

ნაყოფი: საშუალო ზომის (4,03×3,52×3,3,26სმ), მასა — 11,8 გრ, ოდნავ მოგრძო, ოვალური, პატარა წვერით.

ნაჭუჭი: ღია თეთრი, თხელი, 1,1 მმ, გლუვი ან სუსტად დანაოჭებული, ადვილად მტვრევადი.

გული: ღია ჩალისფერი, მთლიანად ავსებს ნაჭუჭის ღრუს, გამოდის მთლიანად ან ნახევრად, გემრიელია, გულის გამოსავლიანობა 53,5%-ია, ცხიმიანობა — 67,9%.

ანანო

წარმოშობა: შერჩეულია თავისუფალი დამტვერვის შედეგად მიღებული ნათესებიდან. (სელექციონერი: ნუგზარ შენგელია).

გამოირჩევა: ადრეული სიმწიფით — აგვისტოს ბოლო — სექტემბრის პირველი დეკადა — მაღალი მოსავლიანობით.

მცენარე: სუსტად მზარდი, მსხმოიარობა დაიწყო აღმოცენებიდან მეორე წელს.

მგრძნობიარობა დაავადებებისადმი: საშუალო.

ყვავილობა: მიმდინარეობს აპრილის ბოლოდან.

მსხმოიარობა: მსხმოიარობის ტიპი — ლატერალური. 6-წლიანი ხის მოსავალი საშუალოდ 5.5 კგ-ს შეადგენს.

ნაყოფები: საშუალო ზომის (34x32x31 მმ), მასა — 8,5-9,5 გრამი, მომრგვალო, თითქმის კვერცხისებური, ძალიან პატარა წვერით.

ნაჭუჭი: ღია ჩალისფერი, თხელი — 0,7-0,8 მმ, ადვილად მტვრევადი, ზოგჯერ კი ჩანს ლებნები.

გული: ღია ჩალისფერი, მთლიანად ავსებს ნაჭუჭის ღრუს, გამოდის მთლიანად ან ნახევრად, გამოსავალი — 53-59%, ცხიმიანობა — 69,5%.

ლარა

წარმოშობა: ფრანგული ჯიშია, შემოტანილია 2004 წელს.

გამოირჩევა: მომრგვალო, ზემოთ მიმართული ვარჯით.

მცენარე: საშუალო ზრდის, ნამყენი მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მესამე წელს.

მგრძნობიარობა დაავადებებისადმი: საშუალო.

ყვავილობა: საგვიანო პერიოდის, ყვავილობის ტიპი — პროტერანდრიული.

მსხმოიარობა: ლატერალური.

ნაყოფები: მრგვალი, გვერდებიდან გამოზნექილი, დიდი ზომის (34×38 მმ), მასა — 12-13,5 გრამი, კარგი შეხედულების.

ნაჭუჭი: საშუალო სისქის, ადვილად მტვრევადი, სუსტად დანაოჭებული.

გული: თეთრი, ავსებს ნაჭუჭის ღრუს, გამოდის მთლიანად ან ნახევრად, გემრიელი, გამოსავლიანობა — 45-48%.

ჩენდლერი

წარმოშობა: ამერიკული ჯიშია, კალიფორნიაში წამყვან ჯიშად ითვლება, შემოტანილია 2004 წელს.

გამოირჩევა: ზემოთ მიმართული ვარჯით და უხვად შეფოთვლით.

მცენარე: საშუალო ზრდის, ნამყენი მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან მესამე წელს.

მგრძნობიარობა დაავადებებისადმი: საშუალო.

ყვავილობა: საშუალო,

მსხმოიარობა: ლატერალური, რომლებზეც ნაყოფები მტევნისებურად ვითარდება.

ნაყოფები: მოგრძო-ელიფსური, დიდი ზომის (34×36 მმ), მასა 12,5-13,5 გრამი, კარგი სასაქონლო თვისებების.

ნაჭუჭი: თხელი, ადვილად მტვრევადი, ოდნავ დანაოჭებული.

გული: თეთრი, მთლიანად ავსებს ნაჭუჭის ღრუს, გამოდის მთლიანად ან ნახევრად, გემრიელი, გამოსავლიანობა — 49%, ცხიმიანობა — 64%.

კაკლის ბაღები საუკუნის ბიზნესია. კაკლის ნაყოფები გამოკვებავს არა მარტო ჩვენს შვილებს, არამედ თაობებს. თუმცა, საჭიროა საქმე დავიწყოთ სწორად. შეცდომების დაშვება ბაღების გაშენების დროს გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანს.

 

ნუგზარ შენგელია, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი,

კუკური ძერია, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი,

ნატო მიქაძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი