აგროტექნოლოგიებიდარგებიმებაღეობა

კაკლის მოსავლის აღება, შრობა, შენახვა

კაკლის მოსავლის აღება სრულ მსხმოიარობაში შესვლის შემდეგ, შესაბამისი მოვლისა და აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარების შემთხვევაში, 1 ჰა-დან შეიძლება მივიღოთ 3-7 ტონა მოსავალი.

კაკალი იკრიფება (იბერტყება) სრული სიმწიფის სტადიაში. მოსავლის დაგვიანებული კრეფა იწვევს: გულის გამოშრობას, ზომაში დაპატარავებას, მოსავლის კლებასა და შენახვის უნარიანობის დაქვეითებას.

მწიფე კაკლებზე მწვანე გარსი თავად სკდება და ცვივა, რაც მთლიანი სიმწიფის მაჩვენებელია. რადგან ნაყოფი მთლიან სიმწიფეში ერთდროულად არ შედის, მას ტოტებიდან ბერტყავენ.

დაბერტყვის შემდეგ მწვანე გარსშერჩენილ კაკლებს აცლიან გარსს, რეცხავენ სუფთა წყლით და აშრობენ მზეზე ან სპეციალურ საშრობში.

აღსანიშნავია ისიც, რომ აღების მომენტში კაკლის ტენიანობა საკმაოდ მაღალია (24-28 %) და შენახვის შემთხვევაში კაკლის წონა, შრობის გამო, საშუალოდ 15%-ით იკლებს.

ნაყოფის სიმწიფის მაჩვენებლები

მოსავლის აღება უნდა დაიწყოს მაშინ, როცა გარსი სკდება და ნაჭუჭს იოლად შორდება. მოსავალი აღებისთანავე უნდა გადაირჩეს, მოშორდეს გარსი, უხარისხო – მავნებლით ან დაავადებით დაზიანებული ნაყოფი დაჯგუფდეს ცალკე (ისინი განცალკევებით უნდა გააშრონ და შეინახონ).

შრობა

მოსავლის აღების შემდეგ კაკალი უნდა გაშრეს მზეზე ან სპეციალური საშრობების გამოყენებით. ამ დროს უმნიშვნელოვანესია შრობის პროცესის სწორად წარმართვა.

ტენის შემცირებასთან ერთად, გრძელდება შემადგენელი ნივთიერებების, ძირითადად კი, ცხიმების სინთეზი, ამიტომ საჭიროა, მკაცრად გაკონტროლდეს შრობის ტემპერატურა, რომელიც უნდა იყოს 23°C- 30°C დან არაუმეტეს 43°C-მდე და ტენი მასაში (რაც უფრო მაღალია ნედლეულში ტენი, მით უფრო დაბალი ტემპერატურიდან უნდა დაიწყოს შრობა).

შრობის პროცესის ხანგრძლივობა: საშრობში არაუმეტეს 2 დღე; მზეზე საშუალოდ 10-12 დღე. ტენის ოპტიმალური ნიშნულია: გაუტეხავი კაკლისთვის – არაუმეტეს 12,0%, კაკლის გულისთვის – 5% (არაუმეტეს 8%).

შრობისას კაკალი უნდა დაიყაროს სტელაჟებზე და დაყრილი კაკლის სისქე უნდა იყოს 20-30 სმ.

შენახვა

გაუტეხავი კაკალი უნდა შევინახოთ ჯვალოს (ჯუთის) ტომრებში 25-50 კგ, მუყაოს ყუთებში ან დიდი ტევადობის (1-1,5 ტონა და მეტი) ტომრებში, ე.წ. „ბიგბეგებში“.

კაკლის გულის შენახვა რეკომენდებულია ვაკუუმშეფუთვით და მუყაოს ყუთებით. ნედლეული უნდა დასაწყობდეს ტარაში (პალეტებზე) წესების დაცვით და გაკონტროლდეს შენახვის რეჟიმის პარამეტრები: ტენიანობა – 50-65%.

რაც შეეხება ტემპერატურის ნიშნულს, სხვადასხვა ტემპერატურის პირობებში შენახვის ხანგრძლივობა განსხვავებულია. შენახვის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ტემპერატურაზე (ტენიანობა – 50-65%)

 

2