აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებისტატიები

კალმახა სოკოს მოყვანის ტექნოლოგია

სხვა კულტივირებად სოკოებთან შედარებით სოკო კალმახას მთელი რიგი უპირატესობანი გააჩნია, ის საკმაოდ ტექნოლოგიურია, აქვს ზრდის მაღალი სიჩქარე და ამასთან კონკურენტი მიკროფლორის მიმართ საკმაოდ მდგრადია. ადვილად იზრდება ცელუოზის შემცველ სასოფლო სამეურნეო და ხის გადამუშავების ნარჩენებზე.
ინტენსიური კულტივირების თვალსაზრისით სუბსტრატის მოსამზადებლად, უფრო ხშირდ იყენებენ ხორბლის ნამჯას, ასევე — სიმინდის ნაქუჩს და ჩალას, ბამბის, ხე-ტყის გადამუშავებისა და საყოფაცხორებო ქაღალდის ნარჩენებს. სუბსტრატის მოსამზადებლად ცალკეულ შემთხვევაში დასაშვებია ზემოთ ჩამოთვლილი სასუბსტრატე კომპონენტების ნარევის გამოყენებაც.

კალმახას კულტივირების ტექნოლოგია რთული არ არის, სუბსტრატის მომზადებისთვის დიდ დროს არ საჭიროებს. კალმახას კულტივაციის დასრულების შემდეგ ამორტიზირებული სუბსტრატი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც შინაური ცხოველების საკვები ან როგორც საუკეთესო ორგანული სასუქი.

არსებობს სოკო კალმახას კულტივირების ექსტენსიური და ინტენსიური მეთოდები. ამ ნომერში შემოგთავაზეთ კალმახა სოკოს მოყვანის ექსტენსიურ მეთოდს, ინტენსიური მეთოდებზე მომდევნო ნომერში მოგითხრობთ.

კალმახა სოკოს მოყვანა ექსტენსიური მეთოდით

კალმახას კულტივირება პირველად მეოცე საუკუნის 20 იან წლებში გერმანიაში დაიწყეს. გერმანელმა ფერმერებმა კულტივირებისთვის ფოთლოვანი ხეების მორები გამოიყენეს. რამეთუ ფოთლოვანი ხის მერქანი კალმახას ბუნებრივ საკვებს წარმოადგენს.

ამგვარი მეთოდის უპირატესობაა ის, რომ შეიძლება გამოყენებულ იქნას დაბალხარისხოვანი  მერქანი. ჩვეულებრივ, ფოთლოვანი  ხის (დიამეტრი არა ნაკლებ 25 სმ.) მორებს ჭრიან 30-40 სანტიმეტრის ზომაზე. შემდეგ მას ერთი კვირის განმავლობაში წყალში ალბობენ. ახლად მოჭრილი ხის ჩალბობა სავალდებულო არ არის. როცა მერქნის ტენიანობა გადააჭარბებს 80-90%-ს, ახდენენ  მერქანში კალმახას მიცელიუმის შეტანას. ეს შეიძლება მოხდეს რამოდენიმე მეთოდით:

  1. კუნძის მოხერხილ ზედაპირზე თხელ ფენად შლიან 100-150 გრამ მიცელიუმს. მასზედ, ასევე მოხერხილი ზედაპირით ადებენ მეორე კუნძს, რომლის ზევითა მოხერხილ ზედაპირზედაც კვლავ თხელ ფენად შლიან 100-150 გრამ მიცელიუმს და ამგვარად შეიძლება რამდენიმე იარუსი გაკეთდეს. კუნძების გამოშრობის თავიდან აცილების მიზნით გამზადებულ იარუსებს პოლიეთილენის აბსკში ახვევენ.
  2. წყალში დამბალ მორს ბურღის საშუალებით რამდენიმე ნახვრეტს უკეთებენ. შემდეგ მასში მიცელუიმს ყრიან და ნახვრეტს ლუქავენ მის დიამეტრზე ოდნავ მსხვილი ტოტით იგივე ნაირად, როგორც საცობი. ნახვრეტი ასევე შეიძლება დაილუქოს ბაღის მალამოთი ან სკოჩით.
  3. მორს მოახერხავენ 2 სმ-ს დისკს, მორის მოხერხილ ზედაპირზე თხელ ფენად გაშლიან მიცელიუმს და ზემოდან ადებენ დისკს, რომელსაც ლურსმნებით აჭედებენ.

შედეგ ეტაპზე კუნძები შენობაში შეაქვთ, სადაც ტემპერატურა 15-20 გრადუსია. კუნძები რომ არ გამოშრეს პერიოდულად წყალს ასხურებენ, სასურველია ჩვეულებრივი საწამლი აპარატით. ამასთან სასურველი მიკროკლიმატის შექმნის მიზნით კუნძებს პერფორირებული პოლიეთილენის ფირს აფარებენ.

ამ პირობებში  კალმახა კუნძის მერქნის სრულ ათვისებას 2-2,5 თვე სჭირდება. თუ შენობაში მუდმივად ვინარჩუნებთ მაღალ ტენიანობას კუნძების ზედაპირზე ჰაეროვანი მიცელიუმის ფიფქის მაგვარი ნადები ჩნდება.

ამის შემდეგ, კუნძები ბაღის ჩრდილიან ადგილზე გადააქვთ. კუნძის 2\3 მიწაში ფლავენ რათა თავიდან აიცილონ გამოშრობა. გვალვების შემთხვევაში აუცილებელია მორწყვაც.როგორც კი ჰაერის ტემპერატურა  მიღწევს 8-14 გრადუსს კუნძების ზედაპირზე ჩნდება კალმახას პრიმორდიები (ნაყოფის ჩანასახი), რომლებიც რამდენიმე დღეში ზრდასრულ ნაყოფებად ჩამოყალიბდებიან.

გარდა ღია გრუნტისა ანალოგირად დათესილი კუნძებით შეიძლება კალმახას კულტივირება  სპეციალური მიკროკლიმატით უზრუნველყოფილ დახურულ შენობებში. ამ შემთხვევაში აუცილებელია:

— შენობის ხშირი განიავება ნახშირორჟანგის გადევნისა და სოკოს  ჟანგბადით მომარაგების მიზნით.

— ტენიანობის უზრუნველყოფა 80-90% ფარგლებში;

— შენობის განათება სასურველია დღის განათების ნათურებით;

ექსტენსიური მეთოდებით კალმახას კულტივაციისას გასათვალისწინებელია, რომ გაცილებით  უხვმოსავლიანია  წიფელის და მუხის კუნძები და საშუალოდ ერთი ცენტნერი მერქნიდან 20 კგ-ს შეადგენს.

 კალმახა სოკოს კულტივირების ინტენსიური მეთოდი

მიკროეკონომიკური თვალსაზრისით, კალმახას კულტივირების  გაცილებით გამართლებული ფორმაა ინტენსიური მეთოდი. ამ შემთხვევაში კალმახას ნაყოფის მიღება შეიძლება მთელი წლის განმავლობაში და მოსავლიანობა ნალკებად არის დამოკიდებული   კლიმატური პირობების სეზონურ ცვლილებებზე. სასათბურე შენობაში შექმნილ სპეციალურ პირობებში, სხვადასხვა სუბსტრატების გამოყენება, მათი თერმული დამუშავებით, უფრო მოკლე ტექნოლოგიური ციკლი მაღალი და სტაბილური მოსავლიანობის მიღწევის საშუალებას იძლევა.

კალმახას მოყვანისათვის საჭირო სრული ტექნოლოგიური ციკლი შეიცავს:

– სუბსტრატის დასაქუცმაცებელ შენობას შეაბამისი დანადგარით.

– შენობა ფერმენტაციისა და თერმული დამუშავებისთვის საჭირო მოწყობილობებით;

– შენობა კალმახას განვითარებისა და მსხმოიარობისთვის;

– სამაცივრო დანადგარები სოკოს მოსავლის შესანახად;

სუბსტრატის მომზადება იყოფა რამდენიმე ეტაპად:

-დაქუცმაცება. განვიხილოთ ხორბლის ნამჯის მაგალითზე. დაქუცმაცების დაწყებამდე უნდა ყურადღება მივაქციოთ, რომ ნამჯა  იყოს ოქროსფერი და  ობის სუნის გარეშე.კომპოსტის დაქუცმაცება საშუალებას გვაძლევს უფრო ეფექტურად მოვახდინოთ მისი თერმული დამუშავება და კომპაქტურად მოვათავსოთ  პოლიეთილენის პარკებში. ჩვეულებრივ ნამჯას არა უმეტეს 5 სმ-ს ზომამდე სპეციალური დამაქუცმაცებელი დანადგარებით აქუცმაცებენ. სახლის პირობებში დაქუცმაცება შესაძლებელია ნებისმიერი ხელმისაწვდომი საშუალებით.

დალბობა

გარკვეული რაოდენობის წყლის შეწოვის მიზნით დაქუცმაცებულ ნამჯას  გარკვეული დროის განმავლობაში ალბობენ წყალში. შემდეგში ზედმეტ  წყალს აშორებენ დაწურვის ან სპეციალური საწური დანადგარებით, გამოწურვის გზით. ნორმალურ პირობებში სუბსტრატის ოპტიმალური ტენიანობაა 70%-ია. დალბობის დროს ხდება ნამჯიდან წყალში ადვილად ხსნადი ისეთი ნივთიერებების გამორეცხვა, რომლებიც წარმოადგენენ კალმახასთვის კონკურენტი მიკროსკოპული სოკოების საკვებს. ამ გზით ვამცირებთ ისეთი კონკურენტების განვითარების ალბათობას, როგორებიც არიან ტრიხოდერმა, მიოკრი და ნეოსპორა. დალბობის დროს  კარგია თუ წყალში დავუმატებთ 0,02% ფუნდაზოლს, რომელიც ხელს უშლის კონკურენტი მიკროსკოპული სოკოების განვითარებას.

თერმული დამუშავება

თერმული დამუშავების ძირითადი მიზანია  სუბსტრატში კონკურენტი მიკროსკოპული სოკოების მოსპობა, რომლებიც მნიშვნელოვნად აფერხებენ კალმახას განვითარებას და სერიოზულად ამცირებენ მოსავლიანობას. გარდა ამისა თერმულად დამუშავებულ სუბსტრატს გაცილებით ადვილად ითვისებს კალმახა, რაც მისი მაღალი მოსავლიანობისთვის ერთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

არსებობს სუბსტრატის თერმული დამუშავების ორი მეთოდი. 1966 წლიდან მესოკოვეების მიერ აქტიურად გამოიყენება სტერილური მეთოდი, რომელიც გულისხმობს მაღალი ტემპერატურის და ორთქლის წნევის ქვეშ სუბსტრატის დამუშავებას.   სამ საათიანი სტერილიზაციის დროს ფიქსირდება 120 გრადუსი ტემპერატურა,  წნევა კი-1,5 ატმოსფეროს აღწევს.  ამ შემთხვევაში იღუპება სუბსტრატში მყოფი ყველა კონკურენტი მიკროორგანიზმი. გაციების შემდეგ სუბსტრატში შეაქვთ მიცელიუმი

სტერილური მეთოდის ერთ ერთი უარყოფითი მხარეა მისი მაღალი თვითღირებულება მასში ავტოკლავის გამოყენების აუცილებლობის გამო. ამიტომ უფრო ხშირად იყენებენ არასტერილურ მეთოდებს.

არასტერილური თერმული დამუშავების მნიშვნელოვანი მეთოდია ფერმენტაციული მეთოდი. ფერმენტაციის ტემპერატურა 70 გრადუსს არ აღემატება. ამ ტემპერატურაზე პრაქტიკულად ისპობა კონკურენტი მიკროფლორა და ძლიერდება დამცავი მიკროფლორა, რომელიც ხელს უშლის კონკურენტების განვითარებას და ამით ხელს უწყობს კალმახას მიერ სუბსტრატის აქტიურად ათვისებას. ფერმენტაციის დროს სპეციალურად მოწყობილ საფერმენტაციო კამერებში ხდება სუბსტრატის სუფთა ჰაერით და ტემპერტურით ერთდროული დამუშავება. ამ გზით სუბსტრატის ტემპერატურა სწრაფად აყავთ 60-70 გრადუსამდე და ამ ტემპერატურაზე აჩერებენ 12 საათის განმავლობაში. ამ დროს  ხდება სუბსტრატის პასტერიზაცია.ამის შემდეგ მიმდინარეობს  72 საათის განმავლობაში პასტერიზებული სუბსტრატის თანდათანობითი გაცივება 45 გრადუსამდე. ამ შემთხვევაში სუბსტრატის ტენიანობა არ უნდა იყოს 70-80 % -ზე მეტი,  რათა არ განვითარდეს ლპობის ბაქტერიები. თუ ტენიანობა იქნება არასაკმარისი, მცირდება ფერმენტაციის ეფექტურობა. ფერმენტაციის დროს სუბსტრატში ვითარდება მიკროორგანიზმები, რომლებიც თავიანთი  ცხოველყოფელობის შედეგად სუბსტრატში გამოყოფენ ანტიბიოტიკური თვისების მქონე ნივთიერებებს, რითაც აფერხებენ კონკურენტი მიკრო ორგანიზმების განვითარებას და პირიქით, ხელს უწყობენ კალმახას. ფემენტაციის შემდეგ ცივი გაფილტრული ჰაერის მიწოდებით სუბსტრატის ტემპერატურას სწევენ 25 გრადუსამდე. ამის შემდეგ სუბსტრატი მზადაა მასში მიცელიუმის შესატანად.

გაცილებით ადვილი და ნაკლებად შრომატევადია შემდეგი მეთოდი: მდუღარე წყალში ყრიან დაქუცმაცებულ ნამჯას. ამ დროს წყლის ტემპერატურა მცირდება მასში ცივი ნამჯის მოხვედრის გამო. ტემპერატურა ნამჯის მასის შუაგულში  აჰყავთ მინიმუმ 75 გრადუსზე და ამ ტემპერატურაზე აჩერებენ მინიმუმ 1 საათის განმავლობაში. მასთან აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ  დროის ათვლა უნდა დავიწყოთ მას შემდეგ, რაც ტემპერტურა ნამჯის შუა გულში 75 გრადუსს მიაღწევს. შეცდომაა როცა დროის ათვლას   წყლის ტემპერატურის მიხედვით იწყებენ.

ორივე მეთოდით დამუშავებული სუბსტრატი, რაც შეიძლება სტერილურად უნდა გაცივდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თერმულად წარმატებით დამუშავებულ კომპოსტი, კონკურენტი მიკროორგანიზმებით შეიძლება მეორადად დაინფიცირდეს.

კალმახას დათესვა (ინოკულაცია)

სუბსტრატის ოთახის ტემპერატურამდე გაციების შემდეგ იწყებენ მასში მიცელიუმის შეტანას. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება 30 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის სუბსტრატის ინოკულაცია. ამ შემთხვევაში დიდია მიცელიუმის დაღუპვის რისკი. კალმახას ზრდისთვის ოპტიმალურია კომპოსტის Ph 5-6, ტენიანობა70-85 %.

მიცელიუმი  ან ფენა-ფენა შეაქვთ, ან და სუბსტრატში თანაბარად ურევენ. სუბსტრატს ერევა მისი მოცულობის 3-5% მიცელიუმი. ეს ყველაფერი თავსდება პოლიეთილენის სპეციალურ პარკებში. პარკში ჩადება ხორციელდება იმ გათვლით, რომ 1 მეტრის სიმაღლის სოკოს სპეციალურ პარკში 13-18 კგ.  ინოკულირებული კომპოსტი მოთავსდეს. რაც უფრო მძიმეა პარკი, მით უფრო მეტია მოსალოდნელი მოსავლიანობა. ჭარბი ტენი (წყალი) გროვდება პარკის ქვედა ნაწილში, მის გამოსადევნად პარკს აჭრიან ქვედა კუთხეებს. პარკის ზემოთა მხარე იხურება კანაფით ან სპეციალური მასალით, რაც  მეორადი ინფიცირების ალბათობას ამცირებს.

ამის შემდეგ კომპოსტიან პარკებს ათავსებენ სპეციალურ ცემენტის იატაკიან და კედლებიან შენობაში, რომელიც წინასწარ დამუშავებულია ფუნგიციდებით  (კირქლორი, ფორმალინი,  3% იანი შაბიამნის ხსნარი). კედლები შეთეთრებულია დაუწვავი კირით. შენობაში მოწყობილია სპეციალური სტელაჟები, რომლებზედაც მზა ინოკულირებული კომპოსტიანი პარკები განთავსდება, ისე რომ ისინი ერთმანეთს არ შეეხოს და ტემპერატურას სწევენ 20-21 გრადუსამდე. ორი-სამი დღის  შემდეგ მიცელიუმი გადასვლას იწყებს სუბსტრატზე და ოცი-ოცდა ხუთი დღის განმავლობაში მთლიანად ფარავს მას. ამ დროს სუბსტრატს აქვს თეთრი ფერი. საყურადღებოა, რომ პარკის შუაგულში ტემპერატურამ არ უნდა აიწიოს 28 გრადუსზე მაღლა. მიცელიუმი კომპოსტის ათვისებისას თვითონაც გამოყოფს სითბოს, ამის გამო შეიძლება მოხდეს პარკების შიგნით ტემპერეტურის თვითნებური ზრდა და  კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბოს და მიცელიუმი დაღუპოს. კონტროლის მიზნით რამდენიმე პარკის (კომპოსტის) შუა გულამდე შეყავთ საკონტროლო თერმომეტრები, რომელთა საშულებითაც ხორციელდება დაკვირვება კომპოსტის შიდა ტემპერტურაზე.

გათეთრებული პარკები გადააქვთ სპეციალურად მოწყობილ ფუნგიციდებით წინასწარ დამუშავებულ შენობაში, რომელიც უზრუნველყოფილია განათებით და სოკოს მსხმოიარობისთვის საჭირო მიკრო კლიმატის შესაქმნელი მოწყობილობებით.

მიცელიუმის განვითარებისათვის და მის მიერ კომპოსტის ათვისებისათვის ოპტიმალური ტემპერატურა 24 გრადუსია. ტენიანობა 75-90 პროცენტი. სუბსტრატის ათვისების პერიოდში სინათლე საჭირო არ არის. პირიქით, სინათლის სიჭარბემ კომპოსტის ათვისება შეიძლება შეაფერხოს. ვენტილიაციაც საჭირო არ არის, ამ შემთხვევაში გარკვეული რაოდენობით ნახშირმჟავა გაზი ხელს უწყობს კომპოსტის ათვისებას. ინოკულაციიდან ორი-სამი დღის შემდეგ სუბსტრატი იწყებს მიცელიუმით დაფარვას და ათვისებული ზედაპირი მოთეთრო ფერის ხდება. იმის და მიხედვით თუ რა რაოდენობის მიცელიუმია შეტანილი კომკოსტში და რა ზომისაა ბლოკი, პარკის გათეთრებას სჭირდება 15 დან 25 დღემდე. ძალზე დიდი რაოდენობით მიცელიუმის შეტანამ კომპოსტში და საინკუბაციო ბლოკში მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება გამოიწვიოს ქერქის ანუ ეგრეთწოდებული სტრომის წარმოქმნა, რაც შეიძლება იქცეს მოსავლიანობის მკვეთრი შემცირების მიზეზად. ბლოკის ბაქტერიალური დასნეულების ნიშანია მყრალი მომჟავო სუნი და ტომრებიდან დიდი რაოდენობით მყრალი სითხის გამოყოფა. კონკურენტი სოკოებით ბლოკის დასნებოვნების ნიშანია პარკის ზედაპირზე მწვანე, შავი და ფორთოხლის ფერი ლაქების გაჩენა. ასეთი პარკების აღმოჩენისას ისინი დაუყოვნებლივ უნდა მოშორდეს საინკუბაციო ოთახს.

კალმახა სოკოს კულტივირების ინტენსიური მეთოდი მსხმოიარობის ინიციაცია და მოსავლის აღება

ბლოკის მთელი სუბსტრატის მიცელიუმის მიერ ათვისების შემდეგ იგი გადააქვთ მოსასხმელ ოთახში, ან ტოვებენ იგივე ოთახში, მაგრამ უცვლიან პირობებს.

თუ კალმახას შტამი შოკურია, მაშინ მსხმოიარობის პროვოცირებისთვის საჭიროა ტემპერეტურული შოკირება. ამ შეთხვევაში  ტემპერტეტურა მოსასხმელ ოთახში 3-4 დღის განმალობაში 4-5 გრადუსამდე ჩამოჰყავთ. შემდგომში ტემპერატურა აჰყავთ 14 გრადუსამდე. მიცელიუმის შესყიდვისას აუცილებელია გამყიდველთან გაარკვიოთ სჭირდება თუ არა შტამს შოკირება. თუ მიცელიუმი უშოკო შტამისაა, მაშინ მსხმოიარობის დასაწყებად საკმარისია ტემპერატურა 12-16 გრადუსზე დავიყვანოთ. რამდენიმე დღის შემდეგ სპეციალურად პარკში გამოჭრილი ნახვრეტებში წარმოქმნება სანაყოფე ჩანასახები, რომლებიც ნელ-ნელა ზრდასრულ, მოსაკრეფ ნაყოფად გარდაიქმნება. საჭირო ტემპერტურის მისაღწევად სხვადასხვა ტიპის, როგორც _ ელექტრულს, ისე გაზზე მომუშავე გამათბოლებს იყენებენ. არის შემთხვევები, როდესაც გამოცდილი მესოკოვეები შეშის და ნახერხის ღუმელებსაც იყენებენ. ამ შემთხვევაში რთულია ტემპერატურის შენარჩუნებისთვის მართვის ავტომატიზირებული სისტემების გამოყენება და დიდ ყურადღებას საჭიროებს, რათა ტემპერატურა პარკის შიგნით ზღვრულ 30 გრადუსს არ ასცდეს. ნახერხის და შეშის ღუმელებს აქვთ კიდევ ერთი სირთულე. სათბურის შიგნით დამონტაჟების შემთხვევაში ისინი ხარჯავენ  ჟანგბადს, რომლის ნაკლებობაც მსხმოიარობის პერიოდში იწვევს ნაყოფის ფეხის დაგრძელებას, რაც ნაყოფის ხარისხის და მოსავლიანობის თვალსაზრისით არასასურველია. ასევე სათბურის შიგნით ღუმელის გამოყენებისას ღუმელის კარიდან სათბურში ბოლის მოხვედრის საშიშროება იქმნება, რაც ასევე სერიოზულად მოქმედებს ნაყოფის განვითარებაზე. ევროპაში განსაკუთრებულად ეფექტიანად ითვლება გათბობისთვის კალორიფერების გამოყენება. მათგან წარმოებული თბილი ჰაერი პოლიეთილენის ჭერზე დაკიდული  მილების საშუალებით მიეწოდება მოსასხმელად ჩამოკიდებული პარკების რიგებს შუა, მთელ სიგრძეზე. მილებში საგანგებოდ ამოჭრილი  პატარა საქშენებიდან სათბურის მთელ ფართობზე ხდება სათბურის  გამთბარი ჟანგბადით მდიდარი ჰაერის მიწოდება. კალორიფერს საშუალება უნდა ჰქონდეს, ჟანგბადის საჭიროების მიხედვით, გასათბობი ჰაერი მიეწოდოს, როგორც სათბურის შიგნიდან ასევე სათბურის გარედანაც. თუ  სათბურის გარეთ  ჰაერის ტემპერატურა სათბურისთვის საჭირო ტემპერატურას შეესაბამება, მაშინ კალორიფერი გათბობის გარეშე  ჩვეულებრივი ვენტილიატორის რეჟიმში სათბურის ჟანგმადით მომარაგების მიზნით გამოიყენება. კალმახას ნაყოფი, თუ სათბურში ნახშირორჟანგის კონცენტრაცია აღემატება 0,6%-ს ფეხის დაგრძელებას იწყებს. ფეხის დაგრძელებას ასევე იწვევს სანაყოფე ჩანასახების წარმოქმნის მომენტიდან მსხმოიარობის დამთავრებამდე სინათლის ნაკლებობაც. ნაყოფის ნორმალური განვითარებისათვის საჭიროა მინიმუმ 150 ლუქსი განათება არა ნაკებ დღე-ღამეში 10 საათისა. განათება ერთგვაროვანი უნდა იყოს სათბურის მთელ ფართობზე.

სინათლის სიჭარბე უარყოფითად არ მოქმედებს ნაყოფის ხარისხზე და მსხმოიარობაზე. ასე, რომ არსებობს ნაყოფის ფეხის დაგრძელების ორი მიზეზი: ჟანგბადის ნაკლებობა (ნახშირორჟანგის და სხვა არა სასურველი აირების მაღალი კონცენტრაცია) და განათების არა საკმარისობა.  განათების გაზომვა ხდება სპეციალური ხელსაწყოთი.  ვენტილიაციის სისტემის დამონტაჟებისას გასათვალიწინებელია, რომ  ვენტილიატორები ჰაერს უნდა იღებდნენ სათბურის გარედან და თავისი წარმადობით უნარი უნდა შესწევდეთ 1 საათის განმავლობაში იმდენი ჰაერის მიწოდებისა, რომელიც 4-ჯერ აღემატება სათბურის მოცულობას. იმის მიხედვით, თუ როგორ არის სათბური დატვირთული პარკებით, განიავება ხდება დღეში რამდენჯერმე. გამოცდილი მესოკოვე ადრეულ პერიოდშივე გრძნობს ჟანგბადის ნაკლებობას, ამიტომ ვენტილაციის ხანგრძლივობის და სიხშირის რეგულირების საშუალებით უზრუნველყოფს სათბურში ნახშირორჟანგის მინიმალურ დონეს. ჭარბი ვენტილაცია ნაყოფის გამოშრობას იწვევს, რაც ხელს უშლის მის განვითარებას და აქვეითებს მოსავლიანობას.  ვენტილიატორების შემწოვები  სასურველია, თუ აღიჭურვება ჰაერის ფილტრებით, რომელიც არ დაუშვებს მწერების, კონკურენტი სოკოების სპორების, ვირუსებისა და ბაქტერიების სათბურში ვენტილიაციის სისტემით მოხვედრას. ვენტილაციის ოპტიმალური რეჟიმს ექსპერიმენტალური გზით ადგენენ წლის დროისა და გარემოს ტემპერატურის მიხედვით. ასევე მნიშვნელოვანია ნაყოფის სრულფასოვანი განვითარებისათვის და მოსავლიანობისთვის სათბურში ჰაერის ტენიანობა, რომელიც მსხმოიარობის პერიოდში 95% უნდა იყოს. ტენიანობა გაიზომოს, თუმცა გამოცდილი მესოკოვე ხელსაწყოს გარეშეც გრძნობს ნაყოფის განვითარების მიხედვით ტენიანობის ნაკლებობას, ან სიჭარბეს. სპორების წარმოქმნისთანავე პოლიეთილენის პარკს პატარა ჭრილებს უკეთებენ, საიდანაც ხდება ნაყოფის გამოსვლა და განვითარება. გამოცდილი მესოკოვეებისთვის, მაღალი ტენიანობის შემთხვევაში, პარკის აფსკის მთლიანად შემოხსნაც კი დასაშვებია. დატენიანება ხდება რამდენიმე მეთოდით: წყლის გაფრქვევით სათბურის  მთელს ფართობზე, გამათბობელ საშუალებაზე წყლის ჭურჭლის დადგმით, საიდანაც ხდება ინტენსიური აორთქლება, კალორიფერის  ან ვენტილატორების ჰაერ-საქშენებში წვეთოვანი სისტემების გამოყენებით მისაწოდებელი ჰაერის დატენიანების საშუალებით.   პარკების გაჭრიდან ერთი კვირის განმავლობაში ცდილობენ არ დაასველონ ტომრები, რათა არ მოხდეს მათი კონკურენტი მიკროფლორით დასნებოვნება. შემდგომში ბლოკების დასველება შესაძლებელია საჭიროების მიხედვით. ტენიანობის სათბურში 80% მდე დაწევამ მოსავლიანობის შემცირებაზე შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს.

გამოცდილი მესოკოვე შეხედავს თუ არა სოკოს მაშინვე ხვდება თუ რა არ ყოფნის მას ნორმალური განვითარებისათვის. თუ სოკო ფეხს იგრძელებს და თავი თეთრი აქვს ესეიგი არ ყოფნის განათება, თუ ფეხის დაგრძელებისას თავი მუქი ფერისაა, არ ყოფნის ჟანგბადი . ჟანგბადის ნაკლებობისას ნაყოფს ნაკლებად აქვს სოკოს არომატი.

ბლოკების დაკიდებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ნახშირორჟანგი მძიმე გაზია და ის დაგროვებას იწყებს სათბურში იატაკიდან. ამიტომ ბლოკების ( პარკების) მინიმალური დაშორება იატაკიდან 20 სანტიმეტრი უნდა იყოს. იგივე მიზეზით ხშირად იატაკზე თხელ ფენად კირს ყრიან, რომელიც დეზინფექციას უკეთებს იატაკს და ნახშირორჟანგს შთანთქავს. ნახშირორჟანგის შემცველობა ამ პერიოდში 0,02%-ს არ უნდა აღემატემოდეს.

მოსავლის აღება

თუ ზრდის რეჟიმი სწორადაა დაცული პრიმორდიების სპორების წარმოქმნიდან ერთი კვირის შემდეგ ნაყოფი მოსაკრეფად მზადაა. კალმახა იზრდება პარკში სპეციალურად გაკეთებულ ჭრილებიდან ბუჩქის სახით. მასში არის როგორც ზრდასრული ასევე პატარა სოკოებიც. საჭირო არ არის დაველოდოთ ბუჩქის შიგნით ყველა სოკოს ბოლომდე განვითარებას. როგორც კი მნიშვნელოვანი ნაწილი ზრდასრულ დონეს მიაღწევს, საჭიროა ბუჩქის მთლიანად გამოგლეჯა ბლოკიდან ისე, რომ კომპოსტის მცირედი ნაწილი თან გამოყვეს. მოჭრის შემთხვევაში ჭრილში დარჩენილი სოკოს ნაწილი დალუქავს ჭრილს და კალმახას ახალი ტალღის განვითარებას საშუალებას არ მისცემს. გასათვალისწინებელია, რომ კალმახას ნაყოფი ზრდის დასრულებისას გამოყოფს სპორებს, რომელთაც თუ სათბურში მომუშავე პერსონალი ალერგიულია, შეიძლება ალერგიული ბრონხიტი გამოიწვიოს. ამასთან, სპორების გამოფრქვევის შემდეგ სოკო  კალმახას ნაყოფი წონას კარგავს, და ყველა იმ სასარგებლო თვისებებს, რომელიც მას გააჩნია. ამიტომ ნაყოფის სპორების გამოფრქვევამდე მოკრეფა სასურველია. ალერგიულ პერსონალს სოკოს სპორებთან კონტაქტის შეწყვეტიდან მაქსიმუმ ორი კვირის შემდეგ ალერგიული ბრონხიტის ნიშნები უქრება. ნებისმიერ შემთხვევაში ბრონხიტური სპაზმების განვითარებისას საჭიროა, მივმართოთ ექიმს. ალერგიული ბრონხიტის თავიდან აცილების მიზნით ნაყოფი სპორების გამოფრქვევამდე უნდა მოიკრიფოს.

კალმახას მსხმოიარობას ტალღური ბუნება აქვს პირველ ტალღაზე ანუ პირველი მოსხმისას ხდება მოსალოდნელი მოსავლიის 70%- მდე აღება. მეორე ტალღა, რომელიც  საშუალოდ პირველი ტალღის დამთავრებიდან 10 დღეში იწყება, იძლევა მოსავლის 20-25% -ს. მესამე ტალღა-5-10%-ს.  ჩვეულებრივ ინტერვალი ტალღებს შორის 10-15 დღეა. ასე რომ სრული ტექნოლოგიური ციკლი ორნახევარ თვემდე გრძელდება.

სასურველია სოკოს რეალიზაცია მოკრეფის დღესვე მოხდეს. გამოშრობის და წონის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად სარელიზაციოდ გამზადებულ სოკოს აწყობენ  პოლიეთილენის პარკებში და თავს უკრავენ.

ახლადმოკრეფილი სოკოს შენახვა შესაძლებელია 1 დღის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე.-2,-4 გრადუსზე ორი თვის განმავლობაში, 0+7 გრადუსზე კი — ერთი კვირის განმავლობაში.

ტექნოლოგიური ციკლის დამთავრების შემდეგ, ახალი ბლოკების ჩამოკიდებამდე, ახდენენ შენობის დეზინფექციას. კედლებს და სტელაჟებს რეცხავენ 1% იანი ნატრიუმის ჰიპოქლორიდის ხსნარით. შემდეგ ხდება ფორმალდეჰიდით შებოლვა. 1000 კუბურ მეტრზე საჭიროა 20 ლიტრი 40% იანი ფორმალინი და 4 კგ. კირქლორი. კირქლორს ყრიან იატაკზე მოთავსებულ ღია ემალირებულ ჭურჭელში შემდეგ მას უმატებენ ფორმალინს, რის შედეგადაც მიიღება გაზი ფორმალდეჰიდი. ოთახის კარებს და ფანჯრებს მჭიდროდ ხურავენ და ორი დღის შემდეგ, ანიავებენ სამი დღის განმავლობაში, სანამ სპეციფიკური სუნი არ გაქრება. საყურადღებოა, რომ აღნიშნული სადეზინფექციო საშუალებების არა სწორად გამოყენება საშიშია ადამიანის ჯანრთელობისათვის. ამიტომ გამოყენების წინ კარგად უნდა გავეცნოთ მათი გამოყენებისა და უსაფრთხოების პირობებს. პირველ ეტაპზე ყველაზე მიზანშეწონილია დაზინფექციის სამუშაოები გამოცდილი ქიმიკოს-სპეციალისტის დახმარებით ჩატარდეს.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“

წყარო; soco.ge