აგრარული განათლებააგროსიახლეებიაგროტექნოლოგიებიმებოსტნეობა

საქართველოში გავრცელებული  კიტრის ადგილობრივი ჯიშები

უკანასკნელ პერიოდში სასოფლო-სამეურნეო ჯიშთა გამოცდისა და მეთესლეობის მეურნეობის მოშლამ, საქართველოს მოსახლეობა, თითქმის მთლიანად,  (95%-ზე მეტი) უცხოეთიდან შემოტანილი, ხშირად საეჭვო, სათესლე მასალის ამარა დატოვა.

დღეს საქართველოში ბოსტნეულის თესლს კუსტარულად, მხოლოდ გლეხები, ისიც ძალიან მცირე რაოდენობით, აწარმოებენ. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში მეთესლეობის წარმოებისათვის აუცილებელი პირობების დაცვა ვერ ხერხდება. სწორედ ამან გამოიწვია ქართული, ძალზედ პოპულარული ბოსტნეულის ჯიშების ჯიშ-პოპულაციებად ქცევა და  ზოგიერთის  საერთოდ გაქრობა. ისინი ჩაანაცვლა,  უმეტესად არასერთიფიცირებულმა, საეჭვო წარმოშობის მქონე ჯიშებმა, რომლებიც ხშირად სრულად ვერ ადაპტირდებიან საქართველოს ეკო-კლიმატურ პირობებთან და უმეტესწილად თავის პოტენციალს ვერც ავლენენ.

პრობლემა მნიშვნელოვანია და მისი გადაჭრა აუცილებლად უნდა დავიწყოთ იმ ადგილობრივი კულტურის ჯიშების მეთესლეობის წარმოებით, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ადაპტირებულია ადგილობრივ ეკო-კლიმატურ ფაქტორებთან და თავიანთი სამეურნეო მახასიათებლებით დღემდე შეუცვლელია.

ჩვენი კვლევის უმთავრესი მიზანიც, სწორედ ბოსტნეული კულტურების გენოფონდის შენარჩუნებაა; კერძოდ, გაქრობის პირას მისული აბორიგენული, ძვირფასი სამეურნეო თვისებების მქონე ჯიშების, პოპულაციებისა და ფორმების მოძიება, მათი აღდგენა, დახვეწა, გაუმჯობესება და მეთესლეობის წარმოებაა.

დასანანია, რომ დღეს კიტრის ადგილობრივი ჯიშების უმრავლესობიდან ზოგიერთის მხოლოდ სახელები შეგვრჩა ძველი სახელმძღვანელოებსა და სპეციალური ლიტერატურიდან.

საბედნიეროდ, აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებულმა კიტრის ჯიშებმა  „მუხრანულმა”, „გილანურმა” და „შუშა კიტრმა” მათი ბედი არ გაიზიარა, გაუძლო საუკუნეებს, დღევანდლამდე მოაღწია და ამჟამადაც წამყვანი ადგილი უკავიათ სასალათე ჯიშებში.

იმის მიუხედავად, რომ მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც უკვე იყენებენ ჰიბრიდულ ფორმებს, ქართული კიტრის ჯიშები იმდენად ძვირფასი თვისებებით გამოირჩევიან, რომ შემოტანილ ჯიშებსა და ჰიბრიდებზე მაინც დომინირებენ.

როგორც პროფესორი გ. ჯაფარიძე დიდი ხნის წინ აღნიშნავდა: „მასობრივი მომხმარებელი იმდენად შეჩვეულია ცილინდრული ფორმის სადა, კრიალა ზედაპირიან და მკვრივხორციან ჯიშებს: მუხრანულს, გილანურს და შუშა კიტრს, რომ სათუოა, ადრეულმა ხორკლიანმა ჯიშებმა, თუნდაც უხვმოსავლიანმა, შეცვალოს ისინი, მით უმეტეს, რომ არსებულ ჯიშთა გამოცდის მასალების მიხედვით, მუხრანული კიტრი სხვა ჯიშებზე იმდენად მაღლა დგას, რომ მისი შეცვლა სრულიად უაზრო იქნებოდა.”

ამჟამად სახელმწიფოს არ გააჩნია სტატისტიკური მონაცემები, თუ დღეს რა რაოდენობით მოჰყავთ ქართული კიტრი ადგილობრივი ჯიშები, მაგრამ ცნობილია, რომ დაცული გრუნტის ძირითადი კულტურა, სწორედ „მუხრანული” და „შუშა კიტრია”, ხოლო კახეთში, კარდენახში, უმეტესად — „გილანური”.

პროფესორი გ. ჯაფარიძე საქართველოს ადგილობრივ კიტრის ჯიშებს პირობითად ორ ეკოტიპად ყოფს:

პირიველ ეკოტიპს ეკუთვნის: მუხრანული, გილანური, შუშა კიტრი და ახალციხური (ლანგა), რომლებიც აღმოსავლეთ საქართველოს I და II ზონებშია გავრცელებული. ისინი ივითარებენ გრძელ ბარდს, რომელიც ხშირად სიგრძეში 4 მეტრამდე აღწევს, აქვს ხუთკუთხოვანი სადა, კრიალა ზედაპირიანი ფოთლები, რისი მეშვეობითაც, კარგად აირეკლავს მზის სხივებს, ეგუება სიცხეს და ჰაერის სიმშრალეს. ამ თვისებით ეს ეკოტიპი მკვეთრად განსხვავდება ყოფილ საბჭოთა კავშირის ევროპულ ნაწილში წარმოშობილი ჯიშებისგან. აქვს დიდრონი, მუქი მიხაკისფერი ან ჟანგმიწისფერი, ორმაგი მსხვილბადანი სათესლეები.

მუხრანული კიტრი: ადგილობრივი ჯიშია, სახელწოდება მიიღო მცხეთის რაიონის სოფ. მუხრანიდან, სადაც ის დიდი ხანია მოჰყავთ. მისი სელექცია დაიწყო ყოფილ ცენტრალურ სასელექციო სადგურში.

„მუხრანული” ღია გრუნტის კიტრია, თუმცა უკანასკნელ ხანებში ძლიერ ცვალებადი კლიმატური პირობების გამო მისი მოყვანა დაუცველ გრუნტში ძალიან გაძნელდა და მან ნელ-ნელა დახურულ გრუნტში გადაინაცვლა.

ცდა ტარდებოდა, როგორც ღია გრუნტში სხვადასხვა კვების არით, (ოპტიმალური კვების არის დასადგენად), აგრეთვე შავ-თეთრი მულჩის გამოყენებით.

დახურულ გრუნტში პოლიკარბონატის  წვეთოვანი სარწყავი და სავენტილაციო სისტემით აღჭურვილ სათბურში, რადგან სათბური არ თბებოდა, ამიტომ სავეგეტაციო პერიოდი იწყებოდა აპრილის ბოლოს და გრძელდებოდა აგვისტოს ბოლომდე.  ცდის შედეგების შესწავლას ვახდენდით ჯიშთაგამოცდის მეთოდიკის მიხედვით. კვლევა 2008 წლიდან მიმდინარეობდა და პირველი ეტაპის მიზანი იყო, მოგვეხდინა მისი აღწერა UPOV ის დესკრიპტორების მიხედვით და შეგვედარებინა ის 30-იან წლებში ჩატარებულ აღწერილობასთან. რადგან კიტრი ჯვარედინად იმტვერება,  გასაკვირი არ არის, რომ ამ ჯიშებმა საუკუნეების განმავლობაში ცვლილებები განიცადეს, რის გამოც საჭირო იყო მათი ნიმუშების გამოკვლევა და ძველ მახასიათებლებთან შედარება. გვაინტერესებდა, წლების განმავლობაში რა ცვლილებები განიცადა „მუხრანულმა” და რამდენად ძვირფასია იგი, არა მარტო როგორც ადგილობრივი გენოფონდის ძვირფასი ნიმუში, არამედ რამდენად პერსპექტიული ჯიშია მარკეტინგის თვალსაზრისით.

ჩატარებული კვლევის შედეგებიდან აღმოჩნდა, რომ წლების განმავლობაში ჯიშმა მართლაც დაკარგა ჯიშური სიწმინდე, მაგრამ შეინარჩუნა „მუხრანული” კიტრისთვის დამახასიათებელი ფორმა, გემო, კონსისტენცია და არომატი, რაც ყოველთვის განაპირობებდა მის პოპულარობას. ჩვენს მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდა ის მახასიათებლები, რაც მის ნაკლად ითვლებოდა:

ყვავილობის ტიპი, ნიშანი, რომელიც პირდაპირ აისახება მოსავლიანობასთან; ჯიშ-პოპულაციამუხრანულში” გამოირჩა ყვავილობის რამდენიმე ტიპი:

მდედრობითად მოყვავილეები (მთავარ და გვერდით ღეროებზე მხოლოდ მდედრობითი ყვავილებით);

მთავარ ღეროზე ყვავილობა იწყება მამრობითი ყვავილებით და დაახლოებით 8-9 მუხლის შემდეგ გრძელდება მდედრობითი და მამრობითის მონაცველობით, გვერდით ნამხრევებზე მდედრობითი ყვავილები;

მთავარ ღეროზე ძირითადად მდედრობითად მოყვავილეები, მხოლოდ მცირე რაოდენობით მამრობითი ყვავილით, გვერდით ნამხრევებზე მდედრობითი ყვავილებით.

2) გაიზარდა ფოთლის ზომა და შესაბამისად, მისი საასიმილაციო ზედაპირი, რაც აგრეთვე, მოსავლიანობის მატებას უწყობს ხელს:

3) ცოტა დამოკლდა ნაყოფი, რითიც მისი საბაზრო სახე გაუმჯობესდა.

ვფიქრობთ, ასეთი ცვლილებები წლების მანძილზე სახალხო სელექციის შედეგია.

მიღებული მონაცემების მიხედვით ჯიშ-პოპულაცია ‘’მუხრანული” ძვირფასი სასელექციო მასალაა, რომელიც გასაუმჯობესებელი გამორჩევის ჩატარების საშუალებას იძლევა, რომლის შედეგადაც მივიღებთ გამოთანაბრებულ, ძვირფასი სამეურნეო ნიშნების,  უხვი ყვავილობისა და საუკეთესო გემური თვისებების მქონე „მუხრანული” ტიპის ჯიშის კიტრს.

ამის გარდა, ძირითადად მდედრობითად მოყვავილე ფორმები შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც მდედრობითი სუფთა ხაზი და მწერებით თავისუფალი დამტვერვით, ხელოვნურად დამტვერვის გარეშე მივიღოთ ჰიბრიდული თესლი.

ნინო ხარხელაური

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“#13