კამელია (ჩაის ვარდი) _ გავალამაზოთ ჩვენი სკოლის ეზო
კამელიის სამშობლო ჩინეთი და იაპონიაა. ჩვენთან შავი ზღვის სანაპიროზე შემოიტანეს მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში და გავრცელდა, როგორც დეკორატიული მცენარე ბათუმის ბოტანიკურ ბაღში. ერთეული მცენარეები კი ცალკე საკარმიდამო ნაკვეთებზე ბათუმიდან სოჭამდე. ის კარგად შეეგუა ტენიან სუბტროპიკული ზონის კლიმატს და არ ზიანდება ძლიერი სუსხიანი ყინვების დროს.
კამელია კარგად იზრდება წითელ მიწებზე, სუსტად გაეწრებულ თიხნარ ნიადაგზე. ის ვერ ვითარდება დაჭაობებულ და ჭაობიან მძიმე თიხნარ ნიადაგზე.
კამელიას თესლი იძლევა ცხიმოვან ზეთს და აბსოლუტურად მშრალი მასიდან მისი გამოსავალი 60,32%-ს აღწევს. კამელიას თესლი ჩაის თესლზე უფრო უხვზეთოვანია.
ბოტანიკური დახასიათება
კამელია მუდმივ მწვანე ბუჩქია ჩაისებრთა Theceae-ს ოჯახიდან, ღერო სიმაღლით 3-5 მ-მდე აღწევს, ხასიათდება მოკლე მუხლთაშორისებით და ხშირად დატოტვილია. ფოთოლი მარტივი, მორიგეობით გაწყობილი, საშუალო ზომის ყუნწით, სიგრძე 2,5-5 სმ-მდეა. ფოთოლი ტყავისებრი პრიალა ზედაპირით, კიდე დაკბილული. ყვავილები უბრალოა ან ბუთხუზა, სუსტი არომატით, ყვავის ოქტომბრიდან-დეკემბრამდე. ნაყოფი მწიფდება მომდევნო წლის ნოემბერში, ნაყოფი კოლოფია, 1-3 ბუტიანი. მწიფე ნაყოფი იღებს მუქ მურა ფერს.
გამრავლების წესები
კამელია მრავლდება თესლით და დაკალმებით. ჩვენი მუშაობის პროცესში დავაყენეთ ცდა, შედეგმა აჩვენა, რომ უმჯობესია თესლით გამრავლება.
თესლი შეიძლება დაითესოს მუდმივ ადგილზე, ან ოთახის პირობებში და გაზრდილი 2-წლიანი ნერგები გადავრგოთ მუდმივ ადგილზე.
თესლით, ასევე კალმით გამრავლებისას საჭიროა სათესლე ბუჩქების შერჩევა, ყურადღება უნდა მიექცეს შეფოთვლის უნარს, ზრდის ენერგიას ფოთლებში, ეთერზეთების შემცველობას.
სადედე ხეებიდან თესლის აღება შეიძლება შემოდგომით, როდესაც ფიზიოლოგიურად მწიფეა და იწყებს ცვენას. თესლის შეგროვება შესაძლებელია ნოემბერში და უნდა დამთავრდეს 15 დეკემბრამდე. კოლოფებს რომელშიც თესლია მოთავსებული შლიან ჩრდილში, ძლიერი გაშრობა დაუშვებელია. ჰაერ მშრალი თესლი შემოდგომით უნდა დავთესოთ, რადგანაც შემდეგ კარგავს აღმოცენების უნარს.
ჩატარებულმა ცდამ დაადგინა, რომ შემოდგომაზე დათესვით მიღებული ნათესარების აღმოცენების უნარი გაცილებით მეტია, ვიდრე სილაში შენახული თესლის გამოყენებისას.
გადარგვის დროს მცენარე, უნდა გადაირგოს ნოყიერ ნიადაგზე. გრუნტის წყლის დონე ნიადაგის ზედაპირს 1 მეტრზე მეტად არ უნდა უახლოვდებოდეს.
თესვა შეიძლება თებერვალ-მარტში, შემოდგომაზე ნოემბრის ოცამდე. ე.ი. ყინვების დაწყებამდე. დათესვის შემდეგ უნდა მოხდეს მორწყვა, თესლის გამოშრობის თავიდან ასაცილებლად. ორწლიანი ნერგები რომელთაც აქვთ კარგად განვითარებული ფესვები, ღეროს სიმაღლე 35სმ, სამი-ოთხი ცალი კარგად შეფოთლილი მომწიფებული გვერდითი ტოტები შესაძლებელია გადაირგოს მუდმივ ადგილზე.
ნერგების დარგვა შესაძლებელია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან 15 ნოემბრამდე.
ნერგის გადარგვა სასურველია ღრუბლიან ამინდში, დილის ან საღამოს საათებში.
კამელიის გაშენება
კამელიისათვის ჭარბტენიანი ნიადაგები გამოუსადეგარია. ზამთარში ტემპერატურა-150 ქვემოთ არ უნდა ეცემოდეს. კამელია კარგად იზრდება ვაკე წყალგამტარ ნოყიერ ნიადაგზე, ის კარგად ვითარდება წითელმიწებზე. კამელია მრავალწლიანი მცენარეა ის ირგვება 2მ. დაცილებით. თუ ბუდნებით ვთესავთ ბუდნაში ითესება 4X5 თესლი. დარგვა უმჯობესია შემოდგომით, ბუდნის ზომა 30-30 სმ. კარგი იქნება გადამწვარი ნაკელის შეტანა, მომზადებული ნერგი ბელტიანად ისე უნდა ჩავდოთ ორმოში, რომ ფესვის ყელი 2 სმ. ნიადაგის ზედაპირიდან უფრო მაღლა იყოს, ამის შემდეგ ფხვიერი ტენიანი მიწა უნდა დაუტკეპნოთ ნერგს, მოვრწყათ და ფოთლები ერთი მესამედით შეუკვეცოთ.
კამელიის მოვლა
მოიცავს მცენარისა და ნიადაგის მოვლის ღონისძიებებს, ნიადაგის პერიოდული გაფხვიერება აუცილებელია, სარეველა მცენარეთა მოსპობა, მცენარეთა უკეთ დაბუჩქვას. ამ მიზნით დარგვიდან მეორე წელს, ადრე გაზაფხულზე, მცენარის მწვანე ზედაპირს ჭრიან 45 სმ. სიმაღლეზე და გვერდით ტოტებს შევკვეცავთ, რომ გაძლიერდეს ღეროთა დატოტვა. ძლიერი ზრდის შემთხვევაში შემდგომ წლეებში საჭიროა მძიმე გასხვლა.
დასკვნა
- კამელია (ჩაის ვარდი) როგორც მრავალწლოვანი, დეკორაციული მცენარე, რომელიც თავისი სილამაზით ატყვევებს ადამიანს, შესაძლებელია დავრგოთ და გავალამაზოთ ჩვენი სკოლის ეზო, საკარმიდამო ნაკვეთი.
- სკოლების ინტეგრირებულმა მუშაობამ, ანასეულის კვლევით ინსტიტუტის დახმარებით, წარმატებით განახორციელა შიდა სასკოლო პროექტი „მწვანე სიცოცხლე“, სოფ.ლიხაურის და სოფ.ნარუჯის სკოლის მოსწავლეებმა გამოიყვანეს ,,ჩაის ვარდის’’ 200 ნერგი.
- “მეცნიერება იწყება სკოლიდან”, ამ პროექტით საფუძველი ჩაეყარა სკოლების დამეგობრებას, მოსწავლეთა სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებას, სამეცნიერო-კვლევითი უნარების განვითარებას. ეს არის სწავლა კეთებით. ჩვენთან მეცნიერულ დონეზე ხდება კამელიის (ჩაის ვარდის) მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიის შესწავლა.
ქეთევან ჩიკაშუა,
ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი,
მარიამ გობრონიძე,
ბიოლოგი, მენტორი პედაგოგი, სოფ.ლიხაურის საჯარო სკოლა,
მედეა ობოლაძე,
სოფ. ნარუჯის სკოლის დირექტორი