მედიარუბრიკებისტატიები

კანონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ შესატანი ცვლილებების და დამატებების პროექტი

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს,

ქალბატონ ნინო წილოსანს,

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს,

ბატონ ოთარ შამუგია

 

გიგზავნით კანონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ შესატანი ცვლილებების და დამატებების პროექტს:
  1. კანონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ შესატანი ცვლილებების და დამატებების შემოთავაზებული კანონპროექტით: „ამ კანონის მიზანია სასოფლო-სამეურნეო სექტორის გაუმჯობესება, სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაზრდა და სოფლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობის ხელშეწყობის გზით“.

ყველა სხვა სამეწარმეო ფორმებისაგან განსხვავებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის პროცესი ორიენტირებულია მისი წევრების სამეწარმეო განვითარებაზე (რასაც ჩვენი მოსახლეობის ეთნოფსიქოლოგიური და ეთნოკულტურული მახასიათებლებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს) და არა დაქირავებული შრომის სტიმულირებაზე. შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის რეალურ მიზანს წარმოადგენს მეპაიეების შემოსავლების ზრდა, სოციალური უთანასწორობის შემცირება და მიგრაციის შეჩერება, რაც მიიღწევა კოოპერაციის პროცესში ჩართული მოსახლეობის ინკლუზიური სამეწარმეო განვითარებით. სოფლის მეურნეობა ამ პროცესში წარმოადგენს მთავარ, მაგრამ მაინც ერთერთ კომპონენტს აღნიშნული მიზნის მისაღწევად. ამიტომ მე-2 მუხლი მიზანშეწონილია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის პროცესში ჩართული მოსახლეობის ინკლუზიური სამეწარმეო განვითარება, სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაზრდა და სოფლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობის ხელშეწყობის გზით.“.

  1. მუხლი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის ძირითადი პრინციპები

ვ) თანამშრომლობა კოოპერატივებში;

თარგმნილია არასწორად: co-operation among co-operatives. უნდა იყოს „თანამშრომლობა კოოპერატივებს შორის“.

  1. კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოსაპოვებლად, კოოპერატივმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს პაის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც ნიშნავს, რომ სტატუსის მოპოვების ეტაპზე კოოპერატივს სრულად უნდა ქონდეს შეტანილი პაი.

პაის შეტანა კოოპერატივში წარმოებს მეპაიის ეკონომიკური მონაწილეობის შესაბამისად, რომელიც გადანაწილებულია სამეურნეო წლის სხვადასხვა პერიოდზე. კოოპერატივს თავიდანვე შეიძლება არ ჭირდებოდეს საპაიო შენატანების 100%-ს მობილიზება და პაის შეტანის გადანაწილება მოახდინოს გარკვეული გრაფიკით, გასაწევი ხარჯების პერიოდების შესაბამისად, რაც მეპაიეებს მოუხსნის პაის მთლიანი შეტანის მნიშვნელოვან ტვირთს (განსაკუთრებით იმ შემთხვევებში როცა პაის ღირებულება დიდია). აღნიშნული ნორმის მიხედვით, კოოპერატივის მეპაიე შეიძლება გახდეს მხოლოდ ის პირი, ვისაც გააჩნია სოლიდური ფინანსური დანაზოგი, რაც არ ესადაგება სოფლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ეკონომიკურ შესაძლებლობებს.

კანონის იგივე მე-7 მუხლით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოსაპოვებლად კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი განცხადებით მიმართავს სააგენტოს, რასაც უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები:

ე) მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ურთიერთვალდებულებებისა და უფლებების შესახებ, რომლითაც განისაზღვრება ამ კოოპერატივის მიერ აღნიშნული მეპაიისთვის გასაწევი მომსახურების სახეობა და ღირებულება, პაის ოდენობა და სხვა პირობები.

ეს ნორმა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ პაის შეტანის პირობები განსაზღვრულია კოოპერატივსა და მეპაიის შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

არანაირი მნიშვნელობა არა აქვს სტატუსის მოპოვებისთვის თავიდან 300 ლარი იქნება შეტანილი თუ 1 ლარი, რადგან პრაქტიკამ აჩვენა, რომ სტატუსის მოპოვების სტადიაზე მეპაიეების მიერ პაის შეტანა, ისევე როგორც სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ მისი შემოწმება ეკონომიკურ მონაწილეობასთან მიმართებაში ხდება ფიქტიურად, კანონის მოთხოვნის დარღვევით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონით გათვალისწინებული მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტი გასაუქმებელია, ხოლო 132 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტში შესატანია ცვლილება და იგი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე ვალდებულია:

გ) შეიტანოს პაი ამ კანონით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით და კოოპერატივსა და მეპაიეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესით;“ 

  1. აუცილებელია კოოპერატივის მიერ სასოლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ კანონით დადგენილი კოოპერაციული შიდასაწარმოო ურთიერთობების წესების დაცვის მონიტორინგი, განსაკუთრებით მეპაიეთა საპაიო შენატანების შემოწმება ეკონომიკურ მონაწილეობასთან მიმართებაში, რადგან იგი წარმოადგენს კოოპერაციული შიდასაწარმოო ურთიერთობების მთავარ კომპონენტს. მონიტორინგი მიზანშეწონილია განხორციელდეს მაშინ, როდესაც მეპაიეებს სრულად ექნებათ შეტანილი პაი, უმეტეს შემთხვევაში სტატუსის მინიჭებიდან ერთი სამეურნეო წლის გასვლის შემდეგ და აუცილებლად იგი განხორციელდეს კოოპერატივების რეგისტრირების ადგილზე გასვლით, რადგან ე.წ. კამერალური მონიტორინგი წარმოადგენს ფიქციას.

თუ არ შემოწმდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შიდასაწარმოო ურთიერთობები (რაც წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის იდენტობის გამსაზღვრელ მთავარ კომპონენტს), საერთოდ გაუგებარია, ვის რაში ჭირდება კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მონიტორინგი, თუ სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე ეს იურიდიული პირი არღვევს ამ კანონით დადგენილ კოოპერატივის შიდასაწარმოო ურთიერთობების წესებს და შესაბამისად, არ წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს.

ამიტომ მე-8 მუხლი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„მუხლი 8. მონიტორინგი

  1. სააგენტო ამტკიცებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის და ამ კანონით დადგენილი შიდასაწარმოო ურთიერთობების წესების მონიტორინგის ყოველწლიურ გეგმას, სადაც ასახული იქნება სააგენტოს მიერ კოოპერატივების რეგისტრირების ადგილზე გასვლითი მონიტორინგის გრაფიკი;
  2. სააგენტო ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის და ამ კანონით დადგენილი შიდასაწარმოო ურთიერთობების წესების მონიტორინგს წლიური გეგმის შესაბამისად;
  3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მონიტორინგის წლიური გეგმა განთავსდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება გასაცნობად სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე ყველა კოოპერატივისთვის;
  4. იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისათვის საფოსტო გზავნილის მეშვეობით იურიდიულ მისამართზე ორჯერ ვერ მოხდება მონიტორინგის განხორციელების შესახებ წერილობითი შეტყობინების ჩაბარება, ან ადრესატი უარს აცხადებს შეტყობინების ჩაბარებაზე, სააგენტო უზრუნველყოფს წერილობითი შეტყობინების საჯაროდ, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rda.gov.ge) გამოქვეყნებას. წერილობითი შეტყობინება ადრესატისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს“;
  5. გაუგებარია რა შინაარსობრივი განსხვავებაა ასოცირებულ წევრსა და ინვესტორს შორის, რადგან ამ კანონით ასოცირებული წევრი კოოპერატივისთვის რეალურად წარმოადგენს ინვესტორს. რადგან მეწარმეთა შესახებ კანონის ახალი რედაქციით, კოოპერატივების ნაწილში გაჩნდა „ინვესტორის“ დეფინიცია, შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ კანონში ტერმინი „ასოცირებული წევრი“ უნდა შეიცვალოს ტერმინით „ინვესტორი“, ან დარჩეს ტერმინი „ასოცირებული წევრი“ და მისი განმარტება შევიდეს კანონის ტერმინთა განმარტებაში, როგორც ინვესტორი. გაჩნდება კანონში ტერმინი „ინვესტორი“ თუ დარჩება „ასოცირებული წევრი“, ორივე შემთხვავაში მის მიმართ უნდა ვრცელდებოდეს არსებული კანონით დადგენილი „ასოცირებული წევრის“ უფლება-მოვალეობები. წინააღმდეგ შემთხვევაში ტერმინი „ინვესტორის“ გამოყენება მოხდება ასოცირებული წევრებისთვის კანონით დადგენილი წესების გვერდის ასავლელად, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებს კოოპერაციის პროცესს.
  6. მეწარმეთა კანონის XV თავის 227-ე მუხლის მე-2 პუნქტით: „კოოპერატივის დასაფუძნებლად აუცილებელია სულ მცირე 5 დამფუძნებელი.“

იმ შემთხვევაში, თუ კოოპერატივს აფუძნებს კოოპერატივები, მეწარმეთა შესახე კანონის შესაბამისად, მათი რაოდენობა არ უნდა იყოს 5 კოოპერატივზე ნაკლები, რაც ნიშნავს იმას, რომ ასეთი ტიპის მეორე დონის კოოპერატივის დაფუძნებაში პრაქტიკულად მონაწილეობს მისი დამფუძნებელი 5 კოოპერატივის არანაკლებ 25 ფიზიკური პირი. პრაქტიკულად, მეწარმეთა შესახებ კანონი ამ შემთხვევაში ითხოვს კოოპერატივის დაფუძნებაში 25 ფიზიკური პირის მონაწილეობას, რაც რამდენჯერმე აღემატება თვით მეწარმეთა შესახებ კანონის მოთხოვნას, რომ კოოპერატივი შეიძლება დააფუძნოს მინიმუმ 5-მა პირმა (არ არის მითითებული ფიზიკურმა თუ იურიდიულმა).

ყველა ღონისძიება, მიმართული კოოპერატივების გამსხვილებასა და მეპაიეთა რაოდენობის ზრდაზე, რა თქმა უნდა მისასალმებელია, მაგრამ მისი საკანონმდებლო რეგულირება უნდა პასუხობდეს პრაქტიკულ გამოწვევებს, რასაც აშკარად არ ესადაგება მეწარმეთა შესახებ კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნა მეპაიეთა მინიმალური რაოდენობის შესახებ.

ოპტიმალურად მიგვაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ კოოპერატივის დამფუძლებლები კოოპერატივები არიან (მიუხედავად იმისა, სასოფლო-სამეურნეო პროფილისაა კოოპერატივი თუ არა),  მისი დაფუძნება უნდა მოხდეს არანაკლებ 3 კოოპერატივის მიერ, რადგან კოოპერატივის დაფუძნებაში პრაქტიკულად მონაწილეობას მიიღებს 3 დამფუძნებელი კოოპერატივის 15 მეპაიე ფიზიკური პირი, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაშიც მეპაიეთა საერთო რაოდენობა 3-ჯერ აღემატება მეწარმეთა შესახებ კანონის მოთხოვნას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მეწარმეთა კანონში შევიდეს ცვლილება და XV თავის 227-ე მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი:

„იმ შემთხვევაში, თუ კოოპერატივის დაფუძნება ხდება კოოპერატივების მიერ,  მათი რაოდენობა არ უნდა იყოს 3-ზე ნაკლები.“

  1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მთავარი დანიშნულებაა მეპაიეთა შემოსავლების ზრდა საწარმოო დანახარჯების შემცირებით და სარეალიზაციო ბაზრებზე ეფექტიანი ოპერირებით, რაც მხოლოდ მასშტაბური წარმოების პირობებშია შესაძლებელი. მოსახლეობის უმრავლესობისათვის, მცირემიწიანობის გამო, მასშტაბური წარმოების მიღწევა მცირერიცხოვან კოოპერატივებში პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ, მიზანშეწონილია გაიზარდოს მეპაიეთა რაოდენობის კანონით დადგენილი მინიმუმი და მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა რაოდენობა იმ დასახლებებში, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, არ უნდა იყოს 5-ზე ნაკლები, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე – 11-ზე ნაკლები.“

  1. კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე შეიძლება იყოს 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე ან/და სხვა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ამ კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და ფლობს პაის.

ეს ნორმა ეხება მომსახურების ტიპის კოოპერატივებს, რომლებიც როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების გამოცდილებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მთლიან რაოდენობაში აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ სამეურნეო საქმიანობის სპეციპიკიდან გამომდინარე, კოოპერატივის მეპაიე უშუალოდ არ მონაწილეობს (გამონთავისუფლებულია) კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, ასეთი კოოპერატივი, აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ვერ მიიღებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსს.

მაგალითად, ხორბლის მრავალრიცხოვან მწარმოებელთა კოოპერირებით ხდება მათი მიწების კონსოლიდაცია, სადაც ხორბლის წარმოება ძირითადად მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენებით, ხოლო სამუშაოები ხორციელდება სათანადო კვალიფიკაციის მცირერიცხოვანი პერსონალის მიერ. ამ შემთხვევაში კონსოლიდირებული მიწების მესაკუთრეთა უმრავლესობა უშუალოდ არ მონაწილეობს კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და შესაბამისად, ამ კოოპერატივის საქმიანობა ეწინააღმდეგება კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნას.

ანალოგიური პრობლემა შეიქმნება ყველგან, სადაც დარგობრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, მეპაიეთა მიწების კონსოლიდაციით და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, შესაძლებელია მუშახელის შემცირება და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მეპაიეთა გამონთავისუფლება. შესაბამისად, აღნიშნული (ე.წ. საწარმოო) ტიპის კოოპერატივებისთვის, სადაც მეპაიე უშუალოდ არ მონაწილეობს კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, უნდა ჩამოყალიბდეს მარეგულირებელი ნორმები, რომელიც ცალკე მუხლის სახით შევა კანონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ.

პატივისცემით,

პაატა კოღუაშვილი, სსმმა აკადემიკოსი,

დავით მამუკელაშვილი, ეკონომიკის დოქტორი