მე და ჩემი სოფელირეგიონებირუბრიკებიფერმერი ფერმერს

კარგი ღვინო და ჩურჩხელა ვენახში იბადება

ჯიმითი — ისტორიული სოფლია, რომლის ტერიტორიაზე მიკვლეული არქეოლოგიური ძეგლებით დასტურდება, რომ აქ ადამიანი უძველეს დროში დასახლებულა (ნამოსახლარი ნადიკარზე ძვ. წ. lV ათასწლეულის l ნახევრით თარიღდება) და შემდეგ ეპოქებშიც უცხოვრია. სოფელი  გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 740 მეტრზე მდებარეობს, გურჯაანიდან 38 კილომეტრითაა დაშორებული. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში 1205 ადამიანი ცხოვრობს.

სოფლის  საქმიანობის სფერო სოფლის მეურნეობაა, ძირითადად განვითარებულია მევენახეობა, მებაღეობა, მებოსტნეობა. ერთ დროს საკმაოდ განვითარებული იყო მეცხვარეობა. მოსახლეობა ტრადიციულად მისდევს მეძროხეობას. აქაური რძე და რძის ნაწარმი, მრავალფეროვანი ბუნბერივი საძოვრების გამო, განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირჩევა.

სოფიო გეგუჩაძე ჯიმითში 18 წლის წინათ, დაოჯახების შემდეგ გადმოვიდა საცხოვრებლად. კახელები გურულ ქალს ბუნების სილამაზით როგორ გააკვირებდნენ, მაგრამ, თქვენ წამოიდგინეთ, ჯიმითის ბუნებამ, სოფიოზე წარუშლელი კვალი დატოვა და დღეს თავის სოფელზე, აქაურებზე ისეთი ემოციით და სიყვაულით მოგითხრობს, სურვილს აღგიძრავს ერთხელ მაინც ესტუმრო სოფელს.

სოფიო გეგუჩაძე111111111111111111111111111111111111

სოფიოს ყველაზე მადლიანი პროფესია აქვს _ პედაგოგია. პატარებისთვის წერა-კითხვის სწავლება და ცოდნის უსაზღვრო სამყაროს სარკმელის გახსნაზე დიდი საქმე, მართლაც რაღა უნდა იყოს… ორი შვილის _  ქალ-ვაჟის დედაა.

კახეთში ვაზი მთავარი კულტურაა, მის ოჯახსაც აქვს ვენახი და ტრადიციულად ღვინოს კახური წესით ქვევრში  აყენებს.

_ მას შემდეგ რაც ღვინით დავინტერესდი, ამ საქმის შესახებ უამრავი  რამ  ვისწავლე, ზოგი  რამ ისეთიც, რაზეც ადრე არასდროს დავფიქრებულვარ, თუნდაც ის, რომ „ქვევრის გემო“ არ არსებობს… თუ ღვინოს სუნი და გემო გამოჰყვა, ეს ჰიგიენის ბრალია და არა ქვევრის.

ღვინო, ისევე როგორც ყველა ცოცხალი ორგანიზმი იბადება, იზრდება, ჭარმაგდება და… კარგი ღვინო ვენახში იბადება!

_  ვაზზე, ვენახზე, ღვინოზე ისეთი დამაჯერებლობით ლაპარაკობს სოფიო, რწმუნდები, რომ ვაზსა და ღვინის დაყენების ავან-ჩავანში კარგად არის გარკვეული და საკმარისი გამოცდილებაც შეძენილი აქვს.

_  მიზნად დავისახე კარგი ჯანსაღი ეკოლოგიურად სუფთა ყურძენი მომეყვანა.  დავიწყე მოძიება, რჩევას ვეკითხებოდი გამოცდილ ადამიანებს. ერთ დღესაც „საერთაშორისო კულტურის სივრცის“ დამფუძნებელმა   მარიამ ლომთათიძემ, მირჩია  ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას” წევრი გავმხდარიყავი.

მართლაც გულისხმიერი ხალხი დამხვდა,  გავხდი მათი წევრი და დღემდე ყურადღბას არ მაკლებენ და მხარში მიდგანან თუ  რამ რჩევა-დახმარება მჭირდება.

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციაელკანა”  იმ ფერმერებს აერთიანებს, რომლებსაც პროდუქტები ბუნებრივის გზით მოჰყავთ.

ელკანახელ უწყო სოფლად მცხოვრები ადამიანების სოციალურეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, გარემოს დაცვას, სიცოცხლისუნარიანი (მდგრადი) ბიომეურნეობების განვითარებას სოფლის მოსახლეობის გააქტიურების გზით.

_ ელკანასთან ურთიერთობა რწმენას მიმყარებს, რომ დასახულ მიზანს მივაღწევ, ვაწარმოო ბიოლოგიურად სუფთა, ისეთი ხარისხის ღვინო თუ სხვა პროდუქტი, რომლის ჩაბარება კი არ მომიწევს  ვინმესთვის სარეალიზაციოდ, არამედ მომხმარებელი თვითონ მოვა, რათა ჩვენი პროდუქტი შეიძინოს.

სოფიო გეგუჩაძე222222222222222222222222222222222

ამაზე ზრუნვა უკვე დავიწყეთ, ვენახი გავაშენეთ, ძველი ვაზის ნაცვლად ახალი ჩავყარეთ. დაახლოებით სამი ჰქტარი ვენახი გვაქვს, ქიმიურ საშუალებებს არ ვიყენებთ. ვაზის მოვლაში და ღვინის დაყენებაში რჩევებს „ელკანას“ სპეციალისტი გიორგი ბარისაშვილი გვაძლევს. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. გვაქვს საკუთარი მცირე საოჯახო მარანი, მალე საკუთარ ღვინოსაც ჩამოვასხამთ, რომელიც ძალიან მაღალი ხარისხის იქნება, რადგან ჩვენ ვენახის მოვლას და ყურძნის ხარისხს ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ.

უკვე 12 წელიწადია სოფიო ტრადიციული კახური მეთოდით ჩურჩხელებს ამზადებს, ეს ერთგვარი პატარა საოჯახო ბიზნესია. 

სოფიოს ჩურჩხელები მარტო კახეთში კი არა, დედაქალაქშიც ცნობილია. „ელკანას“ ფერმერების ბაზრობაზე, რომელიც პერიოდულად იმართება ხოლმე თბილისში გუდვილის ტერიტორიაზე, მისი  ჩურჩხელები გაუყიდავი არ რჩება.

თავიდან მეზობლები ალმაცერად მიყურებენ.  ბათუმიდან ჩამოსულმა ქალმა რა იცის, ვენახი რა არის, ან ჩურჩხელა როგორ უნდა გააკეთოს, რა მოგება დარჩებაო…

_ მართლაც, მთელი საქართველო აკეთებს ჩურჩხელას და რატომ უნდა არიჩიოს მომხმარებელმა ჩემი ჩურხელა, _ მეუბნება სოფიო და დასძენს, _   ჩემი ჩურჩხელა 5 ლარად იყიდება, სახლში მოდიან და მიაქვთ, შეკვეთას ვერ აუდივარ… ზოგს სტუმრისთვის უნდა, ზოგსაც უცხოეთში გასაგზავნად, ზოგს ბავშვებისთვის… კარგ პროდუქტს მომხმარებელი ყოველთვის ჰყავს.

ჩურჩხელის იმ ხარისხისთვის რომ მიმეღწია, რაც დღეს მაქვს, ბევრი ვიშრომე.

კარგი ჩურჩხელის მისაღებად ყველა წვრილმანს აქვ მნიშნელობა. მთელ სოფელში დავდიოდი, ხანშიშესულ მეზობლებს ვეკითხებოდი, როგორ ამზადებდნენ ადრე ჩრუჩხელებს, რა წესს იცავდნენ.

 მეზობელი მყავს ვახტნგი პაპა, 93 წლისაა, დილის 6 საათზე უკვე ვენახში ფუსფუსებს,  ხშირად ვესტუმრები ხოლმე, ბრძენი კაცია, მიყვარს მასთან საუბარი, რჩევასაც ვეკითხები, მისგან ბევრი რამ ვისწავლე.

ჩურჩხელის დასამზადებლად ტკბილს ჩვენს ვენახში დაკრეფილი ყურძნიდან ვიღებთ. ბადაგი ორი წლის დაძველების მაინც უნდა იყოს, რამდენჯერმე გადადუღებული.

დიდი მნიშვნელობა აქვს ნიგოზსაც, აუცილებლად ქართული ჯიშის უნა იყოს.

სოფელში ჩაბარების საკუთარი პატარა პუნქტი მაქვს. ნიგოზს, ხილს, კენკრას მეზობლებისგან ვიბარებ.

უამრავი ხილია სოფელში, ზოგს არ სცალია რომ შეაგროვოს და დაამზადოს ჯემი, ჩირი, ტკბილი კვერი, ტყლაპი… მე  ყოველთვის მზად  ვარ ჩავიბარო ხილი, საკმაოდ კარგადაც ვუხდი და ყოველთვის მზად ვარ ჩავიბარო მათ მიერ შეგროვებული ხილი.

ხილის გემოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა ვინც დააგემოვნა ამბობს, რომ ჩემს ჩურჩხელას, ტყლაპს თუ ჩირს ძველი გემო და არომატი აქვს. ეს ადგილობრივი ჯიშების და ეკოლოგიურ გარემოს დამსახურებაა.

ბაზარში ათასნაირ ჩურჩხელას შეხდებით, წითელს, მწვანეს, ყვითელს… სტუმრებს უხსნიან, რომ ეს ადგილწარმოშობის ნატურალური პროდუქტია, ბადაგით დამზადებული. ამ დროს შეხედავ და ბადაგის ნასახი არ აქვს.

ფქვილი ჩურჩხელის ძალზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტია. აუცილებლად ადგილობრვი ხორბლისგან უნდა იყოს დამზადებული, ამ დასკვნამდე ცოტა გვიან მივედი… ახლა ხორბალიც საკუთარი მოგვყავს, ქართული ჯიშები.

ერთი ტონა ყურძნისგან 600 ლიტრი ტკბილი მიიღება, აქედან კი 300 ლიტრამდე ბადაგის მიღება შეიძლება.

ძალიან შრომატევადი საქმეა. თათარას შეშის ცეცხლზე ვამზადებ, ზესადგარზე შემოვდაგავ ქვაბს,  ცეცხლი და კვამლი მას თავისებურ გემოს და თვისებას აძლევს. ჩემი ჩურჩხელები მთელი წელიწადი  ახლად ამოვლებულივითაა. ამიტომ მათი გაყიდვა არ მიჭირს,  პირიქით, ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილება მიჭირს.

სოფიოს მალე საკუთარი მცირე საწარმო ესოფიო გეგუჩაძე333333333333333333333333333333ქნება, მანამდე კი ნახევრად კუსტარულად უწევს ჩირის და სხვა ნუგბარის დამზადება.

ახლა პროექტი აქვს შეტანილი სახელმწიფო პროგრამ „აწარმოე საქართველოში“  დანადგარების შესაძენად, რათა გამომშრალი ხილი და  ბოსტნეული  აწარმოოს.

_ თუ გავიმარჯვე და გავედი კონკურსში, ეს ჩემთვის ძალიან დიდი საქმე  იქნება.  დღესვე  ძალიან მჭიდება სუბლიმერების აპარატი, სხვა დანადგარებიც. მივიღებ დაფინანსებას ხომ კარგი, არადა მე ამ საწარმოს მაინც გავაკეთებ, წინ კიდევ ბევრი მიზანი მაქვს _ ამბობს სოფიო.

_ ჩვენთან და საერთოდ მთელ საქართველოში, ბარში თუ მთაში უამრავი ველური ხილი,  კენკრა და  სოკოა. ეს არის უნიკალური გემოს და თვისებების მქონე ნედლეული, რომლისგანაც უძვირფასესი პროდუქტი მიიღება, მაგრამ ფუჭად იკარგება.

სოფიოს თავის მცირე მეურნეობაში მუდმივად  ორი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

_ ორი ქალბატონი მუშაობს ჩემთან, მეხმარებიან ისე, რომ საკუთარი ოჯახის საქმე  არ გაიფუჭონ _ მეუბნება სოფიო, _  ჩვენ ვამზადებთ სხვადახვა სახის ხილის ჩირს. არც ჩირის გაყიდვა ჭირს, რადგან ეს ნატურალური, ძალიან გემრიელი პროდუქტია და მყიდველი ყოველთვის ჰყავს. ამაში ძალიან გვეხმარება გამოფენა-გაყიდვები, როემელიც „ელკანას“ და „საერთაშორისო კულტურის სივრცის“ ეგიდით,  საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით პერიოდულად თბილისში და  სხვა ქალაქში იმართება ხოლმე.  

კახეთი მადლიანი მხარეა თავისი პეწითა და ლაზათით, აქ მზეც სხვანაირია, ამიტომ გადავწყვიტე ჩვენს პატარა საწარმოს „კახეთის სივრცე“ დავარქვათ და მომავლაში პროდუქტსაც ამ დასახელებით მიიღებს მომხმარებელი.

მოამზადა,

ნესტან გუგშვილმა

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“  №5 (116)