კაშკოვსკის სისტემით ფუტკრის მოვლა
ცნობილმა მეცნიერმა და პრაქტიკოსმა მეფუტკრემ ვლადიმერ გიორგის ძე კაშკოვსკიმ, რომელიც პროფესორ გუბინის ხელმძღვანელობით მუშაობდა კემეროვოს მეფუტკრეობის საცდელ სადგურში, 20 წლიანი შრომის შემდეგ, 1963 წელს გამოსცა წიგნი „ფუტკრის მოვლის კემეროვოს სისტემა”, რომელიც აპიმონდიის XXIII კონგრესზე სპეციალური მედლით დაჯილდოვდა.
მას შემდეგ, ფუტკრის მოვლის ეს პროგრესული სისტემა კაშკოვსკის ან კემეროვოს სისტემის სახელით არის ცნობილი. ვფიქრობ, ქართველი მკითხველისთვის მასთან გაცნობა საინტერესო იქნება.
ფუტკრის ოჯახების მოვლის ეს პროგრესული მეთოდი შემუშავდა გასული საუკუნის 60-იან წლებში კემეროვოს სახელმწიფო საცდელი სადგურის მეფუტკრეობის განყოფილების (ხელმძღვანელი ვლადიმერ კაშკოვსკი) მიერ, პროფესორ გუბინის ხელმძღვანელობით. მასში მინიმუმამდეა დაყვანილი მეფუტკრის სამუშაოები.
ამ სისტემის ძირითადი დებულებებია: 1. ერთი ან ორი ჩარჩო ბუდის გაფართოება შეცვლილია ბუდის ერთჯერადი გაფართოებით. 2. ხელს არ უშლიან ბუნებრივ ნაყრობას. 3. ამოღებულია ოჯახების გათანაბრება. 4. ყოველწლიურად ღალიანობის წინ ცვლიან დედებს. 5. ყოველწლიურ ნამატს ღებულობენ მხოლოდ ძლიერი ოჯახებიდან. 6. ლიკვიდაციას უკეთებენ სუსტ ოჯახებს მათი შეერთების გზით. გადავიდეთ ამ პროგრესული სისტემის აღწერაზე.
საგაზაფხულო სამუშაოები
პირველივე საგაზაფხულო ხილვისას ოჯახებს ახალ დეზინფიცირებულ სკაში გადასვამენ და თაფლიან-ჭეოიან ჩარჩოებს იმ გათვლით უმატებენ, რომ ოჯახს 8-12 კგ. თაფლის მარაგი ჰქონდეს (ფუტკრის ოჯახების გათანაბრების მაგივრად ათანაბრებენ საკვებ მარაგს). კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბარტყის გაჩენის შემდეგ ფუტკრის ოჯახი დღე-ღამეში საშუალოდ 200 გრ. თაფლს ჭამს. აქედან გამოდის, რომ 8 კგ თაფლს ფუტკრის ოჯახი 40 დღეში მოიხმარს, 9 კგ-ს — 45 დღეში, ხოლო 10 კგ-ს — 50 დღეში. ეს საშუალებას გვაძლევს ზუსტად ფუტკრის მოვლის კემეროვოს მეთოდი, ანუ კაშკოვსკის სისტემა, განვსაზღვროთ, გაზაფხულის მცირეღალიანობის ან უღალობის დროს, შემდეგი ხილვის დრო, რომლის მიზანია საკვები მარაგის შევსება და ბუდის გაფართოება. ამ მიზნით საწყობში წინასწარ მეორე კორპუსს ამზადებენ, რომელშიც ათავსებენ 5 ჩარჩოს თაფლით და 7 ჩარჩოს ხელოვნური ფიჭით.
ამ კორპუსს პირდაპირ ათავსებენ ძირითად, პირველ კორპუსზე. სამუშაო სრულდება სწრაფად, ქვედა კორპუსის ბუდის გაუხსნელად, რაც დედაფუტკარს კვერცხდებაში ხელს არ უშლის. 30-36 დღის შემდეგ აწარმოებენ. ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ ფუტკრის ოჯახების ხილვების შემცირებისას, ოჯახები უკეთ მუშაობენ, დედა ფუტკარი მეტ კვერცხს დებს, ხოლო მეფუტკრეს შეუძლია იგივე შრომით 5-6-ჯერ მეტ ფუტკრის ოჯახს მოუაროს. კაშკოვსკის სისტემაში ასევე ამოღებულია ძლიერი ოჯახების ხარჯზე სუსტი ოჯახების გაძლიერება, როგორც მიზანშეუწონელი, რადგან ის იწვევდა სუსტი ოჯახების გადასვლას სანაყრე მდგომარეობაში, რითაც მთლიანი საფუტკრის თაფლპროდუქტიულობა 5-15 %-ით მცირდებოდა. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ სუსტი ოჯახების ასეთი გაძლიერება სხვა ძლიერი ოჯახების ხარჯზე ხელს უწყობს ნამატი ახალი ოჯახების მიღებას სუსტი ოჯახებიდან, ეს კი სელექციის თვალსაზრისით დამღუპველია.
სამწუხაროდ, თანამედროვე მეფუტკრეობის ტექნოლოგიაში მიღებულია და სახელმძღვანელოებშიც რეკომენდაციას უწევენ საკმაოდ შრომატევად ფუტკრის ოჯახების გათანაბრების მეთოდს. ეს მეთოდი ამცირებს საფუტკრის საშუალო პროდუქტიულობას და ფაქტიურად სპობს სელექცია-მომშენებლობის სამუშაოებს, რის შედეგად მომდევნო წლებში საფუტკრის პროდუქტიულობა კიდევ უფრო ეცემა. ამის გარდა, სკიდან სკაში ჩარჩოების გადატანა არაჰიგიენურია, რადგან შეიძლება დაავადების გავრცელებას შევუწყოთ ხელი. ჩატარებულმა ცდებმა აჩვენეს, რომ მიუხედავად წლის განმავლობაში ფუტკრის ოჯახების 3-ჯერ ჩატარებული გამოთანაბრებისა, ფაქტიურად ოჯახები არ გათანაბრდება (იგივე შედეგამდე მივიდა ტარანოვი, როდესაც 70-იან წლებში მეფუტკრეობის სამრეწველო ტექნოლოგიას ქმნიდა. მთარგმნელის შენიშვნა). უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ გათანაბრების სამუშაოები საკმაოდ შრომატევადია. კაშკოვსკის მიერ რეკომენდაცია ეძლევა სუსტი ოჯახების შეერთება-ლიკვიდაციას ღალის წინ და საშემოდგომო ხილვისას. მისი მეთოდით ახალი ოჯახები მხოლოდ ძლიერი, სანაშენო, ოჯახებისაგან ბუნებრივი ნაყრობის ან ხელოვნური გაყოფის გზით მიიღება. ასეთი გადარჩევით 3 წელიწადში ნებისმიერი მიუხედავი და არარენტაბელური საფუტკრეც კი გამოთანაბრდა და მომგებიანი გახდა.
ნაყრიანობა და მთავარი ღალიანობა. უმეტესი რეკომენდაციები მეფუტკრეობის სახელმძღვანელოებში მიმართულია ნაყრობის საწინააღმდეგოდ, მაგრამ ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია, განსაკუთრებით, დიდ საფუტკრეებში. ამიტომ კაშკოვსკის სისტემის მიხედვით არ ებრძვიან განსაკუთრებულად ნაყრიანობას და ნაყრებს იყენებენ როგორც ახალი ჩარჩოების ასაშენებლად, ისე თაფლის შესაგროვებლად. ამასთან ერთად ცდილობენ საფუტკრეებში ნაყრიანობისადმი ნაკლები მიდრეკილების მქონე ფუტკრის ოჯახები იყოლიონ. ამისთვის ადვილად მონაყრე ოჯახებს გამოიწუნებენ, ამრავლებენ მხოლოდ ძლიერ, მაღალპროდუქტიულ ოჯახებს, რომლებიც მიდრეკილნი არ არიან ნაყრიანობისკენ. ამასთან, ხელოვნური ფიჭით შესავსებად საკმაოდ ბევრ ჩარჩოს აძლევენ. ყოველწლიურად ცვლიან დედებს და წინასწარ აფართოებენ ბუდეს, ღალიანობის დროს თაფლს არ იღებენ (ელოდებიან ღალიანობის დამთავრებას), ამით მეფუტკრეს უმცირდება სამუშაო და მუშაობაში არც ფუტკარს ეშლება ხელი. ცდებით დადგინდა, რომ თაფლის ღალიანობის დროს ამოღება მეფუტკრესაც მძიმე ტვირთად აწვება, ამასთან, თაფლიც ხანდახან სტანდარტს არ შეესაბამება. ამის მაგივრად თითოეულ ოჯახს უმჯობესია 36 ბუდის ჩარჩოიანი მარაგი შევუქმნათ, რომელიც საშუალებას იძლევა ყველა ოჯახმა 80-90 კგ თაფლი უმტკივნეულოდ დააგროვოს.
დედების შეცვლა
დედებს მთავარი ღალიანობის დაწყების წინ ცვლიან. ამასთან, ძველი დედის მაგივრად, მისი ამოყვანიდან მეორე-მესამე დღეს, ეძლევა მწიფე სადედე. ამის შედეგად თაფლის მოპოვება ორი ფაქტორის გამო იზრდება. პირველი, ეს არის დედის კვერცხისდების შეწყვეტის და მუშა ფუტკრების შიდა სამუშაოებისგან განთავისუფლება, მეორე კი, ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა. კაშკოვსკიმ ცდებით აჩვენა, რომ ის მუშაფუტკრები, რომლებიც ბარტყის გამოზრდაში, არ იღებდნენ მონაწილეობას, 100-150 დღესაც კი ცოცხლობენ. თუ მოსალოდნელია მეორე გვიანი ღალა ძველ დედაფუტკარს ორ-სამ ჩარჩო ფუტკართან ერთად ცალკე გამოყოფენ და ძირითად ოჯახს მეორე ღალიანობის დაწყების წინ აერთებენ. კაშკოვსკის სისტემა ყველა ოჯახში, დედა ფუტკრების ყოველწლიურ ცვლას მოითხოვს. რადგან როგორც კორობლიოვმა აჩვენა და სხვა ცდებითაც დამტკიცდა, ერთწლიანი დედები 100 %-ით გამოიზამთრებენ, ორწლიანებში გამოზამთრების პროცენტი 93-95 %-ია, ხოლო 3 წლიანებში 75-80 %. სანაშენე საქმე და ფუტკრის ოჯახების გამრავლება. კაშკოვსკის ფუტკრის ოჯახების მოვლის სისტემა კარგად წარმართული სანაშენო საქმის გარეშე წარმოუდგენელია, რადგან კარგად წარმართული სანაშენო საქმე 2 წელიწადში 20-25 %-ით ზრდის ფუტკრის ოჯახის და საფუტკრის საერთო პროდუქტიულობას. თავისი მეთოდის დამუშავებისას კაშკოვსკი გამოდიოდა იმ მოსაზრებიდან, რომ ბუნებრივი გადარჩევა ხელს უწყობს და ფუტკრის ოჯახის დადებით თვისებებს ავლენს. ამიტომ საფუტკრეში გამრავლებას ახდენენ მხოლოდ კარგი პროდუქტიულობის და ძლიერი ოჯახებიდან და მუდმივად გამოიწუნებენ სუსტებსა და დაბალპროდუქტიულ ოჯახებს. ამასთან, ხელს უწყობენ მამალი ფუტკრების გამოყვანას მხოლოდ ძლიერ ოჯახებში და ხელს უშლიან სუსტებსა და საშუალოებში, რაც საფუტკრის ირგვლივ კარგი გენის მქონე მამალი ფუტკრების მაღალ კონცენტრაციას ქმნის. ეს კი ახალგაზრდა დედაფუტკრების დადებითი გენის მქონე მამლებით განაყოფიერების ალბათობას ზრდის. ამის შედეგია ის, რომ დედაფუტკრების 2-3 შეცვლის შემდეგ საფუტკრის ყველა ოჯახი მანამდე საუკეთესო ოჯახების დონეს აღწევს. სანაშენედ არჩეულ ოჯახებს სხვა სადედის ან განაყოფიერებული დედის მიუცემლად შუაზე ყოფენ და აცდიან უდედო ნახევარს — თავისით გამოიყვანოს დედა.
ასეთი გაყოფით ჩვენ ორ გენეტიკურად მონათესავე ოჯახს ვიღებთ, ერთს ძველი დედით, ხოლო მეორეს მისი ქალიშვილით. შემდეგი გაყოფის დროს (რადგან მხოლოდ ძლიერ და პროდუქტიულ ოჯახებს ვყოფთ) გადაირჩევა, გაიყოფა და შესაბამისად გამრავლდება საფუტკრეში მხოლოდ კარგი პროდუქტიულობის და გამრავლების უნარის მქონე ოჯახები, სუსტები კი გამოიწუნება. გამრავლების მეორე მეთოდია ძლიერი ოჯახის გაყოფის შედეგად მიღებული გაჭირვების სადედეებზე ნაკრები ხელოვნური ნაყრების ჩამოყალიბება, რაც სხვა ოჯახებისგან მხოლოდ 1-2 ბარტყიან-ჭეოიანი ან თაფლიანი ჩარჩოების დამატებას ითვალისწინებს. ამ დროსაც საფუტკრეში მხოლოდ დადებითი გენის დედა ფუტკრები მრავლდება. კაშკოვსკის მეთოდის გამოყენებით კემეროვოს საცდელი სადგურის ყველა საფუტკრეში შრომის ნაყოფიერება ამაღლდა 3-ჯერ, ხოლო თითოეული საფუტკრის საშუალო თაფლპროდუქტიულობამ 5 ტონას გადააჭარბა.
თეიმურაზ ღოღობერიძე
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“