კავკასიური კამეჩი

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში გავრცელებული კამეჩი მიეკუთვნება ინდურ, ე.წ. წყლის კამეჩების ტიპს. არქეოლოგიურ განათხრებში მოპოვებული მასალებით დასტურდება, რომ კამეჩის არსებობა ამ ქვეყნებში დათარიღებულია ჩვ.წ.აღ-მდე პირველი ათასწლეულით.

ზ. ვერდიევის და სხვ. აზრით, ეს ჯიში არის ხალხური სელექციით გამოყვანილი და ენათესავება ირანის კასპიისპირეთში გავრცელებულ ”აზერ”- ის ჯიშს. გვხვდება სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში და რუსეთის ფედერაციის დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკის ბარის რაიონებში.

ჯიში შედგება ოთხი დამოუკიდებელი, მეტ-ნაკლებად იზოლირებული ჯგუფისაგან, რომელთაც მოიხსენიებენ გავრცელების ქვეყნის/ტერიტორიის სახელით- აზერბაიჯანული, ქართული, სომხური და დაღესტნური. ჩამოთვლილი ჯგუფის ცხოველებს შორის ექსტერიერის ფორმებსა და პროდუქტიულობაში დიდი განსხვავება არ არის, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შეიძლება ვილაპარაკოთ მათზე, როგორც კავკასიური ჯიშის დამოუკიდებელ ჯილაგებზე.

აზერბაიჯანული ჯილაგი

გავრცელებულია ამ ქვეყნის ბარის თითქმის ყველა რაიონში.

გასული საუკუნის 30- იანი წლების ბოლოსათვის ფურკამეჩების მოგებათაშორისი პერიოდი 450-500 დღე, სერვის პერიოდი 150 და მეტი, ხოლო ლაქტაციის ხანგრძლივობა 150-180 დღე იყო. ფოტოპერიოდიზმისა და ჰაერის ტემპერატურის გავლენით მოგებას სეზონური (ძირითადად ზაფხულში) ხასიათი ჰქონდა. ფურკამეჩებს ახასიათებდათ კარგად გამოხატული დედობრივი ინსტინქტი, რის გამო ერთნაყოლების წველა შესაძლებელი იყო მხოლოდ ე.წ. ”წველა-წოვების” მეთოდით.

ექსტერიერის ნაკლოვანებიდან ამ ჯილაგის ცხოველებში უფრო ხშირად გვხვდებოდა მაღალი მინდაო, მოკლე სხეული- გადანაზებული წინა ნაწილით, დაქანებული ან სახურავისებრი გავა, წინა კიდურების მიახლოება და სუსტად განვითარებული, უპირატესად თხისებრი ფორმის ცური.

ფურკამეჩის ცოცხალი მასა იყო 380-450 კგ, ლაქტაციური მონაწველი 700-800 კგ რძე, 7,5% ცხიმით. მოზარდის საკლავი გამოსავალი კი 42-45%.

ა. აგაბეილის ცნობით, ასეთი მდგომარეობა გამოწვეული იყო მთელი წლის მანძილზე საძოვრული შენახვის მეტად მძიმე პირობებით.

1935 წელს ამ ქვეყანაში შეიქმნა აზერბაიჯანული კამეჩის ჯიშთსაშენი, რომელმაც თავისი მუშაობა მიმართა მიზანმიმართული გადარჩევა-შერჩევისა და მოვლა-შენახვაკვების პირობების შექმნით ბაზაზე ჯიშის სანაშენე და პროდუქტიული თვისებების გაუმჯობესებისაკენ.

სასელექციო მუშაობამ უზრუნველყო კავკასიური კამეჩის გაუმჯობესებული ჯიშის ჩამოყალიბება, რომელიც ხასიათდება საკმაოდ მაღალი სარძეო და სახორცე პროდუქტიულობით. ჯიშად დამტკიცებულია 1970 წელს.

გაუმჯობესებული აზერბაიჯანული კამეჩი საკმაოდ დიდტანიანია. ზრდასრული ფურკამეჩის სიმაღლე მინდაოში 132-136, ხარკამეჩის კი 140-143 სმ-ს აღწევს, ცოცხალი მასა, შესაბამისად, 450-530 და 650-700 კგ- ია.

ცხოველები ხასიათდებიან მაგარი კონსტიტუციით და პროპორციული აგებულებით. მათ დიდი თავი, საშუალო სიფართის შუბლი, ფუძეში სქელი და გრძელი რქები, ფართო და გრძელი ყურები, ასევე, გრძელი კისერი, მოკლე ან საშუალო სიგრძის და ფართო ზურგი, გრძელი და ფართო წელი, ოდნავ მაღალი გავა, მოცულობიანი მუცელი და გრძელი კიდურები აქვთ.

ცხოველების უმეტესობა მუქი ყავისფერი ან შავია. ცალკეულ ინდივიდებში გვხვდება თეთრი ნიშანი შუბლზე, აგრეთვე კუდის ფუნჯის თეთრი პიგმენტაცია.

ექსტერიერის ნაკლოვანი მხარეებიდან აღსანიშნავია წინა კიდურების მიახლოება (ტანცმაისტერული დგომა) და დაქანებული ან სახურავისებრი გავა.

ფურკამეჩებში ლაქტაციის ხანგრძლივობა 270-300, სერვის პერიოდი 60-100, მოგებათა შორის პერიოდი კი 350-400 დღეა. მათ უმრავლესობას ცური ჯამისებრი ფორმის და ჯირკვლოვანი აქვთ; 305 დღიური მონაწველი 1200-1600 კგ რძეა 8,018,16% ცხიმით. ცალკეულ მეურნეობაში სანაშენე ბირთვის ფურკამეჩების მონაწველი 2000-2500 კგ რძეს აღწევს, 8,0-8,1% ცხიმით და 4,7-5,0% ცილით.

ზაქი ხასიათდება ზრდის საკმაოდ მაღალი პოტენციით: ბუნებრივ საძოვარზე ცოცხალი მასის საშუალო დღეღამურ ნამატი 600-700, ხოლო სუქებისას 800-1000 გ- ს აღწევს. ამის შესაბამისად 18 თვის ასაკის ხარზაქის ცოცხალი მასა 350-360 კგ- ია, ხოლო საკლავი გამოსავალი ცვალებადობს 43-53%- ის ფარგლებში.

ჯიშის სრულყოფა, ძირითადად, წარიმართა ხალასი მოშენების გზით. ამასთან, ცხოველების სანაშენე და პროდუქტიული თვისებების სწრაფად გაუმჯობესების მიზნით, გასული საუკუნის 80- იანი წლების დასაწყისში დაიწყეს მურაჰის ჯიშის სისხლის დართვა, რა მიზნითაც ხარკამეჩები შემოიყვანეს ბულგარეთიდან. ზ. ვერდიევის და სხვ. მონაცემებით მურაჰისა და აზერბაიჯანული კამეჩის ნაჯვარების მონაწველი I,II,III ლაქტაციაზე, შესაბამისად, იყო 1375, 1514 და 1623 კგ რძე 7,9% ცხიმით.

 ქართული კამეჩი

აზერბაიჯანელი მკვლევარებისაგან განსხვავებით, მათი ქართველი კოლეგები შედარებით ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ ადგილობრივი კამეჩის შესწავლას, მისი პროდუქტიული თვისებების გასაუმჯობესებელი ღონისძიებების შემუშავებასა და პრაქტიკაში რეალიზაციას.

ამის გამო, გასული საუკუნის 80- იან წლებამდე სამეცნიერო ჟურნალებსა და კრებულებში ქართულ კამეჩზე მხოლოდ ერთეული პუბლიკაციებია გამოქვეყნებული, რომლებიც ეკუთვნით ნ. ავალიშვილს, ვ. ბაზაძეს ლ. სააკოვას, რ. ლეკაშვილს და შ. გონაშვილს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ უფრო სრულყოფილად შესწავლილია ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში გავრცელებული კამეჩი, ხოლო დასავლეთში ამ ცხოველების სულადობის მეცნიერული შესწავლა, პრაქტიკულად არ მომხდარა.

ქართული კამეჩი ფერად შავი ან მონაცრისფროა. მეტად იშვიათად გვხვდება თეთრი ნიშნები სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. ამასთან, კუდის ფუნჯის გასინჯვისას თითქმის ყველა კამეჩში აღმოაჩენთ თეთრი ფერის ბალანს. საგულისხმოა, რომ ბოლო წლებში ქვეყნის უკიდურეს აღმოსავლეთში (ალაზნისა და ივრისპირეთში) გავრცელებულ კამეჩში საკმაოდ ხშირად გვხვდება მოყავისფრო ინდივიდები, რაც, სავარაუდოდ, აზერბაიჯანულ კამეჩთან შეჯვარების შედეგი უნდა იყოს. ექსტერიერით ქართული კამეჩი ჩამოჰგავს სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებში და დაღესტანში გავრცელებულ ჯილაგებს, მაგრამ არის გარკვეული განსხვავებებიც. ამაზე მეტყველებენ ვ. ბაზაძის მიერ 1957 წელს გამოქვეყნებული ქართული, აზერბაიჯანული, სომხური და დაღესტნური კამეჩის ცოცხალი მასისა და სხეულის განაზომების შედარებითი მაჩვენებლები.

კავკასიური კამეჩის სხვადასხვა ჯილაგის ფურკამეჩის სხეულის განაზომები (სმ) და ცოცხალი მასა (კგ)

აჩვენებლები ქართული აზერბაიჯანული სომხური დაღესტნური
მსიმაღლე მინდაოში 132,0 130.8 131.8 131.4
ტანის ირიბი სიგრძე 140.7 139.7 138.7 142.0
გულმკერდის სიღრმე 73.1 70.6 73.1 73.0
გულმკერდის სიგანე 36.6 38.0 39.8 36.7
გულმკერდის ირგვლივა 183.4 184.5 187.6 183.7
სიგანე კუკუხოებში 55.0 55.7 55.6 51.3
 ცოცხალი მასა 450,2 445,8 328

როგორც ჩანს, ქართული ფურკამეჩი ცოცხალი მასით, მინდაოში სიმაღლით და ტანის ირიბი სიგრძით აღემატება კავკასიის სხვა ქვეყნებში გავრცელებულ ჯილაგებს, ხოლო გულმკერდის ირგვლივისა და სიგანის განაზომებით რამდენადმე ჩამოუვარდება მათ. შესაბამისად, გარკვეული განსხვავებები არის აგებულების ინდექსებში. აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული ქართული კამეჩის კურო-მწარმოებლების საშუალო ცოცხალი მასა ზრდასრულ ასაკში არის 543,4 კგ, ხოლო სხეულის განაზომები ხასიათდება შემდეგი მაჩვენებლებით: სიმაღლე მინდაოში – 133,0 სმ;

ტანის ირიბი სიგრძე – 149,0 სმ;

გულმკერდის სიღრმე – 73,0 სმ;

გულმკერდის სიგანე – 37,0 სმ;

გულმკერდის ირგვლივა – 193,0 სმ;

სიგანე კუკუხოებში – 55 სმ.

მოტანილი მონაცემები, აგრეთვე სხვა სამეურნეო-ბიოლოგიური თავისებურებებში აღნიშნული განსხვავებები თავსდება ჯიშის შიგნით შესაძლო ცვალებადობის ფარგლებში და, ამდენად, სამხრეთ კავკასიაში და დაღესტანში გავრცელებული ოთხივე ჯილაგი შეიძლება გავაერთიანოთ კავკასიური კამეჩის ჯიშში.

ზაქის ცოცხალი მასა სხვადასხვა ასაკში 

ასაკი, თვე
0 (დაბადებისას) 30.4 27.0
1 47.7 43.4
3 78.6 72.7
6 112.0 105.8
9 139.5 132.3
12 174.2 168.4
18 230.7 227.4
24 259.1 254.0

სამეურნეო კვების პირობებში გამოზრდილი ქართული კამეჩის ზაქის ცოცხალი მასის ზრდის დინამიკაზე ვ. ბაზაძის დაკვირვების შედეგები მოტანილია ცხრილში. როგორც ვხედავთ, მხოლოდ დაბადებიდან 1 თვის ასაკამდე ცოცხალი მასის ნამატი შეიძლება მეტ-ნაკლებად ოპტიმალურად ჩაითვალოს, ხოლო მომდევნო პერიოდში ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალი იყო. ამის გამო 2 წლის ასაკში ფურზაქები აღწევენ მხოლოდ 254, ხოლო ხარზაქები- 259,1 კგ ცოცხალ მასას (გამოზრდის მთელი პერიოდის მანძილზე საშუალო დღეღამური ნამატი 311-313 გ).

ეჭვი არ არის, რომ ეს მაჩვენებლები ქართული კამეჩის ზაქის გენეტიკურ პოტენციაზე ბევრად ნაკლებია, რაზეც მეტყველებს იმავე ავტორის ცდის შედეგები: დადგენილია, რომ ინტენსიურად გამოზრდილი ზაქების საშუალო ცოცხალმა მასამ 6 თვის ასაკში 144,8(♀)_ 150,0 ♂ კგ- ს მიაღწია, რაც 38_39კგ- ით, ანუ 33,9_36,9%- ით მეტია სამეურნეო პირობებში გამოზრდილებთან შედარებით.

ქართული კამეჩის და ადგილობრივი ძროხის პროდუქტიული მაჩვენებლების შედარებითი დახასიათება შესაძლებელია ლ. სააკოვას მიერ სოფელ ჯაფარიძეს და ზემო მაჩხაანის კოლმეურნეობების ფერმებში მოპოვებულ და გამოქვეყნებულ მასალებში.

ქართული კამეჩიდან და ადგილობრივი ძროხიდან რძის წარმოების ეკონომიკურიობის მაჩვენებლები

 

სოფ. ზემო მაჩხაანის კოლ-ბა სოფ. ჯაფარიძის კოლ-ბა
 მეკამეჩეობის ფერმა მეძროხეობის ფერმა მეკამეჩეობის ფერმა მეძროხეობის ფერმა
 1 2 3 4 5
ცხოველთა სულადობის და რძის წარმოების მაჩვენებლები
სულადობა 01.01.1957 1066 1082 583 948
მ. შ. ფური 279 361 157 307
წარმოებულია რძე, ც 3567 9460 2227 6393
” – ” რძის ცხიმი, ც 27109 35948 17816 25572
1 ც რძის წარმოებაზე გაწეული დანახარჯვები
 კგ საკვები ერთეული 162 92 128 89
მ.შ. კონცენტრატის 34 43 27 23
1 ც რძის ცხიმის წარმოებაზე გაწეული დანახარჯვები
კგ საკვები ერთეული 2128 2431 1604 2718
მ.შ. კონცენტრატის 797 1140 343 574

ეს მონაცემები გვიჩვენებენ, რომ ფაქტიური ცხიმიანობის რძის და რძის ცხიმის წარმოებისათვის აუცილებელი საკვები ერთეულის, და კონცენტრირებული საკვების დანახარჯებით მეკამეჩეობის ფერმები ბევრად სჯობდა მეძროხეობის ფერმებს.

გასული საუკუნის 80- იანი წლებიდან ქართული კამეჩის ბიოლოგიური თავისებურებები და სუქებისუნარიანობა, საკლავი პროდუქტიულობა და ხორცის ხარისხობრივი მაჩვენებლები შესწავლილი აქვთ წიგნის ავტორებს (ა. დოლმაზაშვილი, 1981; გ.გოგოლი, ა.დოლმაზაშვილი, 1997; Г. Гоголи, 1997).

გ.გოგოლი, გ. ხატიაშვილი, გ. მაჭარაშვილი, ლ. ტაბატაძე,

„მეკამეჩეოაბა“