აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობა

კავკასიური წაბლა ჯიში

 

გამოყვანილია საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და დაღესტნის ადგილობრივი ძროხის შეჯვარებით, უმთავრესად შვიცურ ჯიშთან. ბოლო პერიოდში შესაჯვარებლად იყენებდნენ, აგრეთვე, შვიცური პირუტყვის მონაწილეობით გამოყვანილ კოსტრომულ, ლებედინურ და ალათაურ ჯიშებს, წინა პერიოდში კი სიმენტალურს, უკრაინულ ნაცარა და აზერბაიჯანულ ზებუს, მაგრამ მათ შესამჩნევი კვალი ახალი ჯიშისათვის არ დაუმჩნევიათ.

საქართველოში შვიცური ჯიშის გამოყენებას დასაბამი მისცა 1863 წელს დასავლეთ ევროპიდან ჩამოსახლებულმა მემამულემ ალ. კუჩენბახმა, რომელმაც მთავრობასთან შეთანხმებით, თბილისიდან 115 კმ მანძილზე, დმანისის მახლობლად, ზღვის დონიდან 1300-1600მ სიმაღლეზე აირჩია მიწის ნაკვეთი 2400ჰა ფართობით, შვეიცარული ტიპის ფერმის მოსაწყობად, რისთვისაც მთავრობისგან 21000 მან. უპროცენტო სესხი მიიღო.კუჩენბახმა შეიძინა მცირეკავკასიური და ქართული მთის ჯიშის ძროხები, ხოლო 1864 წელს შვეიცარიიდან ჩამოიყვანა შვიცური ჯიშის 13 დეკეული და 3 კურო. ეს იყო კულტურული ევროპული ჯიშის პირუტყვის პირველი შემოყვანა ამიერკავკასიაში, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია.

შვიცური ჯიშის ხალასად მოშენებასთან ერთად, კუჩენბახმა დაიწყო ადგილობრივ შეძენილი ფურების შეჯვარება ამ ჯიშის კუროებთან. მათ ბევრად უკეთესი პირობები ჰქონდათ შექმნილი, ვიდრე მეზობლების პირუტყვს, მაგრამ გარემოსთან შეგუებლობის გამო, განსაკუთრებით კი ციმბირის წყლულით დაავადების და ჭირის ეპიზოოტიის შედეგად, შვიცური ხალასჯიშიანი ცხოველები მთლიანად, ხოლო მათი ნაჯვარები ნაწილობრივ გაწყდა. 1872 წლიდან კუჩენბახი ამ ჯიშს ხალასად აღარ ამრავლებდა, მაგრამ შეჯვარებას აგრძელებდა და ამისათვის შვიცური კუროები შემოჰყავდა. ამ გზით შეიქმნა 600 სულამდე ნაჯვარ ცხოველთა ნახირი. ა. თამამშევის ცნობით, ფურების საშუალო წლიური წველადობა 1850 კგ-ს აღწევდა, ცოცხალი მასა – 328-492 კგ-ს და რძის სავარაუდო ცხიმიანობა (პროდუქტების გამოსავლიანობის მიხედვით) – 3,8-4,7%-ს, მეზობელ მეურნეობებში კი ფურებისაგან საშუალოდ 400-600 კგ-ზე მეტ რძეს ვერ წველიდნენ.
კუჩენბანმა თავისი მაგალითით, ხელი შეუწყო ჯიშიანი პირუტყვის გავრცელებას; გარდა ამისა, მისი ფერმიდან გაყვანილ ნაჯვარ კუროებს მოსაზღვრე რაიონების შორეულ სოფლებშიც კი იყენებდნენ. XIX საუკუნის 80-იან წლებში გამოჩნდნენ ახალი მსხვილი ფერმერები, რომლებსაც კუჩენბახის მიბაძვით შემოჰყავდათ შვიცური ან სიმენტალური პირუტყვი.
ამგვარად, შვიცური ჯიშის ნაჯვარი და ხალასჯიშიანი ცხოველების საუკეთესო სულადობამ ბაშკიჩეთის სანაშენე საბჭოთა მეურნეობაში მოიყარა თავი, მაგრამ, პირუტყვის პროდუქტიულობის დონე ნელა იზრდებოდა არადამაკმაყოფილებელი კვების გამო. 1941 წელს ფურების საშუალო წლიური წველადობა 2225 კგ რძეს უდრიდა 3,8-3,9% ცხიმიანობით, ხოლო ფურების საშუალო ცოცხალი მასა 440-480 კგ-ს აღწევდა. აქ გამოზრდილი კუროები გაჰყავდათ საქართველოს სხვადასხვა რაიონების ადგილობრივ პირუტყვთან შესაჯვარებლად. იქ, ნაჯვარი პირუტყვის მნიშვნელოვანი რაოდენობა დაგროვდა, მოეწყო სანაშენე ფერმები.

საქართველოში ახალი ჯიშური ჯგუფის გამოყვანისას წამყვან სანაშენე ბირთვს წარმოადგენდა ბაშკიჩეთის სანაშენე მეურნეობის პირუტყვი. შეირჩა, აგრეთვე, დმანისის, ახალქალაქის, ნინოწმინდის და ბორჯომის რაიონების 12 სანაშენე ფერმა, სადაც ჯიშის გამოყვანაზე მუშაობა მოეწყო. 1950 წელს ჩამოყალიბდა შვიცური ჯიშის ცხოველთა დმანისის ჯიშსაშენი, რომელიც, საქართველოს მეცხოველეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეთოდური ხელმძღვანელობით, ახალი ჯიშის გამოყვანასთან დაკავშირებულ სამუშაოებს ასრულებდა. სამუშაოების ფარგლები თანდათან გაფართოვდა და ის საქართველოს სხვა რაიონებშიც გაიშალა. მსგავსი მუშაობა დაწყებული იყო, აგრეთვე, სომხეთში, აზერბაიჯანსა და დაღესტანში. მოხდა ყველა ამ სამუშაოთა გაერთიანება, რამაც გააფართოვა მუშაობის არეალი. გაზარდა სულადობა და მისი შემდგომი სრულყოფის შესაძლებლობა. მოეწყო სელექციური მიღწევების ურთიერთგაზიარება და კუროების გაცვლა, რამაც ხელი შეუწყო დამახასიათებელი გენეტიკური სტრუქტურის კონსოლიდაციასა და ჯიშის თვისებების დახვეწას. ყოველივე ამან დააჩქარა ახალი ჯიშის აღიარება, რამაც კომისიური შემოწმების შემდეგ, 1960 წელს მოხდა. ახალ ჯიშს „კავკასიური წაბლა“ ეწოდა.

ამ ჯიშის სრულასაკოვანი წლიური წველადობა აღწევს 4000კგ რძეს, 3,8% ცხიმიანობით და ცოცხალი მასა 499 კგ-ს. პროდუქტიულობის მაღალი მაჩვენებლები მიღწეულია ლორეს სანაშენე მეურნეობაში, რომელშიც ბაშკიჩეთის სამომშენებლოსთან ახლოს, სომხეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, სხვადასხვა ფერმებში საშუალო წველადობა 2400-2800 კგ-ს აღწევდა, რძის ცხიმიანობა 3,8-4,0%-ს და ცოცხალი მასა 420460კგ-ს შეადგენდა.
ახალი ჯიში კარგად იყო შეგუებული აგდილობრივ გარემოს; საქართველოს მეურნეობებისათვის დამახასიათებელი მწირი კვების დროს ის სხვებზე მეტ პროდუქციას იძლეოდა. ხოლო პირობების გაუმჯობესების შედეგად იმდენად ადიდებდა პროდუქტიულობას, რომ ჯობნიდა მისი მოშენების ზონაში შეყვანილ სხვა ჯიშებს. იგი სწრაფად მომრავლდა და მალე საქართველოში წამყვანი ადგილი მოიპოვა. რესპუბლიკის სახელმწიფო და კოლექტიურ მეურნეობათა ფერმებში 1990 წელს კავკასიური წაბლა ჯიშის პირუტყვის სულადობა 171000-ს შეადგენდა, მათ შორის ფური 69,4 ათას სულს, ანუ საერთო რაოდენობის 38%-ზე მეტს. ეს სულადობა ორჯერ და მეტად აღემატება მეორე ადგილზე მყოფი ჯიშის რაოდენობას. ახალი ჯიშის პირუტყვი მეტად თავმოყრილი იყო დმანისის, ნინოწმინდის, ახალქალაქის, წალკის, თეთრიწყაროს, ბოლნისის, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონებში, სადაც მისი სულადობა ძროხის საერთო როდენობის 75-95%-ს შეადგენდა. ყოფილ საბჭოთა კავშირში ამ ჯიშს განეკუთვნებოდა 1,1 მლნ სული პირუტყვი, მათ შორის 330 ათასი ფური, რაც ბევრი ცნიბილი ჯიშის სულადობაზე მეტია. ამ ჯიშის ცხოველებისათვის დამახასიაებელია სხვადასხვა ინტენსივობის წაბლა ფერი, ძირითადად მუქი წაბლა და ღია შეფერილობის ბალანი ცხვირის სარკის ირგვლივ, ყურების შიგნითა მხარეს და ზურგის ხაზზე, კისრიდან კუდის ძირამდე. ცხვირის სარკე, რქის ბოლოები და ჩლიქები ტყვიისფერია. ზოგჯერ ცურის არეში თეთრი ლაქები აღენიშნება.

კავკასიური წაბლა ჯიშის სრულასაკოვანი ფურების განაზომები (სმ)

განაზომების დასახელება საშუალო მაქსიმალური მინიმალური
სიმაღლე მინდაოში 123,5 133 113
სიმაღლე ზურგში 124,6 138 113
სიმაღლე გავაში 131,4 144 121
გულმკერდის სიღრმე 65,8 75 57
გულმკერდის სიგანე ბეჭების უკან 40,2 49 31
სიაგანე კუჭუხოებში 48,6 55 34
სიგანე მენჯბარძაყის სახსრებში 44,7 51 40
სიგანე საჯდომ ბორცვებში 31,9 44 25
გავის ირიბი სიგრძე 49,8 55 44
ტანის ირიბი სიგრძე (ჯოხით) 147,8 160 135
ტანის ირიბი სიგრძე (ბაფთით) 169,3 189 154
გულმკერდის ირგვლისი 187,6 207 167
ნების ირგვლისი 19,3 21 15,5
თავის სიგრძე 47,0 53 40
შუბლის სიგრძე  25,1 35 20
შუბლის უდიდესი სიგანე 21,8 28 20

კავკასიური წაბლა ჯიშის ფურების პროდუქტიულობა და ექსტერიერის შეფასება

საშუალო მაჩვენებლები III და მეტი ლაქტაცია II ლაქატაცია I ლაქატაცია
305 დღის წველადობა კგ. 4058 3456 2749
ცხიმრძიანობა % 3,85 3,84 3,81
ცოცხალი მასა კგ. 498 456 440
ესქტერიერის შეფასება (ქულა) 76 73 72

წველადობის მიხედვით, ჯიშის რეკორდსმენია ბაშკიჩეთის სამომშენებლოს ფური კრალია 3514, მისი IV ლაქტაციის 305 დღის წველადობა 8789 კგ რძეს შეადგენს 3,95% ცხიმით, რძის ცხიმის პროდუქცია 347,2კგ-ს და ცოცხალი მასა 560კგ-ს უდრის, მისი დედა იყო კირკა 2402, რომელმაც VIII ლაქტაციაზე 6626კგ მოიწველა და რძიანობის მაღალი პოტენციალი შვილს გადასცა. იმავე სამშენებლოს ფურმა სეირამ VI ლაქტაციის 305 დღეში 7474კგ რძე მისცა 3,86% ცხიმიანობით. სომხეთში საუკეთესო იყო სოფელ შაუმიანის ფური, რომელმაც 7767კგ რძე მისცა 3,8% ცხიმიანობით. აღრიცხულია ათობით ფური 6000კგ-ზე მეტი წლიური წველადობით, რაც ამ ჯიშის პოტენციურ შესაძლებლობებზე მიუთითებს.

ამჟამად კავკასიური წაბლა ჯიშის სრულყოფას ყველაზე მეტად აბრკოლებს პირუტყვის ცუდი კვება და მოვლა-შენახვა. ფაქტიურად მთლიანადაა ჩაშლილი სანაშენე მუშაობა. ამიტომაც შეუძლებელია ამ ჯიშის შემდგომი სრულყოფა.

სახელმწიფო სანაშენე წიგნში ჩაწერილი კავკასიური წაბლა ჯიშის ფურების პროდუქტიულობის მაჩვენებლების მიხედვით სანაშენე მეურნეობებში ამ ჯიშის ფურების წველადობა III და მეტ ლაქტაციებზე 22%ით მეტია, ვიდრე I ლაქტაციაზე და 12%-ით მეტია, ვიდრე II ლაქტაციაზე. მათი ზრდა IV ლაქტაციის შემდეგ 1-2%-ს არ აღემატება VI ლაქტაციის შემდეგ კი წველადობა კლებულობს. ეს ცვლილებები ჯიშის მალმწიფადობის საშუალო დონეზე მიუთითებენ. დაახლოებით ორჯერ ნაკლებად იცვლება ფურების ცოცხალი მასა. მესამე ლაქტციაზე იგი საშუალოდ 11%-ით მეტია, ვიდრე პირველზე და 6%-ით მეტია, ვიდრე მეორეზე.

ერთნაყოლი ფურების რძეში ცილის შემცველობა ბაშკიჩეთის სამომშენებლოში საშუალოდ 3,44%-ს და ციხისჯვრის სანაშენე ფერმაში 3.49%-ს შეადგენდა, ხოლო სომხეთის სანაშენე მეურნეობებში, საშუალოდ ყველა ასაკისათვის-3.42%-ს; იქ სრულასაკოვან ფურებს ეს მაჩვენებელი ოდნავ ნაკლები აქვთ, ვიდრე ერთნაყოლებს. ლაქტციის პერიოდში რძის ცხიმიანობა და ცილიანობა თანდათან მატულობს და საშუალო სიდიდეს ლაქტციის მეხუთე თვეში აღწევს. ცილისა და ცხიმის შემცველობათა შორის შეფარდება საშუალოდ 0.89-ს უდრის რაც მაღალხარისხოვანი ყველის წარმოებისათვის სასურველად არის მიჩნეული. ჯიშის გამოყვანისა და სრულყოფის პროცესში ბაშკიჩეთის სანაშენე მეურნეობაში ჩამოყალიბებული კურო გოლიათი 2597-ის ხაზი გამოირჩეოდა ცხოველთა ამტანობით, ადგილობრივი პირობებისადმი შეგუებით, მაღალი წველადობით და ცხიმრძიანობით, კურო პირველი 2359-ის ხაზიუხვრძიანობით და კურო ველიკანი 3509-ის ხაზი ცხიმრძიანობით. საქართველოს სხვადასხვა რაიონის ფერმებში სანაშენედ გამოყვანილი იყო თითოეული ამ ხაზის ასობით კურო. სანაშენე მეურნეობებში გამოყვანილი ხაზებისა და ნათესაური ჯგუფების ფუძემდებელთაგან აღსანიშნავია, აგრეთვე, სოკოლი AC –347, ხანი C -2021, ენოტი 95, კომიკი 4693 და სხვები, რომლებმაც მრავალრიცხოვანი შთამომავლობა დატოვეს. ბაშკიჩეთის სამომშენებლოში გამოყვანილია ფურების კიოტა935-ის, კურკა 2402-ის, ვანა 228-ის და რამოდენიმე სხვა ოჯახი, რომელთა ფუძემდებელი ფურები გამოირჩეოდნენ როგორც საკუთარი, ისე შვილებისა და მომდევნო თაობათა ფურების წველადობის, ცხიმრძიანობის ან სხვა სასელექციო ნიშნების განვითარების მაღალი დონით. მსგავსივე ოჯახები გამოყვანილია ციხისჯვრის, ლორისა და სხვა სანაშენე მეურნეობებში.

ერთი ჯიშის ცხოველები, მსგავსებასთან ერთად, ყოველთვის შესამჩნევად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ამ მხრივ კავკასიურ წაბლა ჯიშში საყურადღებოა სამი შიგაჯიშური ტიპის არსებობა; ესენია სარძეო, სარძეო-სახორცე და სახორცე-სარძეო ტიპები. ყველა მეურნეობაში ჭარბობდა სარძეო-სახორცე ტიპი, რაც განსაზღვრავს ამ ჯიშის პროდუქტიულობის ძირითად მიმართულებას. სარძეო ტიპის ცხოველთა რაოდენობა ჯიშში, საშუალოდ 35%-ს შეადგენს.

სამწუხაროდ დღეისათვის მთლიანადაა მოშლილი სანაშენე მუშაობა ამ ჯიშის პირუტყვთან. მიუხედავად ამისა ჯიშმა მაინც ითამაშა დადებითი როლი ადგილობრივი პირუტყვის გაუმჯობესებაში. დღეისათვის უპრიანია ვაწარმოოთ შვიცბრაუნის ჯიშის ამერიკული სპერმით ადგილობრივი საქონლის გაუმჯობესება შთანთქმითი ჰიბრიდიზაციის გამოყენებით. აღნიშნული სამუშაოების რეგულარული ჩატარება საშუალებას მოგვცემს უახლოესი 15-20 წლის განმავლობაში 4-5 თაობის ჰიბრიდებმა მიაღწიონ უცხოური ანალოგის შესაბამის პროდუქტიულობას. ანუ შესაძლებელი გახდება მივიღოთ ადგილობრივ პირობებთან შეგუებული შვიცბრაუნის ჯიშის ადგილობრივი პოპულაცია.