აგრარული განათლებადარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ხარისხოვანი სუფრის ღვინოების ქვესარტყელი

ხარისხოვანი სუფრის ღვინოების ქვესარტყელს უჭირავს შიგნი კახეთში ალაზნის ველის ის ნაწილი, რომელიც მდებარეობს 200 მ სიმაღლიდან 750-800 მ სიმაღლემდე, და გარე კახეთში ჩაილურ-კაკაბეთ-მანავ-საგარეჯოს ზოლი 400 მ სიმაღლიდან ვიდრე 1000-1100 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან.

 ამ მონაცემებიდან უკვე ნათლად ჩანს, რომ ამ სარტყლის ბუნებრივი პირობები მევენახეობისათვის საკმაოდ შესაფერი და მრავალფეროვანია, მაგრამ ეს მრავალფეროვნება ისეთია, რომ საშუალებას იძლევა მეურნეობის ტიპი შედარებით ერთგვაროვანი იყოს, და, ამასთანავე, ამ მეურნეობის ფარგლებში დაცულ იქნეს მრავალფეროვნებაც. ამ სარტყელში ძირითადია სასუფრე მეღვინეობა, მაგრამ სხვადასხვა ქვეზონასა და მიკრორაიონში შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის ღვინო იყოს მიღებული. ასე მაგალითად: ხირსის მიდამოებში _ ტკბილი შემაგრებული ღვინო, გურჯაან-წინანდლის ზონაში _ ევროპული ტიპის სასუფრე ღვინო, ენისელ-ნაფარეულის მიკრორაიონში _ ევროპული ტიპის მსუბუქი ღვინო, ბუნებრივი ტკბილი ღვინო და სხვ.

ალაზნის ანუ კახეთის ვაკე ცივ-გომბორის ქედსა და კახეთის კავკასიონს შორის მდებარეობს. იგი გადასერილია მდინარე ალაზნით, რომელიც ორივე დასახელებული ქედიდან იერთებს მრავალ მთის ტიპის მდინარეს. ეს ვაკე დასერილია მდინარე ალაზნისა და გვერდითი მდინარეების ჩამონატანებითა და ჩამონალექებით.

კახეთის ვაკე კავკასიონისა და გომბორის ქედს შუაა მოქცეული, ჩრდილოეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით ფართოვდება და ბუნებრივად გადადის აღმოსავლეთ საქართველოს ველებსა და ტრამალებში. აქ ველის სიმაღლე ზღვის დონიდან 200 მეტრიც კი აღარ არის, მაშინ როდესაც მევენახეობის ზონის სიმაღლე ჩრდილო და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 900-1000 მ უდრის. მოსაზღვრე ცივ-გომბორის ქედის საშუალო სიმაღლე 1500 მ-ზე მეტია, უმაღლესი მწვერვალი 1900 მ-ზე მაღალია, კავკასიონის ქედის მწვერვალები კი 3500 მ აღემატებიან. თვით ხეობის ნაპირების სიმაღლე თელავის გასწვრივ ალაზნის პირიდან (350 მ) 8-9 კილომეტრის მანძილზე _ თელავამდე, 400 მ-ით მატულობს. ასეთივე სურათია სიღნაღის (900 მ) გასწვრივ ალაზნის ნაპირიდან (280 მ). მთიან ქვეყანაში ცვალებადობს ექსპოზიციაც: მთავარი კავკასიონის ფერდობები სამხრეთდასავლეთითაა მიქცეული, გომბორის ქედის შიგნითა მხარე ჩრდილო-აღმოსავლეთით და აღმოსავლეთ-სამხრეთით, გომბორის გარე მხარე სამხრეთ-აღმოსავლეთით და სამხრეთით. ამ მაკროექსპოზიციურ განლაგებაში გვაქვს მიკროექსპოზიციის ყოველგვარი ვარიანტი. გეოლოგიური შემადგენლობით ეს მხარე ფრიად მრავალფეროვანია, მის აღნაგობაში მონაწილეობას იღებს უმთავრესად მესამეულისა და აგრეთვე სარმატის, ქვემო მიოცენის, ოლიგოცენის, პალეოგენის, ეოცენის, ზემო ცარცისა და სხვათა დანალექები. მრავალ ადგილას კირქვები გაშიშვლებულია და მდინარის გამონატან კონუსებში რიყის შექმნის ძირითად წყაროდ გამხდარა. საკმაოდ მდიდარია, განსაკუთრებით მარცხენა მხარე, მდინარეებითა და ხევებით, რომელთა მოქმედება მხარეს მნიშვნელოვან დაღს ასვამს და ყოველივე ეს განაპირობებს ნიადაგის, ჰავისა და მცენარეულობის მრავალფეროვნებას. გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გავრცელებულია ცარცის სისტემისა და პალეოგენის ჰორიზონტები. გარდა ამისა აქ ფართოდ არის განვითარებული ზემო პლიოცენისა და პოსტპლიოცენის კონგლომერატული ნალექები (49). ფაფრისხევსა და ჭერმისწყლის რაიონებში გაშიშვლებულია მერგელისებრი კირქვები, წითელწყაროს მაღლობებამდე უმთავრესად გავრცელებულია კონგლომერატები და ლიოსისმაგვარი ყვითელი და სხვადასხვა ფერის თიხები, წითელწყაროს მაღლობები კი შემდგარია ცარცის სისტემის ჯიშებისაგან, ჩაილურისხევის, მანავისხევისა და მათი შენაკადების არე ნეოგენის სხვადასხვა ჰორიზონტების ნალექებია. შუა სარმატის ნალექების გვერდით გვხვდება კონგლომერატები ყავისფერი თიხების შრეებით.

ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სჭარბობენ მარცვლოვანი კირქვები, წითელი კირქვები, კონგლომერატები და სხვ.

კონგლომერატები შედგება კირქვების, ქვიშაქვებისა და ვულკანური ჯიშებისაგან, რომლებიც შეცემენტებული არიან კირითა და ლიოსისმაგვარი სხვადასხვა ფერის თიხებით.

კახეთის კავკასიონის შექმნაში მონაწილეობას იღებენ პალეოზოური და მეზოზოური ქანები, რომელთა ჩამონალექები დიდ მონაწილეობას იღებენ ვაკე ადგილთა აგებაშიც.

კახეთის ნიადაგები დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება, რაც სოფლის მეურნეობაზეც დიდ გავლენას ახდენს.

ა. სანიკიძე კახეთის ნიადაგების შესახებ წერს: “კახეთში ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები უმაღლესი ხარისხის პროდუქციას (ღვინოს) იძლევიან, რითაც ისინი სხვა ნიადაგებისაგან მკვეთრად განსხვავდებიან. ყველა, ვინც კი კახეთის მეღვინეობას იცნობს, ფრიად მაღალ შეფასებას აძლევს ახაშენის, ჩუმლაყის, მუკუზნის, ურიათუბნისა და წინანდლის კლასიკურ წითელ ღვინოებს. ამ ნიადაგებზე გაშენებული ვენახები იძლევიან კარგი ხარისხის როგორც წითელ, ისე თეთრ ღვინოებს, მაგრამ წითელი ღვინოები (საფერავისაგან) უმაღლესი ხარისხის არის ხოლმე.

კახურ ღვინოებს სახელი გაუთქვეს ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე არსებულმა ვენახებმა, დადებით ფიზიკურ-ქიმიურ შემადგენლობასთან ერთად ძირითად ფაქტორად, რომელიც ამ ღვინოებს უმაღლეს სიკეთეს აძლევს კირის ფრიად მაღალი შემადგენლობაა“.

გარდა ამისა კახეთის ერთი თავისებურებაც უნდა აღინიშნოს, განსაკუთრებით ალაზნის მარჯვენა ნაპირისათვის (და არა მარტო მარჯვენა ნაპირისათვის), სახელდობრ, გამონატანების კონუსების სიმრავლე. ეს კონუსები იმდენად მრავალია, რომ მთელი კახეთი დაფარულია ამ კონუსებით, რომელთა სამკუთხედის ქვედა კუთხეები კონტაქტშია მეზობელი კონუსის ქვედა კუთხესთან, მაშინ როდესაც ზემო კუთხეები ერთმანეთისაგან 6-7 კილომეტრითაა დაცილებული. ამ კონუსების მწვერვალები ჩვეულებრივ 700-750 მ სიმაღლეზე მდებარეობს, ე.ი. იქ, სადაც მთისწინა კალთები თანდათანობით გავაკებისაკენ გადადის და დაქანება თავის სიმკვეთრეს კარგავს. კონუსის ქვედა ნაწილი ალაზნის პირამდე ყოველთვის ვერ აღწევს, ჩვეულებრივ იგი 400-450 მ სიმაღლეზე ნელდება და ალაზნიდან 3-5 კილომეტრის დაცილებით ქრება. ამგვარად, კონუსის მთავარი მასივი მდებარეობს 350-600 მ ან 400-700 მ შორის, ე.ი. იმ სიმაღლეზე, სადაც უმაღლესი ხარისხის კახური ღვინოები მოდის. ამავე დროს ცნობილია, რომ თვით ცნება „კახური ღვინო“ კომპლექსური ცნებაა. იგი იმდენად სხვადასხვანაირი ტიპის ღვინოებს მოიცავს, რომ ყოველი ცალკეული ტიპი სრულიად თავისთავადია და ღირსია სავსებით დამოუკიდებელი არსებობისა და სახელწოდების. მაგ., „გუმბათების“, „კარდანახული“, „წინანდლური“, „ნაფარეულის“, „ქინძმარაული“, „ენისლური“,  “ახმეტური“, „ანაგური“ და სხვა მრავალი ტიპის ღვინოები სავსებით ორიგინალური და თავისებურია. ეს კი ბევრადაა დამოკიდებული ამ კონუსების ბუნებასა და შემადგენლობაზე. ცნობილია, რომ გამონატანის კონუსის შექმნაში, აგებულებაში მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ხნოვანების ქანები, კირქვები, თიხები მრავალნაირი ფერისა და სხვ. მათი ნიადაგი, მართალია, უმეტეს შემთხვევაში ნეშომპალა-კარბონატულია და უმაღლესი ხარისხის ღვინოსაც იძლევა, მაგრამ, რადგან კახეთის მრავალ ხევს ვაკეზე გამოაქვს გომბორის ქედის სხვადასხვა ხნოვანების კირქვები და სხვა ქანები, ამ უკანასკნელთა არსებობა ნიადაგებში ქმნის მრავალნაირ ისეთ ნიუანსს, რაც ჩვეულებრივი ლაბორატორიული ანალიზით ძნელად დასაჭერია. მიუხედავად ამისა, ეს საკმაოდ კარგადაა ასახული თვით მცენარის ნაყოფში თუ სხვა ნაწილში და შემდეგ უკვე სათანადო პროდუქტებში ვლინდება.

მარცვლოვანი კირქვები, წითელი კირქვები, ნათელი კირქვები, ქვიშაქვები, კაჟი და სხვა ქანები ერთმანეთს ენაცვლებიან, ამიტომ ყველა ეს ქანი სხვადასხვა რაოდენობით გვხვდება კონუსშიც, რის შედეგადაც თავისებურად შეზავებული სუბსტრატი იქმნება.

 ყავისფერი ნიადაგები გავრცელებულია ალაზნის ვაკის შემაღლებულ ადგილებზე. მთელი ეს მხარე, უმთავრესად კი მისი შუა და ზემო ნაწილი, ჯერ კიდევ ახლო წარსულში ტყით იყო დაფარული. ამ ტიპის ნიადაგები, მ. საბაშვილის მიხედვით, გამოსახულია რაიონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში (სოფლები _ ხოდაშენი, კურდღელაური, ვარდისუბანი და სხვ.). ეს ნიადაგები ხასიათდებიან ძლიერი და კარგად გამოსახული ჰუმუსიანი ფენით (ჰუმუსის შემადგენლობა 3-3,5%-მდეა). ზემო ფენაში ნახშირმჟავა კირი თითქმის არ არის, ხოლო სიღრმისკენ თანდათან მატულობს და 20%-ს აღწევს.

გავაკებულ ნაწილში ფართოდაა გავრცელებული ალუვიური კარბონატული ნიადაგები, რომლებიც შექმნილია ალაზნის, კისისხევის, ჭერმისხევის, თურდოსა და სხვა მდინარეთა ჩამონატანებით. ხშირად ამ ნიადაგებზე გადაფარებულია ამავე მდინარეთა ახალი ჩამონატანები.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სხვა ტიპის ნიადაგებია გავრცელებული. ეს შედარებით უტყეო მხარეა, თუ იყო ტყე, იგი დიდი ხნის წინათ მოისპო და ნიადაგმა თავისებური ცვლილებადობა უკვე განიცადა.

ამ მხარის შემაღლებულ ნაწილში შავმიწამინაგვარი ნიადაგებია, ალაზნის დაბლობისაკენ კი სჭარბობენ მლაშობები, მურა მდელოს ნიადაგები, რომლებიც ხასიათდებიან თიხნარის მექანიკური მძიმე შემადგენლობით, მცირე დამლაშებით, ზოგან კი დამლაშება სიღრმეშიც კარგად არის გამოსახული.

სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ეს ძველი ალუვიური მდელოს ნიადაგები იცვლება დამლაშებული ნიადაგებით, რომლებსაც საკმაოდ დიდი ფართობი უჭირავს (შოროქნები, მილარი). ამ მლაშნარებში მარილების შემადგენლობის მიხედვით დიდი მრავალფეროვნება შეიმჩნევა: ზოგან მარილები მატულობს, ზოგან კლებულობს, ზედა ფენებში მეტია ან პირუკუ და სხვ.

თუ პირველი ტიპის ნიადაგებზე ვენახებია გაშენებული, სამაგიეროდ ეს მეორე ტიპის ნიადაგები დღემდე ან გამოუყენებელი იყო, ანდა საძოვრებად და სხვნა-თესვისათვის იყენებდნენ, მაგრამ ამ ბოლო ხანებში ამ ნიადაგზე ვენახებსაც აშენებენ, მაშინ როდესაც ნამდვილი სავენახე ადგილები _ ძეძვიანები, ჯაგ-ეკლიანები, ჯაგიანები და მუხნარები, რომლებიც კარგად გამოსახულია 400-700 მ სიმაღლეთა შორის და რომლებიც კლასიკური მევენახეობისათვის საუკეთესოა, ბევრგან ასათვისებელი გვაქვს.

ცივ-გომბორის ქედის ფერდობთა ძირებში გვხვდება ტენიანი მდელოს დაჭაობებული ნიადაგები, მაგრამ ეს ადგილები ან უკვე ხელოვნურად ამოაშრეს, ან გამოყენებულია სათიბებად.

ალაზნის ვაკის ქვედა ნაწილში გავრცელებულია აგრეთვე წაბლა ნიადაგები, რომელთაც გაველების დიდი დაღი აზის. აღმოსავლეთ-სამხრეთ ნაწილში აღნიშნულია შავმიწამინაგვარი ნიადაგები, რომლებზედაც უფრო ჩვეულებრივია ძეძვიანი და რომლებშიც ჰუმუსი 5-6%-ს არ აღემატება. ვენახის გასაშენებლად ეს ნიადაგებიც სავსებით ვარგისია.

ალაზნის მარცხენა ნაპირის ნიადაგები მარჯვენასაგან საკმაოდ განსხვავებულია. მარცხენა ნაპირის ვაკე ესაზღვრება უცბად ჩამოკვეთილ კავკასიონის ქედს, რომლის გეოლოგიური წარსული განსხვავდება გომბორისა და კახეთის ქედების წარსულისაგან, მთავარი კავკასიონის შემქმნელი ქანები სხვაა და ნიადაგების შექმნაში მდინარეთა მოქმედების გამო საკმაოდ აქტიურ მონაწილეობას იღებენ. კავკასიონის ქედიდან ამ მხარის ვაკისაკენ ეშვებიან ისეთი ტიპიური მთის მდინარეები, როგორიც არიან; სტორი, ლოპოტა, ინწობი, დურუჯი, კაბალი და მრავალი სხვ. თოვლის დნობისას და განსაკუთრებით კი წვიმების შემდეგ ეს მდინარეები ხშირად დიდდებიან, გადმოდიან ნაპირებიდან და მინდორ-ველებს ფარავენ ხრეშით, ქვიშითა და ლამით. ყოველი მდინარის ხეობა ქანების შედგენილობით განსხვავდება მეორისაგან და ამიტომ მათ მიერ ჩამოტანილი ფენებიც საკმაოდ მრავალფეროვანია. ამ მდინარეთა ჩამონატანი უკარბონატოა, გარდა მდინარე კაბალის ჩამონატანისა, რომელიც კიროვანი ხასიათისაა.

მარცხენა ნაპირის სამხრეთ ნაწილში (კაბალი-ლაგოდეხი) გავრცელებულია ალუვიური ტყის უკარბონატო ნიადაგები. ნახშიმჟავა კირი ამ ნიადაგებში არ არის. ჩრდილოეთისაკენ ეს ნიადაგები თიხნარ ხასიათს ღებულობენ. მრავალ ადგილას დაჭაობებული ნიადაგებიც არ არის იშვიათი. ჭალაში და ჭალისპირა არეში გავრცელებულია ალუვიური კარბონატიანი ნიადაგები. მარცხენა მხარეზე ველის ტიპის ნიადაგები არ გვხვდება, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ალაზნის პირებს ლაგოდეხის რაიონში, ეგრეთ წოდებულ წითელგორის მიდამოებს, სადაც გაველების პროცესი უკვე დაწყებულია. ჭალის ტყის მუხნარში შემოჭრილია ძეძვი და ბევრ ადგილას გაბატონებას იწყებს. ძეძვის გარდა ამავე არეში შემოჭრილია მლაშნარი ნიადაგების თავისებური ტიპიც.

საერთოდ კი ამ მხარის ნიადაგები სავსებით გამოსაყენებელია მევენახეობისათვის.

კახეთის ჰავა აღმოსავლეთ საქართველოს სხვა კუთხის ჰავისაგან განსხვავდება ზომიერებით. ზამთარი უთოვლო და უყინვოა. ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიაში კახეთი შემდეგნაირად არის დახასიათებული: „არამედ მთასა ამას (გომბორსა _ ნ.კ.) და კავკას შორისი ქვეყანა არს ტყიანი შაქამდე და მცირე ველოვანი, და ამისი დასავლით კერძი, საგარეჯოს ქვეით, უტყეო, მცირეთაგან კიდე, ჩალიან-ბალახიანი, ლერწმოვანი, უმდინარო, თვინიერ იორის მდინარისა, და მცირე წყარონი, ხოლო ჰავითა არიან მშვენნი, ზამთარ თბილი, ზაფხულ ცხელი და არა ეგდენ, მცირე თოვლიანი, უყინულო, უყივნო, ვინათგან ვეროდეს განჰყინავს მდინარეთა, და არცა დაადგრების თოვლი დღე სამ, და უქარო. არამედ ალაზნისა და იორის კიდენი და მისი ქვემოთნი ფრიად ხაშმიანნი, ცხელნი და გაუძლისნი“.

„ხოლო ქვეყანა ესე არს ფრიად ნაყოფიერი ყოვლითა მარცვლითა, ვენახითა, ხილითა, პირუტყვითა, ნადირითა, ფრინველითა და თევზითა, არამედ უფრო ჰერეთი, და უმეტესად ალაზნისა და იორის კიდენი, რამეთუ თვინიერ ნარინჯისა, თურინჯისა, ლიმოსა და ზეთისხილისა, ნაყოფიერებენ ყოველნი, რომელნიცა აღვწერენით აბრეშუმით, ბამბით, ბრინჯით და ხურმა და წაბლი იმრეთისაგანცა აქ უმჯობესი არს, გარნა არა სთესვენ ღომს, და არცა არს კირჩხიბი აქა. ხოლო ხილნი ვიეთნი აქაურნი უმჯობეს არიან ქართლისასაცა“…

ასევეა დახასიათებული ლაგოდეხი, პანკისი და სხვ.

ვახუშტის ცნობებს სავსებით ადასტურებს თანამედროვე მონაცემები. დანალექები კახეთის ვაკეზე ქართლის ვაკესთან შედარებით უფრო უხვია: ალაზნის მარჯვენა ნაპირის ვაკის აღმოსავლეთ ნაწილში წლიური ნალექი 600-650 მმ-ია, მისი შუა წელის ჩრდილო ნაწილში 700-750 მმ არ აღემატება, მარცხენა ნაპირის ვაკეზე კი 800-850 მმ აღემატება და მთელ სიგრძეზეც უფრო თანაბრადაა განაწილებული. ადგილობრივ დაკვირვების შედეგად დასტურდება, რომ მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 450 მ ზევით, დანალექები უფრო მეტია, ვიდრე ქვედა სარტყელში.

საშუალო ტემპერატურაც აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ანალოგიურ ვაკეებთან შედარებით უფრო მაღალია. ვაკის აღმოსავლეთ ნაწილში 14º-ს უდრის, ჩრდილო ნაწილში კი 12º-ია.

ზამთრის თვეების საშუალოც საკმაოდ დამაკმაყოფილებელია. ვაკის აღმოსავლეთ ნაწილში საშუალო _ დეკემბერში 4,7ºს უდრის, იანვარში _ 2,6º-ს, თებერვალში _ 2,8º-ს; შუა წელში კი დეკემბერში 3,5º-ია, იანვარში _ 1,2º, თებერვალში კი _ 1,4º.

კახეთის კლიმატის ცნობილი მკვლევარი ა. შატსკი (202) წერს: მიუხედავად იმისა, რომ თბილი ზამთარი იცის, თოვლი მაინც რჩება, რის შედეგადაც ღამე და ზოგჯერ დღეც უარყოფითი ტემპერატურები ჩვეულებრივია და ზოგიერთ წელს ტემპერატურის მინიმუმი შეიძლება _ 18º-მდე იყოსო.

ასე მაგალითად, 1940-1941 წელს კახეთში ტემპერატურა დაეცა _ 19 და 21º-მდე და ვაზის ლერწი ბევრგან დედნამდე დაზიანდა.

ქარები კახეთში ან თითქმის არ იცის, ან მათი სიძლიერე სრულიად უმნიშვნელოა. ამ ფაქტს მეხილეობისა და მევენახეობისათვის უეჭველად დიდი მნიშვნელობა აქვს.

ვაზისა და სხვა ხილეული მცენარეულის სვენება იწყება ნოემბერში და მარტამდე გრძელდება.

საკმაოდ დიდ ზარალს აყენებს კახეთის მევენახეობას და მეურნეობას სეტყვა, რომელიც ჩვეულებრივ გაზაფხულიდან იწყება და შემოდგომამდე, ყურძნის კრეფამდე, გრძელდება.

მიუხედავად ზოგიერთი უარყოფითი მოვლენებისა, კახეთის ვაკის საერთო კლიმატი საუკეთესოა მაღალხარისხოვანი მევენახეობისა და მეხილეობისათვის.

კახეთის მცენარეულობა ერთი თვალის გადავლებით მრავალფეროვანი არ ჩანს, მაგრამ დაკვირვება მალე ააშკარავებს მის ნაირფეროვნებას. კახეთის ვაკეზე გვაქვს მცენარეულობის ურთიერთსაწინააღმდეგო ტიპები _ ერთი მხრივ, ქსეროფიტული, რომლებიც მკვეთრად უმთავრესად აღმოსავლეთ ნაწილშია გავრცელებული (ძეძვიანები, ნარეკლიანები, უროიანები, შოროქნიანები, ხურხუმოიანები, ყარღანიენები და სხვ.), ხოლო მეორე მხრივ, მეზოფილური და ჰიდროფილური ტიპები (ჯაგნარები, მუხნარები, რცხილნარები, რცხილნარ-წიფლნარები და ვერხვნარები, ლაფნარები, მურყნები, ისლიანები, ლელიანები და სხვ.).

რასაკვირველია, მცენარეულობის ყველა ეს ტიპი მევენახეობისათვის თანაბარი მნიშვნელობისა არ არის; გავრცელების არეების მიხედვით ყველაზე საუკეთესო  სავენახე ადგილებად უნდა ჩაითვალოს ის არეები, სადაც გავრცელებულია მუხნარი (ქართული მუხისაგან შექმნილი), მუხნარ-რცხილნარი, წმინდა ძეძვიანი, ჯაგ-ეკლიანი (Paliurus+Quercus iberica Stev.); ასევე ყურადსაღებია უროიანი ველი (Andropogon ischaemum L.); წივანიანი (Festuka sulcata L.) და მათი ვარიანტები.

ჭალის ტყის ნაალაგევი საყურადღებოა კახური ორდინარული ღვინოებისათვის. რაც შეეხება იმ ადგილებს, სადაც დღეს გავრცელებულია ჭაობის, მლაშნარის, ვეძიანის და სხვა ამგვარი მცენარეულობა, მათი გამოყენება მევენახეობისათვის შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ ჩატარებული იქნება მნიშვნელოვანი მელიორაციული ღონისძიებები.

კახეთის ვაკის აღმოსავლეთ ნაწილში (წნორი-ხირსა-მილარი და გარე კახეთი), სადაც კლიმატი საკმაოდ მშრალია და ნალექები 500-600 მმ არ აღემატება, გავრცელებულია შავმიწა და მლაშნარი ნიადაგები, რომლებიც დაფარულია ველისა და ნახევარუდაბნოს მცენარეულობით.

ჩრდილო ნაწილის ვაკისა და მთებისწინა კალთების არეებში (გურჯაანის, თელავის, ახმეტის, ყვარლის, ლაგოდეხის რაიონებში, სადაც ნალექები 700 მმ აღემატება და ნიადაგებიც ტყის ტიპისაა) მეზოფილური ტიპის მცენარეულობაა (მუხნარი, რცხილნარი, მუხნარ-რცხილნარი, რცხილნარ-წიფლნარი და სხვ.), ალაზნის პირზე კი ტიპიურია შედარებით ჰიდროფილური მცენარეულობა.

ტყიან ნაწილში ძეძვიანი საკმაოდ ხშირადაა შეჭრილი, რაც მხარის გაველების ტენდენციაზე მეტყველებს.

კახეთის ვაკის დიდი ნაწილი ახლო წარსულში ტყით იყო დაფარული, ვახუშტის თქმით: „ქვეყანა არს ტყიანი, მცირე ველოვანი“. დღესდღეობით ეს ტყიანობა ასე თვალსაჩინო არ არის, მაგრამ ტყის აუარებელი ნაშთები სახნავ-სათესის გვერდით, ტყის ზოლებით, ცალკეული მუხები და სხვა ხეები ამ მხარის დიდი ტყიანობის მოწმენი არიან. ამ ნაშთების შემწეობით შეიძლება აღვადგინოთ ძველი ტყის ტიპები. ამ ვაკეზე გავრცელებული იყო ორგვარი ტყის ძირითადი ტიპი: ე.წ. ჭალის კახეთის ლეშამბიანი ტყე, სადაც ჭაობებიც იშვიათი არ არის, და ვაკის ტყე.

კახეთის ჭალის  ლეშამბიანი ტყე ახლაც საკმაოდ კარგად არის გამოსახული მდინარე ალაზნის პირას. ამ ტყის ძირითადი შემქმნელი ჯიშებია: ლაფანი, ვერხვი, ჭალის მუხა, მურყანი, ხურმა, ოფი, თელა; გვხვდება მაჟალო, პანტა, თუთა, კაკალი და სხვა მრავალი.

ქვეტყე ფრიად ხშირია და ლეშამბოთა სიმრავლის გამო ხშირად გაუვალიც. ქვეტყის ბუჩქებიდან აქ ჩვეულებრივია ზღმარტლი, შვინდი, შვინდანწლა, ტყემალი, ბალამწარა, კვრინჩხი, დიდგულა, ჯონჯოლი, ქაცვი და სხვა მრავალი.

ბარდ-ლეშამბოდან ძლიერ არის განვითარებული ეკალ-ღიჭი, ღვედკეცი, ჩვეულებრივი სურო, აღმოსავლეთიდან შემოჭრილია პასტუხოვის სურო, კატაბარდა, ვაზი, სვია, მაყვალი, უფრო სწორად მრავალნაირი მაყვალი და სხვა მრავალი. ბალახეულობაც ჩვეულებრივად ბარაქიანი და საკმაოდ მრავალფეროვანია.

მდინარის პირას და ჩადაბლებულ ადგილებში ხშირია და ჩვეულებრივი ჭაობები, რომლებიც შექმნილია ფშებისაგან ანდა ალაზნის ადიდების შემდეგ შედარებით ჩადაბლებულ ადგილებში დარჩენილი უხვი წყლისაგან. ჭაობები უმთავრესად ლელიანია, იშვიათი არ არის ლაქაშიანიც, რომელთა ჩამოყალიბებაში მონაწილეობას იღებს Tupha iatifolia L., T. angustifolia L., აგრეთვე Butomus umbellatus L. და სხვა.

ჭალის ტყეში საკმაოდ მკვეთრადაა გამოსახული ეკოლოგიური რიგები. მდინარის პირი დაფარულია ლაფნარით, ან ვერხვნარითა და მურყნარით; ოდნავ შემაღლებულზე უკვე ენაცვლება მუხნარ-თელნარი, რომელშიც ლეშამბოები შედარებით მცირე მონაწილეობას იღებენ. ამჟამად შედარებით კარგადაა გამოსახული პირველი ზოლი, ხოლო მეორე უკვე გაჩეხილია და წარსულში ტყეების არსებობაზე მოგვითხრობენ ეულად მდგარი ვარჯგაშლილი მუხები და თელები (შაქრიანი-ნაფარეული-ფშაველი).

ჭალის მუხნარ-თელნარი უშუალოდ გადადის ვაკის ტყეში, რომელიც რცხილნარ-მუხნარისაგან არის (ან იყო) შექმნილი.

კახეთის ვაკის ტყე ამჟამად თითქმის მთლიანადაა მოსპობილი, მათ ნაცვლად შესანიშნავი ვენახები, ბაღები და სახნავ-სათესებია გადაჭიმული. რცხილნარ-მუხნარი, რომელიც აქ იყო გაბატონებული მთისწინა კალთებზე, უშუალოდ ემიჯნება მთების შუა სარტყლის ტიპის ტყეს, რცხილნარს, რცხილნარწიფლნარს და წიფლნარს, რომლებიც ხშირად 650-700 მ სიმაღლეზეც კარგადაა გამოსახული. არის შემთხვევები, როდესაც კონტაქტში იმყოფებიან იელი და ძეძვი.

ვაკის ტყეები აქაც ისპობა, მაგრამ ძეძვიანით ისეთი სწრაფი შენაცვლება, როგორსაც ადგილი აქვს ქართლში, არ არის.

ამ მხარისათვის უნდა აღინიშნოს ერთი ფრიად საინტერესო მოვლენა: წარაფების _ ტყის ზოლების, დატოვება. ჩვეულებრივად იგი ვაკისა და ჭალის ტყის ნაშთს წარმოადგენს და ამის მიხედვითაც განისაზღვრება წარაფის ფლორისტული შემადგენლობა. წარაფების დატოვება ფრიად დადებითი მოვლენაა, რადგან კახეთი არაა აცდენილი ქვენა ქარების (აღმოსავლეთის, შუა აზიის) ქროლვას, განსაკუთრებით ზაფხულში, რასაც თან დიდი გვალვები მოსდევს ხოლმე, წარაფის ზოლები კი ანელებენ ამ ქარების ქროლვას, ზამთარში კიდევ ხელს უწობენ თოვლის დანამქვრას და, მაშასადამე, ნიადაგში წყლის მარაგის დაგროვებას. ხალხური დაკვირვებისა და მზრუნველობის შედეგად შემორჩენილი ეს შესანიშნავი ტიპი ბუნების საწარმოო ძალების გამოყენებისა ფართოდ უნდა განვავითაროთ ამ წარაფების რაციონალური რეკონსტრუქციით, ძვირფასი ჯიშების ჩამატებით ანდა სრულიად ახალი ქარსაფარი ზოლების შექმნით, რომელმაც მრავალ ადგილას უნდა გადაჭრას ალაზნის ხეობა, განსაკუთრებით მარჯვენა ნაპირიდან, მდ. ალაზნიდან, ვიდრე მთების კალთებამდე დაახლოებით 800 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან.

წმინდა ძეძვიანები უფრო მკვეთრად გამოსახულია ვაკის აღმოსავლეთ ნაწილში _ წნორის, ხირსისა და მილარის მიდამოებში. ძეძვიანები აქ ტიპიურია და გავრცელებულია შავმიწამინაგვარ ნიადაგებზე. ტყის ყომრალ ნიადაგებზე და ოდნავ მომლაშო ნიადაგებზე, თუ ჯაგ-ეკლიანი, ე.ი. ისეთი ცენოზი, რომელშიც ძეძვის გარდა მონაწილეობას იღებს მუხის, რცხილის, თელისა და მისთანათა ბუჩქები, საუკეთესოა ევროპული ტიპის სასუფრე მეღვინეობისათვის, სამაგიეროდ წმინდა ძეძვიანებში გაშენებული ვენახები იძლევიან მაგარ ღვინოებს ანდა მასალას შემაგრებული ღვინოებისათვის.

აღმოსავლეთით ძეძვიანები უშუალოდ ესაზღვრებიან ველებსა და ნახევარუდაბნოების ტიპის ცენოზებს.

ამ მხარეში ყველაზე უფრო ჩვეულებრივია უროიანი ველი, რომელიც მრავალნაირ ვარიანტს ქმნის. ამ ცენოზებში ჩვეულებრივია ურო (Andropogon Ischaemum L.), წივანა (Festuca sulcata L. Koeleria gracilis Pers., Phlomis pungens W.), ქაფუნა (Filipendula hexapetala Gilib.), კოფრჩხილა (Falcaria vulgaris Bernh.), ალავერდი (Medicaga sativa L.), ძირტკბილა (Clycyrhiza glabra L.) და სხვა მრავალი.

ველებიდან მლაშნარებზე და ნახევარუდაბნოებზე გარდამავალი მრავალნაირი ტიპი არსებობს, მაგრამ ყველაზე ტიპიური მაინც აბზინდიანი (ავშნიანი) ნახევარუდაბნოა, რომელიც შექმნილია Artemisia Meyeriana Bess. და რომლის შემადგენლობაში ველის ელემენტები საკმაოდ დიდ მონაწილეობას იღებენ. რამდენადაც ნიადაგის ზედა ფენებში ჩნდება მარილები, იმდენად მლაშნარი ტიპის დაჯგუფება ძლიერდება. იზრდება მონაწილეობა შოროქნისა Limonium scoparium (Pall.) Klok. და უკან იხევს ავშანი (Artemisia Meyeriana Bess.), სამაგიეროდ, მატულობენ ყარღანები (Salsola), განსაკუთრებით კი  Salsoala glauca M.B., Sericoides M.B.; ამ ტიპის მონაწილენი არიან ჩვენი ველებისათვის ჩვეულებრივი ეფემერები.

ზემოთქმულით დასტურდება, რომ კახეთი სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი კლასიკური მხარეა. ვახუშტი ბაგრატიონისა არ იყოს, „თვინიერ ნარინჯისა, თურინჯისა, ლიმოსა და ზეთისხილისა გარდა ნაყოფიერებენ ყოველნი“. უნდა ითქვას კი, რომ ამ დებულებაში კახელებმა კორექტივიც შეიტანეს: მყუდრო ადგილებში ზეთისხილიც მოდის. მათ შეიმუშავეს აგრეთვე ლიმონის მოშენების თავისებური წესიც, განსაკუთრებით ყვარელ-ლაგოდეხის ხაზზე მრავალ კოლმეურნეს აქვს ლიმონის საკასრე მეურნეობა.

კახეთი თუმცა მრავალნაირი კულტურული მცენარითაა სახელგანთქმული, მაგრამ ვაზი მაინც ამათში ერთი პირველთაგანია. კახეთმა 80-მდე საკუთარი ვაზის ჯიში ჩამოაყალიბა.

სხვა ხილეულიდან შესანიშნავად ხარობს ისეთები, როგორიცაა: ლეღვი, ბროწეული, აღმოსავლური ხურმა, ხურმა, უნაბი, ფსტა, ატამი, გარგარი, ჭერამი, ვაშლი, მსხალი, კომში, ზღმარტლი, თხილი, კაკალი, ფშატი და მრავალი სხვა. გარდა ამისა კლიმატური პირობები ხელს უწყობენ ნესვ-საზამთროს, აგრეთვე ტექნიკური კულტურების (გერანი, ყაზანლიყის ვარდი და სხვ.) თესვა-მოყვანასა და გახარებას.

როგორც ვხედავთ, ამ სარტყელში მრავალი მცენარე შესანიშნავად ხარობს და ყველას თესვა-მოყვანა და გაშენება შეიძლება, მაგრამ ამ მხარისათვის ვენახი ძირითადია და მევენახეობაც კახეთის ვაკისათვის მთავარია.  აქაურმა ვენახებმა უნდა მოგვცეს მშრალი მაღალხარისხოვანი სუფრის ღვინოები. საფერავი და რქაწითელი ისეთი ტიპის ღვინოებს იძლევა, რომლებიც სრულიად თავისუფლად უტოლდებიან მსოფლიოში უმჯობეს ფრანგულ ღვინოებს.

მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კახური ღვინის ცნება თავისთავად კომპლექსური ცნებაა. იგი მოიცავს მრავალნაირი ტიპის ღვინოს, რომლებიც ურთიერთისაგან განსხვავდებიან სიმაგრით, ბუკეტით, გემოთი და სხვ. კახეთის სხვადასხვა კუთხე სხვადასხვანაირი ტიპის ღვინოს იძლევა. მაშასადამე, ამ მხარის დარაიონება ღვინოების ტიპის მიხედვით სავსებით გეგმაშეწონილი იქნება.

ალაზნის ხეობის სოფლის მეურნეობის მიმართულება ჩამოყალიბდა როგორც სასუფრე მეღვინეობის მიმართულება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეღვინეობა ყველგან შეიძლება ძირითადი დარგი იყოს სოფლის მეურნეობისა. ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მევენახეობის პირობები აქ ყოველ კუთხეში არის. მაგრამ, თუ დავაკვირდებით საქმის ვითარებას, ვნახავთ, რომ ზოგან თუ ვენახი იძლევა ძვირფას პროდუქტს, ზოგან მდარეს იძლევა და ამ მხარეში სხვა, მეორე კულტურა უფრო მაღალხარისხოვანია. ამის მაგალითია ლაგოდეხის რაიონი, რომელიც შეიძლება მივიჩნიოთ ტექნიკური კულტურების (გერანი, რეჰანი, ყაზანლიყის ვარდი, თამბაქო) რაიონად, თუმცა აქ მეხილეობასაც არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება. ლაგოდეხში განსაკუთრებით კარგ მოსავალს იძლევა ვაშლი (აქაურია ცნობილი ლაგოდეხური ვაშლი ანუ ლაგოდეხური რენეტი), კომში, მსხალი (ცნობილია ლეკური გულაბი, დიუშესი და სხვა მრავალი). ლაგოდეხის რაიონში ვენახიც კარგ მოსავალს იძლევა, მაგრამ მისი პროდუქცია ხარისხით ჩამორჩება კახეთის სხვა ნაწილების ვენახების პროდუქციას, ხოლო ტექნიკურ კულტურათა პროდუქცია მაღალხარისხოვანიცაა და სახელმწიფოსათვისაც ფრიად საჭირო.

 კახეთის ფიზიკურ-გეოგრაფიული მიმოხილვიდან გამოირკვა, რომ შიგნი კახეთში საკმაოდ მკვეთრად ჩანს როგორც ვერტიკალური, ისე ჰორიზონტალური ზონალობა.

ჰორიზონტალურად შეიშლება გამოიყოს ვაკის აღმოსავლეთი ნაწილი _ გურჯაანის რაიონის აღმოსავლეთი ნაწილი და სიღნაღისა და წითელწყაროს რაიონების ალაზნისაკენ მიქცეული მხარე. ამ მხარეში ნიადაგების ტიპებში სჭარბობს მლაშნარები, შავმიწამინაგვარი, ალუვიური უკარბონატო, ყავისფერი და სხვა ნიადაგები; მცენარეულობის ტიპებში სჭარბობს ქსეროფიტული ტიპები: წმინდა ძეძვიანები, ნარეკლიანები, უროიანი და წივანიანი ველები, ავშნიანები, შოროქნები, ყარღანიანები. კლიმატი მშრალი და კონტინენტალურია.

ამისდა მიხედვით მნიშვნელობა ენიჭება მინდვრის კულტურებს: ხორბალს, სარწყავებში _ სიმინდს, ტექნიკური კულტურებიდან _ მზესუმზირას. ვენახები კი იძლევიან პროდუქციას შემაგრებული და სადესერტო ტკბილი ღვინოებისათვის. ბაღებში უპირატესობა ენიჭება ატამს, ნუშს, ბროწეულს, ლეღვს, ფსტას, გარგარს, ბალს და მისთანათ.

ჩრდილოეთი ნაწილი ხასიათდება უფრო მეზოფილური კლიმატით; ნალექები 700-900 მმ უდრის; ზაფხული ისე ცხელი და გაუძლისი არ არის, როგორც აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ტემპერატურის მაქსიმუმი ზოგჯერ 40º-ს აღწევს. გავრცელებულია ყავისფერი ტყის ნეშომპალა-კარბონატული და ტყის სხვა ჩვეულებრივი ნიადაგები. მცენარეულ საფარში სჭარბობს მუხნარი, მუხნარ-რცხილნარი, რცხილნარ-წიფლნარი, ჭალის ტიპის ცენოზები. ძეძვიანები ამ ნაწილში ფრაგმენტების სახით გვხვდება.

კულტურულ მცენარეთა კომპლექსიც სხვაა: ხორბლეულებიდან კარგად ხარობს ხულუგოები, სიმინდი ურწყავადაც მოდის, ვენახი იძლევა ტიპიური კახური, სასუფრე ევროპული და სხვა ტიპის ღვინოების მასალას; ასევე მკვეთრად გამოსახულია ვერტიკალური ზონალობაც, განსაკუთრებით მარჯვენა ნაპირზე.

 ა) 200-450 მ სიმაღლეთა შორის გავრცელებულია ძირითადად ალუვიური ნიადაგები, მცენარეულობიდან _ ჭალის ტყეები, ვენახი იძლევა ორდინარული ღვინოების მასალას. მინდვრის კულტურებიდან ტიპიურია ხულუგოები და სიმინდი;

ბ) 450-700 მ სიმაღლეთა შორის ნიადაგის ძირითადი ტიპი ნეშომპალა-კარბონატული და ტყის ნიადაგების ტიპია; მცენარეულობაა: მუხნარი (ქართული მუხისაგან შექმნილი), მუხნარ-რცხილნარი, ჯაგრცხილნარი, ალაგ-ალაგ ძეძვიანი და

ჯაგ-ეკლიანი დაჯგუფებანი; ნალექები 650-750 მმ, საშუალო წლიური ტემპერატურა 13,5 _ 14º-ს უდრის. აქ ვენახი იძლევა სასუფრე ევროპული ტიპის ღვინოებს და აგრეთვე ვაჟკაცური კახური ტიპის ღვინოებს;

 გ) 700-1000 მ სიმაღლეთა შორის და მის ზევით გავრცელებულია ყავისფერი ტყის ნიადაგები. მცენარეულობიდან ჩვეულებრივია რცხილნარი, რცხილნარ-წიფლნარი (ზემო საზღვარზე); ნალექები _ 750-800 მმ, საშუალო წლიური ტემპერატურა 12-13º-ს უდრის. ვენახი იძლევა მასალას შამპანური და ორდინარული ღვინოებისათვის;

 დ) 1000 მ ზევით უკვე ტიპიური მთების შუა სარტყლის ტყეა, სადაც საუკეთესო პირობებია მეხილეობისათვის. გარდა ყოველივე ამისა არის კიდევ ისეთი ფაქტორები, რომლებიც ღვინის ხარისხზე და ტიპზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენენ. ესაა ის დედაქანები და ნიადაგის მიკროელემენტები, რომლებიც ურთიერთისაგან განასხვავებენ შიგნი კახეთის გამონატანის კონუსებს, რაზედაც გაშენებულია კახეთის ვენახების უმრავლესობა.

ამისდა მიხედვით კახეთში შეიძლება დაისახოს (რასაკვირველია, ოპტიმალურ სიმაღლეთა მიხედვით) ევროპული ტიპის მეღვინეობის შემდეგი მიკრორაიონები:

ა) ახმეტის,

ბ) იყალთოს,

 გ) თელავის,

 დ) წინანდლის.

საკმარისად ორიგინალური არიან:

 ე) გურჯაან-კარდანახის ვაჟკაცური კახური ტიპის ღვინოებისა და

ვ) ტიბაან-ხირსის შემაგრებული, პორტვეინისა და კაგორის ტიპის ღვინოების მიკრორაიონები ალაზნის მარჯვენა ნაპირზე.

მარცხენა ნაპირზე კი:

ა) ფშავლის _ მსუბუქი, ორდინარული ტიპის ღვინოების,

 ბ) ნაფარეულის _ წითელი ევროპული ტიპის ღვინოების,

 გ) ენისლის ორიგინალური მსუბუქი სასუფრე ტიპის ღვინოების,

 დ) ყვარლის _ ბუნებრივად ტკბილი ღვინოებისა და

 ე) ლაგოდეხის _ ორდინარული ღვინოების მიკრორაიონები.

გარე კახეთში გვაქვს:

ა) მანავის _ მწვანე ტიპის ორიგინალური სასუფრე ღვინოების,

ბ) საგარეჯოს _ ევროპული ტიპის სასუფრე ღვინოების,

გ) ივრის _ მსუბუქი, ორდინალური კახური ტიპის ღვინოების მიკრორაიონები.

ზემოთჩამოთვლილი ტიპიური მიკრორაიონებისათვის დამახასიათებელი ღვინოები დგება შუა წელში; მთისკენ მაღლა, საშამპანურე მასალის მომცემი ვენახებია, ალაზნისკენ კი ორდინარული ღვინისა.

„საქართველოს ამპელოგრაფია“

ნიკო კეცხოველი, მაქსიმე რამიშვილი,  დიმიტრი ტაბიძე