აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობა

ხბოს გამოზრდა

ხბოს განვითარების ყველაზე რთული პერიოდი დაბადებიდან პირველი ექვსი თვეა, როგორც წესი, ამ პერიოდში ხბო გამოირჩევა დაავადებებისადმი მარტივი ათვისების უნარით და ხშირი სიკვდილიანობით.
ხბოს გამოზრდაში კრიტიკული პერიოდი პირველი ორი თვეა. ის ხბოები, რომლების ზრდაც შეფერხდა ამ პერიოდში ვერასოდეს დაეწევიან თავისივე ასაკის ჯანმრთელ ხბოებს.

ხბოები ყველაზე მგრძნობიარენი არიან ცილების ნაკლებობის მიმართ, ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია რძის შემცვლელების არჩევისას.

ხბოს ჯანმრთელობა და მისი პროდუქტიულობა დამოკიდებულია მისი ოთხკამერიანი კუჭის განვითარებაზე, განსაკუთრებით ფაშვის განვითარებაზე. ფაშვის მოცულობის გასაზრდელად რეკომენდებულია რაციონში უხეში საკვების (თივა, ჩალა, სილოსის და ა.შ.) დამატება, ხოლო ფაშვის მიკროფლორის გასავითარებლად კონცენტრირებული საკვების.

 ხბოს გამოზრდა 1 კვირიდან 1 თვემდე

 სასმელი წყლის დალევინების დროს, წყლის ტემპერატურა არ უნდა იყოს 20°C-ზე დაბალი, ხოლო დღიური რაოდენობა მისი ცოცხალი წონის არა ნაკლებ 10%. გავითვალისწინოთ ისიც, რომ წყალი უნდა მივაწოდოთ ხბოს რძის წოვებიდან არანაკლებ ერთი საათის შემდეგ, რადგანაც წოვის ინსტინქტი მათ ამ ხნის განმავლობაში უნარჩუნდებათ და წყალი უცაბედად მიცემისას ხვდება მაჭიკში, რაც გამოიწვევს მის გადავსებას. წყლის დალევამდე მიღებული შეუდედებელი რძე გადადის საჭმლის მომნელებელ სისტემაში, სადაც არ ხდება მისი შეწოვა (ფერმენტაცია). ეს კი შეიძლება მიზეზი იყოს ბაქტერიების (E.coli) და შემდგომ დიარეის განვითარების.

განსაკუთრებით საყურადღებოა ხბოების წყლით უზრუნველყოფა ზაფხულში! სიცოცხლის პირველი კვირის შემდეგ ხბოს მადის აღმძვრელის სახით რეკომენდებულია 50-60 გრ კონცენტრირებული საკვების ნაზავი მიეწოდოს (ხბოს პრესტარტერი) მიეწოდოს (სურათი #10), რომელიც მინიმუმ 16% მონელებად ნედლ პროტეინს (ცილას) შეიცავს.

ხბოებს ამდაგვარ საკვებზე აჩვევენ მცირე ულუფის პირთან მიტანით, ისინი ლოკავენ მარცვლებს და მალე იწყებენ კონცენტრატების ჭამას.

საკვები კონცენტრატი ძირითადად შეიცავს:

მარცვლეული (სიმინდი, ხორბალი, სოიოს შროტი);

ცოცხალი საფუარი, ვიტამინები და მინერალური დანამატები;

სოიოს ზეთი; მიკოტოქსინების აბსორბენტი; ამინომჟავები და ცხიმოვანი მჟავები.

კონცენტრატად ასევე, შეგვიძლია გამოვიყენოთ 100-150 გრ კარგად გაცრილი შვრიის ფქვილი. ის ადვილი მოსანელებელია თუმცა, ღარიბია მონელებადი პროტეინით. ამ მიზეზით შეგვიძლია, ხბოებისათვის გამოვიყენოთ სპეციალური სასტარტო კომბინირებული საკვები, რომლის შემადგენლობაშიც შედის შემდეგი კომპონენტები: უაპკო შვრია – 51.5%, მშრალი უცხიმო რძე – 18%, მზესუმზირის შროტი – 14%, საკვები საფუარი – 5%. ბალახის ფქვილი – 4%, შაქარი – 4%, დეფტორირებული ფოსფატი – 0.65%, ცარცი – 1.35%, მარილი – 0.5%.

სპეციალური პრემიქსი – 1%. რიგ ფერმებში კონცენტრატებს აძლევენ თხევადი სახით, თუმცა ხბოების კვება ასეთი სახით ცუდად ასტიმულირებს წინაკუჭების ფორმირებას, რადგანაც საკვების მეტი ნაწილი საყლაპავი ღარით ხვდება პირდაპირ მაჭიკში, რითაც აფერხებს ფაშვის განვითარებას. შედეგად იზრდება კუჭ-ნაწლავის დაავადებათა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევის საშიშროება. როცა მშრალი კონცენტრატები თავისუფლად ხელმისაწვდომია, ხბოები თავად არეგულირებენ მათ მოხმარებას თავიანთი ფიზიოლოგიური შესაძლებლობების შესაბამისად და საჭმლის მონელების მოშლა, როგორც წესი, არ აღენიშნებათ.

რადგანაც ხბოს წინაკუჭები ერთი თვის ასაკამდე ჯერ კიდევ არ არის ფორმირებული, მარცვლეულ კულტურებს აუცილებლად სჭირდება წინასწარი შემზადება, მაგ. დაღერღვა. ასევე შესაძლებელია მიღებული ნარევის გრანულირება სპეციალურ გრანულატორში, რომელიც უფრო ათვისებადია და შედარებით დაცული დაბინძურებისაგან.

კონცენტრატები ხელს უწყობს ფაშვის კედლების შემწოვი ზედაპირის უკეთეს განვითარებას, ხოლო უხეში საკვები ფაშვის მოცულობის გაზრდას.

ხბოებს რეკომენდებულია წვდომა ჰქონდეთ მაღალი ხარისხის უხეშ საკვებზე, როგორიცაა უმაღლესი ხარისხის თივა ან გამომშრალი ბალახის სილოსი. თივა ხბოებისათვის შეუცვლელი საკვებია. თივაზე ადრეული მიჩვევა ხელს უწყობს წინაკუჭების განვითარებას და მათთვის სასარგებლო მიკროფლორის ჩამოყალიბებას, საღეჭი კუნთების გამაგრებას, ცოხნის უფრო ადრე დაწყებას. ხბოებისათვის საუკეთესოდ ითვლება კარგად შეფოთლილი პარკოსან თავთავიანი თივა, რომელიც მდიდარია პროტეინით, კალციუმით, კაროტინით, D ვიტამინით. თივით კვებაზე მიჩვევის შემდეგ თანდათან ზრდიან სადღეღამისო ულუფას და 3 თვის ასაკისათვის მიიყვანენ 1.5 კგ-მდე, ხოლო 6 თვისას -3 კგ- მდე.

ხბოს გამოზრდა 1 თვიდან 3 თვემდე

კონცენტრირებული საკვების მიჩვევის შემდეგ, მე-2-მე-3 თვიდან რაციონში შეგვაქვს მწვანე საკვები და თივა; სამი თვის ასაკში ხბოებს უმჯობესია დავუმატოთ წვნიანი საკვები;

2-3 თვიდან ხბოებისთვის აუცილებელია მოციონი მინიმუმ 2-3 სთ. არა უფროსი ასაკის მოზარდებთან და ძროხებთან;

ექვსი კვირის შემდეგ კონცენტრირებული საკვების რაოდენობა თანდათან უნდა გაიზარდოს დღეში დაახლოებით 1 კგ-მდე. სამი თვის ასაკისათვის კი შეიძლება 1.5კგ – მდე დღეში.

მე-7 – მე-8 კვირიდან ვიწყებთ დეკეულებისთვის რაციონში რძის შემცირებას;

მე-8 – მე-9 კვირიდან ხბოს ვაძლევთ მარილს, არა უმეტეს 3 გრამისა;

ასაკის მატებასთან ერთად ხბოები თანდათანობით შეიძლება გადავიყვანოთ მწვანე ბალახზეც და დამატებით მივცეთ ენერგიით მდიდარი კონცენტრირებული საკვები დღე-ღამეში – 1 კგ, დიარეის თავიდან ასაცილებლად აუცილებლად დავუმატოთ თივა.

მე-11 – მე-13 კვირიდან ხბო ყოველდღიურად ღებულობს 11-12 ლიტრ წყალს, ხოლო რძე შეგვიძლია ამოვიღოთ რაციონიდან.

ხბოს ასხლეტვა

ზოგადად მერძეული ჯიშის ხბოს ასხლეტა ხდება უფრო ადრე, ვიდრე მეხორცულის. უმეტესად, რძით კვების ხანგრძლივი პერიოდი გამოიწვევს სწრაფ გასუქებას, ფურაჟისა და კონცენტრატების ნაკლები ოდენობით მიღებას.

გასათვალისწინებელია რომ ადრიანი ასხლეტვისას ხბოსთვის თხიერი საკვების შეზღუდვა არის მნიშვნელოვანი, რათა ის მალე გადავიდეს მშრალ საკვებზე. როდესაც რძით ან რძის შემცვლელით კვება წყდება, ხბოს ექმნება ენერგიისა და პროტეინის უკმარისობა, რაც ფურაჟითა და კონცენტრატებით უნდა შეივსოს. მნიშვნელოვანია, რომ საკვების ცვლილება მოხდეს თანდათანობით. ეტაპობრივად უნდა შევამციროთ რძის ან მისი შემცვლელის დღიური ჯერადობა და რაოდენობა, რომელიც უნდა დავიყვანოთ დღეში ერთ ჯერამდე. მცირდება რძის მიცემა და იზრდება მიღებული კონცენტრატების რაოდენობა, ეცადეთ გამოიყენოთ ნედლი პროტეინის მაღალი შემცველობის (18-19%) კონცენტრატები, რომელიც გემოს მისაღებად შეიცავს ხორბალს, ქერს, სიმინდსა და მელასას. კონცენტრატები ასტიმულირებენ ფაშვის ხაოებს, ეს კი ცხოველისთვის საკვების მისაღებად ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ხნის განმავლობაში კარგია ხბოს სპეციალური სტარტერი კონცეტრატებით კვება, ამით ისინი გაცილებით მეტ საკვებს მიიღებენ, ვიდრე მხოლოდ ფურაჟით, რომლის ათვისებაც ხბოებს დედისგან მოცილების შემდეგ რამდენიმე კვირა შეუძლიათ მხოლოდ 200 გრ დღეში.

ხბოს გამოზრდა 3 თვიდან 6 თვემდე

როგორც წესი, ხბოს (დეკეულის) კვების რაციონი სამი თვის შემდეგ არ იცვლება, მხოლოდ ულუფები იზრდება. ამავდროულად, რეკომენდებულია 6 თვემდე ხბოებისათვის პრემიქსების მიცემა, ზრდასრული ცხოველების ნორმის 50%-ის ოდენობით. დაბლა მოცემულია ხბოების კონცენტრირებული საკვების სანიმუშო შემადგენლობა ხბოებისათვის

და ხბოების საკვების რეკომენდებული რაციონები.

კონცენტრირებული საკვების სანიმუშო შემადგენლობა ხბოებისათვის

კომპონენტი რაოდენობა %
ქერი 50
შვრია 10
მზესუმზირის შროტი 20
ბარდა 17
მინერალური საკვები 3
მიმოცვლით ენერგია, მჯ/კგ

ნედლი პროტეინი, გ/კგ

11

179

 

ხბოების საკვების რეკომენდებული რაციონები

საკვების სახე N 1 N 2
სიმინდის მარცვალი დაღერღილი (კგ) 27 40
შვრიის მარცვალი დაღერღილი (კგ) 20 25
სოიოს ფქვილი (44% პროტეინი) (კგ) 30 24
ხორბლის ქატო (კგ) 10
საკვები ბადაგი (კგ) 10 8
დიკალციფოსფატი (კგ) 2 2
ფოსფატი (კგ) 2 2 მარილი 1 1
პროტეინი % 19.3 17
კალციუმი % 0.7 0.68
ფოსფორი % 0.78 0.68

მიხეილ ჭიჭაყუა – ექიმი ვეტერინარი, ბიოლოგიის დოქტორი;

ნიკოლოზ ზაზაშვილი -ვეტერინარიის დოქტორი;

დავით ბოსტაშვილი – ექიმი ვეტერინარი, აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი;

ლიანა ჭიჭაყუა – დოქტორანტი;

ლაშა  ავალიანი – USDA Food for Progress SQIL პროექტის დირექტორის მოადგილე, ექიმი ვეტერინარი (DVM), აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი (PhD);

თამარ  ჩხიკვიშვილი – USDA Food for Progress SQIL პროექტის მეცხოველეობის სპეციალისტი, ექიმი ვეტერინარი, დოქტორანტი