ხე და ადამიანი
ცნობილია, რომ ხეებს ადამინების და ცხოველების მსგავსად ბიოენერგეტიკული რესურსები გააჩნია, რის მეშვეობითაც ინფორმაციულ კავშირს ამყარებენ ერთმანეთთან.
ასეთივე კავშირი ხეებს და ადამიანებს შორისაც არსებობს.
ზოგიერთი ხე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს ადამიანის სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობაზე. არ ვიცი მკითხველს მიუქცევია თუ არა ყურადღება იმისთვის, რომ ფიჭვის ტყეში შესვლისას ადამიანს ეუფლება სულიერი სიმშვიდე, ქრება ავადმყოფობით გამოწვეული სევდა, ეხსნება გაბრაზების თუ უსიამოვნების სტრესი. ავტორს ხშირად მიუქცევია ყურადღება ამისთვის, და როგორც მეტყევეს უფიქრია, რომ ამას იწვევდა სინათლე, რომელიც უხვადაა ფიჭვნარში და მეუფლებოდა გრძნობა, თითქოს „გული გაუნათდა“ ადამიანს. ნაძვნარ და სოჭნარში კი პირიქით, სინათლის ნაკლებობის გამო გარესამყაროსგან მოწყვეტილივით გრძნობ თავს. მეცნიერები მიიჩნევენ, რმ ხეს საერთოდ არ ახასიათებს ბოროტება. მისი აურა სუფთაა. ამიტომ ადამიანი შეგნებულად თუ ინსტიქტურად მიილტვის ბუნების წიაღშია, რათა ცოტა ხნით მაინც მოექცეს სუფთა გარემოში.
დადგენილია, რომ ფიჭვი გულმოწყალე და სიმშვიდის მომგვრელი ხეა. ფიჭვნარში ადამიანი წყნარდება, უნათდება გონება, გრძნობს სულიერ სიმშვიდეს. აქ გასეირნებაც კი საკმარისია, რომ ეფექტი ნათლად შეიგრძნოთ. ეფექტი კიდევ უფრო გაიზრდება და საგრძნობი გახდება თუ აირჩევთ „საკუთარ“ ხეს, იზრუნებთ მასზე, მიუალერსებთ და მოეფერებით მას.
ხე ადამიანისგან გულწრფელობის გარდა არაფერს ითხოვს.
ფიჭვის მსგავსად იფნის ენერგეტიკული ძალაც ძალზე დიდია და ხესთან უშუალო კონტაქტი ადამიანს მომავლის შეცნების უნარს ანიჭებს, თუმცა იფანი მხოლოდ მართალსა და წრფელ ადამიანებს ეხმარება.
სიცრუე შეურაცხყოფს იფანს, ცრუს და ორპირს დახმარების ნაცვლად მან შეიძლება უბედურებაც მოუტანოს, თავი აატკივოს.
ნეკერჩხალი უანგარო ხეა. თუ ფიჭვმა ვერ დაგამშვიდათ, მიაკითხეთ ნეკერჩხალს, ის ყველას ეხმარება, თავად იღებს უარყოფით ემოციას და გასცემს დადებით. ნეკერჩხალმა „იცის“, რომ ეს ემოციური „აფეთქება“ მას არ ეხება. იგი გვანიჭებს ძალას, სიმშვიდეს და წონასწორობის უნარს.
მოეხვიეთ და მოეფერეთ თქვენ ხეს, ის სიმშვიდით დაგაჯილდოვებთ.
ვერხვი საუკეთესო მფარველია, იგი ძველთაგან მაგიურ ხედ ითვლებოდა. ის შთანთქავს ყველა უარყოფით ენერგიას.
ძველად მიაჩნდათ, რომ ის აძევებს ბოროტ სულებს და იმქვეყნიურ ცივ ენერგიას მიწაში აბრუნებს.
სასარგებლოდ მიიჩნევა ვერხვის ხის სამაჯური, ბეჭედი ან სხვა სამკაული.
ღვიას მიაწერენ უარყოფითი ენერგიის გაწმენდის უნარს. იგი მარტო ადამიანს კი არა, გარემოსაც ასუფთავებს.
დამწვარი ღვიის კვამლი არასასურველ ჰაერსა და ენერგიას გაიტანს ბინიდან.
გარდაცვლილის დანატოვარ სამკაულებს ერთი ღამით თუ მაინც დავაყოვნებთ ღვიის ნაყენში, გაწყდება კავშირი მიცვალებულის აურას და სამკაულს შორის და მისი ახალი მფლობელი მიიღებს სრულიად ახალ, უარყოფითი მუხტისგან გაწმენდილ ნივთს.
ბუნება, მცენარეები ეხმარებიან ადამიანს განიწმინდოს უარყოფითი ენერგიისგან.
დაფიქრდით, როცა ვჭრით ან ვაზიანებთ ხეს, ამით ხომ არ ვიშორებთ ჩვენს დამცველს, მეკავშირეს და კეთილისმყოფელს, საფრთხეში ხომ არ ვიგდებთ თავს?!
ტრისტან ჩერქეზიშვილი,
„ტყე და ადამიანი“