აგრარული განათლებადარგებიმებაღეობა

ქაცვი (Hippophae rhamnoides)

 ქაცვის – სასიცოცხლო ფორმა, ისევე როგორც აზიის სუბ­ტროპიკული ფლორის სხვა მერქ­ნიანი მცენარეებისა, შედის ფშატისებრთა ოჯახში, რომელიც დაახლოებით 55 სახეობას აერთიანებს. გავრცელებულია ფოთოლმცვენი ხისმაგვარი ფორმები 1-3-6-15 მ. სიმაღლის, ნაცრისფერი ქერ­ქით და გრძელი ეკლებით. სხვადასხვა ხნოვანების ყლორ­ტები ქმნიან მომრგვალო, პირამიდულ ან გაშლილ ვარჯს.

ფოთოლი ხაზურა ან ხაზურ-ლანცეტისებრი, ზევიდან მონაც­რისფრო-მწვანე, ქვევით მურა ან მოყვითალო-მოვერც­ხლისფერო-თეთრი. დროთა განმავლობასი ქაცვმა განიცადა სომა­ტური ევოლუცია ხემცენარეებიდან ბუჩქოვანი ფორმე­ბისა­კენ. წარმოქმნილი სასიცოცხლო ფორმების სპექტრი ადვილად შეეგუა ახალ ცვალებად გარემო პირობებს. გამოჩნ­და ტანდაბალი პატარა ხეები, სხვადასხვა სიმაღლის ბუჩქები – 1,5 მეტრიდან 3 მეტრზე მეტი. ქაცვი გავრცელებულია მაღალმთიან ადგილებში.

საქართველოში აღწერილია, როგორც 1-3 მეტრი ბუჩქო­ვანი, ასევე 6-13-15 მ-ის სიმაღლის ხეები. ფოთოლგანლაგება მორიგეობითი, ყვავილები მარტივი მთლიანი, უთანაფოთ­ლო. ყვავილის სწორი, ორსქესიანი. ფშატის მრავალ სახეო­ბებ­ში და ქაცვში ყვავილი ცალსქესიანია და მაშინ მცენა­რე ჩვეულებრივ ითვლება ორსახლიანად. ყვავილსაფარი ორი ან ოთ­ხად დანაწევრებული. მტვრიანები ორსქესიანი და მამ­რო­ბით ყვავილებში ოთხი (იშვიათად რვა) და ისინი ჯამის შიგნით ზედა მხარეზე არიან შეზრდილი.

ქაცვის ერთწლიან ნათესარებს ერთი მთავარღერძიანი ფეს­ვი, რომელიც ხელსაყრელ პირობებში, ქვიშნარ ნიადა­გებში 30-40 სმ სიღრმემდე აღწევს. ვეგეტაციის დაწყებისას, კერ­ძოდ კი ნამდვილი წყვილი ფოთლების ჩამოყალიბე­ბი­დან, პირველად ვერტიკალურ ფესვებზე წარმოიქმნება გვერდითი ფესვების წამონაზარდები, რომელიც წლის ბოლო­სათვის საშუალო სიდიდის ფესვად გადაიქცევა. სიცოცხ­ლის მეორე წელს პირველადი მთავარი ღერძი წყვეტს ზრდას, არ ღრმავდება მიწაში და ჰორიზონტალურად განლა­გებული რადიალური მიმართულების მეორადი, ძლიერ დატოტვილი ფესვები უკვე მეორე წლისათვის იკავებენ დიდ რადიუსს, რომელთა სიგრძე, ზოგ შემთხვევაში 12 მეტრამ­დეც აღწევს. მეორად ფესვებზე და მათ გაგრზელებაზე, ჩვეუ­ლებრივ დატოტიანების მუხლებზე წარმოიშობიან ტუბე­რიანი წარმონაქმნები, რომელთა სიდიდე, სრულწ­ლოვან მცე­ნარეებში აღწევს ტყემლისა და გარგარის ნაყოფის სიდი­დემ­დე.

ახალ ფართობებზე ქაცვის გაშენება დიდ სიძნელეს არ წამოადგენს და მუშახელის დანახარჯებსაც ნაკლებს მოით­ხოვს. ქაცვის ბიოლოგიიდან ცნობილია, რომ ის ბუნებრივ პირობებში უმთავრესად მრავლდება ფესური ამონაყრებით და აქედან გამომდინარე, ქაცვის მაღალპროდუქტიული ფორ­­მები რაყებში გვხვდება მთელი თარგების სახით, რაც ქმნის შესაძლებლობას გამზადებული ბუნებრივი სადედეები პირდაპირ გამოყენებულ იქნეს ბაღების გასაშენებლად. იმავ­დ­როულად გამოვლენილი ფორმების ვეგეტატიური წესით გამრავლებისათვის უნდა შეიქმნას სპეციალური ნაკვეთები. კალმების დასამზადებლად ყლორტების აჭრა უნდა დაიწყოს ქაცვის განვითარების მე-2-3 წელს. ქაცვის კალმების დამ­ზადება წარმოებს აპრილში, ივლისსა და აგვისტოში.

ქაცვის სარგავი მასალის გამოყვანა ხორციელდება და­კალ­მებით, უშუა­ლოდ პოლიეთილენის პარკებში.  ოპტიმა­­ლურადაა მიჩნეული 15-20 სმ-იანი პარკები. ეს მეთოდი პროგრესულია, ნერგის გამოყვანა მიმდინარეობს მიწის კო­მით და, რაც მთავარია, ახალი პლანტაციის გაშენების დროს გარანტირებულია გახარება, გამორიცხულია მეჩხე­რიანობა. კალმებს პარკებში რგავენ დახრილად და აღრმავებენ ისე, რომ ნიადაგის ზედაპირზე დატოვებულ იქნეს კალმების ნაწი­ლი სამი ფოთლით. დაფესვიანებული კალმების გადა­ზამ­­თრება უნდა მიმდინარეობდეს გადახურვის ქვეშ, შემდ­გომი ზრდა კი ღია გრუნტში.

ვეგეტატიურად გამრავლებული სარგავი მასალით ქაცვის პლან­ტაციების გაშენება უნდა მოხდეს წინასწარ მომ­ზა­დე­ბულ ნაკვეთებზე. ამისათვის საჭიროა ნიადაგის მომზადება, სარგავი მასალის მონიშვნა, ხოლო მცენარის რგვის ადგი­ლები აღინიშნება ჭიგოებით. ნერგების დასარგავად ამზა­დებენ 30 სმ სიგანის და 40 სმ სიღრმის ორმოებს, ხოლო ნერგებს მწკრივში რგავენ 10 მდედრობითი, 1 – მამრობითის თანმიმდევრობით.

ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა მთელს მსოფლიოში, სადაც ქაცვის თესლის დასათესად შვეულ-ფრენებს იყენებენ და ამრავლებენ მას ყველგან, სადაც მისი მოყვანა შესაძლებელია. ჩინელებმა შეძლეს ქაცის სუფთა პროდუქციის მიღება დანა­კარ­გის გარეშე. დღეისათვის ჩინეთში ქაცვის გადასამუ­შავებელი 200 ქარხანაა, რომელიც აწარმოებს ქაცვის ზეთს.

ქაცვის ნედლეულის გამოყენება შესაძლებელია ჯემის, პიურეს ან წვენის სახით. ზამთარში და შემოდგომაზე, როდესაც ორგანიზმი განიცდის ვიტამინების ნაკლებობას, მაშინ მის შესავსებად სათანადო დახმარებას გაგვიწევს ვიტამინებით გაჯერებული ქაცვის ნაყოფი. ფარმაკო­ლოგიუ­რად აქტიური ნივთიერებების შემცველობით მას შეუძლია კონკუ­რენცია გაუწიოს მთელ რიგ პოლუვიტამინების ჯგუ­ფის პრეპარატებს. სახლის პირობებში თავისუფლად შეგვიძ­ლია დავამზადოთ განსაკუთრებულად მარგებელი და არაჩვეულებრივად გემრიელი კულინარიული პროდუქტი. ხალხურ მედიცინაში სამკურნალოდ გამოიყენება არა მარტო ქაცვის ნაყოფი, არამედ მისი ფოთლები და თესლები. ასე მაგალითად თესლის ნახარში გამოიყენება საფაღარათო საშუალებად, მცენარის ფოთლებს კი იყენებენ რევმატიზმისა და პადაგრის დროს.

მიუხედავად იმისა, რომ მედიცინას სადღეისოდ მოე­პოვება სინთეზური პრეპარატების საკმაოდ დიდი ასორტიმენტი, ქაცვზე მოთხოვნილება დღითიდრე იზრდება, რაც დაკავშირებულია მკურნალობის ეფექტთან და ხარისხ­თან. კერძოდ, ქაცვის ნედლეულისგან დამზადებულ სამკურ­ნალო პრეპარატებში თითქმის არ აღინიშნება ე. წ. გვერდითი მოვლენები.

ქაცვისაგან დამზადებულ სამკურნალო საშუალებებს იყენებენ ღვიძლის უჯრედების აღსადგენად ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს; ქაცვი განაპირობებს ღვიძლის უჯრე­დებში ცილების რაოდენობის მატებას, აწესრიგებს ცხიმების ცვ­ლას. ქაცვს ახასიათებს ძლიერი ანტისკლეროზული მოქმე­დება, სახელდობრ სისხლძარღვების კედლებს წმენდს და ასუფთავებს სკლეროზული ბალთებისაგან. არეგულირებს გულისა და ფილტვების მუშაობას. დადგენილია ქაცვის დადებითი მოქმედება დაფეხმძიმებისა და ფეხმძიმობის მიმდინარეობის დროს. ქაცვის ნაყოფებისა და ყლორტების ნახარში იხმარება თმის ძირების გასამაგრებლად და თმის ცვენის პროფილაქტიკისათვის.

ქაცვის ქერქში დადგენილია სეროტონის არსებობა, რომე­ლიც განაპირობებს ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმე­დების სტიმულირება-რეგულირებას. განსაკუთრებით აღსა­ნიშ­­­ნავია ქაცვის სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება და დასხივებით გამოწვეული დაზიანების საწინააღმდეგო თვი­სე­­ბები. ქაცვი გამოიყენება, როგორც ტკივილგამაყუ­ჩე­ბელი საშუალებაც. ბოლო დროს სტომატოლოგიაში პულპი­ტისა და პარა­დონ­ტიტის დროს, კბილის ფესვის არხის დასა­მუ­შა­ვებ­ლად იყენებენ ქაცვის ზეთის შემცველ პასტას.

მედიცინაში ქაცვის ნაყოფი წარმატებით გამოიყენება საქართველოში. ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის თანამშრომლების მიერ დამზადებულია ქაცვის ზეთისა და თიხა ასკანეს გასტროენტეროლოგიური წყლუ­ლის სამკურნალო კომბინირებული პრეპარატი „ულკოსანი“ და ჭრილობებისა და დამწვრობების სამკურნალო პრეპარატი „ჰიპოასკანე“.

ქაცვის ზეთის გამოყენება უნდა ხდებოდეს ექიმის დანიშ­ნულებით და შემდგომი კონტროლით. უნდა გვახსოვდეს, რომ ზეთის შიგნით მიღებისას მის წინააღმდეგ ნაჩვენებია მწვანე ქოლეცისტისის, ჰეპატიტის, პანკრეატიტის და კუჭ­ქვეშა ჯირკვლის სხვა დაავადებების დროს, აგრეთვე ფაღარა­თისადმი და ალერგიისადმი მიდრეკილებისას.

ქაცვის ზეთი გამოიყენება სანთლების სახით ეროზიულ-წყლულოვანი პროქტიტების სფინქტერიტების, ანუსის ნახე­თქების, კატარული, ატროფიული და შიგნითა პროქთიტის დროს.

სწორედ ქაცვმა ჰპოვა გამოყენება კანის დაავადებების სამკურნალოდ. მას შესწევს უნარი განკურნოს ეგზემა, ტრო­ფიუ­ლი წყლულები, თმის ცვენა, სოკოვანი დაავა­დე­ბები, დამწვრობა, მოყინვა (დაზრობა), ასევე ტუპერკუ­ლიო­ზი და კანის კიბო. ქაცვის ზეთს იყენებენ ძნელად შესახორ­ცებელი წყლულების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლა­ვის წყლულის, დასხივებით გამოწვეული დაავა­დებე­ბის, დამწვ­რობის ან საერ­თოდ, ყველანაირი სიდამწვრის სამკურ­ნალოდ. ის არა­მარ­­ტო კურნავს დაავადებებს, არამედ გააჩ­ნია ტკივილ­გამა­ყუ­ჩე­ბე­ლი თვისება.

ქაცვის ნაყოფთან და ზეთთან ერთად არანაკლები მნიშვ­ნე­ლობა შეიძინა ქაცვის ქერქმაც. მისგან გამოყვეს ნივ­თიე­რება 5-ოქსიტრიპტამინი, რომელსაც სიმსივნის საწინააღმ­დე­გო თვისება გააჩნია. ქაცვის ნაყოფები გამოიყენება აგრეთვე ბოტკინის, ციროზის, მწვავე ჰეპატიტის და რევმატიზმის სამკურნალოდ.

რეზო ჯაბნიძე, სსმმა აკადემიკოსი