ხეხილის გასხვლის ტექნიკა
გასხვლის ეფექტურობა დამოკიდებულია ცალკეული ოპერაციების: ტოტების დამოკლების, გამოხშირვის, დახრის, ჭრილობების მოვლის პრაქტიკული წესების დაცვაზე. სწორად გაკეთებული ჭრილობის შემდეგ უფრო სწრაფია შეხორცება, არ უარესდება მცენარის მდგომარეობა, არ ქვეითდება მისი ყინვა გამძლეობა. ამიტომ გასხვლა და ფორმირება უნდა შეასრულოს კვალიფიციურმა მუშამ.
ერთწლიანი ტოტების დამოკლება უნდა მოხდეს კვირტთან ახლოს, მის მოპირდაპირე მხარეს დაქანებით, ისე, რომ ჭრილობა იწყებოდეს კვირტის ფუძესთან ახლოს და მთავრდებოდეს მის წვერთან. ჭრილობის ზედაპირი რაც შეიძლება, მცირე უნდა იყოს, ამიტომ ჭრილობა სარ უნდა მიეცეს ძლიერი დაქანება.
დაუშვებელია ტოტის მუხლთშორისებში გადაჭრა და ნეკის დატოვება, რადგან ასეთ ადგილებში ჭრილობას შეხორცების უნარი არა აქვს, ნეკი ხმება, საჭირო ხდება მისი ამოჭრა, ეს კი ახანგრძლივებს ჭრილობის შეხორცების პროცესს. ორწლიანი და უფრო ხნიერი ტოტები უნდა გადაიჭრას სახსარზე (განტოტვის ადგილას). გამოხშირვის დროს ტოტი ძირში უნდა ამოიჭრას „რგოლზე“, რომ არ დარჩეს ნეკი ან, მსხვილი ტოტის მოჭრის შემთხვევაში – როკი.
მსხვილი ტოტების მოჭრისას სიმძიმის გამო, გადაჭრის ადგილას ხშირად იხლიჩება ქერქი, ან მერქანი, ასეთი დაზიანებები ძალიან ცუდად ხორცდება. ამის თავიდან ასაცილებლად, მსხვილი ტოტები უნდა მოიჭრას ნაწილ -ნაწილ. დიდი ჭრილობები, როგორც წესი, უნდა მოსწორდეს ბასრი იარაღით და დაიფაროს ბაღის მალამოთი.
ჭრილობის სწორად გაკეთების ცოდნასთან ერთად, სხვლის დროს, აუცილებელია, განისაზღვროს, თუ რომელი ტოტი უნდა ამოიჭრას ვარჯის არეში. ამის განსაზღვრა დამოკიდებულია ტოტის მდებარეობაზე, მიმართულებასა და ზრდის სიძლიერეზე. პირველ რიგში, უნდა ამოიჭრას ისეთი ტოტები, რომლებიც ერთმანეთს ხელს უშლიან (ან მომავალში შეუშლიან) ზრდაში და ტოტები, რომლებიც იზრდებიან არასასურველი მიმართულებით.
საერთოდ ტოტი უნდა გადაიჭრას გარეთა კვირტზე, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ტოტის გადაჭრა საჭიროა შიგნითა კვირტებზე. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ საით იქნება უმჯობესი დარჩენილი კვირტებიდან წამოსული ყლორტების განვითარება.
ხეხილის ვარჯის ფორმირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. იგი პირველად ტარდება სანერგებში, შემდეგ კი ბაღში.
ხეხილისთვის ფორმის მიცემა გავლენას ახდენს მის ზრდა-განვითარებაზე და მოსავლიანობაზე.
ხეხილის ვარჯის ფორმირების მიზანია:
- ვარჯისთვის კომპაქტური ფორმის მიცემა, მოვლის ოპერაციების გასაადვილებლად.
- ჩონჩხის ნაწილების სიმკვრივე და სიმყარე, რაც ხეს მოსავლის შემაგრების საშუალება აძლევს, ნაკლები ბოძკინტების გამოყენებით.
- ვარჯის შიდა ნაწილის ოპტიმალური გაშუქება და აერაცია, რაც ხელს შეუწყობს სანაყოფე ტოტების უკეთესად განვითარებას და ნაყოფის ხარისხის გაუმჯობესებას.
- მსხმოიარობის დროულად დაწყება.
- მექანიზაციის გამოყენების გაადვილება. ხეხილის ფორმირება იწყება შტამბის ჩამოყალიბებით.
შტამბის სიმაღლის მიხედვით არსებობს ხეხილის შემდეგი ფორმები:
უშტამბო, ანუ გართხმული ფორმა;
ბუჩქისებური – შტამბის სიმაღლე 15-20 სმ; დაბალ-შტამბიანი — შტამბის სიმაღლე 40-50 სმ;
საშუალო შტამბიანი — შტამბის სიმაღლე 60-80 სმ;
მაღალ-შტამბიანი — შტამბის სიმაღლე 120 სმ და მეტი.
თანამედროვე სამრეწველო ინტენსიურ ბაღებში გამოიყენება მხოლოდ დაბალ და საშუალო შტამბიანი ფორმები. დაბალ შტამბიან ფორმებს მრავალი უპირატესობა ახასიათებთ. ისინი ადრე იწყებენ მსხმოიარობას, გაადვილებულია სხვლა, წამლობა, მოსავლის აღება და სხვა სამუშაოების შესრულება.
ვარჯის ფორმირების სისტემის არჩევის დროს აუცილებელია გავითვალისწინოთ კულტურის და ჯიშის ზრდის და განტოტვის თავისებურება, მსხმოიარობის ტიპი და ის გარემო პირობები, სადაც ხდება მისი წარმოება.
ყველაზე მეტად გავრცელებულია შემდეგი ტიპის ვარჯები:
ცენტრალური ლიდერული და ჯამისებური.