ხეხილის მცირე სანერგეების მოწყობა ფერმერულ  მეურნეობებში

ხეხილის თანამედროვე ტიპის სანერგეები, რომელთა სიმძლავრე 100000-200000 ნერგი და უფრო მეტია, ხასიათდება რთული ორგანიზაციული სტრუქტურით, ტექნოლოგიების გამოყენების ინტენსივობითა და აუცილებელი მანქანა-იარაღების აღჭურვის მაღალი დონით, თუმცა ლოკალური მიზნით, შესაძლებელია ხეხილის სანერგის მოწყობა მცირე ფართობებზეც (მიკროსანერგე), რომლის ფართობი 1.0-3.0 ჰა-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ასეთი ტიპის სანერგის დაგეგმვისას, აუცილებელია გავითვალისწინოთ იგივე ძირითადი პრინციპები, რაც მაღალტექნოლოგიური სანერგეების მოწყობისას გამოიყენება.

კერძოდ, ხეხილის მიკრო სანერგე უნდა შედგებოდეს შემდეგი ძირითადი ნაწილებისაგან:

სადედე ნარგაობის განყოფილება — სანერგის მნიშვნელოვანი ნაწილია, მისი დანიშნულებაა სასურვე-ლი ჯიშების საკვირტე და საკალმე მასალის მიღება. ეს განყოფილება უნდა გაშენდეს ჯიშურად გარანტირებული უვირუსო ან ვირუსებზე ტესტირებული მცენარეებით.

ბაღი შენდება 4X1.0-1.5-2.0 კვების არეზე. ყოველწლიურად ტარდება მკაცრი გასხვლა ახალი, ერთწ-ლიანი ნაზარდის მისაღებად. ზაფხულში მყნობისათვის, კვირტების მისაღებად, თითოეული ხიდან იღე-ბენ მყნობისათვის გამოსადეგი კალმების 60-70%-ს, დანარჩენს ტოვებენ ზამთრის მყნობისათვის. კალმების აღებისას, ხეზე რჩება რამდენიმე 10 სმ. სიგრძის ტოტები ფოთლის ზედაპირის შესანარჩუნებლად. სტანდარტული კალმების გამოსავლიანობა დარგვიდან მეორე წელს შეადგენს 5-10, მესამე-მე-ოთხე წელს — 25 -30; მეხუთე-მეექვსე წელს — 50-70 კალამს.

საძირეების გამრავლების განყოფილება — წარმოდგენილია ვეგეტატიურად გასამრავლებელი საძირეების ნაკვეთისგან და კალმებით გასამრავლებელი საძირეების (ძირითადად კურკოვანი) ნაკვეთისაგან.

ვეგეტატიურად გასამრავლებელი საძირეების ნაკვეთში ირგვება ვაშლის და მსხლის კლონური, ვეგე-ტატიური საძირეები, კვების არით — 2.0-2.2მ X 0.5-0.6მ. დარგვისას საძირეები დამოკლდება 1/2 ან 1/3-ით. პირველ წელს ტარდება სტანდარტული აგროტექნიკური ღონისძიებები — ნიადაგი უნდა იყოს გაფხვიერებული, განოყიერებული და სარეველებისგან გაწმენდილ მდგომარეობაში. დამატებით ატარებენ შესხურებებს მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ

მეორე წელი — მცენარე გადაიჭრება მიწის ზედაპირიდან 2-3 სმ-ზე და შემოეყრება მიწა იმ გათვლით, რომ მიწა არ დაეყაროს გადანაჭერ ადგილს;

პირველი შემოყრა ტარდება 8-10 სმ-ის სიმაღლეზე. როდესაც ნაზარდი მიაღწევს 15-20 სმ-ს, უკეთესია ხელით შემოყრა;

მეორე შემოყრა ტარდება, როდესაც ნაზარდი მიაღწევს 25-30 სმ-ს;

მესამე შემოყრა ჩატარდება, როდესაც ნაზარდი მიაღწევს 40-45 სმ-ს;

გვიან შემოდგომით, შემოყრილი მიწა მოსცილდება ბუჩქებს, ხოლო დაფესვიანებული საძირეები მოეჭრება სეკატორით და დახარისხდება სისქის მიხედვით შემდეგი გრადაციით: 10 მმ-ზე მეტი, 8-10 მმ და 8 მმ ნაკლები სიდიდის დიამეტრით.

მესამე და შემდეგი წლები — მეორდება იგივე ღონისძიებები, მეხუთე-მეექვსე წლიდან ბუჩქის სიმაღლის მომატების გამო, სასურველია ბუჩქის გაახალგაზრდავება ნიადაგის ზედაპირთან ახლოს გადაჭრის გზით.

ნაკვეთი კურკოვნების ვეგეტატიური საძირეების საჭირო კალმების დასამზადებლად ფორმირდება ნახევრად ბუჩქის სახით, საიდანაც ყოველწლიურად აიჭრება მწვანე და გამერქნებული კალმები დასა-ფესვიანებლად.

სარგავი მასალის წარმოების განყოფილებაში წარმოებს საძირეების გასამრავლებელ განყოფილებაში აღზრდილი საძირეების დარგვა, მყნობა, ნამყენის აღზრდა და ფორმირება. ის თავის მხრივ შედგება ორი ნაკვეთისგან (მინდვრისგან), რომლებიც ერთმანეთისგან აღსაზრდელი სარგავი მასალის ხნოვანებით განსხვავდება.

პირველ მინდორზე რგავენ საძირეებს, რომელზეც ზაფხულში ამყნიან. ამიტომ ამ მინდორს ოკულან-ტების მინდორს უწოდებენ. ამ მინდორშივე რგავენ ზამთრის მყნობით მიღებულ ნამყენ ნერგს.

სანერგის ნიადაგი უნდა იყოს სათანადოდ მომზადებული — ჩატარებული უნდა იყოს საშემოდგომო მოხვნა, შესაბამისი განოყიერება, ნიადაგი უნდა დაიფარცხოს და მოსწორდეს.

საძირეები პირველ მინდორზე ირგვება შემოდგომაზე, ნოემბრიდან დეკემბრის შუა რიცხვებამდე ან გაზაფხულზე, მარტიდან აპრილის შუა რიცხვებამდე. ახალდარგულ საძირეებს ფესვის ყელთან მიწა უნდა შემოეყაროს 4-5 სმ-ის სიმაღლეზე.

საძირეების დარგვისას განისაზღვრება შემდეგი დაშორებები: მწკრივებს შორის — 90-100 სმ, ხოლო მცენარეთა შორის მანძილი — 10-20 სმ, ორწლიანი ნამყენი ნერგის მისაღებად — 25-30 სმ, „კნიპ-ბაუმის” შემთხვევაში — 40 სმ. კურკოვნების პირველ მინდორში მცენარეებს შორის დაშორება შეადგენს 20 სმ-ს, ხოლო მწკრივთაშორისის — 120-150 სმ. ვეგეტაციის პერიოდში მიმდინარეობს სტანდარტული ღონისძი-ებები (მორწყვა, გაფხვიერება, გამოკვება, სარეველებისგან გაწმენდა) მაღალი აგროფონის შესანარჩუ-ნებლად. ივლისი-აგვისტოს თვეში საძირეები მზად არის მყნობისთვის.

მეორე მინდორში გაზაფხულზე ხდება გასული წლის ოკულანტების გადაჭრა უცეროდ. დანარჩენი აგ-როღონისძიებები, რომლებიც ამ ნაკვეთზე ტარდება, არის ნიადაგის გაფხვიერება, მორწყვა და მავნე-ბელ-დაავადებებთან ბრძოლა. სანერგის მეორე ნაკვეთში შემოდგომისათვის მიიღება ერთწლიანი ნამ-ყენი, კურკოვნები ამოიღება და გადაეცემა სარეალიზაციოდ, ხოლო თუ თესლოვნების დაორწლიანება არის განსაზღვრული, მაშინ ისინი დარჩება ნაკვეთში შემდეგ წელს ვარჯის ფორმირებისათვის, თუ არა და მოხდება მათი ამოღებაც.

სანერგეში შესაძლებელია წარმოებული იყოს სხვადასხვა ტიპის სარგავი მასალა: ერთწლიანი ნერგი ვარჯის გარეშე, ორწლიანი ნერგი ვარჯით, ორწლიანი ჩართული (ინტერკალარული) მყნობით მიღებული ნერგი, „კნიპ-ბაუმის” ტიპის ნერგი.

სანერგის მოწყობისას აუცილებელია ვიცოდეთ, თუ რა ტიპის საძირეები უნდა გამოვიყენოთ გამრავ-ლებისათვის. ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია ხეხილოვანი კულტურების საძირეების შესახებ.

ვაშლი

ზრდის სიძლიერის მიხედვით ვაშლის საძირეები იყოფა სამ ჯგუფად: სუსტ (ნაგალა), საშუალო და ძლიერი ზრდის საძირეებად. ვაშლისთვის გამოყენებულია შემდეგი საძირეები:

კულტურული ჯიშების ნათესარები — წარმოადგენს თესლით ნამრავლ ძლიერ საძირეს. ამ ტიპის საძი-რეების თესლის მისაღებად საქართველოში რეკომენდებულია ვაშლის საშემოდგომო და საზამთრო ჯი-შების (კეხურა, შამპანური რენეტი, ზამთრის ბანანი, ზამთრის ოქროს პარმენი და სხვა) გამოყენება. კულტურული ჯიშების ნათესარები ხასიათდება სანამყენოსთან კარგი შეთავსებით და პროდუქტიულო-ბით, თუმცა ხეები იზრდება ძლიერი ზრდის და მსხმოიარობაში შედიან შედარებით გვიან. მასზე დამყნი-ლი მცენარე არ მოითხოვს საყრდენ სისტემას.

მაჟალო — (M. Orientalis) აღმოსავლეთის ვაშლი, საქართველოში გვხვდება თითქმის ყველა ფოთლო-ვან ტყეში, მეტად პოლიმორფული სახეობაა. ძალიან ძლიერი ზრდის საძირეა. საქართველოში გავრცე-ლებული მაჟალოს საძირეები ხასიათდება სამყნობ ჯიშებთან კარგი შეგუებით, ძლიერი ზრდით და მსხმოიარობაში გვიან (8-12 წლის შემდეგ) შესვლით. მასზე დამყნილი მცენარეები ძლიერ ფესვთა სის-ტემას ივითარებს, ხანგრძლივად ცოცხლობს და მღრღნელები ვერ აზიანებეს.

A2 — (ალნარპ 2) შვედური, ძლიერი ზრდის კლონური საძირეა. სადედე ბუჩქი მაღალი და პირამიდული, გამრავლების კოეფიციენტი მაღალია. A2-ზე დამყნილი მცენარეები იზრდებიან ძლიერი ზრდის, მაგრამ მსხმოიარობაში შედიან სხვა ძლიერ საძირეებთან შედარებით ადრე (მე-5-6 წელს), იძლევიან უხვ და მა-ღალი ხარისხის მოსავალს. იგი ხასიათდება მაღალი ზამთარგამძლეობით და საშუალო გვალვაგამძლეო-ბით.

M2 (დუსენი 2) — საშუალო ზრდის საძირეა, სადედე მცენარე წარმოადგენს კომპაქტურ ბუჩქს, საშუა-ლო რაოდენობის სწორმდგომი ძლიერი ყლორტებით. გამრავლების კოეფიციენტი დაბალია, ნამყენის ზრდა და გამოსავალი მაღალია M2-ზე დამყნილი მცენარე მსხმოიარობაში შედის მე-4-5 წელს. ადრე ფართოდ გავრცელებული, ამჟამად საქართველოში მისი სადედე პლანტაციები აღარ არსებობს.

M4 (დუსენი 4, გოლშრინსკის დუსენი) — საშუალო ზრდის საძირეა, სადედე ბუჩქი შეკრული, პირამიდული ფორმისაა. გამრავლების კოეფიციენტი მაღალია.

M4-ზე დამყნილი მცენარეები მსხმოიარობაში შედის ადრე (მე-4-5 წელს), იძლევა უხვ და მაღალი ხარისხის მოსავალს.

MM 106 — (ნოზერნ სპაი XM1) საშუალოზე სუსტი ზრდის საძირეა, გამძლეა ბურტყლა ბუგრისადმი. სადედე ბუჩქი საშუალო სიდიდისაა, გადაშლილი. ახალგაზრდა ბუჩქების პროდუქტიულობა დაბალია, წლოვანებასთან ერთად გამოსავლიანობა მნიშვნელოვნად იზრდება.

MM 106-ზე დამყნილი მცენარე მსხმოიარობაში შედის მე-3-4 წელს, იძლევა უხვ და მაღალი ხარისხის მოსავალს, არ მოითხოვს საყრდენ სისტემას. გასათვალისწინებელია, რომ ამ საძირეზე დამყნილი ნერ-გების დარგვისას ნამყენი ადგილი უნდა ამაღლდეს ნიადაგის ზედაპირიდან მხოლოდ 1-2 სმ-ით. უფრო ზევით მოთავსებისას საძირე ივითარებს კოჟრებს, რაც მცენარის დასუსტებას იწვევს.

M7 — ნახევრადნაგალა საძირეა, ზრდა უფრო სუსტი აქვს, ვიდრე MM 106-ს. სადედე ბუჩქი საშუალო სიდიდისაა, პირამიდული, ბუჩქების გამოსავლიანობა კარგია. M 7-ზე დამყნილი მცენარე მსხმოიარობა-ში შედის ადრე და იძლევა მაღალ მოსავალს. ამ საძირეზე დამყნილი მცენარე ახალგაზრდა ასაკში ხასი-ათდება მოჭიდების სუსტი უნარით და მოითხოვს სარების შედგმას. იგი ძირითადად არ მოითხოვს საყრდენ სისტემას, თუმცა რეკომენდებულია ვარჯის ფორმირება ნიადაგის ზედაპირთან უფრო ახლოს. M7 შედარებით გვალვაგამძლე საძირეა.

M26 (M16 X M9) — ნახევრადნაგალა საძირეა, ზრდის სიძლიერის მიხედვით უკავია შუალედური მდგო-მარეობა MM 106 -სა და M9 -ს შორის. სადედე ბუჩქი საშუალო სიდიდისაა, გამოსავლიანობა შედარებით დაბალია, ამიტომ ხშირად ამრავლებენ გამერქნებული კალმების ან მიკროკლონალური გამრავლების მეშვეობით.

M26 საძირეზე დამყნილი მცენარეები ერთი წლით გვიან შედიან მსხმოიარობაში ვიდრე M9, მაგრამ პროდუქტიულობა M9-ის დონეზეა. ხასიათდებიან მოჭიდების კარგი უნარით, თუმცა სამრეწველო ნარ-გაობაში მაინც უკეთებენ საყრდენ სისტემას. ძირითადად რეკომენდებულია სუსტი ზრდისა და სპურული ჯიშების (აიდარედი, რედ დელიშესის სპურები და სხვა) საძირეებად გამოყენებისათვის.

M 9 (პარადისი) ამჟამად ერთ-ერთი მთავარი საძირეა მსოფლიოში. გამოიყენება თანამედროვე ინტენ-სიური ბაღების გასაშენებლად, სადედე ბუჩქი დაბალია, განიერ-გადაშლილი, შედგება საშუალო რაო-დენობის, მსხვილი ტოტებისაგან. ამონაყრები სანერგეში კარგად იზრდება და ფესვიანდება. საძირე მიმ-ღებიანია ბურტყლა ბუგრისადმი. მისი ფესვთა სისტემა ზედაპირულია, ამიტომ მოითხოვს საყრდენი სისტემის მოწყობას. ეს საძირე ამჟამად წარმოდგენილია მრავალი ახალი სუბკლონის სახით, რომლებიც გამოირჩევიან ვირუსებისგან სიწმინდით, ზრდის განსხვავებული სიძლიერითა და უკეთესი გამრავლების უნარით.

M9 EMLA — ინგლისური უვირუსო სუბკლონია, რომელიც მიღებულია კლასიკური M9-ის ვირუსებისგან გასუფთავების შედეგად. ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოში;

M9 Pajam 1  — ფრანგული სუბკლონია. მიიჩნევა, რომ 5-10%-ით უფრო სუსტი ზრდისაა, ვიდრე M9 EMLA;  M9 Pajam 2 — ფრანგული სუბკლონია, ხასიათდება კარგი დაფესვიანების უნარით;

M9 T337 (NAKB 337) — ჰოლანდიური სუბკლონია, მიიჩნევა, რომ 10%-ით უფრო სუსტი ზრდისაა, ვიდრე M9 EMLA და ხასიათდება უკეთესი დაფესვიანების უნარით.

M27 — (M13 X M9) ყველაზე ნაგალა საძირეა. სადედე ბუჩქი დაბალი და გადაშლილია, პროდუქტიუ-ლობა დაბალია. M27 საძირეზე დამყნილი მცენარე იზრდება მცირე ზომის და მსხმოიარობაში შედის ძალიან ადრე, ნაკლებად ადაპტურია გარემო პირობებისადმი და ამიტომ სამრეწველო გამოყენება არ აქვს. გამოიყენება მხოლოდ ლანდშაფტურ მეხილეობაში კონტეინერის მცენარეების გამოსაყვანად და როგორც ინტერკალარი ჩართული მყნობისას.

ზვიად ბობოქაშვილი

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ #17

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.