დარგებიმებაღეობა

ხეხილის ვარჯის ტიპები

 ხეხილოვან მცენარეთა ვარჯის ტიპები ორ ძირითად ჯგუფად იყოფა, ბუნებრივი და ხელოვნური ვარჯები.
ბუნებრივი, ანუ შედარებით თავისუფლად მოზარდი ვარჯები, რომლებიც ყალიბდება ხის ბუნებრივი ზრდის არსებითი დარღვევის გარეშე. ბუნებრივი ტიპის ვარჯი შეიძლება იყოს ლიდერიანი (ცენტრალური გამაგრძელებლით) და ულიდერო.

ლიდერიანი ვარჯები პირველი რიგის ტოტების განლაგების მიხედვით იყოფიან იარუსიან და უიარუსო ფორმებად. იარუსიან ფორმებს პირველი რიგის ტოტები ლიდერზე განლაგებული აქვს ჯგუფურად, 2-4 ცალი. უიარუსოს კი — ერთეულად

ხელოვნური ვარჯები ფორმირდებიან განსაზღვრული სისტემით და მნიშვნელოვნად განსხვავდებიან მცენარეთა ბუნებრივი ვარჯის ფორმებისგან. სივრცეში ტოტების განლაგების მიხედვით, ხელოვნური ტიპის ვარჯები ორგვარია: ბრტყელი და მოცულობითი.

ბრტყელი ვარჯები ტოტების რაოდენობის და სივრცეში განლაგების მიხედვით იყოფა კორდონებად და პალმეტებად.

 კორდონები არის მარტივი და რთული. კორდონებს აქვს ერთი, ან ორი ჩონჩხის ტოტი, რომელიც მთელ სიგრძეზე დაფარულია შემმოსავი ტოტებით. ტოტების განლაგების მიხედვით კორდონები არის მარტივი და რთული. მარტივს მიეკუთვნება: ვერტიკალური, ტალღისებური, დახრილი, ჰორიზონტალური ერთმხრიანი. რთულს — U-ს მაგვარი, ჰორიზონტალური სამმხრიანი, Y— მაგვარი და სხვ. პალმეტები კისწორი და არასწორი.

პალმეტა ეწოდება ვარჯის ისეთ ფორმას, რომელსაც ძირითადი ტოტები განლაგებული აქვს რიგის გასწვრივ ვერტიკალურ სიბრტყეში. პალმეტი სსახით ფორმირებული ხეხილის ვარჯი შედგება ცენტრალური გამაგრძელებელის და მასზე ვერტიკალურ სიბრტყეში განლაგებული პირველი რიგის ტოტების რამდენიმე სართულისგან. ყოველი სართული ფორმირებულია ორი ერთმანეთის მოპირდაპირედ განლაგებული ტოტისგან.

 მოცულობითი ვარჯებიდან ინტენსიურ მეხილეობაში ყველაზე მეტი გამოყენება აქვს კოლონისებურ (სვეტისებური) და თითისტარისებური ვარჯის სახესხვაობებს: შპინდელბუშს, გრუსბუკს, პილარს.

შპინდელბუში (თითისტარისებური ბუში) მოცულობითი ვარჯია, რომელიც ხასიათდება ტოტების ხშირი, უსართულო განლაგებით, ტოტები ღეროდან გამოდიან ყველამიმართულებით (როგორც რიგის, ასევე რიგთა შორის) და განლაგებულნი არიან ჰორიზონტალურად.

გრუსბეკი (წერწეტა თითისტარი) — ფორმირების ეს წესი შემუშავებულია MM 9 დამყნობილი სუსტად მოზარდი ვაშლის ჯიშებისათვის და კომშზე დამყნობილი მსხლის ჯიშებისათვის. ჰექტარზე ირგვება 2,5 ათასი მცენარე. აგებულებით ძალიან წააგავს შპინდელბუშს, მაგრამ ასეთი მცენარეები უფრო სუსტები არიან. გრუსბეკის ჩონჩხი შედგება ცენტრალური ვერტიკალური ღეროსაგან, რომლის ფუძესთან რამდენიმე (უფრო ხშირად ოთხი) შუალედური ტიპის 50-70 სმ-ის სიგრძის გვერდითი განტოტვაა, მათ ზემოთ ღეროზე რადიალურად განლაგებულია უფრო მოკლე შემმოსავი ტოტები.

პილარი _ პილარისათვის დამახასიათებელია მუდმივი ტოტების უქონლობა. გასხვლის საშუალებით ყოველწლიურად ხდება სანაყოფე მერქნის განახლება.

ინტენსიური ბაღებში ნაგალა საძირეებზე დამყნობილი ხეხილის დასამაგრებლად აუცილებელია საყრდენი სისტემის მოწყობა.საყრდენი სისტემისთვის (შპალერი)გამოიყენება საყრდენი და შუალედური ბოძები, ინდივიდუალურად დასამაგრებელი ხის სარები, მავთულის დასაჭიმი ჭოჭონაქები და მავთული.

საყრდენი სისტემის საშუალო სიმაღლე შეადგენს 2,2-2,5 მეტრს. ბოძების სიმაღლე 2,80 მან 3.00 მუდრის, რომლის 50-80სმ თავსდება მიწაში. ბოძები შეიძლება დამზადებული იყოს სპეციალურად, ქიმიურად დამუშავებული ხის, გამძლე მერქნიანი ხის (რეკომენდებულია აკაცია), რკინა-ბეტონის, რკინის ანგალვანიზირებული თუნუქისგან.

საყრდენის ბოძების ჩაბეტონება ხდება ნიადაგში 60-80 სმ სიღრმეზე. საყრდენი ბოძებისა და მავთულის დამაგრებისთვის პრაქტიკაში გამოიყენება სხვადასხვა სახის ღუზა: თანამედროვე ტიპის ღუზები წარმოადგენს 15-30 სმ დიამეტრის და 50-70 სმ სიმაღლის ლითონის ჩასახრახნ ბურღს, რომელსაც ზედა მხარეს კაუჭია აქვს მოთავსებული. ღუზა ჩაიხრახნება პირდაპირ ნიადაგში, ორმოს ამოღების გარეშე, ზემოთ დარჩენილი კაუჭი კი გამოიყენება მავთულის დასაჭიმად.

 შუალედური ბოძების განლაგება ხდება 4-7 მეტრის დაშორებით. თუ ბაღი გაშენებულია 4.0X1.5 მ კვების არით, მაშინ ბოძებს შორის მანძილი 6 მეტრია, ანუ ბოძებს შორის მოთავსდება 4 მცენარე. შუალედური ბოძები შესაძლებელია იყოს უფრო ნაკლები დიამეტრის, ვიდრე საყრდენი ბოძები და მათი ჩასობა ხდება 40-50 სმ-ის სიღრმეზე. მცენარეების ინდივიდუალურად დასამაგრებლად იყენებენ ხის (შეიძლება ბამბუკიც) 1,5-2,5 მ სიმაღლის სარებს. სარები მიწაში ჩადის 25-30 სმ-ის სიღრმეზე და მაგრდება მოთუთიებულ მავთულზე.

 მავთულის რაოდენობა საყრდენ სისტემაში _ მავთულის გაბმის სიმაღლე დამოკიდებულია ფორმირების ტიპზე — პრაქტიკაში მიმართავენ 2, 3, 4-მავთულიან სისტემებს, რომლებიც შესაძლებელია განლაგებული იყოს: I მავთული — 70-80 სმ-ის სიმაღლეზე, II და III მავთული — 50-60 სმ-ის დაშორებით წინა მავთულებისგან.