დარგებიმემარცვლეობა

ხორბლის თვითუზრუნველყოფის საკითხი და მისი გადაწყვეტის გზები

მსოფლიოს სასურსათე წარმოებაში ხორბლის კულტურას პირველი ადგილი მყარად უჭირავს და პოზიციებს არ თმობს. ეს შემთხვევითობა არ არის. ხორბალი ერთადერთი კულტურაა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ადამიანის მოთხოვნილებას ორგანიზმისათვის საჭირი საკვები ელემენტებით.

ხორბალში არსებული შეუცვლელი ამინომჟავების ფართე სპექტრი უზრუნველყოფს ადამიანის, როგორც ფიზიკურ, ისე გონებრივ განვითარებას. მცენარეული ცილებით ადამიანთა დაკმაყოფილების ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო სწორედ ხორბალია. ამ მნიშვნელობის გამო მსოფლიოს მეცნიერებმა 40 ათასზე მეტი ჯიში შექმნეს, რომლებიც წარმატებით ემსახურება მსოფლიოს მოსახლეობას.

ხორბლის წარმოების სათავეში მყარად დგას შემდეგი ქვეყნები: ჩინეთი (126 მლნ. ტონა), ინდოეთი (96 მლნ. ტონა), რუსეთი (60 მლნ. ტონა), აშშ (55 მლნ. ტონა) და საფრანგეთი (39 მლნ.
ტონა).

საქართველოში ხორბლის ძირითადი მომწოდებელია რუსეთი და უკრაინა. დღევანდელი მდგომარეობა აუცილებელს ხდის განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ხორბლის თვითუზრუნველყოფის საკითხს, რომელიც მთავრობის მიერაც სწორად არის მოცემული სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაში.

ეს საკითხი განსაკუთრებულად საინტერესოა, რადგან საქართველოს დამოკიდებულება ხორბლის კულტურასთან, მსგავსად ვაზისა, სრულიად განსხვავებულია. მსოფლიომ დიდი ხანია აღიარა, რომ საქართველო ხორბლის წარმოშობის პირველადი კერაა. ხორბლის ენდემური სახეობების და აბორიგენული ჯიშების ბიომრავალფეროვნება უნიკალურია მსოფლიოში. ქართული ხორბლები ატარებენ უნიკალურ თვისებებს, რომელსაც მსოფლიოს მეცნიერები წარმატებით იყენებენ სელექციაში.

ეს უნიკალური თვისებებია:

ჩელტა ზანდური, დიკა-კარტლიკუმი და ჰექსაპლოიდური ზანდური(ჟუკოვსკი) რომელიც, ხასიათდება სოკოვანი დაავადების მიმართ ფენომენალური კომპლექსური იმუნიტეტით;

ჩელტა ზანდური გამოირჩევა მარცვალში მაღალცილიანობით და პურცხობის მაღალი ხარისხით;

ენდემური სახეობა კოლხური ასლი ხასიათდება ნაცრის სხვადასხვა რასისადმი გამძლეობით;

ხორბალი მახა ხასიათდება მცენარეზე ფოთლების დიდი მასის განვითარებით და ღეროს სიმტკიცით, კარგად იტანს ჭარბ ტენიანობას.

საქართველოს რბილი ხორბლის აბორიგენული ჯიშ-პოპულაციები გამოირჩევა ინტენსიური ტიპის ჯიშებისთვის საჭირო აუცილებელ ნიშან-თვისებების განმაპირობებელი გენებით:

1. მოკლე და მტკიცეღეროიანობა;

2. დაავადებებისადმი გამძლეობა;

3. მცენარის სწრაფად განვითარება;

4. ფერტილობის აღდგენა;

5. მომწიფებისას მარცვლის ცვენადობისადმი გამძლეობა;

6. თავთავიდან მარცვლის ადვილად გამოლეწვა;

7. მარცვალში ცილის და შეუცვლელი ამინომჟავების გადიდებული შედგენილობა;

8. მსხვილ მარცვლიანობა;

9. დაფქვისა და პურცხობის მაღალი ხარისხი;

10. გრძელთავთავიანობა;

11. მცენარის ფართოფოთლიანობა;

12. მსხვილთავთავიანობა;

13. ადრეულობა;

14. გამომცხვარი პურის ხანგრძლივად შენახვისუნარიანობა.

ქართველი ხალხის ისტორიული გამოცდილება ხორბლის წარმოებაზე ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. მოთხოვნილებაც ხორბლის პროდუქტებზე, სხვა ხალხისაგან განსხვავებით გაცილებით მაღალია. ყოველწლიური მოთხოვნილება 800 ათასი ტონაა.

სამწუხაროდ ადგილობრივი წარმოება მხოლოდ 12%-ს აკმაყოფილებს.

ხორბლის ასეთი დაბალი წარმოება გამოწვეულია, სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური პირობებით. ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კლიმატური პირობების ცვლილება. კლიმატის ცვლილებასთან ერთად ტრანსფორმაციას განიცდის სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკაც. აღნიშნული პრობლემის საპასუხოდ დღის წესრიგშია სოფლის მეურნეობის განვითარებისადმი ახლებური მიდგომა, რაც გულისხმობს დარგის გარდაქმნას იმგვარად, რომ გაიზარდოს მისი ეფექტიანად მართვისა და მდგრადი განვითარების შესაძლებლობები. ის უნდა პასუხობდეს კონკრეტულ არეალისთვის დამახასიათებელ კლიმატის ცვლილების გამოწვევებს, რეგიონულ დონეებზე. თანამედროვე ინტენსიური ტიპის ჯიშები, რომლებიც თავდაუზოგავი შრომით შექმნეს სელქციონერებმა, ხასიათდებიან მაღალმოსავლიანობით 10,5-12,5 ტ/ჰა-ზე, მაგრამ მოითხოვენ მაღალ აგროტექნიკურ მომსახურებას. ამიტომ,  მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, შესაბამისი ინტენსიური ჯიშების გავრცელება და სარწყავი სისტემებით უზრუნველყოფა.

საქართველოსათვის ხორბლის მარცვლის მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ საქსტატი ყოველწლიურად ითვლის ქვეყნის ხორბლით თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტს (საქართველოში წარმოებული ხორბლის რაოდენობის შეფარდება საქართველოშივე მოხმარებული ხორბლის რაოდენობასთან). აღნიშნული კოეფიციენტის ბოლო ათწლეულის მაქსიმალური სიდიდე დაფიქსირდა 2016 წელს და მან 19% შეადგინა, რაც მაინც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ყოველწლიური ხარჯი 240 მილიონი დოლარია.   საქართველოში ხორბლით უზრუნველყოფა სახელმწიფო გეგმის მიხედვით, 2030 წლისათვის 70%-ს უნდა მიუახლოვდეს. ამ მიზნის მისაღწევად ხორბლის კულტურის საშუალო მოსავლიანობა უნდა გაიზარდოს 3,5 ტ/ჰა-მდე.

ამის მიღწევა კი შესაძლებელია თუ არსებული მიწის რესურსებიდან წინასწარ გამოვყოფთ ხორბლის კულტურის მოსაყვანად 100 000 ჰა-ს სარწყავ ზონაში.

ეს საშუალებას მოგვცემს მივიღოთ 550-650 ათასი ტონა მოსავალი. მისი გადამუშავებით მივიღებთ 450 ათას ტონა სასურსათე მარცვალს. კახეთის და მესხეთ-ჯავახეთის ურწყავ ზონაში გამოიყოს 50 000 ჰა. საშუალო მოსავლიანობა არა ნაკლებ 3,5ტ/ჰა-ზე. სასურსათე მარცვალი იქნება 210 ათასი ტონა.

გასათვალისწინებელია, რომ ხორბლის ნაკმაზი მოგვცემს მეცხოველეობის დარგის განვითარების საშუალებას და მომავალი წლისათვის ნაკელის გამოყენებით ხორბლის მოსავლიანობა კიდევ უფრო გაიზრდება.

ხორბლის ფართობების ასეთი დაგეგმვა საშუალებას მოგვცემს (650 000ტ.)     თვითუზრუნველყოფის საკითხი წარმატებით გადავჭრათ.

სასურველი იქნება ხორბლის შესაძენად გათვალისწინებული თანხები თუ მოხმარდება თანამედროვე ტექნიკის და სარწყავი სისტემების განვითარებას.

დღეს მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობა, უკრაინის ომის გათვალისწინებით, აუცილებელს ხდის საქართველომ დაიბრუნოს ხორბლის წარმოების ტრადიცია, რაც უზრუნველყოფს სახელმწიფოს დამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას.

ცოტნე სამადაშვილი,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი