ხულო _„სამოთხის კუნძული“ ტურისტებისთვის
ხულო აჭარის მთაგორიანი რაიონი და ძალიან ლამაზი ადგილია საქართველოში. როგორც მასპინძელი, რესან ჩოგაძე მეუბნება, სტუმრები აქაურობას „სამოთხის კუნძულს“ უწოდებენ და ასეთი შეფასება გადაჭარბებული სულაც არ არის.
რესან ჩოგაძის სასტუმრო, სადაც გვმასპინძლობს, უკვე მეხუთე წელიწადია ემსახურება ტურისტებს და სტუმრებს წარუშლელ მოგონებებს უტოვებს.
სწორედ სტუმრების ემოციებმა განაპირობა საოჯახო სასტუმროს უფრო დიდ სასტუმროდ გაფართოების იდეა. ეს ადგილი ხომ, როგორც სტუმრები უწოდებენ, ნამდვილი „სამოთხის კუნძულია“, თავისი ცივი წყაროთი, უგემრიელესი ადგილობრივი პროდუქტებითა და სტუმართმოყვარე მასპინძლებით.
სასტუმრო 13 პერსონაზეა გათვლილი. აღსანიშნავი და მეტად საყურადღებოა ის რომ, როგორც ჩვენმა მასპინძელი ამბობს, აქ შემთხვევით ვიზიტორებს ვერ შეხვდებით. მოდიან მხოლოდ ისინი, ვინც უკვე იყვნენ და დატკბნენ ამ გარემოთი, ან ნაცნობებს და ახლობლებს ურჩიეს ჩამოსულიყვნენ და დაესვენათ ასეთ სამოთხეში.
ბატონ რესანს კარგად ორგანიზებული მცირე მეურნეობა აქვს და ოჯახს პროდუქტების შესაძენად ბაზარში წასვლა არ უწევს. საკუთარი ხელით მოყვანილი ეკოლოგიური პროდუქტით უმასპინძლდებიან სტუმრებს.
მეტიც, თუ სტუმარი სურვილს გამოთქვამს და დაინტერესდება, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საოჯახო ფერმერული მეურნეობის საქმიანობაში და მოვუაროთ და დაკრიფონ სასურველი პროდუქტი.
ეს პროცესი ბევრ ტურისტში განსაკუთრებულ ემოციას იწვევს, ინტერესდებიან ჩვენი შრომის მეთოდებით, გამოცდილებით, ამა თუ იმ კულტურის მოვლა მოყვანის თავისებურებებით და ყოველივე ამით უსაზღვროდ კმაყოფილები არიან. – თუ სტუმარი კმაყოფილია, ჩვენი ადათ-წესის თანახმად, მასპინძელიც კმაყოფილია, ეს კი სტიმულს გვაძლევს, უფრო ხალისით ვუმასპინძლდებით ყველას. ალბათ ესეც განაპირობებს იმას, რომ სტუმრებს სურვილი უჩნდებათ ჩვენს მიერ მოწეული ჯანსაღი პროდუქტი, მარტო აქ კი არ მიირთვან, არამედ შეიძინონ და თან წაიღონ, ახლობლებსაც გაუმასპინძლდენენ გემრიელი ხილით თუ ბაღჩეულით.
რესან ჩოგოძემ ამ საოცარი ბაღის გაშენება 1993 წლიდან დაიწყო. სად აღარ მოიძია და ჩამოიტანა ხეხილის ნარგავები. დღეს ბაღში შეხვდებით სხვადასხვა ჯიშის ვაშლის, მსხლის, ქლიავის, ატმის, ბლის, ალუბლის და სხვა ხეხილის მსხმოიარე ხეებს. მისი მეუნეობა, ბაღი, დაახლოებით, ერთ ჰექტარ მიწის ფართობზეა გაშენებული.
მეურნეობისთვის ეს დიდი ფართობი არ არის, მაგრამ, როგორც ბატონი რესანი ამბობს, ხულოს რაიონი მიწის დიდი ფართობებით განებივრებული არ არის. აქ ძირითადი ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო კულტურებია: თამბაქო, კარტოფილი, სიმინდი. თუმცა დღეს მოსახლეობა სულ უფრო ცდილობს უფრო მომგებიანი კულტურები: ლურჯი მოცვი, ჟოლო, მწვანე მოცვი, ჩენდლერის კაკალი გააშენოს და შემოსავალი გაიზარდოს.
_ დაახლოებით, 1000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ხუთი წლის წინათ ჩანდლერის კაკალი გავაშენე, რომელმაც უკვე მოსავალს მაძლევს.
ამდენივე ფართობზე მაქვს ჟოლოს პლანტაცია, რომელიც კარგ მოსავალს იძლევა _ მოგვითხრობს ბატონი რესანი და მეურნეობას გვათვალიერებინებს.
ფერმერი მეურნეობას ოჯახთან ერთად უვლის, თუმცა ჟოლოს მოსავლის აღების დროს მეზობლებიც ეხმარებიან.
წარმოებულ პროდუქტს რესანი ძირითადად ინტერნეტით ყიდის. ჯანსაღი პროდუქტის შესაძენად მყიდველი ხშირად ადგილზე მიდის და ყიდულობს.
როგორც უკვე ვთქვით: ჟოლო, ჩენდლერის კაკალი ამ რეგიონისთვის და თავად, ჩვენი მასპინძლისთვისაც, ახალი კულტურებია და ამიტომ ინტერესით აკვირდება, და ახლის ძიებაშია, შესაბამისად ეს პროცესიც დიდ შრომას და ალღოიან მიდგომას მოითხოვს.
ბატონი რესანის აზრით, დღეს საქართველოში ფერმერობა მუხლჩაუხრელ შრომას და გარჯას ნიშნავს. საჭიროა მუდმივად ახალი ინფორმაციების მოძიებას, ახალი ტექნოლოგიების ათვისებასა და გამოყენება, სხვაგვარად წარმატებას ვერ მიაღწევო, ამბობს.
თავად ჩვენი მასპინძელიც ცდილობს არ ჩამორჩეს სოფლის მეურნეობაში მიმდინარე ტენდენციებს და ის სიახლეები მეზობელ ფერმერებსაც გაუზიაროს.
ჩემი სტუმრობის დროსაც რამდენიმე შორეულმა მეზობელმაც მოაკითხა გამოცდილების გასაზიარებლად და ბატონი რესანიც უხსნიდა, რა როგორ გაეკეთებინა.
დასრულდა ჩვენთვის დაუვიწყარი სტუმრობა ბატონ რესანთან. იმედს ვიტოვებთ, რომ აქ კვლავ დავბრუნდებით, მანამდე კი ყველას ვურჩევთ ერთხელ მაინც ინახულოს ბუნების ეს სილამაზე და ის სტუმართმოყვარე გარემო, რაც ასეთ მშვენიერს ხდის იქაურობას.
თამარ ლომიძე, ხულო, 2021წ.