კიტრის მოვლა – მოყვანის ტექნოლოგია
კიტრი ერთწლიანი, ორლებნიანი სითბოს, ტენის მომთხოვნი ლიანა მცენარეა.
სამშობლო. ინდოეთის, ინდოჩინეთის და სამხრეთ ჩინეთის ტროპიკული რაიონებია.
შემცველობა. კიტრი მნიშვნელოვანი საკვები კულტურაა. ნაყოფი შეიცავს დიდი რაოდენობით წყალს (95 %-მდე), აგრეთვე კალიუმს, მაგნიუმს, რკინას, იოდს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს B1 , B2 , C, P, კაროტინს, აზოტოვან და უაზოტო ნივთიერებებს.
ჯიშები. კიტრის მრავალი ჯიშია, რომელთაგან უმეტესად გამოიყენება მოსავლიანი და დაავადებების მიმართ გამძლე ჰიბრიდები: დარიანა, სოლვერდე, სამარყანდი, ბაბუინი, სულთანი, ტერესოსი და სხვა.
ნიადაგურ-კლიმატური პირობები. კიტრისთვის აუცილებელია განათებული საკვები ელემენტებით მდიდარი ნიადაგი. საუკეთესოდ იზრდება ჰაერის 25-30°C და ნიადაგის 20-25°C ტემპერატურის პირობებში.
აგროტექნოლოგია. ნიადაგის დამუშავება. კიტრის მოსაყვანად ნიადაგს შემოდგომაზე წინამორბედი კულტურების აღების შემდეგ ან ადრე გაზაფხულზე ამზადებენ, მოხვნამდე შეაქვთ გადამწვარი ნაკელი ჰა- ზე 60- 120 ტონის რაოდენობით, სუპერფოსფატი 400 კგ ან ორმაგი სუპერფოსფატი 400 კგ, კალიუმის სულფატი 300კგ 1 ჰა-ზე, რასაც ჩახნავენ ნიადაგში. ნიადაგის სასურველი მჟავიანობა არის pH 6,5-7,0.
კიტრს აშენებენ თესლით ან წინასწარ გამოყვანილი ჩითილებით.
კიტრის თესვა უმჯობესია დახარისხებული თესლით. ამ დროს თესლს ყრიან ლიტრიან ქილაში და ასხამენ სუფრის მარილის 3-5 %-იან ხსნარს და აცდიან დაწმენდას, ზედაპირზე ამოტივტივებულ თესლს აშორებენ, ხოლო ჩაძირულს იყენებენ გარეცხვის შემდეგ დასათესად.
თესლს თესავენ კარგად შემთბარ ნიადაგში, იმ ვადებში რომ ღივები არ მოხვდეს გაზაფხულის წაყინვების ქვეშ. თესვის ძირითადი ვადაა აპრილის მეორე ნახევრიდან შუა მაისამდე. საგვიანო მოსავლის მისაღებად კიტრი ითესება უფრო გვიან პერიოდში.
ჩითილების გამოყვანის მეთოდი 10-15 დღით აჩქარებს მოსავლის მიღებას, ამისათვის ნერგების ღია გრუნტში გადარგვამდე 20-25 დღით ადრე სათბურში, ქოთნებში თესავენ კიტრის თესლს. ქოთანში რომლის დიამეტრი არის 6-7 სმ თესავენ 1 ცალ თესლს, ხოლო 10-12 სმ დიამეტრის ქოთნებში კი 2 ცალ თესლს. ჩითილებს ღია გრუნტში გადარგავენ 2-3 ფოთლის ფაზაში და რგავენ 20-40 სმ-ის დაშორებით, მწკრივთა შორის მანძილი 70-80 ან 90-100 სმ მცენარის ზრდის სიძლიერის მიხედვით.
ღია გრუნტში თესვისას, ჩათესვის სიღრმე 1,5-2-3 სმ-ია ნიადაგის სიმკვრივის მიხედვით. თესლის რაოდენობა 1 მ კვადრატზე 1 გრამია, მცენარეთა შორის მანძილი 3-5 სმ. პირველი ფოთლის გამოჩენისას მცენარეებს გამოხშირავენ და ტოვებენ 8-10 სმ-ს საადრეო ჯიშებისათვის, საგვიანოებისათვის 12-15 სმ-ს. აღსანიშნავია, რომ მდედრობითი ყვავილების წარმოქმნის დასაჩქარებლად მიმართავენ ზრდის წერტილის წაჩქმეტას მეხუთე ფოთოლს ზემოთ.
გამოხშირვის შემდეგ, მცენარეებს უტარებენ გამოკვებას მინერალური და ორგანული სასუქებით. მინერალური გამოკვებისას 10 ლ. წყალში ხსნიან 15 გრ. შარდოვანას ან 20 გრ. ამონიუმის გვარჯილას, 30 გრ. სუპერფოსფატს და 20 გრ. კალიუმის სულფატს. ხსნარის ეს რაოდენობა გათვალისწინებულია 2მ² -ზე. ორგანული სასუქით გამოკვებისას იყენებენ 1:10 წყალში გახსნილ ნაკელს ან 1:5 წუნწუხს 5 ლიტრი მ² -ზე. გამოკვების შემდეგ მცენარეებს რწყავენ სუფთა წყლით, რათა მცენარის ფოთლებიდან ჩამოირეცხოს სასუქის ნარჩენები და დაცული იქნას დამწვრობისაგან.
მეორე გამოკვებას აწარმოებენ მსხმოიარობის დაწყების წინ, მისი ამოცანაა მწვანე ნაყოფების ფორმირების გაძლიერების მიზნით მცენარეს მიაწოდონ აზოტოვანი და კალიუმიანი სასუქები. გამოკვება უნდა შეწყდეს მოკრეფამდე 30 დღით ადრე.
კიტრის ჩითილებს გადარგვის წინ რწყავენ, მთლიანად ასველებენ ჭიქას ან კასეტას. გადასარგავად არჩევენ ჯანმრთელ, კარგად განვითარებულ ძლიერ მცენარეებს. რგავენ ვერტიკალურად წინასწარ გამზადებულ ორმოებში. გადარგულ ჩითილს რწყავენ და შემდეგ აბამენ თოკით მავთულის შპალერზე. შპალერი გაჭიმულია 2 მ-ის სიმაღლეზე, ერთი ბოლო მიბმულია მავთულზე, ხოლო მეორე-მცენარეზე არამჭიდროდ ან ნიადაგში ჩასობილი ნიადაგზე. ამავდროულად დაუმუშავებელი თოკით ძლიერად დაჭიმვა, რადგან შპალერს რხევისას შეიძლება დავაზიანოთ ფესვთა სისტემა ან მცენარე ამოვგლიჯოთ მიწიდან.
მცენარეთა მოვლა მოიცავს რიგთაშორისების გაფხვიერებას, რწყვას, გამოკვებას, გამარგვლას, მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლას.
კიტრი ფხვიერ და სარეველებისაგნ სუფთა ნიადაგს მოითხოვს. აუცილებელია ხშირად ჩატარდეს რიგთაშორისების გაფხვიერება, რათა ნიადაგი მცენარეების შეკვრამდე რიგში მუდამ ფხვიერი რჩებოდეს. მულჩის სახით შუქგამტარი ცელოფნების გამოყენება აჩქარებს და ორჯერ ზრდის ნაყოფების მოსავალს. ცელოფნის ხარჯია 0,8 კგ-დან 1,6 კგ-მდე 10 მ² ფართობზე.
მორწყვა. მორწყვა აუცილებელია ჩატარდეს რეგულარულად, რათა არ დაუშვათ მცენარის ჭკნობა და ნიადაგის გამოშრობა. თბილ, მზიან დღეებში მორწყვას ახდენენ ხშირად, იმისათვის რომ გაზარდონ ჰაერის ტენიანობა, ნიადაგს რწყავენ მზეზე შემთბარი წყლის მცირე დოზებით. დაუშვებელია კიტრის მორწყვა 10°C წყლით, რადგან ამ დროს მცენარეების ავადდება ფესვის სიდამპლით.
რწყვის დრო და ნორმები დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, გვალვიან ზაფხულში რწყავენ ხშირად, წვიმიანში იშვიათად. მორწყვის ნორმა დამოკიდებულია მცენარის ასაკზე და მდგომარეობაზე. ახალგაზრდა მცენარეები ცოტა წყალს მოიხმარენ და რწყავენ ზომიერად (5-10 ლიტრი მ² ). ყვალობის ფაზაში მორწყვას წყვეტენ და ანახლებენ მსხმოიარობის დაწყებისას გაზრდილი ნორმებით (15-20 ლიტრი 1მ²). მორწყვის შემდეგ მწკრივს შორის აფხვიერებენ, რომ არ წარმოიქმნას ქერქი და შემცირდეს აორთქლება.
თუ ამინდის პირობების გამო (დროებითი აცივება) კიტრის მიწისზედა მასა არ ვითარდება, საჭიროა ჩავატაროთ გამოკვლევა ფოთლიდან, მინერალური სასუქების სუსტი კონცენტრაციის ხსნარით. ამისათვის 10 ლ. წყალში ხსნიან 5 გრ. შარდოვანს, 12 გრ. სუპერფოსფატს და 7 გრ. კალიუმის ქლორიდს. მცენარეებს ამუშავებენ ზურგის აპარატით, ხარჯვის ნორმა 0,5 ლიტრი ხსნარი 1მ² -ზე.
კიტრის მავნებელ-დაავადებანი. კიტრს მავნებლებიდან აზიანებს ორანჟერიის ფრთათეთრა, ბუგრები, თრიფსები და ტკიპები. დაავადებებიდან ჭრაქი, ნაცარი, ანთრაქნოზი, ბაქტერიოზი, ფუზარიოზი, ვერტიცილიოზი და სხვა. მათ წინაამღდეგ ბრძოლის სქემა შემდეგია.
პირველი წამლობა: ნიადაგის მორწყვა დარგვამდე პრეკიკურით 250 მლ იხსნება 100 ლიტრ წყალში. 1 მცენარეზე 300 მლ სამუშაო ხსნარი.
მეორე წამლობა: აღმოცენების შემდეგ 2-3 ნამდვილი ფოთლის ფაზაში. ამ დროს 375 გრ. ანტრიკოლი, 200 მლ. არევიკული და 10 გრ. კონფიდორ მაქსი იხსნება 100 ლ. წყალში და ხდება მცენარეე შესხურება.
მესამე წამლობა: მეორე წამლობიდან 8-10 დღის შემდეგ ტარდება. ამ დროს 375 გრ. ანტრიკოლი და 30 გრ. ბაილეტონი იხსნება 100 ლ. წყალში და ესხურება მცენარეს.
მეოთხე წამლობა: ტარდება მესამე წამლობიდან 8-10 დღეში. ამ დროს 60 გრ. მელოლი დუო, 30 გრ. ბაილეტონი და 200 მლ. პრევიკული იხსნება 100 ლ. წყალში და ესხურება მცენარეს.
მეხუთე წამლობა: ტარდება მეოთხე წამლობიდან 8 დღის შემდეგ და შეესხურება რომელიმე კონტაქტური სპილენძის შემცველი პრეპარატი.
ყოველგვარი წამლობა უნდა შეწყდეს მოსავლის აღებამდე 3-5 დღით ადრე. მოცემული სქემა ზოგადია, წამლობის ჯერადობა და პრეპარატის სახეობები შეიძლება შეიცვალოს ადგილმდებარეობისა და მავნებელ-დაავადებათა გავრცელების ინტენსიობის მიხედვით.
ნაყოფის კრეფა. კიტრის მაღალი მოსავლის მისაღებად აუცილებელია ნაყოფების ხშირი და წმინდა (გამოტოვების გარეშე) კრეფა. გადარგვიდან 35-50 დღეში მცენარეზე ფორმირდება მოსახმარად ვარგისი პირველი ნაყოფები. კიტრს იღებენ ნაყოფების მოჩქმეტით და არა მოგლეჯით მცენარისაგან. მოსავალი იკრიფება კვირაში 2-3-ჯერ დილის საათებში. მცენარეზე არ უნდა დავტოვოთ არც ერთი დეფორმირებული და დაავადებული ნაყოფები. საშუალო მოსავლიანობა 1მ²-ზე არის 8-20 კგ. ჯიშების მიხედვით.
ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილ მწვანე ნაყოფებს აწყობენ მაგარ ტარაში და სასურველია მისი მალე რეალიზაცია. კიტრის საადრეო ჯიშების სტანდარტული სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 9 სმ-ს, დანარჩენი ჯიშებისათვის არა უმეტეს 12 სმ-სა, ხოლო მათი დიამეტრი არა უმეტეს 6 სმ-სა.
წყარო: agrosc.ge