დარგებიმეფუტკრეობა

კლიმატის ცვლილების გავლენა ფუტკარზე და მის პროდუქტიულობაზე

ფუტკრისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კონკრეტული გარემო-პირობები და განსაკუთრებით, ამინდი.

კერძოდ:

  • ფუტკრები მაშინ გამოდიან საფრენად როდესაც ჩრდილში ტემპერატურა 14°C-ზე მეტია;
  • მუშაობისთვის საუკეთესო ტემპერატურა კი 20-250C;
  • 20-250C-ზე უფრო მაღალ ტემპერატურაზე ფუტკრები მუშაობას უკლებენ, რადგან სუსტდებიან და ითენთებიან;
  • 35-360C ტემპერატურაზე მთლიანად წყვეტენ მუშაობას;
  • თუ ჩრდილში 400C-ზე მეტია, ფუტკრები ვეღარ ახდენენ ბუდეში ტემპერატურის რეგულირებას, სკიდან გარეთ გამოდიან, და ჯგუფდებიან სკის წინა კედელზე ან საფრენის ქვეშ;
  • გარე ტემპერატურის შემცირებასთან ერთად ფუტკრები მჭიდროდ იყრიან თავს ჩარჩოებზე, ამით ტემპერატურის გაცემის ზედაპირს ამცირებენ, იკვებებიან მეტად, და მათ უძლიერდებათ ნივთიერებათა ცვლა, რაც წარმოქმნის სითბოს.
  • ხანგრძლივი და ძლიერი წვიმების დროს, რომელთაც თან სდევს ნისლიანი ამინდები, ნექტარი ირეცხება, იზრდება მცენარეთა მწვანე ნაწილები და ყვავილების რაოდენობა, შესაბამისად ფუტკრის საკვები, კლებულობს. აგრეთვე უნდა აღინიშნოს რომ წვიმის დროს ფუტკარი გარეთ არ გამოდის და ნაკლებს ფრინავს. წვიმებში ტენიანობა 100%-ს აღწევს და მცენარეები ნექტარს არ გამოყოფენ. როცა ჰაერში ტენიანობა მაღალია, ყვავილები წყლით იჟღინთება და ნექტარი ირეცხება.

შესაბამისად, ფუტკრის სიცოცხლეს საფრთხეს კლიმატურ პარამეტრებში მიმდინარე ცვლილებებიც უქმნის.

დღეს ბევრს საუბრობენ კლიმატის ცვლილების გამო მეთაფლე ფუტკრების რაოდენობის შემცირების ან სულაც გადაშენების საფრთხის შესახებ, თუმცა, კონკრეტულად რა ფორმით მოახდენს გავლენას კლიმატის ცვლილება/გლობალური დათბობა ფუტკარზე, ჯერ კიდევ დამატებითი კვლევის საგანია და ამ საკითხზე საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება (მეცნიერების მიერ, კვლევებით დადასტურებული ინფორმაცია). თუმცა, ამჟამად არსებულ ხელმისაწვდომ წყაროებში შემდეგ საფრთხეებს გამოყოფენ:

  • ტემპერატურის ცვლილების გამო მცენარეების ყვავილობის დროის ცვლილება – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც კლიმატის ცვლილებასთან არის დაკავშირებული. კერძოდ, საფრთხის ქვეშაა მცენარეებისა და მათი დამამტვერიანებლების (ამ შემთხვევაში ფუტკრის) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ურთიერთობის მოშლა. ამ ურთიერთობის მოშლა, კი, შეიძლება გამოიწვიოს მცენარეების მიერ ნექტრის გამოყოფის დროის/პერიოდის ცვლილებამ. დღეისათვის, უკვე არსებობს დამოუკიდებელი კვლევები, რომლებიც ადასტურებს, რომ წინა წლებთან შედარებით, მცენარეები გაცილებით ადრე იწყებენ ყვავილობას. ამ ფაქტის დასადასტურებლად, ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის (ნასა) ვებგვერდზე (Honey Bee Net) განთავსებულია მერილენდის შტატის (ამერიკის შეერთებული შტატები) მონაცემები, რომლის მიხედვით, დღეის მდგომარეობით, მცენარეები ნექტრის გამოყოფის პიკს თითქმის ერთი თვით ადრე აღწევენ, ვიდრე 1970-იან წლებში. როგორც უკვე აღინიშნა, ფუტკრებსა და მოყვავილე მცენარეებს ხანგრძლივი ევოლუციური და ერთმანეთისთვის სარგებლის მომტანი ურთიერთობა აქვთ. ფუტკრის ოჯახის გამრავლება ბუნებაში არსებულ კანონზომიერებებს ემორჩილება, კერძოდ, ფუტკარი ზამთრის ბოლოს – ადრე გაზაფხულზე იწყებს რაოდენობრივ მატებას, იმ ვარაუდით, რომ მცენარეთა ვეგეტაციის/ყვავილობის დროს მოასწროს აუცილებელი საარსებო საკვების მიღება/შექმნა. თავის მხრივ, ეს, მაქსიმალურად უწყობს ხელს მცენარეთა დამტვერიანებას. როდესაც მცენარეთა ყვავილობის და ფუტკრის ოჯახის გამრავლების პერიოდი დროში ერთმანეთს არ ემთხვევა, ეს დიდ ზიანს აყენებს ფუტკარსაც და მცენარეებსაც. კერძოდ, არასაკმარისმა საკვებმა შესაძლებელია გამოიწვიოს ფუტკრის სიკვდილი, ამასთან, იქმნება საფრთხე, რომ ვერ მოხდეს მცენარეების შესაბამისად დამტვერიანება. როგორც უკვე აღინიშნა, დეტალურ კვლევას საჭიროებს საკითხი, თუ რა გავლენას მოახდენს ფუტკრისა და მცენარეების კომპლექსური ურთიერთობის მოშლა სოფლის მეურნეობასა და მთლიანად ეკოსისტემაზე. გარდა ზემოაღნიშნულისა, მცენარეებისა და ფუტკრების ურთიერთობის მოშლამ შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ფუტკრის გამრავლებაზე, ისევე როგორც, ფუტკრის ზოგად ჯანმრთელობაზე, თაფლის და ფუტკრის მიერ წარმოებული სხვა (ზემოთ ჩამოთვლილი) პროდუქტის მოსავალიანობაზე და ხარისხზე, პარაზიტებისა და სხვა დაავადებების მიმართ ნაკლებად გამძლე/ბრძოლისუნარიანი გახადოს იგი.

დღის განმავლობაში სწრაფად ცვალებადი და არაპროგნოზირებადი ამინდი და ამით გამოწვეული არასაკმარისი საკვები ფუტკრის გამრავლების პერიოდში, ხელს უწყობს სკაში ფუტკრის დიდი ჯგუფის დაგროვებას, რაც სასურველი არაა. მცენარის მიერ ნექტრის გამოყოფისათვის აუცილებელია შესაბამისი კლიმატური პირობები, წინააღმდეგ შემთხვევაში – მცენარის მიერ ნექტრის გამოყოფა მცირდება ან საერთოდ წყდება. მაგალითად, ნებისმიერი ტიპის ქარი – თბილი, გრილი, ნელი – ცუდად მოქმედებს მცენარის მიერ ნექტრის გამოყოფაზე. ძლიერი ქარის დროს მცენარეთა სანექტრეები იკუმშებიან და ნექტრის გამოყოფას წყვეტენ. სიცხისა და ქარის გავლენით ნექტრიანობა ძალზე მერყეობს. ზედმეტი სიცხეები და გვალვები აშრობენ ნექტარს. სიცხეში მცენარეებიდან ნექტარი მაშინ გამოიყოფა, როცა ჰაერი ტენიანია. თავის მხრივ, სკაში ფუტკრის გადაჭარბებული რაოდენობით დაგროვება ხდება მაშინ, როდესაც არ მოიპოვება მოყვავილე მცენარეების საკმარისი ოდენობა ფუტკრის ახალი თაობის/ოჯახების გამოსაკვებად, ამან, კი, შეიძლება გამოიწვიოს ფუტკრის ოჯახის სიკვდილი ან შემცირდეს ფუტკრის პროდუქტიულობა (ფერმერმა ვერ მიიღოს საკმარისი რაოდენობის თაფლი ან ფუტკრის სხვა პროდუქტი). ამ ყველაფერმა შესაძლოა იმოქმედოს ფერმერის მოტივაციაზე და მან სრულყოფილად აღარ მოუაროს ფუტკარს. თავის მხრივ, ფერმერის მოტივაციის კლებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ფუტკრის რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება ან გადაშენებაც კი.

დაავადებები მეთაფლე ფუტკრები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ვაროას ტკიპის და ნოზემა ცერანას (Nosema Ceranae) მიმართ. ნოზემა ცერანა, მეცნიერებმა, პირველად, 1990-იან წლებში, აზიურ მეთაფლე ფუტკარში აღმოაჩინეს. შემდგომში გავრცელდა იგი ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატში. ნოზემა ცერანა იწვევს ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას და ფუტკრის ოჯახის დაშლას. კვლევებმა აჩვენა, რომ დაბალი ტემპერატურა, ისევე როგორც სხვა დაავადებათა გადამტანების შემთხვევაში, ნოზემას შემთხვევაშიც, ხელს უშლის პარაზიტის გავრცელებას, შესაბამისად, ტემპერატურის მატება, განსაკუთრებით ცივ პერიოდებში და ღამის საათებში, რაც კარგად იკვეთება კლიმატის ცვლილების პირობებში, გამოიწვევს ფუტკრების ნოზემა ცერანათი (ნოზემატოზით) დაავადების  გაძლიერებას და ფუტკრის დასუსტებას.

წყარო: კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადი, დაბალემისიებიანი (კლიმატგონივრული) სოფლის მეურნეობა