კლიმატური კრიზისი და სასურსათო უსაფრთხოება
კლიმატური ცვლილებები დღეს მხოლოდ გარემოსდაცვითი გამოწვევა აღარ არის, არამედ უკვე გლობალური სასურსათო უსაფრთხოების მთავარი საფრთხეა.
მოსავლიანობის შემცირება, ბუნებრივი კატასტროფები და რესურსების დეგრადაცია მოითხოვს მიდგომების რადიკალურ ცვლილებას.
ქვემოთ მოცემულ მასალაში განხილულია კლიმატური კრიზისის გავლენა სოფლის მეურნეობაზე და გამოსავალი, რომელსაც „კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა“ გვთავაზობს.
კლიმატური კრიზისი გლობალური სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გამოწვევაა. ტემპერატურის მატება, ნალექების არაპროგნოზირებადი რეჟიმი, გახანგრძლივებული გვალვები, წყალდიდობები, სიცხის ტალღები და ახალი ტიპის მავნებლები ამცირებენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობას და კვების სისტემებს უკიდურესად აზარალებს.
სასურსათო უსაფრთხოება ოთხ საყრდენზეა დაფუძნებული: კვების პროდუქტების წარმოებაზე, ხელმისაწვდომობზეა, ფასების სტაბილურობასა და სურსათის ხარისხზე.
კლიმატური ცვლილება საფრთხეს უქმნის თითოეულ მათგანს, რადგან არღვევს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ციკლს, მეცხოველეობის სისტემებს, თევზრეწვას, სასურსათო პროდუქციის მიწოდების ჯაჭვს და აგრარულ სფეროზე დამოკიდებული მოსახლეობის საარსებო წყაროებს.
კლიმატური საფრთხეები
- გვალვა _ წყლის დეფიციტი და ნიადაგის გამოშრობა.
- წყალდიდობა _ მოსავლის განადგურება და მიწის ეროზია.
- სითბური ტალღები _ მცენარეთა სტრესი და პროდუქტიულობის კლება.
- არაპროგნოზირებადი ნალექები _ სათესლე და მოსავლის აღების ვადების დარღვევა.
- მავნებლები და დაავადებები _ ახალი პათოგენების გავრცელება შეცვლილი ტემპერატურული რეჟიმის გამო.
- მიწის დეგრადაცია _ ნიადაგის ნაყოფიერების დაკარგვა.
გადაჭრის გზები
„კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა“ (Climate-Smart Agriculture) გვთავაზობს გზას სასურსათო უსაფრთხოების დასაცავად. ეს სისტემა მოიცავს:
- წყლის ეფექტიანი მართვა _ წვეთოვანი რწყვა და წყლის დაზოგვის ტექნოლოგიები;
- ნიადაგის კონსერვაცია _ ნიადაგის ჯანსაღი სტრუქტურის აღდგენა და მულჩირება;
- კლიმატგამძლე კულტურები _ გვალვა- და სიცხეგამძლე ჯიშების სელექცია;
- ადრეული გაფრთხილების სისტემები _ მეტეოროლოგიური პროგნოზების გამოყენება რისკების შესამცირებლად;
- მიწის მდგრადი მართვა _ ეკოსისტემებზე დაფუძნებული მეურნეობის წარმოება.
ყოველ გვალვას, წყალდიდობასა და სითბური ტალღას უშუალო გავლენა აქვს ფერმერის შესაძლებლობაზე, აწარმოოს საკმარისი, უსაფრთხო და ხარისხიანი საკვები.
კლიმატგონივრული აგრარული წარმოების პრაქტიკების დანერგვა და მედეგი სასოფლო-სამეურნეო სისტემების შექმნა აუცილებელია არა მხოლოდ მოსავლის დასაცავად, არამედ სოფლის მეურნეობით დაკავებული პირების საარსებო პირობების გასაუმჯობესებლად, დღევანდელი და მომავალი თაობების სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

