აგროსიახლეები

კოღო, ჭიანჭველა, ტარაკანი – დაუპატიჟებელ სტუმრებთან ბრძოლის ხალხური მეთოდები

თუ მწერებთან ბრძოლის ქიმიურ საშუალებებს კარგად გამოცდილიხალხური მეთოდები გირჩევნიათ, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ.
კოღო

როგორ დავიცვათ საკუთარი თავი და ოჯახის წევრები კოღოს ნაკბენისგან?

სხვათა შორის, მხოლოდ დედალი კოღო იკბინება და ამასთანავე, სისხლის თხევადი მდგომარეობის შესანარჩუნებლად, ადამიანის ორგანიზმში უშვებს ანტიკოაგულარულ ნივთიერებას, რომელიც სიწითლეს, ქავილსა და ზოგჯერ ალერგიულ რეაქციას იწვევს.

კოღოებს თბილ და ნესტიან ადგილებში უყვართ ყოფნა, მაგრამ, როცა ჰაერის ტემპერატურა +28 გრადუსს სცილდება, პაწაწინა ვამპირები დიდი რაოდენობით სითხეს კარგავენ და ნაკლებად აგრესიულები ხდებიან. კოღოები განსაკუთრებით ეტანებიან ბავშვებს (თხელი კანის გამო) და გაოფლიანებულ ადამიანებს. ერიდებიან მზის სხივებს და განსაკუთრებით აგრესიულები ხდებიან წვიმის წინ და მზის ჩასვლის შემდეგ.

კოღოების შემოტევის შემაკავებელ ნატურალურ და ეფექტურ საშუალებებად მიიჩნევა:

ლიმონის, ლავანდის, პიტნის, მიხაკ-დარიჩინისა და ევკალიპტის ზეთები. 

ასევე, კედრის ხის ზეთი, რომელიც არა მხოლოდ კოღოებთან, არამედ ბუზებისა და ტარაკნების წინააღმდეგ ბრძოლაშიც დაგეხმარებათ.

ამ მცენარეების ზეთი შეგიძლიათ სურნელის გამავრცელებელ სპეციალურ ლამპებში დაამატოთ. დაიმუშაოთ სხეულის ღია ადგილები. რამდენიმე წვეთი დააწვეთოთ ღია ცეცხლზე ან გახურებულ ტაფაზე. ეფექტურია, ამ ზეთებით ფანჯრის ჩარჩოს დამუშავებაც.

მწერებს აფრთხობს ვალერიანის, რეჰანის, ანისულისა და ევკალიპტის სუნი.

ასევე, ღვიის, ფიჭვის ან ნაძვის გირჩები და ქაფურის სპირტი.

ოთახში გამხმარი გვირილას კონებს თუ მოაწყობთ, კოღოების არსებობის შესახებ დიდი ხნით დაივიწყებთ.

5 გრამ მიხაკს დაასხით 1 ჭიქა წყალი და 15 წუთი ადუღეთ. ამ ნაყენის 10 წვეთი ნებისმიერ ოდეკოლონში შეურიეთ და კოღოების შემოსევის დროს სხეულის ღია ნაწილები გაიწმინდეთ.

ეფექტურია, ჩვეულებრივი სახის ან ტანის მალამოში ცოტაოდენი ლიმონის ბალზამის, პიტნის ზეთისა და დაფქული მიხაკის დამატება. მალამო სხეულის ღია ადგილებზე წაისვით, ნაზავის რამდენიმე წვეთი კი სასთუმალთან დააპკურეთ. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ მიხაკი მატონიზებელი საშუალებაა და ზედმეტი არ მოგივიდეთ.

ძალიან ეფექტურია ფენოლმჟავა. ცოტაოდენ ფენოლმჟავას ღამით, ლოგინის გარშემო თუ მოაპკურებთ და ძალიან სუსტი ხსნარით ხელებს გაიწმენდთ, მწერები აღარ შეგაწუხებენ.

კოღოებისგან დაკბენილ ადგილებზე ხახვის, ალოეს, ოხრახუშის ან მრავალძარღვას წვენის წასმა შეწითლებულ ადგილებს დააცხრობს.

ჭიანჭველები

კოღოებზე ნაკლებ პრობლემას არც სახლში ჩასახლებულიპაწაწინა ჭიანჭველები ქმნიან, რადგან ჯგუფებად მოსიარულე მწერებმა საკვების ძიებაში შეიძლება მთელი სახლი მოიცვან. არცთუ იშვიათად, ჭიანჭველები საშიში ინფექციების გადამტანებად და ალერგიული რეაქციების გამომწვევებად გვევლინებიან. როგორ დაუჯერებლადაც არ უნდა გეჩვენოთ, ჭიანჭველების გუნდებს შეუძლიათ, სახლის საძირკველი დააზიანონ. ჭიანჭველების თავშეყრის ადგილას შეიძლება დადგათ საგანგებოდ მათთვის მომზადებული „ხაფანგი“ -მცირე ზომის ქილაში ჩაასხით შაქრის სიროფი, დაუმატეთ ცოტაოდენი მურაბა და თაფლი და ნახავთ, რომ რამდენიმე დღეში ქილა ჭიანჭველებით აივსება. ჭიანჭველების ხაფანგად შეგიძლიათ, გამოიყენოთ სპეციალური წებოვანი ლენტებიც, რომლებზეც ცოტაოდენ მურაბას დააწვეთებთ.

ჭიანჭველასთან ბრძოლის ძირითად საშუალებად მაინც ბორის მჟავასგან დამზადებული სატყუარები მიიჩნევა. აურიეთ თანაბარი რაოდენობის შაქარი (შეგიძლიათ თაფლით ან მურაბით ჩაანაცვლოთ) და ბორის მჟავა. მიღებული ნაზავი მცირე ულუფებად დაასხით ძველი ქილის თავსახურებზე ან პატარა თეფშებზე. სატყუარები დადგით ჭიანჭველების თავშეყრის ადგილებში და შედეგს დაელოდეთ.

სატყუარას მომზადება მეორე მეთოდითაც შეიძლება: მაგრად მოხარშული კვერცხის გული და მოხარშული კარტოფილი აზილეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი შაქარი და ამდენივე ბორის მჟავა. მიღებული მასისგან გააკეთეთ პატარა ბურთულები და ჭიანჭველების თავშეყრის ადგილებში მოაწყვეთ.

ტარაკანა

სახლის კიდევ ერთიდაუპატიჟებელი დაგანსაკუთრებულად არასასურველი სტუმარია ანტისანიტარიის სიმბოლო ტარაკანი.

ტარაკანთან ბრძოლა მისი სახლში გამოჩენის მიზეზების დადგენით უნდა დაიწყოთ. მავნებლების გამოჩენის მიზეზი შეიძლება იყოს ცუდი სანიტარიული მდგომარეობა, ხვრელები იატაკსა და კედლებში, საკვების არაჰერმეტულად შენახვა, მწვეთავი და გაფუჭებული წყლის ონკანი და მეზობლების სახლიდან განხორციელებული მიგრაცია.
ამ აბეზარ სტუმარს ძალიან უყვარს შოკოლადის და ვანილის სუნი, ამიტომ წებოვან ლენტზე თუ ცოტაოდენ გახეხილ შოკოლადს ან ვანილს მოაყრით, მსუნაგი მწერი მახეში გაებმება. ასეთ „ხაფანგებს“ თუ იმ ადგილებში დააგებთ, საიდანაც მეზობლის ტარაკნები მოემართებიან, ეფექტი გაცილებით დიდი იქნება.
ჭიანჭველების მსგავსად, ბორის მჟავა ტარაკნებთან ბრძოლის ეფექტური მეთოდია:

მოხარშული კარტოფილი, მოხარშული კვერცხის გული და ბორის მჟავა აიღეთ თანაბარი რაოდენობით (მჟავა ტარაკნებისთვის ძლიერი საწამლავია, კვერცხის გული საწამლავის სუნს ახშობს, ხოლო კარტოფილი მასას ერთგვაროვანს ხდის). ამ ნაზავისგან გააკეთეთ პატარა ბურთულები და დააწყვეთ ტარაკნების დისლოკაციის ადგილას. ერთი თვის განმავლობაში თქვენი და მავნებლების მეზობლობა დასრულდება.

არსებობს ტარაკნების განადგურების უფრო სწრაფი მეთოდიც:

1 ჭიქა ცხელ წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი ბორის მჟავა. მიღებულ სითხეში დაასველეთ პურის ნატეხები და მავნებლების საყვარელ ადგილებზე დაალაგეთ.
საკმაოდ ეფექტურია თანაბარი რაოდენობით პურის ფქვილისა და თაბაშირის ნაზავიც. 

ყველა ზემოჩამოთვლილი მეთოდის გამოყენებისას აუცილებელია, ტარაკნებს მოუსპოთ წყალთან კონტაქტის საშუალება. ასე ისინი გაცილებით სწრაფად და მასიურად დაიხოცებიან.

გახსოვდეთ, რომ, თუ მრავალსართულიან სახლში ცხოვრობთ, ტარაკნებს მეზობლებთან ერთად, კოლექტიურად უნდა ებრძოლოთ, რადგან თქვენგან გაძევებული მავნებლები თქვენს მეზობელთან გადაინაცვლებენ და პირიქით.

წყარო: funtime.ge