კომპოსტის მომზადება და გამოყენება
კომპოსტირება წარმოადგენს ბიოქიმიურ პროცესს, რომლის საშუალებითაც ორგანული ნარჩენები გარდაიქმნებიან ჰუმუსის მსგავს პროდუქტად, რომელიც გამოიყენება ნიადაგის ნაყოფიერების გასაუმჯობესებლად. კომპოსტი ორგანული ნაერთია, რომელიც მიკრობული დაშლის შედეგად მიიღება და წარმოადგენს მაღალი ხარისხის ბიოლოგიურ სასუქს. კომპოსტი შეიძლება დამზადდეს ინდივიდუალურად სახლებში, საოჯახო, საბაღე და ფერმერულ მეურნეობებში.
კომპოსტის მოსამზადებლად გამოიყენება: ნაკელი (საქონლის, ღორის, ქათმის, ცხენის), ჩალა (დაქუცმაცებული 10-15 სმ ზომაზე), ნამჯა, თივა და მწვანე ბალახი (თესლის გარეშე), ხის ნაფოტი, წვრილად დაჭრილი ტოტები, ვაზის ან ხეხილის ნასხლავი (დაუავადებელი), ფოთლები, სამზარეულოს მცენარეული ნარჩენები, ლობიოს ან სხვა პარკოსნის ფუჩეჩი, კვერცხის ნაჭუჭი, ნაცარი (მცირე რაოდენობით, მაქსიმუმ საერთო მოცულობის 3%), ყველა სახის მწვანე მასა, გარდა შხამიანი და ეკლიანი მცენარეებისა. კომპოსტის მასალის შეგროვებისას მნიშვნელოვანია მშრალი (მაგ. ჩალა, ნამჯა, ხმელი თივა, ნაფოტი, ხმელი ტოტები და ა.შ.) და ნედლი მასალის (ნებისმიერ სახის მწვანე მასა, სამზარეულოს მცენარეული ნარჩენები, ნაკელი და ა.შ.) თანაფარდობის დაცვა.
გახსოვდეთ!
კომპოსტირებაში არ შეიძლება გამოვიყენოთ:
✔ დაავადებული ან მავნებლებით ძლიერ დაზიანებული მცენარეები.
✔ სოკოვანი დაავადებებით დასნებოვნებული მცენარეები.
✔ შხამიანი მცენარეები (ლენცოფა, კონიო, აბუსალათინი, ლემა). მათ შეუძლიათ გაანადგურონ ნიადაგში მცხოვრები სასარგებლო მიკროორგანიზმები.
✔ მცენარეები, რომელთა დაშლის პროცესი ხანგრძლივად მიმდინარეობს.
✔ მცენარეები, რომელთაც ახასიათებთ დიდი მჟავიანობა (ფიჭვის წიწვი).
✔ კატისა და ძაღლის ექსკრემენტები (შესაძლებელია პათოლოგიურ მიკროორგანიზმებს შეიცავდეს, ხოლო ეს უკანასკნელნი ყოველთვის არ კვდებიან კომპოსტირების გროვის გახრწნის დროს).
✔ დაავადებული ცხოველის ნაკელი ან სხვა ორგანული ნარჩენი.
✔ მეტალი, პლასტმასი, შუშა, ხის დიდი ნაჭრები, დიდი რაოდენობით ქაღალდი.
1 წილ მშრალ მასაზე უნდა მოდიოდეს 3 წილი ნედლი მასა (მოცულობის მიხედვით). შესაძლებელია 1:4-თან შეფარდებაც.
კომპოსტის გროვა არ უნდა იყოს ძალიან პატარა – მისი სასურველია მოცულობა მინიმუმ 1 მ³ გახლავთ, ხოლო გროვის სიმაღლე – 1.5 მეტრამდე, გროვის სიგრძე შეუზღუდავად. გროვის მოწყობა შესაძლებელია როგორც ხით შეკრული დასაშლელი ყუთის საშუალებით, ისე უბრალო გროვის სახითაც.
კომპოსტირების პროცესის ნორმალური წარმართვისთვის აუცილებელია ტენი და ჟანგბადი, რომლის უზრუნველსაყოფადაც საჭიროა ტენიანობის მუდმივი შემოწმება ე.წ. „მუჭის ტესტით“ (გროვის შუაგულიდან იღებენ საკომპოსტე მასას და კრავენ მუჭს, თუ თითებს შორის წვეთები გამოვა ე.ი. ჭარბი ტენი აქვს და საჭიროა მშრალი მასის დამატება და გადაბრუნება/არევა; თუ მასალა მშრალია და მუშტის გაშლისას ადვილად იშლება, მაშინ საჭიროა წყლის დამატება). კომპოსტის გროვის მოწყობისას საჭიროა ჩანიშნულ იქნას თარიღი და პირველი სამი კვირის განმავლობაში მოხდეს გროვის გადარევა ნიჩბით. ამის შემდგომ აღნიშნული პროცედურა უნდა განმორდეს ყოველ ორ კვირაში ერთხელ. საშუალოდ, კომპოსტის დასამზადებლად 3-4 თვეა საჭირო, თუმცა კომპოსტირების დრო დამოკიდებულია კომპოსტირების პროცედურების სწორ დაცვაზე.
ასევე, გასათვალისწინებელია წელიწადის დრო, როდესაც ხდება კომპოსტირების დაწყება. რაც უფო დაბალი იქნება ჰაერის ტემპერატურა, მით უფრო ხანგრძლივდება კომპოსტირების პროცესი, ამიტომ სასურველია კომპოსტირება გაზაფხულზე ან ზაფხულში დაიწყოს, რათა აცივებამდე კომპოსტი მზად იყოს ნაკვეთში შესატანად.
კომპოსტის გამოყენება
კომპოსტი გამოიყენება როგორც ნიადაგის ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური თვისებების გასაუმჯობესებლად, ასევე საკვები ნივთიერებებით გამდიდრებისთვის. კომპოსტი ასევე ზრდის ქვიშნარი ნიადაგების ტენტევადობას, აუმჯობესებს თიხნარი ნიადაგების დრენაჟს და აერაციის უნარს.
ხანგრძლივი დროის მანძილზე ნიადაგის კომპოსტით განოყიერება ამარტივებს მის დამუშავებას (მოხვნა, გამარგვლა, გათოხვნა). ნიადაგის ფიზიკური და ქიმიური თვისებების გაუმჯობესების მიზნით 15-20 სმ სისქის გაფხვიერებულ ნიადაგის ფენას სასურველია დაემატოს 2,5-5 სმ სისქის კომპოსტის ფენა.
კომპოსტი შესაძლებელია გამოვიყენოთ როგორც საყვავილე მიწის გამდიდრების და გაუმჯობესების საშუალება. ამ შემთხვევაში საყვავილე მიწას უნდა შეერიოს ერთი მესამედი კომპოსტი.