აგრარული განათლებადარგებიმედია ფერმერებისთვის TVმევენახეობა-მეღვინეობა

ვენახში ნიადაგის განოყიერება და სხვადასხვა ხნის ვაზის გამოკვება

ვენახის განოყიერების სისტემა შედგება დარგვამდე, რგვის დროს, ახალგაზრდა და მსხმოიარე ვენახის განოყიერებისაგან.
ვენახში შესატანი საკვები ელემენტების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური და ფოთლის ანალიზის შედეგების მიხედვით.

ფოთლებში საკვები ელემენტების ოპტიმალური შემცველობებია:

  • აზოტი N-1,9-2,6%/მშრალ ნივთიერებაზე;
  • ფოსფორი P-0,16-0,25%/მშრალ ნივთიერებაზე;
  • კალიუმი K- 1,0-1,5%/მშრალ ნივთიერებაზე;
  • მაგნიუმი Mგ-0,22-0,42%/მშრალ ნივთიერებაზე;
  • კალციუმი ჩა-1,6-2,6%/მშრალ ნივთიერებაზე.

 დარგვამდე განოყიერება

დარგვამდე განოყიერებისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ მსხმოიარე ვაზის ფესვთა სისტემის ძირითადი ნაწილი განთავსებულია ნიადაგის 20-60 სმ ფენაში. შესაბამისად, ნიადაგის ნაყოფიერების უზრუნველსაყოფად საჭიროა მისი ორგანული (ნაკელი და სხვა) და მინერალური (ფოსფორ-კალიუმიან) სასუქებით უზრუნველყოფა.

მძიმე მექანიკური შედგენილობის ნიადაგებზე რეკომენდირებულია პლანტაჟის წინ შეტანილი იქნეს 60-80 ტ ნაკელი, მსუბუქ ნიადაგებზე 90-120 ტ. შავმიწებზე 40 ტ. დანარჩენი ტიპის ნიადაგებზე 60ტ ნაკელი. ნაკელის და ზოგადად, ორგანული სასუქების ჩასანაცვლებლად იყენებენ სიდერატებს, რომელთა ჩახვნას აწარმოებენ პლანტაჟამდე ერთი წლით ადრე, ხოლო ფოსფორისა და კალიუმის შემცველი მინერალური სასუქების შეტანა ხდება პლანტაჟის დროს. ამ სასუქების შეტანის საორიენტაციო რაოდენობაა: P100-150 კგ/ ჰა. თუმცა უკეთესია პლანტაჟის წინ ამ ნორმის ორ – სამჯერ გადიდება – 250-300 კგ/ ჰა (მოქმედი ნივთიერება), რათა, როგორც ზემოთ არის აღნიშნული, ვაზის ფესვთა სისტემის განვითარების ზონა თავიდანვე უზრუნველყოფილი იქნას საკვები ელემენტების მარაგით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

ახალგაზრდა ვენახის განოყიერება

პლანტაჟისა და რგვის დროს თუ ნიადაგში შეტანილია მინერალური და ორგანული სასუქები, ახალგაზრდა ვაზი განოყიერებას აღარ საჭიროებს. მხოლოდ მესამე – მეოთხე წლიდან იწყება 30- 40 კგ/ჰა(მ.ნ.) აზოტიანი სასუქის გამოყენება.

თუ პლანტაჟის ან დარგვის დროს ორგანული და მინერალური სასუქები არ იქნა შეტანილი, მაშინ ნიადაგში საკვები ელემენტებით ძალზე დაბალი უზრუნველყოფის შემთხვევაში შეიტანება (მ.Nნ.) 60-80კგ/ჰა აზოტის, ფოსფორის და კალიუმის შემცველი სასუქები. დაბალი უზრუნველყოფის შემთხვევაში 40-60 კგ/ჰა, საშუალო უზრუნველყოფისას 30-40 კგ. ძალზე მაღალი უზრუნველყოფის შემთხვევაში სასუქი საერთოდ არ შეაქვთ.

მსხმოიარე ვენახის განოყიერება

მსხმოიარე ვენახში სასუქების ნორმები დაზუსტებული უნდა იქნეს ნიადაგის აგროქიმიური მაჩვენებლების, ტენით უზრუნველყოფის, მცენარის მდგომარეობის, ფოთლებში საკვები ელემენტების შემცველობის, წინა წლის მოსავლის დონის და ხარისხის მიხედვით.

თუ პლანტაჟის დროს შეტანილია ნაკელი, ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქები, მსხმოიარობის დასაწყისში რეგულარულად შეაქვთ მხოლოდ აზოტიანი სასუქები. საორიენტაციო-საშუალო დოზები მსხმოიარე ვენახში, 1 ჰექტარზე, მოქმედ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით შეადგენს: 40-50 ტ ორგანული, 90-180 კგ აზოტიანი, 90-120 კგ ფოსფორიანი და 60-120 კგ კალიუმიანი სასუქი.

ორგანული სასუქების შეტანის პერიოდულობას ადგენენ ნიადაგში ჰუმუსის შემცველობის მიხედვით: დაბალი უზრუნველყოფისას 2-3 წლის შემდეგ, საშუალო – 3-4, მაღალი 4-5 და ძალიან მაღალი უზრუნველყოფისას 5 წლის შემდეგ. ორგანული სასუქებიდან შეაქვთ ნაკელი, ბიოჰუმუსი, ტორფკომპოსტები, შერეული კომპოსტები, ჭაჭა და სხვა ანარჩენები. აზოტიანი სასუქებიდან ვენახის გასანოყიერებლად გამოიყენება ამონიაკური, ამონიაკურნიტრატული და ამიდური ფორმის სასუქები, ფოსფორიანი სასუქებიდან – წყალში ხსნადი ერთჩანაცვლებული ფოსფატები, კალიუმიანი სასუქებიდან – კონცენტრირებული კალიუმიანი სასუქები. ეფექტურია კომბინირებული (NPK) სასუქების გამოყენება.

 ორგანული და ფოსფორ-კალიუმიანი სასუქების ვაზის კულტურის ქვეშ შეაქვთ შემოდგომაზე გადახვნის (გადაბარვის) წინ 18-22სმ სიღრმეზე. უფრო ეფექტურია მათი სამ წელიწადში ერთხელ შეტანა 40-60სმ სიღრმეზე. ნაკელი, როგორც წესი, შეტანილ უნდა იქნას შემოდგომით. იმისათვის, რომ რაც შეიძლება ნაკლებად დაზიანდეს ვაზის ფესვთა სისტემა, სასუქების შეტანა და ნიადაგში ჩაკეთება უმჯობესია მოვახდინოთ მწკრივის გამოტოვებით. აზოტიანი სასუქების 2/3 ნაწილი ნიადაგში შეგვაქვს ადრე გაზაფხულზე, წვენთა მოძრაობის დაწყების წინ, 1/3 ნაწილი კი დამატებითი გამოკვების სახით ყვავილობის წინ ან დამთავრების შემდეგ. წილადობრივი შეტანით მცირდება აზოტის ჩარეცხვითი და აქროლებადი დანაკარგები, იზრდება მისი გამოყენების კოეფიციენტი.

მიკროელემენტების დეფიციტის შემთხვევაში ვენახში აუცილებლად უნდა იქნეს შეტანილი მიკროსასუქები.

მიკროსასუქებიდან გამოიყენება ბორის მჟავა, თუთიის სულფატი, მოლიბდენმჟავა ამონიუმი, მანგანუმის შლამი და სპილენძის სულფატი. თუ ვაზს რამდენიმე მიკროელემენტი აკლია, უმჯობესია მათი ერთთდროულად შესხურება. დანახარჯების შემცირების მიზნით, უმჯობესია მიკროსასუქების ხსნარების შესხურება ბორდოს ხსნართან ან სხვა ისეთი პრეპარატების ხსნარებთან ერთად, რომლებიც მიკროელემენტებს უხსნად ფორმაში არ გადაიყვანენ.

 მევენახეობაში ხშირად უფრო ეფექტურია მაკრო და მიკრო ელემენტების შემცველი ხსნარებით ფესვგარეშე გამოკვების ჩატარება. ამ მიზნით იყენებენ ბორის, თუთიის, მანგანუმის, სპილენძის და სხვა ელემენტების შემცველი ნივთიერებების სხვადასხვა კონცენტრაციის ხსნარებს. პირველ შესხურებას აწარმოებენ ყვავილობის წინ და შემდგომში საჭიროების და მიხედვით რამდენჯერმე იმეორებენ.

„ვაზის წარმოების ტექნოლოგია“