ანასეულში კონფერენცია „ქართული ჩაი“
ანასეულში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტში კონფერენცია „ქართული ჩაი“ გაიმართა.
კონფერენცია საქართველოში მაღალი ხარისხისა და კატეგორიის ჩაის წარმოების პოტენციალს, სექტორის მდგრადი განვითარების შესაძლებლობებს შეეხო.
ღონისძიებაზე დარგში არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე, ასევე დარგის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ესწრებოდა.
„ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა – „ქართული ჩაი“ ხორციელდება 2016 წლიდან, რომლის მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება და ადგილობრივი ჩაის წარმოების ზრდის ხელშეწყობა. საქართველოში სექტორის წარმოების განვითარების მიზნით, დაგეგმილია ახალი ხელშემწყობი მექანიზმების დანერგვა, რაც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე მაღალხარისხიანი და პრემიუმ კლასის ჩაის წარმოებაზეა ორიენტირებული“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.
კონფერენცია სააქციო საზოგადოება „ქართული ჩაის“ ორგანიზებით გაიმართა და მისი დაარსებიდან 150 წლის იუბილეს მიეძღვნა.
კონფერენციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ჩაის კერძო სექტორის წარმომადგენლები და ასოციაციის წევრები ესწრებოდნენ.