ოჯახური მეღვინეობა აჭარაში, საოჯახო ვენახიდან საკუთარ მარანამდე – ChkhaValley-ის ისტორია
აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეში, მაკა თედორაძე და მისი მეუღლე დავით ბიბინეიშვილი მცირე ოჯახურ მეღვინეობას – ChkhaValley Winery-ს ავითარებენ. მათი საქმიანობის საფუძველი წინაპრების მიერ გაშენებული ვენახია, მთავარი მიზანი კი აჭარული მევენახეობა–მეღვინეობის პოტენციალის წარმოჩენა და ადგილობრივი ყურძნის ჯიშების პოპულარიზება. 2023 წელს დაწყებული წარმოება დღეს უკვე ადგილობრივ ბაზარზეა წარმოდგენილი, მომდევნო ეტაპზე კი ოჯახი ღვინის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.
ChkhaValley Winery-ის ისტორია ახალი საწარმოს შექმნით კი არა, წლების წინათ გაშენებული ვენახით იწყება. ვენახი დავით ბიბინეიშვილის მამამ გააშენა. თავდაპირველად ოჯახი მხოლოდ ვაზის მოვლით იყო დაკავებული და საკუთარი ღვინის წარმოებას არ გეგმავდა. მოგვიანებით, ამ საფუძველზე, მაკამ და დავითმა გადაწყვიტეს, ოჯახური მეურნეობა მეღვინეობად ექციათ. ღვინის წარმოება 2023 წელს დაიწყეს.

მაკა თედორაძისთვის ეს პროფესიული ცხოვრების მნიშვნელოვანი ცვლილება აღმოჩნდა. ბიზნესის ადმინისტრირების განათლების მქონე მაკა წლების განმავლობაში ფინანსებისა და ბუღალტერიის სფეროში მუშაობდა. მიუხედავად სტაბილური სამსახურისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობისა, დროთა განმავლობაში გადაწყვიტა, საკუთარი ცოდნა და გამოცდილება მისთვის უფრო ახლობელი საქმისათვის – სოფლის მეურნეობისა და მეღვინეობისათვის დაეკავშირებინა.
პროფესიული გადაწყვეტილების შემდეგ მან მეღვინეობისა და ღვინის ტექნოლოგიის სასწავლო კურსი გაიარა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება უშუალოდ წარმოებაში დაიწყო.
დღეს მაკას ერთდროულად უწევს ოჯახის, მცირეწლოვანი შვილის, ბიზნესის მართვისა და ღვინის წარმოების შეთავსება. ეს მარტივი არ არის, თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, მეღვინეობა მუდმივი სწავლისა და განვითარების პროცესია, რომელშიც ყოველი ახალი სეზონი განსხვავებულ გამოცდილებას სძენს.
ჩხავერი – მეღვინეობის მთავარი მიმართულება
მეღვინეობის ერთ–ერთი მთავარი მიზანი აჭარის მევენახეობის პოტენციალის წარმოჩენა და ადგილობრივი ვაზის ჯიშების პოპულარიზაციაა. განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩხავერს – ჯიშს, რომელიც აჭარის მევენახეობის ისტორიულ მემკვიდრეობას უკავშირდება.
ოჯახი მუშაობს როგორც ჩხავერზე, ისე სხვა ქართულ ვაზის ჯიშებზე. მათი მიდგომის საფუძველია ყურძნის ჯიშური თავისებურებებისა და იმ გარემოს შენარჩუნება, რომელშიც ვაზი იზრდება.
საკუთარ ვენახში არ იყენებენ მინერალურ სასუქებსა და სისტემურ ქიმიურ პრეპარატებს. წარმოებისას ცდილობენ, ბუნებრივ პროცესებს დააკვირდნენ და ღვინის დაყენებისას მინიმალური ჩარევის პრინციპი დაიცვან.
მცირე მეღვინეობისთვის ასეთი მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პროდუქტის ინდივიდუალური ხასიათი ხშირად სწორედ ნედლეულის შერჩევის, ვენახის მოვლისა და ღვინის დაყენების თავისებურებებით განისაზღვრება.
ადგილობრივი მევენახეების ჩართვა და
მცირე მეურნეობის გაფართოების გზა
ChkhaValley Winery-ის საქმიანობა მხოლოდ საკუთარი ვენახით არ შემოიფარგლება. ოჯახი ცდილობს, აჭარის სხვადასხვა სოფელში ადგილობრივ მევენახეებთან ურთიერთობა დაამყაროს და თანამშრომლობა გააფართოოს.

მათი ხედვით, რეგიონის მევენახეობის განვითარება შეუძლებელია ადგილობრივი ფერმერების მონაწილეობის გარეშე. ამიტომ სტუმრობენ სხვადასხვა სოფელს, ეცნობიან მევენახეთა საქმიანობას და მათთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავენ.
მნიშვნელოვანი პირობაა ყურძნის წარმოების მეთოდი. ოჯახს სურს, საკუთარ ღვინოებში ისეთი მევენახეების მოსავალიც გამოიყენოს, რომლებიც ვენახში ქიმიურ საშუალებებს არ იყენებენ.
ამ მიმართულებით 2026 წელი მნიშვნელოვანი გამოცდილებით აღინიშნა. ქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, სხვადასხვა პერიოდში, ჩხავერის ყურძნის სამი შერჩევითი რთველი ჩატარდა. ამან ოჯახს საშუალება მისცა, უკეთ გაცნობოდა ადგილობრივ მევენახეებსა და სხვადასხვა სოფელში მოყვანილი ყურძნის თავისებურებებს.
ეს მიდგომა მცირე მეღვინეობის განვითარების საინტერესო მოდელს წარმოადგენს: საკუთარი ვენახის შესაძლებლობების გარდა, საწარმო ადგილობრივი ფერმერების მოსავალსაც იყენებს. შედეგად, თანამშრომლობა დამატებითი შემოსავლის წყარას, როგორც მეღვინეობისთვის, ისე ყურძნის მწარმოებელი ოჯახებისთვის.
ღვინო, სტუმარმასპინძლობა და მომხმარებელთან უშუალო ურთიერთობა
ამ ეტაპზე ChkhaValley Winery მცირე მოცულობის ღვინოს აწარმოებს. შარშანდელი მოსავლისგან დაყენებული ღვინოების მარაგი თითქმის ამოწურულია. პროდუქცია რამდენიმე კაფესა და რესტორანში იყიდება, მომხმარებელს კი ღვინის უშუალოდ მეღვინეობაში შეძენაც შეუძლია.
ოჯახისთვის მნიშვნელოვანია, რომ საწარმო მხოლოდ ღვინის წარმოების ადგილი არ იყოს. მათ სურთ, სტუმრებს შესაძლებლობა მისცენ, ადგილზე გაეცნონ ვენახს, ვაზის ჯიშებს, ღვინის დაყენების პროცესსა და აჭარულ სამზარეულოს.
ამ მიზნით მეღვინეობა სტუმრებს ღვინის დეგუსტაციებს სთავაზობს. ასეთი შეხვედრები მომხმარებელთან ურთიერთობის გაღრმავებისა და პროდუქტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების დამატებითი საშუალებაა.
მცირე საოჯახო მეღვინეობისთვის ეს მიმართულება განსაკუთრებით საინტერესოა. როდესაც მომხმარებელი საკუთარი თვალით ხედავს ვენახს, ეცნობა მეღვინეს და ღვინის შექმნის ისტორიას, პროდუქტი მისთვის მხოლოდ ბოთლში ჩასხმული სასმელი აღარ არის, მას უკვე კონკრეტული ადგილი, ოჯახი და ისტორია უკავშირდება.
ცოდნა, გამოცდილება და მცირე მეწარმის გამოწვევები
მაკა თედორაძე და დავით ბიბინეიშვილი პროფესიულ განვითარებას საქმიანობის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევენ. მონაწილეობენ რეგიონულ და ევროკავშირის მხარდაჭერილ პროექტებსა და ინიციატივებში, ასევე ნატურალური ღვინის ფესტივალებში.
მათი შეფასებით, ასეთი ღონისძიებები ცოდნის გაღრმავების, სხვა მეღვინეების გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბების შესაძლებლობაა. თუმცა მცირე მეღვინეობის განვითარებას გარკვეული სირთულეებიც ახლავს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და წარმოების გაფართოებისთვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვაა. ახალგაზრდა მეწარმეებს ზოგჯერ საკუთარი პროფესიული კომპეტენციისა და მიდგომების დამტკიცებაც უწევთ.

მაკას გამოცდილებით, ასაკისა და შედარებით მცირე პრაქტიკული გამოცდილების გამო, ზოგჯერ მათი გადაწყვეტილებების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებაც ვლინდება, თუმცა ამის მიუხედავად, ოჯახი მიიჩნევს, რომ საბოლოოდ გადამწყვეტი შრომა, პროდუქტის ხარისხი და მეურნეობის თანმიმდევრული განვითარებაა.
ამიტომ ChkhaValley Winery-ის უახლოესი მიზნები წარმოების ეტაპობრივი განვითარება, ადგილობრივ მევენახეებთან თანამშრომლობის გაფართოება და აჭარაში მოწეული ყურძნისგან განსხვავებული ხასიათის ღვინოების დაყენებაა.
დღეს პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, თუმცა ოჯახი განვითარების მომდევნო ეტაპად საერთაშორისო ბაზარზე გასვლას განიხილავს. 2027 წლიდან ექსპორტის მიმართულებით მუშაობის დაწყებას გეგმავენ.
მათი მთავარი ამოცანაა, უცხოელ მომხმარებელს აჭარის მევენახეობისა და ადგილობრივი ვაზის ჯიშების შესაძლებლობები გააცნონ. ამ თვალსაზრისით ჩხავერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რესურსია, რადგან იგი რეგიონის იდენტობასთან დაკავშირებული გამორჩეული ქართული ჯიშია.
ოჯახის აზრით, ChkhaValley Winery-ის განვითარება მხოლოდ ერთი მცირე საწარმოს წარმატება არ უნდა იყოს. მათ სურთ, საკუთარი საქმიანობით ხელი შეუწყონ ადგილობრივი მევენახეების, ტრადიციებისა და აჭარის მეღვინეობის პოტენციალის წარმოჩენას.
მცირე მეურნეობა, რომელსაც განვითარების საკუთარი მოდელი აქვს
ChkhaValley Winery-ის მაგალითი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სოფლის მეურნეობაში წარმატებული საქმიანობის დასაწყებად ყოველთვის დიდი მიწის ფართობი ან მასშტაბური საწარმო არ არის აუცილებელი. ზოგჯერ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უკვე არსებულ რესურსს, პროფესიული ცოდნის შეძენის სურვილს, სწორად შერჩეულ მიმართულებასა და ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებას.
ამ ოჯახურმა მეღვინეობამ წინაპრების მიერ გაშენებული ვენახი ახალი საქმიანობის საფუძვლად აქცია, წარმოებასთან ერთად სტუმარმასპინძლობა განავითარა და ადგილობრივ მევენახეებთან თანამშრომლობის ურთიერთხელსაყრელი პირობები შექმნა.
მცირე ფერმერული მეურნეობებისთვის ამ გამოცდილების მთავარი გაკვეთილი ის არის, რომ დამატებითი ღირებულების შექმნა მხოლოდ წარმოების მოცულობის ზრდას არ ნიშნავს. ადგილობრივი ჯიშების გამოყენება, პროდუქტის ხარისხზე ზრუნვა, მომხმარებელთან უშუალო ურთიერთობა, ტურისტული მომსახურება და სხვა ფერმერებთან თანამშრომლობა მცირე მეურნეობას კონკურენტუნარიან ბიზნესად ჩამოყალიბებაში ეხმარება. სწორედ ასეთი მიდგომა შეიძლება გახდეს რეგიონული სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი საფუძველი.
მოამზადა ნატა მაჭარაშვილმა

