კორბოული
სოფელ კორბოულის მდიდრული წარსულისა და აწმყოს მიმოხილვისას, ბუნებრივად იბადება კითხვა სოფლის წარმომავლობის შესახებ.
ეტიმოლოგიურ წყაროებში „კორბოულზე“ ჩვენ ვერ მოვიპოვეთ ცალსახად მისი მეცნიერული ახსნა, ამასთანავე, გამოქვეყნებული და ხალხში გავრცელებული ზოგიერთი მოსაზრება უზუსტობებს შეიცავს.
კორბოულის ტერიტორიაზე არსებულ დასახელებებზე გადმოცემებს ბავშვობიდან ვაგროვებდი, მოგვიანებით კი ამის შესახებ ბევრ ცნობილ მეცნიერთანაც მისაუბრია, ამიტომ გადავწყვიტე ამ სტატიის გამოქვეყნება (უახლოეს მომავალში წიგნის გამოცემას ვაპირებ).
გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში (1998 წლის 6 მარტი, #53, დამატება „დედაზარი“) გამოქვეყნდა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტოპონიმიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელის, ბატონ უშანგი სახლთხუციშვილის წერილი სათაურით „კორბოული“ სადაც ავტორს ტოპონიმ „კორბოულის“ განვლილი გზა ასე წარმოუდგენია: კორბოული-კორბაული–კოლბეური–კოლბოური-კორბოული.
ავტორი „კორბოულის“ წარმომავლობას საკუთარ სახელს (მეტსახელს) კოლიბას უკავშირებს. ბატონ უშანგის ჩემი მეგობრის და თანასოფლელის, შოთა მაჭარაშვილის, დახმარებით შევხვდი და გავაცანი ასევე კორბოულის მკვიდრის, გამოჩენილი მეცნიერის, ბატონ კარპეზ კაპანაძის, გამოუქვეყნებელი მასალა, რომელიც მან მის სახლში სტუმრობისას გადმომცა. გადმოცემული მასალიდან ამონარიდს უცვლელად გთავაზობთ (ასლი ჩემთან ინახება):
„საკმაოდ მიმზიდველი ჩანს სახელწოდება „კორბოულის“ წარმოშობის სხვა ვერსიაც, როგორც ამის შესახებ მეტყველებს მაშურა კაპანაძის მიერ 1998 წლის 15 აგვისტოს მოპოვებული და ჩაწერილი მონათხრობი: გ.ფანჩვიძეს ჯამბული აფრასიონის ძე მაჭარაშვილისგან (მას თბილისში პოლიციის აკადემიაში უმუშავია) მოუსმენია, რომ სახელწოდება „კორბოული“ წამოშობილია „კოლარბეულისაგან“ ამ ვერსიის მიხედვით თურქთა ერთ-ერთი შემოსევის დროს სასტიკად დაურბევიათ და აუწიოკებიათ მესხეთ-ჯავახეთის ერთი დიდი სოფელი „კოლა“ დარჩენილი მოსახლეობის ნაწილი კი ზემო იმერეთში გადმოსულა და იქ დასახლებულა, სადაც ამჟამად სოფელი კორბოულია. თავისი ახალი სოფლისთვის იმ ხალხს „კოლარბეული“ დაურქმევიათ“.
ბატონმა უშანგიმ გაიზიარა ეს მოსაზრება და აღნიშნა , რომ სავსებით შესაძლებელია სოფლის სახელი „კორბოული“ სახელ კოლადან მოდიოდეს და თან დასძინა, რომ ეს ყველაფერი ისტორიასთანაც ძალიან ახლოსააო. ზემოთ აღნიშნულ ვერსიას-მონათხრობს მე ჩემი სოფლის მოსახლეობას წლების განმავლობაში ვუყვებოდი.
გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორმა, საჩხერის მკვიდრმა ბატონმა ვალერი კეკენაძემ ტოპონიმ „კორბოულის“ წარმომავლობის თაობაზე სოციალურ ქსელში (04.09.2020) გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნა, რომ ტოპონიმ „კორბოულის“ წარმოშობას ადგილობრივი მოსახლეობის ისტორიული მეხსიერება მე-13 საუკუნეში ათავსებს, როდესაც ქართლში შემოსულმა მონღოლებმა არგვეთის საერისთავოს აღმოსავლეთ სანახებს უწვდინეს და მოარბიეს მისი საზღვრების სიახლოვეს მდებარე ადგილები.
მონღოლთა იმ რაზმს, რომელსაც კორბოულის ტერიტორიაზე გაუვლია, კოლა ჯაყელი მეთაურობდა, გადმოცემით მონღოლებს სასტიკად დაურბევიათ აღნიშნული მონაკვეთი. მხარის მოსახლეობას ამის შემდეგ კოლა ჯაყელის დარბეულ ტერიტორიას „კოლა რბეულ“ ანუ „კოლას დარბეულს“ უწოდებდა, რომელიც შემდეგ „კოლრბეულად“, „კოლარბეულად“ ტრანსფორმირდა.
მე შევხვდი ბატონ ვალერის (მან თავისი წიგნიც მაჩუქა) და ვკითხე თუ ვისგან ჰქონდა მიღებული ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია. მან მოძებნა ჩანაწერი და აღმოჩნდა, რომ მოსაზრება ჩაუწერია კორბოულის მკვიდრის, ანზორ ლაბაძისაგან, რომელსაც მე ბავშვობიდან ვიცნობ.
ბატონებო თქვენ თვითონ ხედავთ, უნებლიედ როგორი ტრანსფორმაცია განიცადა ბატონი კარპეზის მიერ მოწოდებულმა და ჩემს მიერ გავრცელებულმა მასალამ.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორები: თენგიზ მეშველიანი, რევაზ პაპუაშვილი, ერეკლე ქორიძე, მინდია ჯალაბაძე -მილსადენის არქეოლოგია 1999წ) დასკვნის სახით აღნიშნულია, რომ გორაძირი (სოფ.კორბოულის ტერიტორია, ავტ.) წარმოადგენდა იმდროინდელ მნიშვნელოვან რელიგიურ ცენტრს დიდი საქარავნო გზების გზაჯვარედინზე; (საუბარია ძველი წელთაღრიცხვის 7-8 საუკუნეზე) სადაც ალბათ თავს იყრიდა არა მარტო რეგიონის მოსახლეობა, არამედ უფრო შორეულ მხარეთა წარმომადგენლობაც, ყოველ შემთხვევაში, არქეოლოგიური მასალების მიხედვით ამ ხანის კოლხურ და იბერიულ (შიდა ქართლის) კულტურათა შერწყმა-შეხვედრები ამ რეგიონში ნათლად ჩანს.
სოფელ კორბოულში, ჩემს უბანში, ხანში შესული ადამიანები: ონისე გოგალაძე, ნოშრევან კაპანაძე, ტარასი სადღობელაშვილი, იასონ ნადირაძე თავიანთი წინაპრების მონათხრობიდან ჰყვებოდნენ, რომ სოფელ კორბოული და მის გარშემო მიდამოები ყოველთვის ხშირი და მაღალი ტყეებით ყოფილა დაფარული. ამის გამო საქართველოს სხვა კუთხეებიდან სხვადასხვა მიზეზით გამოქცეული ადამიანები აქ ჩუმად სახლდებოდნენ. მათ დასახლებას უქარო ამინდში, გვიან შემოდგომით ან ზამთარში ტყიდან სხვადასხვა ადგილებში ამოსული ბევრი კვამლით თუ გაიგებდიო. აქედან მოდისო სოფლის სახელიც „კომლბევრი“ საბოლოოდ კი „კორბოული“.
ბატონი ზურაბ ჭუმბურიძე (მწერალი, ენათმეცნიერი, პროფესორი) თავის წიგნში „დედაენა ქართული“ მიუთითებს, რომ „სიტყვა ოჯახი თავისი მნიშვნელობით კერას უკავშირდება, მეორე მხრივ, მისი სინონიმი კომლი კვამლ სიტყვისგან არის მიღებული“.
როდესაც საქვეყნოდ ცნობილი მეცნიერი, არქეოლოგი და საჩხერის მთელი ტერიტორიების უბადლო მცოდნე ბატონი ჯურხა ნადირაძე მე და ჩემს ძმას – იური ნადირაძეს სოფელში გვესტუმრა (მისთვის კორბოულში ადგილობრივი ოქროს მომპოვებელი პიროვნებები უნდა გაგვეცნო და ყორღანი გვეჩვენებინა) მას ვკითხე: -ბატონო ჯურხა, ადრეულ ხანაში რით იყო განპირობებული კორბოულის ტერიტორიის ასეთი ხშირი და უწყვეტი დასახლება? მან მიპასუხა: -მოსახლეობის სიმრავლეს განაპირობებდა ზომიერი ჰავა, მუხის, წაბლის, წიფლის გაუვალი ტყეები, საძოვრები, წყაროები, თიხა მიწები, კენკროვანი მცენარეები და სხვ (დაწვრილებით ბატონი ჯურხას მონათხრობზე წიგნში ვისაუბრებ).
როდესაც მსოფლიოს დიდი მოგზაური ჟან შარდენი ქალაქი ალიდან ქუთაისში მიემგზავრებოდა (24.12.1972, „დღიური შარდენის მოგზაურობისა, გამომცემლობა არტანუჯი, თბილისი) აღნიშნავს, რომ კავკასიონის ქედის ეს მთები დიდტანიანი ხეების ტყით იყო დაფარული. გვეგონა გზა აგვებნეოდა… შევჩერდით ერთ სოფელში სახელად კოლბაური. ამ სოფელში არის ორასამდე სახლი, აშენებულია ერთ ხაზზე და ერთი მეორეს ისეა დაშორებული, რომ პირველიდან უკანასკნელამდე ერთი ლიო (ლიე) მანძილია. როდესაც ის ჩავიდა ქუთაისში, იქაც აღნიშნავს, რომ ქუთაისში ორასი სახლია. რა გამოდის?! სოფელ კორბოულის მოსახლეობა 1672 წელს გზის გასწვრივ დაახლოებით 4500 მეტრის მანძილზე ყოფილა დასახლებული (1 ლიო დაახლოებით 4444მ-ია) და მისი მოსახლეობა ქუთაისის მოსახლეობის რაოდენობის ტოლი ყოფილა, მაგრამ ჩვენი ვარაუდით სოფელი მარტო გზის გასწვრივ არ იქნებოდა დასახლებული (ამას ვერც დაინახავდა) და სავარაუდოდ მისი მოსახლეობა გაცილებით მეტი იქნებოდა.
1879 წლის აღწერის დროს კორბოულის მოსახლეობა პირველი იყო და არამარტო საქართველოში, არამედ მთლიანად რუსეთის იმპერიაში. კორბოულში ამ დროს ორივე სქესის 2998 სული ცხოვრობდა. საჩხერეში ამ დროს 1183 ქართველს, ებრაელს და სომეხს უცხოვრია, ე.ი. 3.3-ჯერ ნაკლებს.
გავრცელებულია აზრი, რომ სოფელი ღარიბი იყო და ბატონი აქ მცხოვრები გლეხებისგან ბევრს ვერაფერს სარგებლობდა. იმისათვის, რომ ამ სოფელზე ბატონის საკუთრების უფლება შენარჩუნებული ყოფილიყო ბატონს უთქვამს: „ჭადის კვერი (პატარა ჭადი) მაინც გამომიცხვეთ და გამომატანეთო)“, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჭადის კვერი იყო დაბევებული, ამიტომ ამ სოფლის სახელიც აქედანაა წამოსულიო.
ეს მოსაზრება მცდარია, რადგან საქართველოში ამერიკული სიმინდი მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში იტალიიდან შემოიტანეს, ხოლო სახელი კოლბეური პირველად 1590-92 წლების ქართლის ცხოვრებაშია მოხსენებული. არც ისაა მისაღები, რომ კორბოული სხვა სოფლებისგან შედარებით ღარიბად ცხოვრობდა, ვინაიდან დარბაიძეების უბანში (დუმათმაცხოვრის ტერიტორია) აღმოჩენილი მე-6-მე-12 საუკუნეების დიდი რაოდენობის უზარმაზარი ქვევრების არსებობა საწინააღმდეოზე მიუთითებს.
1975 წლის კორბოულის სასოფლო საბჭოში შემავალი ცალკეული სოფლები რაიონში წარმოებული ხორბლის 55%-ს, სიმინდის 40%-ს და მეცხოველეობის პროდუქტების 35-%-ს აწარმოებდა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ სოფელ კორბოულზე გადიოდა საქარავნო გზა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას აძლევდა თავისი წარმოებული პროდუქტი გზაზე გამოეტანა და გაეყიდა. კორბოულზე გავლისას შარდენმა არ აღწერს თუ როგორ სახლებში ცხოვრებდნენ კორბოულელები, მაგრამ ჩვენი ვარაუდით ისინი ცხოვრობდნენ ფიცრულ ქოხებში და შუაგულში ანთებდნენ ცეცხლს, ისე როგორც ეს აღწერილი აქვს შარდენს სამხრეთ საქართველოში გავლისას.
კორბოულის ტერიტორიაზე (ეს ჩემს ბავშვობაშიც ასე იყო) ძირითადად მოჰყავდათ ხორბალი და ალბათ არც ის უნდა იყოს გასაკვირი, რომ ერთი-ერთი ქართული სახეობის ხორბალი „კორბოულას“ სახელითაა ცნობილი. მართალია შარდენმა კორბოულზე გავლისას ასევე არ დაგვიტოვა ჩანაწერი, თუ როგორ აცხობდა ადგილობრივი მოსახლეობა პურს, სამაგიეროდ მისი მონათხრობიდან ვიცით, თუ როგორ ცხვებოდა პური სამხრეთ საქართველოში: „ქალები ფქვავენ ხორბალს პურის საჭიროების მიხედვით. ცომს აცხობენ მრგვალ კეცებში, რომელთაც აქვთ დაახლოებით ერთი ფეხი დიამეტრი. კეცი ამოჭრილია 2-3 თითის სიღრმით, ქვას კარგად ახურებენ და პურის ცომს შიგ ჩასდებენ, აფარებენ ცხელ ნაცარს და ზედ აყრიან გაღივებულ ნახშირს, ზოგიერთ ადგილებში პირდაპირ ნაცარში სდებენ. ბუხრის ერთ ადგილს კარგად გასწმენდენ და იქ დებენ პურს, აყრიან ნაცარს და ნახშირს, როგორც პირველ შემთხვევაში. ამნაირად ქერქი კარგი თეთრი არ გამოდის და პური ძალიან კარგია“. ასეთი მეთოდით გამომცხვარი მჭადი სოფელ კორბოულში ბავშვობაში მეც მიჭამია, ალბათ ზოგიერთ თქვენგანსაც ექნება გასინჯული.
სამხრეთ საქართველოში მოგზაურობისას როგორც შარდენი აღწერს, ხილი და ღვინო უსასყიდლოდ მიჰქონდათ მისთვის. მხოლოდ პურს ყიდულობდა.
ახლა ისევ ბატონ ზურაბ ჭუმბურიძეს დავუბრუნდეთ. კვერის მნიშვნელობით ქართველურ ენებში გვხვდება აგრეთვე „ყვერბი“, რომლის ფონეტიკური სახესხვაობაა ღველფი (ცხელი ნაცარი) ამავე ფუძისგანაა ნაწარმოები ყვერბეული (კვერბეული) „ნაცარში გამომცხვარი პური“ („დედა ენა ქართული“, გვ.82).
სოფლის მკვიდრმა ბატონმა სერგო მაჭარაშვილმა მიამბო, რომ გადმოცემის თანახმად ვაჭრები როდესაც დასავლეთ საქართველოდან აღმოსავლეთ საქართველოში მიემგზავრებოდნენ ჩერდებოდნენ ზარნალის ეკლესიასთან არსებულ სამჭედლოებთან, ხარებს და ცხენებს დაზიანებულ ნალებს უცვლიდნენ და ურმის თვლებსაც შეაკეთებდნენ.
ვინაიდან მგზავრებს წინ 40-კილომეტრიანი რთული გზა უნდა გაევლოთ დაზიანებულ ნალებს შეწირულობის სახით ეკლესიის ზარის გვერდით კიდებდნენ და სოფლის გზის პირას გამოტანილ პურის კვერებსაც იძენდნენ, ამიტომაც აქედან მოდის სახელწოდება „ზარნალი“ და „კორბოულიო“.
ჩემი აზრით კი სახელწოდება „კორბოული“ უნდა მოდიოდეს ნაცარში გამომცხვარი პურის სახელისაგან (ყვერბეული–კვერბეული) და არა ბევრი კვერისგან, რადგან სავარაუდოა, რომ მგზავრებს ადგილობრივი მოსახლეობა „ყვერბეულის–კვერბეულის“ შეძახილებით ხვდებოდა (ყვერბეული–კვერბეული ხომ ნაცარში გამომცხვარი პურის სახელია).
ანალოგიური სურათი დღეს გვაქვს სურამში, მოსახლეობა გზის პირას „ნაზუქს“ რომ ყიდის.
70-იან წლებში მე მოვინახულე მე-10 საუკუნის ზარნალის ეკლესიის ნანგრევები და სურათებიც გადავიღე. აქ ჩამოედინება ღელე, რომელსაც მოსახლეობა ნახშირის ღელეს (ნახშირღელეს) ეძახის. ეს სახელწოდება ადგილობრივი სამჭედლოებისთვის ნახშირის დამზადებას უკავშირდება. აქვე, ასევე არის ძველი სამარხები, მაგრამ მათი წარმომავლობის შესახებ მოსახლეობამ არაფერი იცის.
აღნიშნული მოსაზრებები მე გავაცანი ენათმეცნიერებათა დოქტორებს: ავთო არაბულს, გურამ ბედოშვილს და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორებს ელდარ ნადირაძესა და მერაბ ძნელაძეს. მათ სამივე ვერსია ტოპონიმ „კორბოულის“ წარმომავლობაზე შესაძლებლად მიიჩნიეს, მაგრამ მაინც „ყვერბეული–კვერბეულისგან“ წარმომავლობას მიანიჭეს უპირატესობა. სხვათა შორის, გურამ ბედოშვილმა კიდევ ორი ინფორმაცია მომაწოდა: კერძოდ, კორბოულის ტერიტორიაზე „რკვიანების“ წარმომავლობა მოდის იქ ადრე გაშენებული „რკო ყურძნის“ ჯიშისაგან, ხოლო „ჭერათხევის“ წარმომავლობა კი მოდის „ჭურათხევისგანო“, რადგან აღნიშნული ხეობით ზემო იმერეთიდან ქართლში ურმებით ჭურები გამოჰქონდათო“.
იმედი მაქვს, ჩემი სოფლის მოსახლეობა გულდასმით გაეცნობა ამ სტატიას. მე არ გამოვრიცხავ , რომ მათ სხვა მასალებიც მომაწოდონ, რომელიც მომავალში ძალიან დაგვეხმარება კორბოულზე გამოსაცემი წიგნის სრულყოფაში.
ბოლოს, მინდა ჩვენს საქართველოს ჩემი პატარა ლექსით მივულოცო შობა-ახალი წელი, ვუსურვო გამთლიანება და ევროპულ ოჯახში სამუდამოდ დაბრუნება.
„ვერ შეგადარებ ბაჯაღლო ოქროს,
ლალსა და ზურმუხტს ათას ფერებით,
შენ დედამიწის ხარ მუზეუმი,
მთელი არსით და ყველა მშვენებით“
ავტორი: შოთა ნადირაძე