კრაზანების წინააღმდეგ ბრძოლა: რა სახის კრაზანებია გავრცელებული საქართველოში და როგორ დავიცვათ თავი?
ცხელი ზაფხულის დღეებთან ერთად საქართველოში კრაზანებიც აქტიურდებიან. ზოგისთვის ისინი უბრალოდ შემაწუხებელი მწერები არიან, თუმცა კრაზანებმა სერიოზული საფრთხე შეიძლება შეუქმნან როგორც ადამიანებს, ისე ცხოველებს და საერთოდ, ფერმერულ ინფრასტრუქტურას. განსაკუთრებით სახიფათოა მტკივნეული ნაკბენებით გამორჩეული სახეობები და თავიანთი ბუდეების სიახლოვეს მყოფი აგრესიული კოლონიები.
საქართველოში ყველაზე გავრცელებული კრაზანების სახეობებია:
- დასავლეთის შავი კრაზანა (Vespa crabro) – ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრაზანაა საქართველოში. ხშირად გვხვდება ტყის მასივებში და სოფლის ტიპის დასახლებებში. ბუდეს აკეთებენ მიტოვებულ ნაგებობებში, სხვენებში ან ხის ფუღუროებში.
- ჩვეულებრივი კრაზანა (Vespula germanica) – შედარებით პატარა ზომისაა, თუმცა მეტად აგრესიულია და ხშირად ბინადრობს ფერმერული მეურნეობების ტერიტორიაზე, სახლთან ახლოს, საპიკნიკე და საკვები ნარჩენების ბუნკერების სიახლოვეს.
- აღმოსავლური კრაზანა (Polistes dominula) – უფრო სუსტი და ნაკლებად აგრესიული სახეობაა. ხშირად ბუდობს სახლის კედლებზე, აივნებზე და ღიობებსა ან ღრიჭოებში. ნაკლებად სახიფათოა, მაგრამ შეწუხებისას მაინც იკბინება.
კრაზანების ნაკბენები მტკივნეული და ალერგიულია ადამიანებისთვის, რამაც შესაძლოა სერიოზული რეაქცია გამოიწვიოს (ანაფილაქსიური შოკიც კი).
კრაზანები განსაკუთრებით საშიშია მეფუტკრეებისთვის — ისინი თავს ესხმიან ფუტკრებს და მათ ბუდეებს.
კრაზანები ხშირად ეტანებიან ხილს, წვენებს, დამუშავებულ საკვებს, რაც იწვევს ამ პროდუქტის დაბინძურებასა და გაფუჭებას.
როგორ დავიცვათ თავი და ვებრძოლოთ კრაზანებს?
პროფილაქტიკის მიზნით გაწმინდეთ ეზო და შენობები საკვები ნარჩენებისგან; ხილის წვენები და საკვები შეინახეთ თავდახურულ ჭურჭელში; არ დატოვოთ ხილი და ტკბილეული ღიად; გამოიყენეთ დამცავი ბადეები ფანჯრებსა და ღიობებზე.
ბრძოლა ბუნებრივი საშუალებებით:
კრაზანებს არ უყვართ პიტნა, ევკალიპტი, ნარინჯის ქერქი. მიაპკურეთ მათი ზეთი მცენარეებს, ეზოს გარშემო სხვადასხვა ადგილებში და შენობებზე, სადაც მათ სავარაუდოდ ბუდის გაკეთება შეუძლიათ.
შესასხურებლად კარგია ძმრის წყალხსნარი, თუმცა უშუალოდ ბუდესთან არ გამოიყენოთ, რათა არ გააღიზიანოთ ისინი და არ დაგნესტრონ.
ასევე შეგიძლიათ დაამზადოთ ხელნაკეთი მარტივი ხაფანგი: პლასტმასის ბოთლში ჩაასხით შაქრიანი წყალი ან ლუდი და მოჭრილი თავით ამოტრიალებული, ხრახნიანი თავით ჩასვით გადაჭრილ ბოთლში ისე, რომ ბოთლში ჩასხმულ მისატყუებელ სითხეს არ შეეხოს. კრაზანები ჩავლენ ბოთლში და უკან ვეღარ ამოვლენ.
თუ კრაზანების ბუდე სახლებთან ან ფერმის ნაგებობებთან ახლოსაა, არ ეცადოთ მისი დამოუკიდებლად მოცილება.
მიმართეთ სპეციალიზებულ მავნებელთა კონტროლის სამსახურს — ხშირად საჭიროა ღამის საათებში, გამაბრუებელი სპრეის გამოყენებით ბუდის მოცილება.
გაფრთხილება!
თუ ადამიანს კრაზანამ უკბინა და აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, სახეზე ან ყელში შეშუპება — დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას.
ფერმერებმა, რომელთაც ალერგია აქვთ და მინდორში უწევთ მუშაობა, სასურველია თან იქონიონ სწრაფი რეაგირების ანტიალერგიული საშუალებები, რასაც ექიმი გირჩევთ.
კრაზანების მიმართ სიფრთხილე და სწორი ქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ზაფხულის ცხელ დღეებში. მათი კონტროლი არა მხოლოდ საცხოვრებელი პირობების კომფორტს უზრუნველყოფს, არამედ იცავს ადამიანებსა და ცხოველებს სერიოზული საფრთხეებისგან.
ფერმერებმა და სოფლის მცხოვრებლებმა უნდა იცოდნენ როგორც პრევენციის, ასევე მათი უსაფრთხოდ მოშორების ხერხები, _ საჭიროების შემთხვევაში კი სპეციალისტებს სთხოვონ დახმარება.