კვერცხი – ვიტამინების წყარო
ვიტამინები, როგორც ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება აუცილებელია ორგანიზმის განვითარებისათვის, ცხოველმყოფელობისთვის.
ვიტამინების ნაკლებობა იწევევს: შრომის უნარიანობის დაქვეითებას, სწრაფ დაღლას, ორგანიზმი ადვილად ცივდება, ინფექციური დაავადებებიც იოლად ემართებათ. იმის გათვალისწინებით, რომ არცერთ ორგანიზმში საკმაო რაოდენობა ვიტამინები არ გამომუშავდება, მათი მიღება დამატებით აუცილებელია.
ზრდასრულ ადამიანს დღე-ღამეში სჭირდება:
ვიტამინი A – (რეტინოლი)-1,5- 2,5 მგ;
B1 – (თიამინი) – 1,5 – 2 მგ;
B2 – (რიბოფლავინი)-2,0-2,5მგ;
B3 –( ნიაცინი) 5,0-10,0მგ;
B4 – (ხოლინი) 500-1000მგ;
B5 – ( პანთოტენის მჟ.) 15 – 20 მგ;
B6 – (პირიდოქსანი) 2მგ;
B7 – (ბიოთინი) 0,15- 0, 30 მგ;
B9 – (ფოლიუმის მჟავა) 0,1- 0,5 მგ;
B12 – (ციანკობალამინი) 0,005 – 0,030 მგ;
C – (ასკორბინის მჟავა) 70 – 100 მგ;
D – (კალციფეროლი) 0,04 მგ; (ან 300-500 ს.ე.);
E – (ტოკოფეროლი) 2,6 მგ;
K – (ნაფტოხინონი) 2 მგ;
PP – (ნიკოტინმჟავა) 15 – 20 მგ.
ვიტამინები თავისი მოქმედებით ორგანიზმზე იყოფა შემდეგ ჯგუფებად:
I – ორგანიზმის ზოგადი აქტიურობის ამწევი;
II – ანტისტრესული;
III – ანტიინფექციური;
IV – ანტიანემიური;
V – ანტიჰემორაგიული;
VI – ანტიტოქსიური;
VII – ანტისკლეროზული და ლიპოტროპიული;
VIII – მხედველობის მარეგულირებელი;
IX – კანის და კანის საფარველის (თმის, ბეწვის, ბუმბულის) დამცველი.
ვიტამინები ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის პროცესში მაღალაქტიური ბიოლოგიური რეგულატორებია, სწორედ ამით განსხვავდება ვიტამინი ფერმენტებისგან, რომლებიც მოქმედებენ როგორც კატალიზატორი და აჩქარებენ ბიოლოგიურ რეაქციებს ორგანიზმში.
თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ვიტამინები შეადგენენ უმეტესი ფერმენტების შემადგენელ ნაწილს, ასეთ ვიტამინებს კოფერმენტებს უწოდებენ.
აღსანიშნავია ,რომ ბუნებაში არსებობენ ანტივიტამინებიც, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ორგანიზმში ვიტამინების გამოყენებას. ანტივიტამინი არის კვერცხშიც, ეს არის ცილა – ავიდინი, რომელიც კვერცხში დაკავშირებულია ბიოტინთან (B7 ვიტამინი) და წარმოქმნის ავიდინ – ბიოტინის კომპლექსს. რის გამოც ბიოტინი კარგავს თავის აქტიურობას.
გამომდინარე აქედან ნედლი კვერცხით B7 ვიტამინს ადამიანი ვერ ღებულობს. თერმული დამუშავებისას კი ავიდინ – ბიოტინის კომპლექსი ირღვევა და გამონთავისუფლებული B7 ვიტამინი ხდება აქტიური.
მეკვერცხული ქათმის ორგანიზმიდან კვერცხში ყველა ვიტამინი გადადის, გარდა ,,C’’ ვიტამინისა, რომელიც თითქმის არ არის კვერცხში. მისი სინთეზი იწყება ინკუბაციის პროცესში და ემბრიონიდან ხვდება გამოჩეკილი წიწილის ორგანიზმში.
ქათმის კვერცხი შეიცავს შემდეგ ვიტამინებს, მგ. პროცენტში:
ვიტამინი – A – 0,36- 0,45 მგ %;
E – 1,20 ;
B1 – 0,07-0,16;
B2 – 0,44-0,50 ;
B3 – 1,20- 2,0 ;
B4 – 3,20 ;
B5 – 0,15 – 0,30;
B6 – 0,12 – 0,14;
B7 – 20,7 ;
B9 – 8,5 – 17,0;
B12 – 2,0;
D – 2,0 მკგ %
K – 0,2 მგ;
H – 4,0 .
მათგან ცხიმში ხსნადია: A, D, K, E, F ვიტამინები, დანარჩენი წყალში ხსნადია.
კვერცხის ცილაში ძირითადათ B ჯგუფის ვიტამინებია, ცხიმში ხსნადი ვიტამინები კი – არა. ყვითრში კი ცხიმში ხსნადი ვიტამინებიდან წარმოდგენილია: ვიტამინი A-8,0;
ვიტამინი D – 1,25; ვიტამინი E – 30,01, ასევე ვიტამინი B1 – 2,8; ვიტამინი B2 -6,0; კაროტინი 5-30 მკგ/გრამში.
უნდა გვახსოვდეს, რომ ცხიმში ხსნადი ვიტამინებიდან კომბინირებულ საკვებში A ვიტამინის სიჭარბე იწვევს ქათმის კანის დეპიგმენტაციას, პროდუქტიულობის კლებას, E ვიტამინის ათვისების შემცირებას. D ვიტამინის მაღალი შემცველობა ქათმის რაციონში კი იწვევს კვერცხში ქოლესტერინის დონის გაზრდას, ხოლო ნორმის ფარგლებში ვიტამინი D არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას, ნაჭუჭის ნორმალურად ფორმირებას.
შესაბამისად, თუ D ვიტამინი ნაკლებია საკვებში, ნაჭუჭი თხელდება.
ერთ ტონა კომბინირებულ საკვებში ვიტამინი E ეძლევა 20 გრამი; B1 და B9 ვიტამინი 4-4 გრამი; B2 ვიტამინი- 6 გრამი; B3 – 20 გრ; B12 -50 მგ. B12 ვიტამინი კვერცხში და შესაბამისად სისხლში ამცირებს ხოლესტერინის რაოდენობას, ასევე ხელს უწყობს ლეციტინის მომატებას კვერცხში და ხელს უშლის ღვიძლში ჭარბი ცხიმების დაგროვებას.
კვერცხში არსებული ქიმიური ნივთიერებები ( მაკრო და მიკროელემენტები)
ქათმის კვერცხში 47 სახის მაკრო და მიკროელემენტია, თუ მათ დაუმატებთ ორგანულ ელემენტებს: ჟანგბადს, წყალბადს, ნახშირბადს, აზოტს, მათი რაოდენობა 50-ზე მეტია.
მიკროელემენტები კვერცხში 7 მგ-ს აჭარბებს, მ.შ. 3,8 მგ. ყვითრშია, 2,8 მგ. ცილაში, 0,4 მგ. ნაჭუჭში.
ნაჭუჭში 95 % ძირითადათ მინერალური ნივთიერებებია, 3,5 – ორგანული ნივთიერებები, 1,5 კი _ წყალი.
ნაჭუჭის სისქე გლუვ ბოლოზე 340 მკმ-ია, მახვილზე – 360 მკმ.( ამიტომაცაა, რომ კვერცხის გატეხვა ბლაგვ ბოლოდან შედარებით იოლია). რაც სქელია ნაჭუჭი, მეტად იტანს ტრანსპორტირებას, უფრო დიდხანს ინახება. კვერცხში მინერალური ნივთიერებების ძირითადი მარაგი ყვითრშია.
კვერცხი შეიცავს შემდეგ მაკროელემენტებს: კალციუმი 2,8 მგ; ფოსფორი 12; მაგნიუმი 1,5; ნატრიუმი 5,2; კალიუმი 2,8; ქლორი 3,4; გოგირდი 8,2 მგ.
მიკროელემენტებიდან: რკინა 6,9; მარგანეცი 4,7; თუთია 4,6; სპილენძი 4,2; კობალტი 50; იოდი 6,7; სელენი 28,7; მოლიბდენი 4,3; ქრომი 4,0; ფტორი 0,7 მგ და სხვა.
იმის გათვალისწინებით, რომ კვერცხი შეიცავს ფოსფორს 470 მგ პროცენტს, გოგირდს 220 მგ პროცენტს, რკინას 6 მგ პროცენტს – 1 ცალი კვერცხის მიღება აკმაყოფილებს ადამიანის დღიურ მოთხოვნილებას ფოსფორზე 8- 12 პროცენტით, გოგირდზე 6- 10 პროცენტით, რკინასა და კალიუმზე 2-3 პროცენტით.
ქათმის ორგანიზმისთვის განსაკუთრებით აუცილებელია კალციუმი და ფოსფორი, რომლებიც ხელს უწყობს ,როგორც ნაჭუჭის ფორმირებას, ისე ძვლების შენებასა და სიმტკიცეს, ასევე მონაწილეობენ ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის პროცესში, ამიტომაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მინერალების რაოდენობას კომბინირებულ საკვებში. საჭიროებისას მათი ოპტიმალური რაოდენობით დამატება აუმჯობესებს ნაჭუჭის ხარისხს და გროვდება კიდეც კვერცხის ცილასა და ყვითრში. მინერალური ნივთიერებების ნაკლებობისას უარესდება კვერცხის ხარისხი, იკლებს კვერცხმდებლობა, მატულობს სისხლიანი კვერცხის რაოდენობა.
საკვებით მიღებული კალციუმის 60 % გადადის კვერცხში, დანარჩენი 40 % კი მარაგის სახით გროვდება ძვლებში. კალციუმის დონე უნდა ვარეგულიროთ საკვების მიღებით ჭამადობის კონტროლით, კვერცხის ინტენსივობის შესაბამისად. მაღალი (ინტენსიური) კვერცხდების პერიოდში ქათმის ორგანიზმიდან დღე – ღამეში 1,6-2,4 გრამი კალციუმი გამოდის, რაც აუცილებლად უნდა აღდგეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ძვლოვანი სისტემა ხდება მყიფე, იღუნება, ადვილად ტყდება, ღარიბდება ორგანიზმი.
კალციუმისა და ფოსფორის თანაფარდობა საკვებ რაციონში უნდა შევინარჩუნოთ 3,5 – 4 / 1-თან, ანუ თუ რაციონში კალციუმი 3 – 3,5 პროცენტია, ფოსფორი უნდა იყვეს 0,7 – 0,8 პროცენტი. მრავალფეროვანი კომპონენტებით მომზადებულ კომბინირებულ საკვებში თავისთავად ბალანსდება რკინა, ამიტომ მისი დეფიციტი ორგანიზმში და შესაბამისად კვერცხში იშვიათია. ყურადღებით უნდა ვარეგულიროთ რაციონში საჭმელი მარილის ნორმალური დონე, რომლისადმი ქათამი ძალიან მგრძნობიარეა. თუ საკვებში მარილის შემცველობამ 2 პროცენტს გადააჭარბა, მივიღებთ ქათმის მოწამვლას. თუ საკვებში ნატრიუმი მცირე რაოდენობითაა, კლებულობს კვერცხმდებლობაც და კვერცხის მასაც. ნაჭუჭის სიმაგრეზე მოქმედებს ასევე მარგანეცი და თუთია. სწორედ ამიტომაა აუცილებელი გაბალანსებული კომბინირებული საკვებით ფრინველის კვება, რაც ამაღლებს ფრინველის ჯანმრთელობას, პროდუქტიულობას და კვერცხის კვებით ღირებულებას.
გახსოვდეთ, მინერალური ნივთიერებები კომბინირებულ საკვებს უნდა დაემატოს მისი მომზადებისას, ან მიეცეს სასმელი წყლით საკვების მიცემის პარალელურად. ზოგადათ, სასმელ წყალში არსებული მინერალური ნივთიერებების დონე, პირდაპირ აისახება კვერცხში მინერალური ნივთიერებების რაოდენობაზე.
სასმელი წყალი ქათამს უნდა მიეწოდოს მუდმივად, საკმარისი რაოდენობით, რომლის ტემპერატურა უნდა იყვეს 18-20 გრადუსი ცელსიუსით. თუ წყლის ტემპერატურა 8 გრადუს ცელსიუსზე ქვევითაა, ხშირია გაციებითი დაავადებები. თუ მაღალია წყლის ტემპერატურა, წყალსაც ცუდათ სვამენ და საკვებსაც ცუდათ ღებულობენ. სასმელი წყლის მიკლება მაშინვე აისახება პროდუქტიულობასა და კვერცხის მასის შემცირებაზე.
ქათამი დღე ღამეში საშუალოდ 200 მლ. წყალს სვამს. მინერალური ნივთიერებების დამატება განსაკუთრებით საჭიროა ზაფხულის ცხელ დღეებში. გარემოში მაღალი ტემპერატურის დროს – კლებულობს ჭამადობა და ვერც მინერალური ნივთიერებების საჭირო რაოდენობას ღებულობს. ასევეა ასაკოვანი ქათამიც, რომელთაც აუცილებლად ესაჭიროებათ მინერალური ნივთიერებების დამატება.
„ყველაფერი ქათმის კვერცხის შესახებ“
კორნელი კუკულავა,
ზემფირა ოყროშიძე