აგროტექნოლოგიებიდარგებიმემცენარეობა

ლობიოს და სოიოს მინიმალური (Mini-Till) ტექნოლოგიით მოყვანა

 

ლობიოს მოყვანისას, მინიმალური დამუშავების ტექნოლოგიის გამოყენების შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ნიადაგის დატკეპნილი ქვედა ფენის პერიოდულ გაფხვიერებას და მის მიერ წყლის შეთვისების და აერაციის რეჟიმების გაუმჯობესებას. შესაბამისად, ნიადაგს ბელტის გადაუბრუნებლად ჩიზელური კომბინირებული მანქანით 0,35-0,45 მ. სიღრმეზე ამუშავებენ.

ჩიზელირების შემდეგ, აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე ნიადაგი უნდა გამოიკვებოს ორგანო-მინერალური სასუქებით, სათანადო დოზით.

აღნიშნული ოპერაციების ჩატარების შემდეგ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ნიადაგების ზედა ფენას ექსცენტრული დისკოებიანი ფარცხებით აფხვიერებენ, ხოლო მძიმე ნიადაგებს — ჰორიზონტალური ფრეზით.

ჩატარებული ოპერაციების შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში ღრმა ძირითად დამუშავებას ცვლიან ნიადაგის მცირე სიღრმეზე დამუშავებით; ამასთან, დამუშავდება მინდვრის მხოლოდ ის ნაწილი, სადაც უშუალოდ ხდება ლობიოს ჩათესვა რიგთაშორისების დამუშავების გარეშე.

ლობიოს თესვას აწარმოებენ ისეთი უნივერსალური კომბინირებული სათესებით, რომელიც უზრუნველყოფს ერთი გავლით ნიადაგის კვალის გახსნას, თესლის და სასუქის შეტანას ნიადაგში სათანადო სიღრმეზე, კვალის დახურვას და დატკეპნას. ე.ი. ამ შემთხვევაში ხდება რამდენიმე ტექნოლოგიური ოპერაციის შესრულება ერთი გავლით.

თესვის შემდეგ ნაკვეთების რიგთაშორისებში სარეველებს ქიმიური საშუალებებით ანადგურებენ.

მოსავლის აღებისას ლობიოს ჩალის ამღებ კომბინირებულ მანქანაზე დამონტაჟებული დამაქუცმაცებელი მექანიზმით აქუცმაცებენ და მინდორში თანაბარ მულჩად აბნევენ, რის შედეგადაც ნაკვეთი No-Till ტექნოლოგიის განხორციელებისათვის მზად არის.

სოიას მოყვანა მინიმალური დამუშავების ტექნოლოგიით

მინიმალური დამუშავების ტექნოლოგიაში სოიას მოყვანისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ნიადაგის დატკეპნილი ქვედა ფენის პერიოდულ გაფხვიერებას და მის მიერ წყლის შეთვისების და აერაციის რეჟიმების გაუმჯობესებას. შესაბამისად, მინიმალური დამუშავების ტექნოლოგიის გამოყენებისას ნიადაგის მოსამზადებლად აქაც უპირველესად ნიადაგს ბელტის გადაუბრუნებლად, პერიოდული მონაცვლეობით 0,35-0,40 მ. სიღრმეზე ჩიზელური ან ბრტყლადმჭრელი კომბინირებული მანქანით ამუშავებენ.

ჩიზელირების შემდეგ, წინასწარ ჩატარებული აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე, ნიადაგი უნდა გამოიკვებოს ორგანო-მინერალური სასუქებით.

აღნიშნული ოპერაციების ჩატარების შემდეგ ნიადაგის ზედა ფენას შესაბამისი აგრეგატით აფხვიერებენ.

აღნიშნული ოპერაციების ჩატარების შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში ღრმა ძირითად დამუშავებას ცვლიან ნიადაგის მცირე სიმაღლეზე დამუშავებით. ამასთან, ამუშავებენ მინდვრის მხოლოდ იმ ნაწილს, სადაც უშუალოდ ხდება სოიას ჩათესვა რიგთაშორისების დამუშავების გარეშე.

სოიას თესვას აწარმოებენ Mini-Till-ის კომბინირებული სათესებით, რომელიც ერთი გავლით უზრუნველყოფს ნიადაგში კვალის გახსნას, თესლის და სასუქის შეტანას ნიადაგში სათანადო სიღრმეზე, კვალის დახურვას და დატკეპნას.

თესვის შემდეგ ნაკვეთებში სოიას რიგთაშორისებში სარეველებს ქიმიური საშუალებებით ანადგურებენ.

Mini-Till ტექნოლოგიით დათესილი სოიას ფოთლოვან გამოკვებას აწარმოებან ვეგეტაციის პროცესში.

სოიას მოსავლის აღებისას ჩალა უნდა დაქუცმაცდეს და მოიბნას მინდორში თანაბრად მულჩის სახით, რის შედეგადაც ნაკვეთი მზად არის სოიას No-Till ტექნოლოგიით მოყვანისთვის.