აგროსიახლეები

ლურჯი მოცვი — საქართველოს აგრარული წარმატების ექსპორტზე ორიენტირებული კულტურა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მდებარე ლურჯი მოცვის თანამედროვე საწარმო სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ გიორგი დარჩიასთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა და შპს „ჯენტრი ინვესტმენტის“ საწარმოში მოცვის სარეალიზაციოდ მომზადების პროცესს გაეცნო.

„ლურჯი მოცვის მზარდი წარმოება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობის წარმატების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. დღეისათვის საქართველოში მოცვის ბაღები 2,800 ჰექტრამდე ფართობზეა გაშენებული და ეს მაჩვენებელი განაგრძობს ზრდას. მიუხედავად საგაზაფხულო ყინვით გამოწვეული ზიანისა, ექსპორტის მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36%-ით არის გაზრდილი. ლურჯი მოცვის ექსპორტმა წელს 40.5 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა“, — განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, ლურჯი მოცვის წარმოების ზრდა ნიშნავს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებას და მოსახლეობის შემოსავლების ზრდას, რაც საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე აისახება.

შპს „ჯენტრი ინვესტმენტის“ საწარმო სახელმწიფოს მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტებით შეიქმნა. სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული გრანტი 350,000 ლარს შეადგენს, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი 4 მილიონ ლარს აჭარბებს. მიმდინარე წელს საწარმო დაახლოებით 350 ტონა ლურჯი მოცვის გადამუშავებას გეგმავს.

კომპანია აერთიანებს როგორც სასოფლო-სამეურნეო ბაღს, ისე გადამამუშავებელ საწარმოს, სადაც მუდმივად 30 და სეზონურად 400 ადამიანი დასაქმებულია. ექსპორტი ხორციელდება გერმანიაში, ნიდერლანდებში, პოლონეთსა და რუსეთში. მიმდინარე სეზონიდან კომპანიამ პირველად დაიწყო პროდუქციის გატანა დუბაიში, ინდოეთში, ჰონგ-კონგში, ისრაელსა და სინგაპურში.

ლურჯი მოცვის პირველადი წარმოების მიმართულებით საქართველოში გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტის საერთო მოცულობა 198 მლნ ლარს აღემატება, ხოლო სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 90 მლნ ლარს შეადგენს.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ლურჯი მოცვის ბაღების გაშენება 2,700 ჰექტარზე მეტ ფართობზე, 39.8 მლნ ლარის თანადაფინანსებით განხორციელდა.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.