ლურჯი მოცვის ყველაზე დიდი პლანტაციების მფლობელი საქართველოში, მიიჩნევს, რომ კანადური ყვავტყემალა ლურჯი მოცვის ღირსეული ალტერნატივაა
ლურჯ მოცვის და კანადური ყვავტყემალას წარმოებაზე, ლაბორატორიაში ნერგების კლონირებასა და მომავლის გეგმებზე მოგითხრობთ Vanrik Agro Group-ის თანადამფუძნებელი ირაკლი ფარცვანია.
_ Vanrik Agro Group საზღვარგარეთ პირველ რიგში ცნობილია, როგორც საქართველოში ლურჯი მოცვის უმსხვილესი მწარმოებელი, გვიამბეთ ამ პროექტის შესახებ…
_ ჩვენ საქართველოში ლურჯი მოცვის სამრეწველო წარმოებაში ფაქტობრივად პიონერები ვართ. ეს პროექტი 2012 წელს გურიაში, ოზურგეთის რაიონში დავიწყეთ და დღეს უკვე ლურჯი მოცვის პლანტაციები 140 ჰექტარზე გვაქვს გაშენებული. ვაწარმოებთ 8 ჯიშის ლურჯ მოცვს. Vanrik Agro Group-ის პლანტაციები ჯიშების მიხედვით განაწილებულია სამი ჯგუფად _ საადრეო, საშუალო და საგვიანოდ, რაც უზრუნველყოფს წარმოების რიტმულ მუშაობას.
საადრეო ჯიშები მაისის ბოლოს იწყებს დამწიფებას, შემდეგ ერთვება საშულო და ბოლოს ივნისის მიწურულს _ საგვიანო ჯიშები მოდის.
საქართველო ლურჯი მოცვის წარმოების შესაძლებლობების მხრივ უნიკალურია იმით, რომ ლურჯი მოცვის დაკრეფა იწყება მაშინ, როცა ის მსოფლიოში არსად არ მწიფს _ ეს ერთგვარი „ქართული ნიშაა“. ამ დროს ლურჯი მოცვი ნაყოფს იძლევა მხოლოდ სამხრეთ საფრანგეთში და პორტუგალიაში, მაროკოში, ესპანეთსა და ეგვიპტეში სეზონი მთავრდება, ხოლო ევროპელი მწარმოებლები ბაზარზე ჯერ კიდევ ვერ გამოდიან, ისინი მოსავლის მიღებას იწყებენ დაახლოებით 10 ივლისიდან.
ჩვენ ამ შუალედში ფაქტობრივად უკონკურენტოდ ვართ, რაც განაპირობებს მაქსიმალური რენტაბელობას.
მაგრამ ერთია გააშენო ლურჯი მოცვი, ხოლო სხვა უზრუნველყო ხარისხი, პროდუქციის მაღალი სასაქონლო სახე და ხანგრძლივად შენახვის უნარი. ამ მეტად თავისებური და სპეციფიკური კენკრის შენახვის ოპტიმიზაციაზე კომპანიამ თავიდანვე იზრუნა. იცოდა რა, რომ კენკრის შეგროვებიდან პირველ 5 საათის მონაკვეთში +2°C-მე გაგრილება მის ცოცხლად შენახვის ვადის 45 დღემდე გახანგრძლივების საშუალებას იძლევა, ამიტომ წარმოებაში დავნერგეთ cool chain-ის პრინციპი. კენკრა მოკრეფისთანავე (მაის-ივნისში ჰაერის ტემპერატურამ დილის 9 საათზე შესაძლოა +28°C მიაღწიოს) თავსდება მოძრავ მაცივარში, რომელიც რიგთაშორისებში მკრეფავების გვერდით მოძრაობს და ფაბრიკაში მოტანის დროს მოცვის ნაყოფი უკვე +16°C-მდეა გაგრილებული, საამქროში მისი გაგრილება გრძელდება +7°C-მდე, ხოლო საბაზო საცავში ის უკვე +2°C-ზე ხვდება. ამის შედეგად შედეგად ჩვენ კლიენტებს, სულ მცირე, 35 დღიანი შენახვის გარანტიას ვაძლევთ.
მოცვი ძალიან სათუთი კენკრაა და მას უკარება კენკრასაც კი ეძახიან და მართლაც კლიენტთან მოხვედრამდე მას ხელით მხოლოდ მკრეფავი ეხება ყუთში ჩალაგების დროს, სხვა ყველა დანარჩენი ოპერაცია ავტომატიზებულია. მოცვის ნაყოფი გარედან ბუნებრივად ცვილისებრი გარსით არის დაფარული და თუ ის დაუზიანებულია და კარგად გამოიყურება, მაშინ ასეთი კენკრა უმაღლესი ხარისხისაა. ასეთი მაღალხარისხიანი პროდუქციის მისაღებად ჩვენ როგორც მკრეფავების, ისე ყველა მომსახურე პერსონალისთვის რეგულარულად გადამზადება გვიწევს, ინტენსიურად ვმართავთ ტრეინინგებს.
ბაზარზე კლიენტების შეკვეთის შესაბამისად ფაბრიკიდან ლურჯი მოცვი ჩვეულებრივად 125 და 500 გრამიან ყუთებში შეფუთული გამოდის.
კლიენტების ბაზაც მოსავლის აღებამდე დიდი ხნით ადრე დგინდება, ზამთარში, თებერვლის ბოლოს, როგორც წესი, ამ დროს უკვე ცნობილია, კონკრეტულად ვინ რამდენს ყიდულობს.
_ Vanrik Agro-ს პროდუქტი მხოლოდ ექსპორტზე გადის?
_ ჩვენ დასაწყისიდანვე ორიენტირებულნი ვიყავით ექსპორტზე, რადგან საქართველოს ბაზარი ძალიან პატარაა. წლების განმავლობაში კომპანიის პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე გადიოდა, რასაც უზრუნველყოფდა შესაბამისი სერტიფიკატები, Global G.A.P. ბოლო დროს ევროკავშირის და აშშ მიერ დაწესებული სანქციების ფონზე რუსეთიდან ლურჯ მოცვზე და არამარტო მასზე, მოთხოვნა გაიზარდა და დღეს საექსპორტო ბაზრებს შორის რუსეთი ლიდერობს. აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოდან პროდუქციის ტრანსპორტირება შედარებით იოლი და იაფიცაა.
_ თქვენ გაქვთ კარგი სანერგე ბაზა და ლაბორატორია, კონკრეტულად რა ხდება იქ?
_ იმავე 2012 წელს, როცა ოზურგეთში ლურჯი მოცვის პლანტაცია გავაშენეთ, ხელვაჩაურის რაიონში დავაარსეთ მიკროკლონირების სანერგე ცენტრი. ჩვენ დანარჩენი სანერგეებისგან იმით განვსხვავდებით, რომ საქართველოს კლიმატურ პირობებზე ადაპტირებული სადედე მცენარეების კლონებს ვქმნით. ამჟამად ჩვენ _ კომპანია Stalker ფერმერებს და აგრომეწარმეებს 13 ჯიშის ლურჯი მოცვის, ოთხი ჯიშის უეკლო მაყვლის, სამი ჯიშის პავლოვნიის (პავლოვნიას ვთავაზობთ ქარსაფარი ზოლების მოსაწყობად რადგან იგი სწრაფად იზრდება) ნერგს სთავაზობს. ასევე ვთავაზობთ რამდენიმე ჯიშის ფსტის, კივის, და ჩაის ნერგებს. ჩვენს ხელთ არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შეგვიძლია ნებისმიერ მცენარის უვირუსო ნერგის წარმოება თუ, რასაკვირველია, შესაბამისი შეკვეთა იქნება.
ჩვენს ლაბორატორიას საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში უვირუსო ნერგის წარმოებაზე გავლილი აქვს სერტიფიცირების პროცესი. ჩვენს ლაბორატორიას და Vanrik Agro Group სხვა კომპანიებს მიღებული აქვთ ISO 22000, ISO 9001 და ამასთან ერთად Global G.A.P სერტიფიკატები.
პლანტაციებში ჩვენ მხოლოდ აქ წარმოებულ უვირუსო ლურჯი მოცვის და სხვა კულტურების სერტიფიცირებული ნერგებს ვაშენებთ.
2016 წელს კომპანიამ უნიკალურ ტექნოლოგიაზე მიიღო პატენტი, რომლის არსი მდგომარეობს ნერგების ინფრაწითელი სხივებით ზრდის სტიმულირებაში. გვაქვს ჩვენი ლაზერული დანადგარიც.
ჯერ კიდევ მაშინ, როცა საექიმო პრაქტიკით ვიყავი დაკავებული, ადამიანის ლაზერული თერაპიით მკურნალობის კურსიც გავიარე, მოგვიანებით დამებადა იდეა, ანალოგიური პრინციპი მცენარეზეც მეცადა. ექსპერიმენტებმა, რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში ვატარებდით, დაგვანახვა რომ სწორ გზას ვადექით. დღეს უკვე ამ ტექნოლოგიის წყალობით ნერგების ზრდის ტემპს 40-60%-ით ვზრდით და ზრდის დაჩქარებასთან ერთად მცენარეს უძლიერდება იმუნიტეტი, ფესვთა სისტემა, ამიტომ დღეს ამ მეთოდს ვიყენებთ როგორც ნერგების კლონირების, ისე მათი ღია გრუნტში გადატანის პროცესში.
_ რა ფართობი უჭირავს სანერგეს?
_ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიებს ვიყენებთ, სარგავი მასალის გამოსაყვანად 0,5 ჰექტარი სრულიად საკმარისია . ნერგები გამოგვყავს სათბურებში, ქოთნებში, სპეციალურად დამუშავებულ გრუნტზე და ქოთნებითვე ვყიდთ ფერმერებს, რომლებიც ან მას პირდაპირ რგავენ წინასწარ გამზადებული ორმოებში, შედეგად მცენარე არ განიცდის დარგვის თანმდევ სტრესს. აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ფერმერებს მარტო სარგავ მასალას კი არა, შესაბამისი კულტურის მაქსიმალური მიღებისათვის საჭირო სისტემასაც ვთავაზობთ.
_ კონკრეტულად რა იგულისხმება ამ სისტემაში?
_ იგულისხმება ფერმერების აგრონომიული მხარდაჭერა, ჯიშების შერჩევიდან მათი სწორად მოვლა-მოყვანის რეკომენდაციებით დამთავრებული, რეკომენდაციები კონკრეტული ფერმერებისთვის, მათი რეგიონის, მიწის ფართობის და სხვა ნიუანსების გათვალისწინებით იქმნება. ამის გარდა ჩვენ ვამარაგებთ ფერმერს იმ დოკუმენტაციითაც, რაც აუცილებელია ISO, Global G.A.P. ან მსგავსი ხარისხის სტანდარტის დანერგვისათვის, ფერმერს უკვე პროცესის დასაწყებად და ბოლომდე მისაყვანად ექსპერტის დაქირავება აღარ სჭირდება. ამ მომსახურების ფასი სარგავი მასალის ღირებულებაში შედის, რომლის ფასი ნერგების საბაზრო ფასზე მაღალი არ არის.
წლეულს ჩვენ უკვე ავამოქმედეთ ცხელი ხაზი, ყველა ვინც ჩვენგან იყიდის სარგავ მასალას, შეუძლიათ დაუკავშირდნენ ჩვენ აგრონომებს და ისინი ყოველგვარი საფასურის გარეშე კვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევენ: მოშენების, აღების, შენახვის შესახებ, ფერმერებს ევალებათ მხოლოდ მიაწოდოს კოდი, რა ნომრითაც შეიძინეს მათ კომპანიიდან კონკრეტული სარგავი მასალა.
თუ კონკრეტულად ლურჯ მოცვზე ვილაპარაკებთ, ჩვენ, მაგალითად გვაქვს ნერგები Legacy, O’Neal, Bluegold, Bluecrop, Elizabeth და სხვა. მაგრამ პირველ რიგში ვლაპარაკობ სწორედ ამ ჯიშებზე, რომელიც ჩვენი გამოცდილებით ყველაზე კარგად ეგუებიან ადგილობრივ ბუნებრივ პირობებს. როცა ფერმერს ვურჩევთ ჯიშებს, აუცილებლად ვითვალისწინებთ იმ კონკრეტული მიკრორაიონის აგროკლიმატურ, ნიადაგურ თავისებურებებს სადაც პლანტაცია უნდა გაშენდეს, ასევე ვუგეგმავთ პლანტაციის მოცულობასაც, რადგან თუ ფერმერს სურს პლანტაცია 5 ჰექტარზე გააშენოს, ეს უკვე საწარმოო მნიშვნელობის პლანტაცია იქნება და ამისთვის სხვა ჯიშია საჭირო, თუ ოჯახისთვის უნდა, მცირე ნაკვეთზე გაშენება, მაშინ სხვა ჯიშია უკეთესი.
მაგალითად, ჯიში Duke დიდი, საოცრად გემრიელი კენკრაა, უხვმოსავლიანი, მაგრამ პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ეს ჯიში ძალიან ფაქიზია ავტომატურ დასაფასოებელ დანადგარებში გადასამუშავებლად, რთულად იტანს ტრანსპირტირებასაც.
კიდევ ერთი აქტუალურ ნიუანსი. ჩვენ ვთავაზობთ ფერმერებს მათ მიერ ჩვენთან შეძენილი ლურჯი მოცვიდან მიღებული მოსავლის გარანტირებული შესყიდვას, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაიცავენ ხარისხიანი პროდუქციის წარმოების წესებს. მთელი წლის განმავლობაში ჩვენი აგრონომების ამოწმებენ რა პირობებში მოჰყავთ მოსავალი და იძლევიან დასკვნას შეიძლება ჩავიბაროთ თუ არა კონკრეტული პლანტაციის მოსავალი. დადებით დასკვნის შემთხვევაში კონკრეტული პლანტაციიდან მოსავლის აღებას და ფაბრიკამდე ტრანსპირტირებას ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რადგან ეს პროდუქციაც ბაზარზე ჩვენი სავაჭრო ნიშნით გადის და ჩვენ მომხმარებლებს ყოველთვის საუკეთესო პროდუქციას ვთავაზობთ.
ასეთი თანამშრომლობა ფერმერებისთვისაც მომგებიანია, რადგან ისინი მოსავალს პლანტაციიდან ერთიანად ყიდიან.
_ ლურჯი მოცვის გარდა Vanrik Agro Group სხვა კულტურები თუ მოჰყავს?
_ ჩვენ დავამუშავეთ პეკინური კომბოსტოს მოყვანის ტექნოლოგია. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს პირობებში ამ კულტურებს წელიწადში რამდენიმე მოსავლის მოწევა შეიძლება, რაც არცთუ მცირე შემოსავალია. შარშან 5 ჰექტარზე გვქონდა გაშენებული პეკინური კომბოსტო და საკურორტო სეზონზე ძალიან კარგად გაიყიდა. ძირითადი მყიდველები უცხოელები იყვნენ. წლეულს კომბოსტო აღარ დაგვირგავს, რადგან სხვა პროექტი დავიწყეთ და დრო აღარ გვეყო.
_ ბაზარზე Vanrik სავაჭრო ნიშნით აეროპუნიკური დანადგარებიცაა, თქვენ წარმოებაში უკვე არსებული ტექნოლოგიებს იყენებთ თუ თქვენი, ახალი შექმენით რამე?
_ საფუძვლად არსებული აეროპონიკური დანადგარები ავიღეთ, მაგრამ ის ადგილობრი პირობებს მოვარგეთ და უფრო რენტაბელური გავხადეთ. იგი ავტონომიურ რეჟიმში მუშაობს და მომსახურე პერსონალის მუდმივ ჩარევას არ ითხოვს. პროგრამული მონიტორინგისა და შესაბამის ტექნოლოგიის დამცავი კორექტირების სიტემა, როგორც პროდუქციის ხარისხის, ისე უხვმოსავლიანობის მხრივ, საუკეთესო შედეგის მიღების საშუალებას იძლევა.
მოწყობილობა ადგილზე მზადდება, კონფიგურაციას ჰქვია Vanrik Smart-ი. შარშან ჩვენ 8 მოწყობილობა უკრაინისთვის დავამზადეთ, 4 _ აზრბაიჯანისთვის.
_ ახალი პროექტებიც ახსენეთ…
_ უცხოელმა პარტნიორებმა შემოგვთავაზეს დასავლეთ საქართველოში ერთობლივად შეგვექმნა კენკროვნების მსხვილი პლანტაცია. ამჟამად ამ პროექტზე ვმუშაობ როგორც დირექტორი, ვგეგმავთ 500 ჰექტარზე მოცვის 100 ჰექტარზე და კანადური ყვავტყემალას (Ирга) პლანტაციის გაშენებას.
ახალ მიმდინარეობს პლანტაციისთვის ტერიტორიის შერჩევა ყველა საჭირო ფინანსური რესურსის მოძიება, ამ პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიონს აჭარბებს.
_ მოცვზე ყველაფერი გასაგებია, აი, კანადური ყვავტყემალაზე რა მოგახსენოთ, სამრეწველო მოშენების თვალსაზრისით საქართველოსთვის ეს კულტურა ახალია, რამ გამოიწვია მასზე არჩევანის შეჩერება?
_ შეიძლება ასეც ითქვას, რომ კანადურ ყვავტყემალასთან შესადარებლად ლურჯი მოცვი ცუდი მაგალითია. კანადური ყვავტყემალა უფრო პროდუქტიული და ბევრ შემთხვევაშიც უფრო საინტერესოა ვიდრე ლურჯი მოცვი, თუმცა ის მარკეტინგული თვალსაზრისით ჯერ კარგად გაპიარებული არ არის. უნდა ვთქვა, რომ შარშან პოლონეთში კანადური ყვავტყემალა 600 ჰექტარზე გააშენეს, პოლონელი ფერმერების და აგრომეწამეების ასეთი არჩევანი ბევრზე მეტყველებს.
მოცვი შეიძლება მხოლოდ ცოცხლი ან გაყინული გამოიყენო, თუმცა ყვავტყემალაც ძალიან გემრიელი კენკრაა და მისი მეორადი გადამუშავებაც შესაძლებელია. მისგან მზადდება საოცრად გემრიელი ჯემი, მურაბა, ალკოჰოლური სასმელი. იგი მშვენივრად ინახება. თუ მას აღებისთანავე გაყინავთ და გაადნობთ, ვთქვათ ორი წლის შემდეგ კვლავ ახალდაკრეფილივით იქნება. მოსავლელად იოლია, ხოლო მოსავლიანობა მოცვისას 2-3-ჯერ სჭარბობს. ამას ემატება ის, რომ მშვენივრად ხარობს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართვლოში, ოდნავ მოგვიანებით მწიფდება, ვიდრე მოცვი, რაც რისკების დივერსიფიკაციის კარგ საშუალებას იძლევა. მისი დამწიფების პერიოდი საქართველოში უფრო ადრე იწყება ვიდრე პოლონეთსა ან უკრაინაში და ესეც ქართული ნიშაა.
ვთვლი, ყველა ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით ძალიან პერსპექტიული კულტურაა საქართველოსთვის და ჩვენ პირველები ვიქნებით, ვინც ქვეყანაში კანადური ყვავტყემალას სამრეწველო მოშენებას დაიწყებს. უვირუსო და ადგილობრივ პირობებთან ადაპტირებული კანადური ყვავტყემალას ნერგები კი Stalker-ს აქვს.
წყარო: EastFruit