დარგებიმცენარეთა დაცვა

ლურჯი მოცვის, ჟოლოს და მაყვლის  მეწამური ლაქიანობა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები

ცნობილია, რომ კენკროვანი კულტურები გამოირჩევიან დიდი ეკონომიკური მნიშვნელობით, ბოლო წლებში საქართველოში საკმაოდ გაიზარდა მათი ფართობები, განსაკუთრებით ლურჯი მოცვის შემთხვევაში.
კენკროვანებში აღინიშნება მცენარეთა მრავალი მავნე ორგანიზმები, რომლებიც იწვევენ მოსავლიანობის რაოდენობის და ხარისხის შემცირებას, მცენარის დასუსტებას და ზოგიერთ შემთხვევაში ხმობასაც კი. ამიტომ აღნიშნული ორგანიზმების გამოვლენას, შესწავლას და მათ წინააღმდეგ ეფექტური ღონისძიებების შემუშავებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

 კენკროვან კულტურებში ფიტოსანიტარიული მონიტორინგის შედეგად ზუგდიდის (სოფ. ინგირი, ნარაზენი, ახალსოფელი, ჭითაწყარო), ოზურგეთის (სოფ. ანასეული, ბოხვაური, ნარუჯა, მაკვანეთი, ლაითური) და სამტრედიის (სოფ. ბაში, ეწერი, დიდი ჯიხაიში), ქარელის (ბრეთი, კარალეთი) მუნიციპალიტეტებში ლურჯი მოცვისა და ჟოლოს სხვადასხვა ჯიშებზე (დიუკი, სტარი, გრაფელი, პრემიერი, ბლუკროპი, ოზარბლუ) ლაბორატორიული და მიკოლოგიური კვლევის შედეგად გამოვლენილ დაავადებებს (ანთრაქნოზი, სიდამპლე, ლაქიანობები, ფუზარიოზი) შორის გავრცელების სიხშირითა და მავნეობით გამოირჩევა მეწამული ლაქიანობა, რომლის გავრცელება მერყეობს 15-40 %-მდე.

მეწამული ლაქიანობა – Didymella applanata  Sacc სოკოვანი დაავადება, რომლის  გამომწვევია  ჩანთიანი სოკო – Didymella applanata, რომელიც მიეკუთვნება  Dothideales რიგს. ლურჯი მოცვი, ჟოლო, მაყვალი ავადდებიან  ძირითადად გაზაფხულზე და შემოდგომით, გავრცელების წყარო შეიძლება  იყოს  ჰაერი, წყალი, მწერები. ძირითადად ავადდება დასუსტებული ბუჩქები, სოკო იჭრება მწერებით დაზიანებული ადგილებიდან ტოტებში და შემდეგ დიდი სისწრაფით ვრცელდება ფოთლებზე მურა ლაქების სახით. აღსანიშნავია, რომ მეწამული ლაქიანობა  ვრცელდება დიდი სისწრაფით და ძირითადად ვლინდება ფოთლის მიმაგრების ადგილას. დაავადებული მცენარეების  კვირტები არ იშლება, ან იძლევიან სუსტ ყლორტებს, რის შემდეგაც ავადდება ფოთლები.

დაავადება ვრცელდება  ივნისის თვეში პირველად ტოტების  კვირტებზე, შემდეგ ფოთლებზე  და ახალგაზრდა ყლორტებზე, მომრგვალო მოწითალო-ყავისფერი პატარა ლაქების სახით, რომლებიც თანდათან  დიდდება, იღებს ელიფსურ ფორმას. დაავადებულ  ტოტზე ვითარდება დამწვარი, დამსკდარი ბზარები მურა ყავისფერი შეფერილობის სახით. შემდგომში ყავისფერი შეფერილობა გადადის მოთეთროში. დაავადებული მოცვის,  ჟოლოს და მაყვლის, ტოტები, ფოთლები და ნაყოფი ხმება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში  ლურჯ მოცვზე, სვიტ  ჰარტის და ბლუკროპის  ჯიშის ფოთლებზე და ღეროებზე (სურ.1) აღინიშნა – მეწამული ლაქიანობა (30 – 40 %) და თიანეთის მუნიციპალიტეტში  ჟოლოზე (სურ.2) სოფ. თეთრხევა (25-30%). ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში მაყვალზე მეწამული ლაქიანობის  გავრცელების % 15 – 30. (სურ. 3).

მოცვი ფოტო ერით

მოცვზე მეწამური ლაქიანობა (სურ.1)

მოცვი ფოტო 22222222222222

ჟოლოზე მეწამური ლაქიანობა (სურ.2)

მოცვი ფოტო 3333

მაყვალზე მეწამური ლაქიანობა (სურ.3)

ოზურგეთში სოფელ ნატანებში  ლურჯი მოცვის ნარგავებში სარეველებიდან გავრცელებულია: ხვართქლა, ჩაქვის ბალახი, აბზინდა, თავნასკვა. დომინანტურია ჩაქვის ბალახი – გავრცელების %- 60.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფ. ანასეულში ლურჯ მოცვზე სარეველებიდან გამოვლინდა:   ჩაქვის ბალახი, შალაფა, მრავალძარღვა, ბირკა, რომელთაგან დომინანტურია ჩაქვის ბალახი. დაფიქსირდა საკარანტინო სარეველა ძაღლყურძენა კაროლინა.

გარდაბანში ჟოლოს  ნარგავებში ფიტოსანიტარიული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა ორლებნიანი და მარცვლოვანი სარეველები: გვირილა, ხვართქლა, რძიანა, შალაფა და ყანის ბაია. დომინანტურია რძიანას – გავრცელება 70.%.  სოფ. სააკაძეში ჟოლოს ნარგავებში გამოყენებულია მულჩად  სარეველები. ზუგდიდში – ჩაქვის ბალახი,  შალაფა, მრავალძარღვა, ბირკა. ჯიღაურაში – შალაფა.

თიანეთის მუნიციპალიტეტში გავრცელებულია: ხვართქლა, რძიანა, შალაფა,  ყანის ბაია, მათ შორის  დომინანტურია შალაფა.

მოცვი ფოტო 4444

ძაღლყურძენა კაროლინა                                             ჩაქვის ბალახი

 ლურჯი მოცვის, ჟოლოს და მაყვლის მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ აუცილებელია  ჩატარდეს ბრძოლის ღონისძიებები:

  1. დაავადებების ინფექციის წყაროს განადგურებისათვის საჭიროა გაზაფხულზე დაზიანებული, გამხმარი ტოტების მოჭრა, ნაკვეთიდან გატანა და დაწვა;
  2. საღი ნერგების შერჩევა;  
  3.  ადრე გაზაფხულზე კვირტების დაბერვამდე ან დაბერვისას სოკოვანი დაავადებების      მოზამთრე სტადიის წინააღმდეგ ბუჩქების შესხურება 3% ბორდოს ნარევით, შემდეგ ვეგეტაციის პერიოდში 1% ბორდოს სითხით 2-3 ჯერ ყვავილობამდე და ყვავილობის შემდეგ ან ბიოფუნგიციდებიდან გამოყენებული იქნას ფიტოსპორინ ან ადგილობრივი წარმოებისაგროკატენას“ 2%-იანი სამუშაო ნაზავით. ბორდო კაფარობლუ  ან ჰექტაშ ბორდო  15-18 კგ/ჰა,  ან ბორდო ფლო ნიუ 10-12 ლ/ჰა გაზაფხულზე კვირტების დაბერვამდე,  სამუშაო ნაზავის  ხარჯვის ნორმა: 500-600ლ/ჰა;
  4. უნდა ჩატარდეს მავნე მწერების წინააღმდეგ ბრძოლა, რადგან მათ მიერ დაზიანებული ადგილებიდან ადვილად იჭრება დაავადების  გამომწვევი სოკოს სპორები;
  5. გრუნტის წყლები არ უნდა იყოს  ზედაპირთან ახლოს;  
  6. ნიადაგის გაფხვიერების სიღრმე  8-10 სმ არ უნდა აღემატებოდეს, რომ არ დაზიანდეს ფესვები;
  7. სარეველების დათრგუნვის მიზნით  უნდა ჩატარდეს მულჩირება რიგებს შორის, ან მოხდეს ჰერბიციდებით დამუშავება;
  8. აერაციის უზრუნველყოფისათვის  უნდა მოვერიდოთ გახშირებულ ნარგაობას, მცენარის ძლიერი გახშირების შემთხვევაში დაავადება მოიცავს  ფესვთა სისტემასაც;
  9. ჟოლოზე მოსავლის    აღების შემდეგ უნდა გადაიჭრას ორწლიანი ნაზარდი;
  10.  ნიადაგის pH უნდა იყოს 4-5.
  11. კენკროვანებშიგამოიყენება ფლუმიოქსაზინის ჯგუფის  ნიადაგური მოქმედების ჰერბიციდები: გან შოთი: 0,2 – 0,7 კგ/ჰა, პლედი:  0,4 – 0,85 კგ/ჰა,  იმპულსი: 0,56-0,85 კგ/ჰა. ჰერბიციდების მოქმედების სპექტრი მოიცავს ერთწლიან, მრავალწლიან ორლებნიან და მარცვლოვან სარეველებს.

ლუდმილა ცხვედაძე – სოფლის მეურნეობის  დოქტორი,

შაქრო ყანჩაველი – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი,

ლალი წივილაშვილი – სოფლის მეურნეობის დოქტორი,

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო – კვლევითი ცენტრი

მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტი