მაღალპროდუქტიული დაფნის სამექანიზაციო პლანტაციები
შავი ზღვის სანაპირო ზოლში, განსაკუთრებით საქართველოს ტერიტორიებზე შემორჩენილია დაფნის ბუნებრივი ტყეები, რაც იმის დამადასტურებელია, რომ იგი საქართველოში აბორიგენი, უძველესი კულტურაა.
გასული საუკუნის 60-იან წლებში საქართველოში დაფნის პლანტაციებს 6600 ჰექტარამდე ფართობი ეჭირა. ძირითადად ის გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, სადაც ბუნებრივად მისი მოვლა-მოყვანისათვის აუცილებელი ნიადაგი და კლიმატური პირობებია შექმნილი.
დაფნის მშრალი ფოთოლი და ამ მცენარის მწვანე მასისგან მიღებული სასიამოვნო სურნელების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების (ცინეოლი, პინენი, ლიმონენი, კამფენი, ფელანდრენი, საბინენი, მირცენი და სხვა) შემცველი ეთერ-ზეთები ფართოდ გამოიყენება სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგში. ამიტომ მოთხოვნილება მათზე დიდია და ამასთან ყოველწლიურად 10-15 %-ით იზრდება.
უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის მსოფლიოში დაფნის მშრალი ფოთლის და ეთეროვანი ზეთის წარმოება სრულად ვერ აკმაყოფილებდა მასზე მოთხოვნას, რაც აუცილებელს ხდის დაფნის კულტურით დაკავებული ფართობების მნიშვნელოვნად გაზრდას. ამ პრობლემის გადაჭრის სხვა გზაც არსებობს, რაც დაფნის მაღალპროდუქტიული ფორმების შერჩევაში გამოიხატება. ამით მნიშვნელოვნად ამაღლდება დაფნის კულტურის წარმოების რენტაბელობა, შესაბამისად, ეთეროვან ზეთსა და მშრალ ფოთოლზე მუდმივად მზარდი მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა დაფნის პლანტაციების ფართობების მნიშვნელოვნად გაზრდის გარეშე.
ამის მისაღწევად საჭიროა დღეს წარმოებაში არსებული სამეურნეო ნიშან-თვისებებით ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული პოპულაციებიდან, ანუ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გავრცელებული გარკვეულად განკერძოებული კომერციული ვარიაციებიდან, მაღალპოდუქტიული ფორმების შერჩევა, მათი შედარებითი შესწავლა, კიდევ უფრო მაღალპროდუქტიული ფორმების გამოყოფა და საბოლოოდ ამ უკანასკნელთაგან მექანიზებული წესით მოვლა-მოყვანისათვის გამოსადეგი ფორმის შერჩევა და წარმოებაში დანერგვა.
ზოგიერთი მეცნიერისა და ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევებით დადგენილია, რომ მსოფლიოში დანერგილი დაფნის ერთადერთი სახეობა _ კეთილშობილი დაფნა _ ლაურუს ნობილის, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უაღრესად ჭრელ პოპულაციას წარმოადგენს, განსაკუთრებით ეთერზეთის შემცველობის, ზრდა-განვითარების ინტენსივობის და ფოთლების მოსავლიანობის მიხედვით. მაგალითად, ეთეროვანი ზეთების შემცველობა ცალკეული მცენარეების მიხედვით მერყეობს 0,08 %-დან 3,33%-მდე. აღნიშნული მრავალფეროვნება იძლევა ამ პოპულაციაში 2-3-ჯერ და უფრო მეტადაც პროდუქტიული ფორმების გამორჩევის საშუალებას.
უნდა აღინიშნოს, რომ კეთილშობილი დაფნის მაღალპროდუქტიული ფორმები, კომერციული ვარიაციების სახით ჩვენ მრავალწლიანი კვლევების შედეგად შევარჩიეთ, ახლა საჭიროა მათგან უკეთესების გამოყოფა და სამექანიზაციო პლანტაციების გაშენება. კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადადგმულია, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნოსირის სამეცნიერო სასწავლო მეურნეობაში გავაშენეთ ერთ რიგიანი და ორ რიგიანი საცდელი პლანტაცია 2 და 2,4 მეტრის რიგთაშორისებით. მცენარეთა შორის მანძილი შეადგენს 0,4 და 0,5 მეტრს. პლანტაცია ფორმირდება შპალერებად, რაც მნიშვნელოვნად ზრდის საჰექტარო მოსავლიანობას და ხელს შეუწყობს მექანიზაციის დონის ამაღლებას, რაც დღეს არსებული დონე 10-15 % არ აღემატება.
დაფნის მექანიზაცია
იმისთვის რომ ამაღლდეს მექანიზაციის დონე, უპირველესად საჭიროა რაციონალური აგრონომიული ფონის შექმნა, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ახალი პლანტაციების გაშენებისას. სასურველ შედეგს მოგვცემს დაფნის პლანტაციების შპალერული წესით გაშენება, სადაც შესაძლებელი იქნება სერიული, მცირეგაბარიტიანი მუხლუხა და თვლებიანი ტრაქტორების გამოყენება. ძველ პლანტაციებში რიგთაშორისების გასაზრდელად საჭიროა მათი რეკონსტრუქცია.
მედაფნეობაში მექანიზაციის დონის ამაღლების მიზნით, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გარკვეული თეორიული და პრაქტიკული ხასიათის სამუშაოები ჩატარდა. დამუშავდა დაფნის მშრალი ფოთლის წარმოების უნარჩენო ტექნოლოგია და მისი განხორციელებისთვის საჭირო მანქანა – დანადგართა კომპლექსი. მედაფნეობის მეურნეობაში გამოყენებული ტექნოლოგიისგან განსხვავებით, ახალი ტექნოლოგია ითვალისწინებს ხარისხიანი ფოთლის დამზადების შედეგად დარჩენილი მექანიკურად დაზიანებული ფოთლების, წვრილი ღეროების და უხარისხო ფოთლების ცალკე გადამუშავებას, მიღებას და მის კომბინირებულ საკვებ დანამატად მეცხოველეობაში გამოყენება.
დაფნის მოვლა-მოყვანის სასოფლო-სამეურნეო პროცესებს შორის, ერთ-ერთ შრომატევად ოპერაციად ბუჩქების მძიმე გასხვლას თვლიან. შპალერული წესით გაშენებულ პლანტაციებში, 15-20 წლის ექსპლოატაციის შემდეგ ბუჩქის სიმაღლე 80-90 სმ. აღწევს. ამიტომ აუცილებელი ხდება ბუჩქის გაახალგაზრდავება~ ე.წ. მძიმე გასხვლა _ მიწის პირიდან 5-10 სანტიმეტრზე.
ამ მიზნით დამუშავებულია მძიმედ სასხლავი მაღალმწარმოებლური (0,25 ჰა/სთ) მანქანა, რომელიც შემდეგი ძირითადი კვანძებისგან შედგება:
_ ბუჩქების მძიმე სასხლავი აპარატი;
_ მოჭრილი მასის გვერდზე გადამტანი და მტვირთავი ტრანსპორტიორები;
_ სასხლავი აპარატის საკიდი და ამძრავი მექანიზმები.
დაფნის მოსავლის აღების სხვადასხვა ხერხი არსებობს. საქართველოში ძირითადად გავრცელებულია ბუჩქებიდან ერთწლიანი, ან ორწლიანი ნაზარდი ღეროების აჭრის მეთოდი. ამ პროცესის მექანიზაციისთვის სამთო მიწათმოქმედებისა და სუბტროპიკული კულტურების მანქანების სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში (ამჟამად საქაგრომანქანა) დამუშავდა დაფნის ღეროების ამღები მანქანა _ ლპმ-1, რომელსაც მოჭრილი ღეროების შემკონავი მოწყობილობა არ ჰქონდა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებდა მის ეფექტიანობას. ამ მანქანისა და მოსავლის ამღები სხვა მექანიზმების მუშაობის გაანალიზების საფუძველზე საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დამუშავდა დაფნის მოსავლის ამღები მანქანის კინემატიკური და ტექნოლოგიური სქემა, რის შედეგადაც შეიქნა მჭრელი და შემკონავი აპარატების საცდელი ნიმუშები.
მედაფნეობის მეურნეობაში მოქმედი ტექნოლოგიის მიხედვით ნედლი დაფნის კონები ეწყობა საშრობ ფარდულებში, სადაც იგი ბუნებრივად შრება. შრობის ხარისხი და ხანგრძლივობა დამოკიდებულია, როგორც მეტეოროლოგიურ ფაქტორებზე (ტენიანობა, გარემოს ტემპერატურა, ქარი და სხვ.) ასევე, თვით კონების პარამეტრებზე (მოცულობა. წონა, შეკონვის სიმჭიდროვე) და საშრობი ფარდულების რაციონალურ კონსტრუქციაზე, მათში კონები განლაგების ხერხზე, ინტენსიურობაზე. შრობისთვის ხელსაყრელი ბუნებრივი პირობების დროს შრობა მიმდინარეობს 20-25 დღე-ღამის განმავლობაში, ხოლო წვიმიანი დღეების პირობებში 35-40 დღე. ამდენად, ბუნებრივი შრობის დროს, ერთდროულად მოჭრილი ღეროების მოსათავსებლად საჭიროა დიდი მოცულობის საშრობი ფარდულები, რაც დაკავშირებულია დიდ კაპიტალურ დანახარჯებთან.
დაფნის ფოთლების ხელოვნური შრობის შესახებ არსებული შრომებისა და წინასწარ ჩატარებული ექსპერიმენტული კვლევების საფუძველზე დამუშავდა დაფნის ნედლეულის შრობის კომბინირებული მეთოდი, რა დროსაც ბუნებრივი შრობის პროცესის დაჩქარება ხდება თბილი ჰაერის (ტ=30-50)0C ნაკადის გამოყენებით. ამ მიზნით დაფნის საშრობ სპეციალურ სათავსოებს, განტოტვილი ჰაერგამტარი მილების საშუალებით, ელექტროკალორიფერებიდან ან თბოგენერატორებიდან გარკვეული რეჟიმით მიეწოდება თბილი ჰაერის ნაკადი. გარემო პირობებისა და ნედლეულის პარამეტრების მიხედვით ხდება მშრობი აგენტის მახასიათებელი პარამეტრების (ტენიანობა, ტემპერატურა, გადაადგილების სიჩქარე და სხვა) ავტომატიზებული რეგულირება. დაფნის ნედლეულის შრობის კომბინირებული მეთოდით მიღებული პროდუქცია აკმაყოფილებს დაფნის მღალი ფოთლისადმი წაყენებულ სტანდარტულ მოთხოვნებს და რაც მთავარია, მშრალ ფოთლებში ეთერზეთების რაოდენობა ტემპერატურის მოქმედების შედეგად არ მცირდება. კონების შრობის ხანგრძლივობა მცირდება 5-7 დღე-ღამემდე და შესაბამისად მნიშვნელოვნად იზრდება საშრობი სათავსოების სეზონური გამტარუნარიანობა.
დაფნის მშრალი ფოთლის წარმოების ტექნოლოგიური ოპერაციებს შრობის ყველაზე შრომატევადია ხელით ღეროებიდან ფოთლის მოცილება (განფოთვლა). განფოთვლის ოპერაციის მექანიზებისთვის დამუშავებულია სხვადასხვა სახის დანადგარი, რა დროსაც მწარმოებლობა საშუალოდ 100 კგ/სთ შეადგენს.
_. მშრალი ღეროებიდან ფოთლები ცილდება აეროდინამიკური და ვიბრომექანიკური მოწყობილობის მეშვეობით. პირველ უბანზე ღერო განიცდის ვიბრომექანიკურ ზემოქმედებას. ამ დროს მას ფოთლების უმეტესი ნაწილი შორდება.
ფოთლის მოცილების შემდეგ დარჩენილი ტოტები თავიდან, თითქმის 1 %-მდე ეთერზეთს შეიცავს. მაგრამ მედაფნეობის მეურნეობაში დღეს არსებული ტექნოლოგიით მათი გამოყენება არ ხდება. ამ დანაკარგის აღმოფხვრის მიზნით დამუშავდა დაფნის ნარჩენების გადამუშავებისა და მიღებული პროდუქციის გამოყენების ტექნოლოგიური სქემა, მომლის თანახმად, გაფოთვლის ოპერაციის ჩატარების შემდეგ დარჩენილი ღეროები და მექანიკურად დაზიანებული უხარისხო ფოთლები ქუცმაცდება და მისგან დაფნის ნარჩენების ფქვილი მზადდება. ამ ოპერაციის მექანიზაციისთვის მეცხოველეობაში გამოყენებული საკვებდამამზადებელი სტაციონალური დანადგარის კდუ-2-ის ბაზაზე შეიქნა დაფნის ნარჩენების დამქუცმაცებელ-საფქვავი მანქანა, რომელსაც დამატებულ აქვს დაფნის მსხვილი ტოტების გამსხლავ და გამჭყლეტი ვალცები. მიღებული ფქვილი შემოწმდა ტოქსიკურობაზე და დადგინდა რომ მისი მინერალური და ქიმიური შემადგენლობა. ექსპერიმენტით დადგინდა: ცხოველები რომლებიც ღებულობენ კომბინირებულ საკვებს დაფნის ფქვილის დანამატით, უფრო სრულყოფილად ითვისებენ საკვებში საზრდო ნივთიერებას.
პერსპექტივაში შესაძლებელია დაფნის მშრალი ფოთლის წარმოება და ნარჩენების გადამუშავების ავტომატიზებული ტექნოლოგიური ბაზის შექნა, სადაც უწყვეტ ტექნოლოგიურ რეჟიმში მოხდება დაფნის ნედლი ტოტების ხელოვნური შრობა, ტოტების განფოთვლა-დახარისხება და ნარჩენების ფქვილად გადამუშავება.
საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ კეთილშობილი დაფნის მაღალპროდუქტიული, მექანიზებული წესით მოვლა-მოყვანისთვის გამოსადეგი ფორმის შერჩევა და წარმოებაში დანერგვა საშუალებას მოგვცემს მნიშვნელოვნად ავამაღლოთ დაფნის პლანტაციების მოსავლიანობა, გავზარდოთ სასოფლო სამეურნეო და ტექნოლოგიური ოპერაციების ჩატარების მექანიზაციის დონე, გამოვრიცხოთ მძიმე ფიზიკური შრომა და შესაბამისად შევამციროთ დაფნის პროდუქციის ღირებულება.
ნუგზარ ებანოიძე,
ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი