მაკე ფურის გაშრობა
მაკე ფურის მოვლა-შენახვის კომფორტული პირობებით უზრუნველყოფა და სწორი, ნორმირებული კვება, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მის მაღალ პროდუქტიულობას და კარგ ჯანმრთელობას, აგრეთვე მომავალი ხბოს სიცოცხლისუნარიანობას.
მაკეობის პირველ პერიოდში ნაყოფის მასა არ არის დიდი (60 დღის ასაკის მასა სულ რაღაც 8-15 გ-ს შეადგენს), მაგრამ, რამდენადაც ემბრიონული განვითარების ამ ეტაპზე ხდება ძირითადი ორგანოებისა და სისტემების ჩამოყალიბება, მნიშვნელოვანია დამაკების პირველი დღიდანვე ფური უზრუნველყოფილი იქნეს კარგი მოვლა-შენახვისა და ნორმირებული კვების პირობებით.
მაკეობის ბოლო პერიოდში, მოგებამდე 2 თვით ადრე, ნაყობის ცოცხალი მასის დღეღამური ნამატი 300-400 გრ-ს აღწევს. 7 თვის ასაკში მისი მასა 12-17 კგ, ხოლო დაბადებისას 28–30 კგ და მეტია. ამის გამო, მაკეობის ბოლო პერიოდში მყოფი ფური უნდა ვკვებოთ ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ნაყოფის ნორმალურად განვითარება, ხოლო მისმა ორგანიზმმა მომავალი ლაქტაციისთვის სათანადო რაოდენობით დააგროვოს საყუათო ნივთიერებების რეზერვი.
ამის გათვალისწინებით, მოგებამდე 2 თვით ადრე ფურს აშრობენ, ანუ წყვეტენ მის წველას. ერთნაყოლი და მაღალპროდუქტიული ფურები კი უმჯობესია გავაშროთ მოგებამდე 65-75 დღით ადრე.
არც თუ იშვიათად, ფერმერს უხდება ისეთი ფურის გაშრობა, რომელიც იწველის 10-15 ლ რძეს დღეში. გაშრობა განსაკუთრებულად აუცილებელია, როდესაც ფური გამხდარია, ან კიდევ მისი მონაწველი გასულ ლაქტაციაზე იყო მოსალოდნელზე ნაკლები.
მშრალობის პერიოდის მინიმალური ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 40 დღე. ამასთან, არ უნდა შეგვეშინდეს გაშრობის გამო რძის „დაკარგვის“. ეს დანაკარგი სრულად დაიფარება მომდევნო ლაქტაციისთვის სწორად მომზადების შემთხვევაში. საქმე ის არის, რომ დროულად გამშრალი და მომდევნო ლაქტაციისთვის სწორად მომზადებული ფური იწველება გაცილებით მეტ რძეს.
უფრო ადრე გაშრობა არ არის სასურველი, ვინაიდან პრაქტიკამ დაამტკიცა, რომ პირველი და მეორე ლაქტაციის იმ ფურებმა, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით გააშრეს დროზე ადრე, გამოავლინეს მომდევნო ლაქაციებზე ადრე გაშრობისკენ მიდრეკილება.
იმ შემთხვევაში, როდესაც გაშრობის წინ ფური დღეში იწველის 3-4 ლ რძეს, მას აშრობენ წინასწარი მომზადების გარეშე. უფრო მაღალი წველადობისას ფურს აშრობენ შემდეგი პროცედურების შესრულებით: მას დღეში 1 კგ/მდე უმცირებენ კონცენტრირებული საკვების მიცემას, წვნიან საკვებს – სილოსს და ძირხვენებს მთლიანად ამოიღებენ ულუფიდან და, იმავდროულად, ამცირებენ წველის სიხშირესაც, კერძოდ: თუ სამჯერ წველიდნენ, ჯერ გადადიან დღეში ორჯერ წველაზე, შემდეგ ერთჯერადზე, დაბოლოს საერთოდ წყვეტენ წველას. იმ შემთხვევაში, როდესაც მონაწველი მცირდება ნელა, ფურს უზღუდავენ წყლის მიცემასაც და ის გადაჰყავთ მხოლოდ უხეში საკვების შემცველ ულუფაზე. ეს ეხება მხოლოდ მაღალპროდუქტიულ მერძეულ ჯიშებს და არა მეხორცულს, რადგან მეხორცული ამ დროს ისედაც გამშრალია.
გაშრობის პროცედურების შესრულებისას დაუშვებელია ფურის ცურის მასაჟი.
ზაფხულობით, საძოვარზე შენახვისას, გასაშრობ ფურს არ აძლევენ დამატებით საკვებს მწვანე მასის და კონცენტრატების სახით, აგრეთვე 4-5 სთ-მდე უზღუდავენ ძოვების ხანგრძლივობას და, ასევე, ულუფაში ამცირებენ კონცენტრირებული საკვების რაოდენობას; გამოუვალი მდგომარეობისას, გაშრობის დასაჩქარებლად მას კვებავენ მხოლოდ კარგი ხარისხის თივით.
მაღალპროდუქტიული ფურის გაშრობის დასაჩქარებლად უმჯობესია ის გადავიყვანოთ სხვა ბოსელში და შევუცვალოთ კვების გრაფიკი, ანუ ჩავაყენოთ ჩვეულებრივისგან განსხვავებულ პირობებში. როგორც აღინიშნა ასეთი ფურის გაშრობა უნდა დავიწყოთ მოსალოდნელ მოგებამდე 75 დღით ადრე.
ფური გამშრალად ითვლება მას შემდეგ, როდესაც მისი ცური მოცულობაში მოიკლებს საგრძნობლად. როგორც წესი, ამას ადგილი აქვს გაშრობის პროცედურის დაწყებიდან 5-8 დღის შემდეგ.