მარტოკაცი ლიქოკის ხეობიდან – კვდება ეს კუთხე, აქ ვინც დარჩა, აღარ ოჯახდება
„გაღმა გზა რომ მიდის, ხომ ხედავთ, სოფელი არ ჩანს, მაგრამ მანდ არის ქობულო. მთის იქით, ნასოფლარია – მაღრანი. იქიდან 4 კილომეტრში არის აკუშო. ახლა მხოლოდ აკუშოშია ორი მოსახლე. ადრე ბევრი იყო ხალხი. აგე, მანდ, ქობულოში ვცხოვრობდით, მანდ გავიზარდე.
ეს კეოა – ადრე ჩვენი საზამთრო საცხოვრებელი იყო. სოფლის სტატუსი არც ახლა აქვს. ზაფხულობით ზემოთ ვართ, ქობულოში, ზამთრობით – აქ. თუმცა ვართ რა, უფრო ხშირად მარტო მე ვარ. მეზობელიც არავინ მყავს“, – გვეუბნება 68 წლის იმედა ლიქოკელი.
მისი მეუღლე ბარისახოს სკოლის მასწავლებელია, შვილებიც ჯერ სკოლაში დადიან. კეოდან ბარისახომდე ორიოდე კილომეტრია, თითქოს ბევრი არც არის, მაგრამ ზამთარში ამ თოვლიან-ყინულიანი გზის გავლა, უხიდო მდინარეზე გადასვლა რთულია და იმედას ცოლ-შვილი ზამთრობით ბარისახოში რჩება. არდადეგებზე, ან კარგ ამინდში შაბათ-კვირასაც მიდიან შინ.
„ადრე აქ 6-7 სახლი იყო, იქითაც ორი ნასახლარია, ზემოთ მღვდელი ცხოვრობდა. აი, იმ სახლში (მეზობელ სახლს გვიჩვენებს) – აბიკათ გიგუა. მაღრანში მარტო ცხოვრობდა და ჩამოსახლდა. ერთხელ გაღმა, კორშაში, მეგობართან წავიდა. წამოსვლისას, ხმალაის ხევში გაყინულა და გარდაცვლილი იპოვეს. ხუთი წელი გავიდა. ძალიან დამაკლდა. სულ მარტო დავრჩი“, – გულისტკივილით გვიყვება კეოს ერთადერთი მცხოვრები.
მერე თავისი გვარის ისტორიასაც იხსენებს: ლიქოკელი ადგილის მიხედვით ნაწარმოები გვარია. მისი წინაპრები ადრე სისაურები ყოფილან, პირიქითა ხევსურეთიდან ჩამოსულან აქ და ლიქოკის ჭალაში, ჯერ აჭეში დამკვიდრებულან, მერე – ქობულოში.
ადრე ბევრი ხალხი ცხოვრობდა მთაში. აკუშოშიც და ქობულოშიც 10-12 კომლი იყო. ზემოთ დაწყებითი სკოლაც არსებობდა. 6-7 მოსწავლეც ჰყავდათ. მასწავლებლები უმეტესად ბარიდან მიდიოდნენ. ახლა სკოლა აღარავის სჭირდება. აკუშოში ორი ოჯახი რჩება, თუმცა ოჯახი რა, თითო ადამიანია:
„დიდი ღვთისო და პატარა ღვთისო. ერთს ცხვარი ჰყავს, მეორეს ძროხა, ოღონდ სანაშენეზე მუშაობენ, ხბო-ბატკანი ამათ დარჩებათ და ცხვარ-ძროხა პატრონს უნდა წაუყვანონ, სანაშენზე დამბას ეძახიან ამას ხევსურეთში. დიდი და პატარა ღვთისოც ხან რჩებიან სოფელში, ხან – არა, მესამე მცხოვრები ზაფხულში მოდის ხოლმე, იმას ფუტკარი ჰყავს“.
„ბებიაჩემი იტყოდა ხოლმე, რომ სადღაც ჩინარიდან, ალაზნიდან მოჰქონდათ წყალი. ტყე და შეშაც არ იყო, ჯაგით ვთბებოდით, თუმცა რას ვთბებოდით, ვიყინებოდითო. პირველ ზამთარს 27 ადამიანი დაიღუპაო. ზამთარში შირაქში აუტანელი სიცივეა, ზაფხულში – აუტანელი სიცხე. ზოგმა ვერ აიტანა იქაურობა და ხევსურეთში დაბრუნდა“.
ჭირდა ცხოვრება. გზა და კვალიც არ იყო.
„ჩემს ბავშვობაში გზა ბარისახომდე ამოდიოდა, 1952 წელს ხახმატამდე აიყვანეს, 70-იან წლები გადავიდნენ მანქანით პირიქითა ხევსურეთში. ლიქოკის ხეობაში 20-30 წელია გზა გვაქვს“.
„მესაქონლეობას მივდევთ. ორი-სამი სული როცა გყავს, ოჯახის საჭიროებებს ვერ აუდის: რძე, მაწონი, ყველი, კარაქი შინაც გვჭირდება. ათი მაინც უნდა გყავდეს, რომ პროდუქტის გაყიდვა შეძლო, მაგრამ ბევრი რომ გყავდეს, საჭმელი უნდა მოიტანო. აქ ამდენი ბალახი არ არის, მოტანა რთულია. ადრეც, ზემოდან, კარწაულთას მთიდან უზიდნიათ თივა. ზემოთ სთიბდნენ, სამ ზვინს გადააბამდნენ თურმე და ისე ჩამოჰქონდათ.
საქონელი რომ გყავს, საფრთხეც ბევრია. ბოლო დროს 7-8 ძროხა შემიჭამა ნადირმა. მარტო მე კი არა, ყველა ასე ვართ, ზრდი პირუტყვს და მერე უცებ მგელი შეჭამს. ეს სამგლე ადგილია.
ფუტკარი მყავს რამდენიმე სკა. „ელკანამ“ გვაჩუქა სკებიც და მოვლის საშუალებებიც“.
რთულია აქაური ყოფა.
ბევრი სოციალურ დახმარებას ითხოვს. დახმარება არ მინდა, მაგრამ აი, ოპერაციების დროს კი გვჭირდება შეშველება. ამასწინათაც თვალის ოპერაცია გავიკეთე. წამლებია ძალიან ძვირი, თორემ ისე რა გვიჭირს, გავიტანთ თავს. მშივრები არ ვართ.
ბარისახოში ექიმი კი გვყავს, მაგრამ ცუდად რომ ხარ კაცი, ექიმამდე როგორ ჩახვალ? ექიმი შორ სოფლებში ვერ დადის. ხევსურეთში სტომატოლოგი არ გვყავს. კბილი რომ აგტკივდეს კაცს, თბილისში უნდა წახვიდე, ერთი დღე გზაში გინდა.
გზებს ყურადღება ექცევა. წმენდენ, ზამთარშიც კი. მადლობელი ვართ.
შუქი მე გამოვიყვანე, საკუთარი ხარჯით, მაგრამ ინდივიდუალური გამრიცხველიანება არ არის, ქობულოც და ლიქოკისჭალაც ჩემს მრიცხველზეა და მერე სადავოა ხოლმე: ვინ რამდენი დახარჯა“.
- მთის კანონმა თუ მოგიტანათ რაიმე სიკეთე?
„მომატებული პენსიის გარდა სხვა არაფრით მისარგებლია. იცლება ეს კუთხე: ზოგი უცხოეთში მიდის, ვისაც შვილები წამოეზრდებათ – ბარისკენ.
ადრე ამ სოფლებში, ლიქოკისჭალაში, პირიქეთა ხევსურეთშიც: ანდაქში, არჭილოში, ხახაბოში ბევრი იყო ხალხი. ახლა? კიდევ კარგი საყარაულოზე, სასაზღვრო საგუშაგოებზე არიან დასაქმებული ბიჭები. სხვა სამუშაო არც არის: არც მრეწველობაა, არც სოფლის მეურნეობა.
ამბობენ, მხოლოდ 2017 წელს 66 მილიონი დაიხარჯაო მთისთვის. რა გაკეთდა? არაფერი აშენებულა. 80-იან წლებში გაცილებით მეტი კეთდებოდა. მაშინ ცდილობდნენ, მთაში დაებრუნებინათ მთიელები.
ჭირს ცხოვრება და ახალგაზრდებიც მიდიან. აქ ვინც არის, აღარ ოჯახდებიან.
- მთავრობიდან ვინმე თუ გაკითხავთ?
„მხოლოდ არჩევნების წინ თუ მოდის ვინმე. ქუცნაშვილიც იყო. მოვლენ, ჩაიწერენ რაღაცეებს, შეგვპირდებიან, წავლენ და მერე არავის ახსენდები“.
თინათინ მოსიაშვილი
Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს.
წყარო: Mtisambebi.ge