ხორბლის ფართო ბაზო-კვლებზე მოყვანის ტექნოლოგია
ხორბლის საშუალო მოსავლიანობა ქვეყანაში ჰექტარზე დღეს 1.5 -2 ტონაა, ამ რამდენიმე წლის წინათ კიდევ უარესი ვითარება იყო, ეს მაჩვენებელი 1.1-1-2 ტონის ფარგლებში მერყეობდა.
ქართველი ფერმერები ცდილობენ მოსავლიანობის გაზრდას, მაგრამ ეს არცთუ იოლი საქმეა, რადგან უხვი მოსავლის მისაღებად გარკვეულ ფაქტორთა ერთობლიობაა საჭირო, რაც საქართველოში დღეს არცთუ იოლი მისაღწევია, რადგან ჭირს ხარისხიანი სერტიფიცირებული სათესლე მასალის შეძენა, დროულად სათანადო აგროტექნიკის და აგრეგატების მობილიზება, აქედან გამომდინარე აგროვადების და აგროტექნოლოგიების დაცვა და რაც ყველაზე დიდი პრობლემაა, თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ცოდნა-გამოცდილების დეფიციტი, განაპირობებს იმ შედეგს, რასაც დღეს ჩვენი მეხორბლე ფერმერები აღწევენ.
ფირმა ლომთაგორა ქვეყანაში ერთ-ერთი იმ იშვიათ კომპანიათაგანია, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მარცვლეული კულტურების, სიმინდის და ხორბლის მეთესლეობას მისდევს, საერთაშორისო მეთესლეობის ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ხორბლის და სიმინდის ახალი ჯიშები გამოჰყავს, ცდის, არეგისტრირებს, არაიონებს და ფერმერებს სთავაზობს.
კომპანია მუდმივ ძიებაშია, ცდის და ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს და მათ ამბიცია, რომ ხორბლის საშუალო საჰექტარო მოსავლიანობის მსოფლიო მარცვლეულის მწარმოებელ წამყვან ქვეყნებს გაუტოლდნენ, თანდათან ხორცს ისხამს.
როგორც კომპანიის მეხორბლეობის მიმართულების ცნობილი სპეციალისტი ირაკლი რეხვიაშვილი გვიხსნის, „ფირმა ლომთაგორაში“ უკვე წლებია იცდება და იხვეწება დაინერგა ფართო ბაზოებზე მარცვლეულის წარმოების ახალი ტექნოლოგია, რომლიც დღემდე დარგში არავის გამოუყენებია.
სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ ხორბალი ითესება 1,05 მეტრი სიგანის ბაზო-კვლებზე. სტანდარტული ბაზოების სიგანე, რაც მიღებულია მსოფლიოში, 75 სანტიმეტრია, ეს გახლავთ „ფირმა ლომთაგორას“, ტექნოლოგია ხორბალი ფართო ბაზო-კვლებზე რვა მწკრივად თესვას ითვალისწინებს.
ამ ტექნოლოგიით, მარცვლეულის წარმოების დროს რამდენიმე ეფექტი მიიღწევა.
ითრგუნება სარეველები, ჩაღრმავებულ კვლებში იოლია წყლის მიშვება და ბაზოების არა მოღვრით, არამედ გაჟონვით მორწყვა, რაც საშუალებას იძლევა ბაზოების ზედა ფენა ჰორიზონტალური ფილტრაციის მეშვეობით თანაბრად დატენიანდეს, არ დაიტბოროს და ნათესი არ ჩაიხუთოს.
ეს ტექნოლოგია იმითაც არის აღსანიშნავი და მიმზიდველი, რომ ჭარბნალექიანობის დროს (როცა ჭარბი ტენი გროვდება და აზიანებს ნათესს), წყლის დაგროვების საფრთხე და ბაზო-კვლების დატბორვა გამოირიცხება, რადგან ზედმეტ წყალი კვლების მეშვეობით ნაკვეთიდან გაედინება.
— თუ დააკვირდებით ნათესს, სარეველებიც ნაკლებად არის და თავთავებიც კარგად არის განვითარებული. ჩვენ ადრეც უხვ მოსავალს ვიღებდით, მაგრამ ნაკვეთი არათანაბრად იყო განვითარებული, ყანის თავში შეიძლება 8 ტონა მარცვალი აგვეღო, ხოლო ბოლოში — 4, საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა 5-6 ტონა გამოგვდიოდა. ამ ტექნოლოგიის გამოყენების პირობებში აღმონაცენი ყველგან თანაბარია, ყანის თავში, შუაში და ბოლოშიც, რადგან ბაზოები ტენიანდება სრულყოფილად, მცენარეს საკვები მიწოდება თანაბრად და ჯეჯილიც ყველგან ერთგვაროვანია, რაც უხვი მოსავლის ერთ-ერთი პირობაა. ვფიქრობთ ამ ნაკვეთებზე ჰექტარზე საშუალოდ 8 ტონა მარცვალს მაინც მივიღებთ.
როგორც „ფირმა ლომთაგორას“ დამფუძნებელი სოფლის მეურნეობის დოქტორი კახა ლაშხი გვიხსნის.
— ამ ტექნოლოგიით განსაკუთრებით იოლდება საქმე ჯიშობრივი მარგვლის დროს, როცა ელიტური, პირველი, მეორე, მესამე ხარისხის სათესლე მასალის მიღება გვსურს, ნათესში სხვა ჯიშის ხორბალი არ გამოერიოს, ის საგანგებოდ უნდა განადგურდეს, თავთავი მოცილდეს ღეროს, რომ ჯიშობრივი სიწმინდე დავიცვათ.
ამ მეთოდით თესვის დროს ჯიშობრივი გასუფთავების ოპერაციის ჩატარება იოლდება. ასევე ვიყენებთ შედარებით ნაკლები რაოდენობის სათესლე მასალას — 250 კილოგრამის ნაცვლად ჰექტარზე 170-180 კილოგრამ თესლს ვთესავთ; ხელს ვუწყობთ მცენარის განვითარებას, რაც მოსავლიანობის გაზრდის პირობაა და ვამზადებთ უმაღლესი ხარისხის სათესლე მასალას.
თუ ადრე ინტენსიურ ნათესში მზის სხივი მხოლოდ თავთავს ხვდებოდა, ბაზო კვლებზე თესვის პირობებში ვხედავთ, რომ მზის სხივი ხვდება ღეროსაც, ფოთოლსაც, თავთავსაც, ამიტომ იმ ფართობის დანაკარგს, დაახლოებით 15-20%, რაც კვლების მოწყობას დასჭირდა, ავინაზღაურებთ თავთავების მასის გაზრდით, რადგან გაუმჯობესებულია წყლის მიწოდება, კვების სისტემა, ფოტოსინთეზი მაქსიმალურად ეფექტიანად მიმდინარეობს და შედეგიც შესაბამისი იქნება.
თუ გასული წლის მონაცემებთან შედარებით დგინდება, რომ დასრულებული, კარგად განვითარებული თავთავიდან აღებული მარცვლების მასა 8 გრამსაც კი აღწევდა, წლეულს საშუალოდ ერთი თავთავიდან 2-3 გრამი მარცვალი რომ მივიღოთ და ეს გადავამრავლოთ ერთ ჰექტარზე არსებული თავთავების რაოდენობაზე (ჰექტარზე აქ საშუალოდ 5-6 მილონი თავთავია), ყოველ ჰექტარზე 10-11 ტონა მარცვალი უნდა მივიღოთ.
ამის მიღწევა რეალურად შეიძლება, რისკენაც წლებია ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ.
დიდი ხანია ვაკვირდებით და ვასწავლოთ მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას, ლიტერატურაც მოვიძიეთ, მაგრამ ანალოგი ვერ ვნახეთ, ეს არის ნოუჰაუ, რომელიც სხვაგან არ გამოუყენებიათ.
მანქანა-დანადგარებიც, ჩვენვე შევქმენით (ბაზო კვლების სიგანეზეა მორგებული გამაფხვიერებელი, სათესი და სხვა აგრეგატები), რადგან ქვეყანაში მსგავსი აგრეგატები არ არის.
ჩვენი სპეციალისტების მიერ დამუშავებული აგრეგატები, საშუალებას გვაძლევს, ნათესის დაუზიანებლად ვეგეტაციის ნებისმიერ ეტაპზე, რამდენჯერაც გვინდა, იმდენჯერ შევიდეთ ყანაში და ჩავატარებთ სასურველი სამუშაო, შევიტანოთ სასუქი, ინსექტიციდი, ჩავატაროთ ჯიშობრივი მარგვლა თუ სხვა. ამავე ტექნიკის მეშვეობით გამოკვების საშუალებებს ზუსტად ვანაწილებთ ნათესში. ბაზოებზე მორგებული სპეციალური ფარცხით ხდება ძირების გაფხვიერება და სასუქის ჩაკეთებაც.
ირაკლი რეხვიაშვილი — გამოვლინდა კიდევ ერთი ასეთი ტენდენციაც, ამაღლებულ ბაზოებზე თესვამ განაპირობა ყანის აერაციის გაუმჯობესება, როგორი მაღალი ტემპერატურაც არ უნდა იყოს, მცენარეები აღარ იხუთება, ნიავდება და დაავადებებიც ნაკლებად ჩნდება, აქ ჟანგას ან სხვა დაავადებებს ვერ ნახავთ, რაც ამ ტექნოლოგიის დამსახურებაცაა.
მაისის შუა რიცხვებიდან, როგორც წესი ჩვენს რეგიონში, მარნეულში ხორბალი უკვე იწყებს ქვედა ფოთლების ჭკნობას, ამ შემთხვევაში ქვედა ფოთლები ივნისის დასაწყისშიც ინარჩუნებენ მუქ მწვანე ფერს, რაც იმის ნიშნავს, რომ ფოტოსინთეზი თავიდან ბოლომდე აქტიურად მიმდინარეობს, რაც თავთავის ზრდას, მარცვლის გამსხვილებას უწყობს ხელს.
ამ მეთოდის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ის, რომ როცა ჰექტარზე ვთესავთ 5 მილიონს, შესაბამისად ვიღებთ 5 000 000 მთავარ მცენარეს. 5 000 000 ცენტრალური ღერო ნიშნავს 5 000 000 ძლიერ თავთავს. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ყველა მცენარე თანაბარად დატენიანდა და თანაბრად სრულყოფილად გამოიკვება, განვითარდა, რამაც შექმნა იმის პირობა, რომ ნაკლები ბარტყობა წასულიყო. ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაინტერესებს ბარტყობა, რადგან ვიღებთ კარგად განვითარებულ 5 მილიონ მთავარ მცენარეს, 5 000 000 თავთავს (საშუალოდ ყოველ თავთავში 2-3 გრამი მარცვალია), რაც სულ მცირე 10 ტონა ხორბლის მოსავალია ჰექტარზე.
ეს ტექნოლოგია კარგია ფერდობზე გამოსაყენებლადაც, რადგან ასეთი ფართო ბაზო-კვლების მოწყობის შემთხვევაში უხვნალექიანობის დროს, ფერდობზე წყალი უქმად არ ჩაირბენს, არ ჩარეცხავს ნათესს, კვლებში განაწილდება და თანაბრად მოიხმარს მცენარე.
ამ მეთოდის გამოყენებით ხორბლის ნათესის გამოკვების სისტემაც იცვლება შესაძლებელია ვეგეტაციის მთელ პერიოდში მცენარეთა დაუზიანებლად, მცენარეთა უწყვეტი გამოკვება.
ტრადიციული მეთოდით ყანაში გაზაფხულზე ერთხელ შეაქვთ სასუქი და მორჩა, მერე ტექნიკით ყანაში შესვლა შეუძლებელია, ჯეჯილი განადგურდება. ამ შემთხვევაში, ფართო ბაზო კვლებზე თესვის მეთოდით, მცენარე მუდმივად შეიძლება გამოკვებოს, რადგან ბაზო კვლები სწორედ მექანიზაციის თვლების სიგანეზეა განლაგებული და ყანაში ნებისმიერ დროს შეიძლება მოძრავი აგრეგატების შეყვანა და სასუქის თუ სხვა საშუალების შეტანა.
როგორც კი ვეგეტაციას განაახლებს, მცენარეს უწყვეტი გამოკვება სჭირდება, რაც ადრე ვერ ხერხდებოდა, განმარტავს ბატონი კახა ლაშხი. სასუქების ის ნორმა, რაც განსაზღვრული იყო ერთჯერადად შესატანად, გადანაწილებულია ვეგეტაციის სხვადასხვა პერიოდებზე და ორ-სამჯერ დოზირებულად შედის ყანაში. პატარა ჯეჯილს ცოტა საკვები სჭირდება, საშუალო ნაზარდს — მეტი და დიდი დოზა, ამიტომ არცერთ პერიოდში მცენარე შიმშილს არ განიცდის, რაც აისახა კიდეც ჯეჯილზე.
ეს ყოველივე 10-15 წლიანი მუშაობის შედეგია, ვფიქრობდით, და ნაბიჯ-ნაბიჯ მოვდიოდით აქამდე და დაგროვილი ცოდნის და გამოცდილების საფუძველზე გავწიეთ ასეთი რისკიც, ვფიქრობთ ბოლომდე გაგვიმართლებს.
ეს მეთოდოლოგია სხვა მარცვლეულ კულტურებზე რაფსზე და სიმინდზეც გამოიყენება.
მოგეხსენებათ, აღმოსავლეთ საქართველოში სიმინდი მზრალზე ითესება, ნიადაგი შემოდგომაზე, ნოემბერ-დეკემბერში მუშავდება, რომ ზამთრის პერიოდში ნიადაგმა მაქსიმალურად დაიგროვოს ტენი.
ამ მეთოდის გამოყენების დროს ნიადაგის მზრალად დამუშავება უკვე საჭირო აღარ არის, რადგან თუ ტენის ნაკლებობაა, დათესვისთანავე გაჟონვით მორწყვით იგივე და უკეთესი შედეგი მიიღწევა.
რასაც აქ პრაქტიკულად ვაკეთებთ, თანდათან ვაყალიბებთ თეორიულადაც, თეზისების სახით და ვქმნით ერთგვარ სახელმძღვანელოს, რომელსაც ჩვენ პარტნიორ ფერმერებს ვაწვდით, ვუზიარებთ გამოცდილებას და შევთავაზებთ ჩვენს მიერ დამუშავებული ტექნოლოგიას.
მეთოდმა გაამართლა, კომპანია უკვე მეორე წელიწადია გარკვეულ ფართობებზე უპრეცენდენტო, ქვყნისთვის უჩვეულო მოსავალს, ჰექტარზე 11 ტონაზე მეტ მარცვალსაც კი იღებს, საერთოდ კი მეურნეობაში ხორბლის საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 6-7,5 ტონაა.
მოამზადა ნესტან გუგუშვილმა