მებოსტნეობის განვითარების ტენდენციები
მებოსტნეობა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია. ბოსტნეულის ნათესი ფართობების მიხედვით საქართველოში ფიქსირდება კლების ტენდენცია. ამის მიზეზებია: მიწის პრივატიზაციის შედეგად დაქუცმაცებული ფართობები, ტექნიკის ხელმიუწვდომლობა, სარწყავი სისტემების მწყობრიდან გამოსვლა და სხვ. ფართობის შემცირების მიუხედავად, მცირედ, მაგრამ მაინც იზრდება წარმოების მოცულობა.
მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი მკვეთრად ცვლის სელექციურ ჯიშებს და ჰიბრიდებს, გლობალურმა დათბობამ და მისგან გამოწვეულმა ცვლილებებმა სერიოზული საფრთხე შეუქმნა ბიომრავალფეროვნებას. საქართველოში ხალხური სელექციით შექმნილ ჯიშ–პოპულაციებს და ისტორიულ ჯიშებს დღესაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ბოსტნეული კულტურების სელექციაში ახალი ჯიშების და ჰიბრიდების გამოყვანის საქმეში, სწორედ მათ აღდგენა-შენარჩუნებაზე და ახალი ჯიშების/ჰიბრიდების/ჯიშ–პოპულაციების ინტროდუქციაზე მუშაობა არის მნიშვნელოვანი.
გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან მთლიანად დაქვეითდა სოფლის მეურნეობის დარგები და მათ შორის მებოსტნეობაც. წვრილ–გლეხური მეურნეობის 10-15% თუ მისდევს ადგილობრივი ჯიშების მოყვანას და თესლის წარმოებას საკუთარი მოხმარებისთვის, მსხვილი ფერმერული მეურნეობები ძირითადად დაკავებული არიან ბოსტნეულის შემოტანილი ჰიბრიდების მოყვანით. ადგილობრივი ბოსტნეული კულტურების ჯიშები სავალალო მდგომარეობაშია. დღეს უარს ვერ ვიტყვით შემოტანილი ჰიბრიდების თესვაზე, მაგრამ კატეგორიულად არ შეიძლება სპონტანურად თესვა, მათი შესწავლის გარეშე. ბოსტნეული კულტურების მეთესლეობის მოშლამ განაპირობა უცხო ქვეყნებიდან არაკომპეტენტური პირების მიერ დაურაიონებელი ჯიშების და ჰიბრიდების დაბალკონდიციური, უხარისხო თესლის შემოტანა და საბოლოო ჯამში დაბალი მოსავლიანობა.
ყოველივე აღნიშნულის გამო დაიკარგა ადგილობრივი, მებოსტნე სელექციონერების მიერ გამოყვანილი ჯიშები და ჰიბრიდები, გაქრობის პირას მივიდა ბოსტნეული კულტურების ადგილობრივი ჯიშები: პამიდორი ,,ბაზრის საკვირველება’’, ,,ბუდიონოვკა’, ,,ჭოპორტულა“’; ხახვი ,,ვანური ვარდისფერი’’, ,,სხვილისი’, ,,კახური ბრტყელი”; კიტრი ,,მუხრანული’’, ,,ფიჩხის’’, ,,ახალციხური’’; ბადრიჯანი ,,გარდაბნული’’, ,,ონი’; ტკბილი წიწაკა ,,ხრუსტალი’’, ,,ლასტოჩკა’’; ცხარე წიწაკა ,,მეგრული’’, ,,სპილოს ხორთუმა’’; სტაფილო ,,გორული ნანტი’’; სუფრის ჭარხალი ,,გორისერფრუტი’’, ,,დონისბრტყელი’’; გოგრა ,,ხოკერა’’; ,,მსხვილნაყოფა’’, ,,სუფრის საადრეო’’; ნესვი ,,მუხიანის’’, ,,მეგრული’’, ,,მუხა’’; საზამთრო ,,მუხიანის’’, ,,სოხუმის’’, ,,კახური’’; ,,თბილისური 10’’ და სხვ. უნიკალური გენეტიკური ფონდი. ამაში დიდი როლი ითამაშა ბოსტნეულის მეთესლეობის ბაზის და ჯიშთა გამოცდის ქსელის უქონლობამ.
დარგი წარმოდგენილია აგრობიომრავალფეროვნების ფართო სპექტრით, საქართველო ითვლება ზოგიერთი ბოსტნეული კულტურის წარმოშობის კერად, ტრადიციული ჯიშები ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობაა, ხოლო მათი დაცვაშენარჩუნება უმნიშვნელოვანესია. კლიმატის ცვლილება, ეკოსისტემების დეგრადირება, ბიომრავალფეროვნების შეცვლა, გენეტიკური ეროზია, ნიადაგის დაბალი ნაყოფიერება, დანაწევრებული ფართობები, გაუსარწყავიანობა, თესლბრუნვის და კულტურათა მორიგეობის უგულველყოფა, ქარსაფარი ზოლების განადგურება, აგროვადების დარღვევა, ჯიშთა გამოცდის სისტემის არარსებობა, დაბალი მოსავლიანობა, ინფორმაციის დეფიციტი ხელს უშლის დარგის წარმატებულ განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში მწვანილის მოხმარება 2003 წლიდან ხასიათდება ყოველწლიურად 5%-იანი ზრდით და დღეის მდგომარეობით შეადგენს საშუალოდ 510 ათას ტონას წელიწადში. საქართველოში ბოსტნეულის, კერძოდ კი კიტრის იმპორტი განსაკუთრებით მარტსა და აპრილში ხდება (საშუალოდ 1,5 ათასი ტონიდან 3 ათას ტონამდე), ხოლო პომიდვრის – თებერვლიდან მაისის ჩათვლით (2.5 ათასი ტონიდან 6 ათას ტონამდე). შესაბამისად, ხორციელდება მწვანილის ექსპორტი უმეტესად მარტსა და აპრილში (საშუალოდ 1-1.5 ათასი ტონა თვეში).
რეკომენდაციებია:
– შემუშავდეს Global Gap სტანდარტების შესაბამისი ერთგვაროვანი პროდუქციის (მწვანილის და ბოსტნეულის) ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ასორტიმენტი;
– გაძლიერდეს პირველად საწარმოებში სასოფლო-სამეურნეო მასალების ხარისხის კონტროლი;
– ქვეყანაში დაინერგოს ე.წ. „FRESH“ პროდუქციის ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი ლოგისტიკური ელემენტები;
– ბოსტნეულის სათეს-სარგავი ფართობების გაზრდა ღია და დახურულ გრუნტში, მეთესლეობის მეურნეობების მოწყობა, ჯიშთა გამოცდის წარმოება, სერთიფიცირებული საადრეო, საშუალო საადრეო და საგვიანო ბოსტნეულის თესლების წარმოება;
– ბოსტნეული კულტურების წარმოების თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა ვერტიკალური ზონალობის შესაბამისად;
– მებოსტნეობის ზონებში გადამამუშავებელი და სამაცივრე საწარმოების განვითარება, ფერმერების წახალისება, მებოსტნეობის განვითარების რეგიონალური პროგრამების შემუშავება;
– სასათბურე ინდუსტრიის განვითარების ბაზაზე სპეციალიზებული ბოსტნეულის წარმოების აგროზონების შექმნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;
– ქვეყანაში არსებული რესურსული პოტენციალის გათვალისწინებით უნდა მომზადდეს დადგენილება „სასათბურე მეურნეობების დაჩქარებული განვითარების ღონისძიებათა შესახებ 2025 წლამდე პერიოდისათვის“.