აგრარული განათლებადარგებიმედია ფერმერებისთვის TVმეცხოველეობა

მებოცვრეობის თანამედროვე მდგომარეობა და მისი განვითარების კონცეფციები

ჩვენი ქვეყნის აგრარული სექტორი ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილია დასაქმებული. აგრარულ სექტორში იქმნება შიდა პროდუქციის 20-25 პროცენტი ხოლო ცხოველური წარმოშობის პროდუქტი საერთო  მოხმარების კვების პროდუქტებს შორის 60-70 პროცენტს შეადგენს.
უკანასკნელი მონაცემებით მეცხოველეობა დღეისათვის კრიტიკულ მდგომარეობაშია, რომელიც მოითხოვს ფინანსურ მხარდაჭერას, ინვესტიციების მოზიდვას ჩვენი უნიკალური უძველესი ჯიშების შენარჩუნებას და შემდგომ სრულყოფას.

მეცხოველეობის პროდუქტებზე არსებული დეფიციტი წლების განმავლობაში ივსება სხვა ქვეყნიდან შემოზიდული პროდუქტით, რაც მძიმე ტვირთად აწევს ქვეყნის ფინანსურ მდგომარეობას და ხელს უწყობს ვალუტის  გადიდებას,   რაც  საქართველოს  ეკონომიკისათვის მეტად საზიანოა.

საქართველო ყოველთვის იყო მდიდარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველთა ადგილობრივი, აბორიგენული და კულტურული ჯიშებით, დღეისათვის შემორჩენილია  ამ ჯიშების მცირე სულადობა, იგი თითქმის დეპოპულაციის საფრთხის წინაშეა.

ცნობილია, რომ 1990-2011 წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა სასოფლო- სამეურნეო ცხოველთა სულადობა: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის _ 1,4-ჯერ, ცხვრის _ 3-ჯერ, ფრინველის _  4-ჯერ, ღორის _ 10 -ჯერ, ბოცვერის _ 20-ჯერ, ხოლო ხორცის წარმოება _ 3 – 4 ჯერ.

მებოცვრეობა  მეცხოველეობის ერთ-ერთი ახალგაზრდა და პერსპექტიული დარგია.

ბოცვერი სხვა სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისაგან  განსხვავდება მალმწიფადობით, ადვილად შესანახია, იძლევა მაღალი ხარისხის ტყავ-ბეწვეულს, განსაკუთრებული მნიშვნელობით  გამოირჩევა ბოცვრის ხორცი, თავისი გემოთი და ყუათიანობით, რომელიც დიეტურ პროდუქტად ითვლება.

მოშენებას ხელს უწყობს ის გარემოება, რომ ადვილად შესანახია  და იკვებება  იაფი სახის საკვებით.

მებოცვრეობის განვითარებას ხელს უწყობს აგრეთვე დარგის  მომგებიანობა, ერთი დედალი ბოცვრისაგან წელიწადის განმავლობაში შესაძლებელია 20-40 ლარის მოგება.

საქართველოში მებოცვრეობის განვითარება 1969 წლიდან იწყება, როდესაც პირველად იქნა ჩამოყალიბებული ბებნისის,  თეთრიწყაროს, მარტყოფის   და კუმისის მებოცვრეობის ფერმები. შემოყვანილი იქნა 450 სული რუხი გოლიათის შინშილას, თეთრი გოლიათის ბოცვრები. 10 წლის შემდეგ 1979 წლისათვის ბოცვრის სულადობამ შეადგინა 28 ათასი სული, წლის განმავლობაში ერთ დედაზე მიღებული იქნა 13 ბაჭია, ცოცხალი მასა უდრიდა 2,5-2,6 კგ-ს. ნაკლავის გამოსავალი 48-50 %-ს. 10 წლის შემდეგ 1989  წელს ბოცვერის სულადობამ შეადგინა 350 ათასი,  ბოლო 1999 წელს სულადობა შემცირდა 150 ათასამდე. ამჟამად ცხოველთა სულადობის შესახებ მონაცემები არ არსებობს, ვინაიდან ზემოთ აღნიშნული ფერმების ნაწილმა შეწყვიტა არსებობა, ხოლო ნაწილმა სრულიად შეცვალა პროფილი, ამჟამად ბოცვრის გავრცელების ძირითადი არეალი პირად საკარმიდამო, გლეხურ მეურნეობებშია განთავსებული, სტატისტიკური მონაცემები ბოცვრის სულადობასთან დაკავშირებით ფაქტობრივად არ არსებობს, დარგის დეგრადაციის პროცესი აშკარაა.

მეცხოველეობის განვითარების სტრატეგიული მიზნები და პრიორიტეტები მოკლევადიანი პერიოდისათვის უწინარეს ყოვლისა გულისხმობს მოსახლეობის ცხოვრების დონის უზრუნველყოფას, აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა განისაზღვროს, განვითარების რომელ სტადიაზე იმყოფება მებოცვრეობა. განისაზღვროს მისი სისტემური ანალიზი.

დარგის განვითარებისათვის მიზანშეწონილად მიგვაჩნია განხორციელდეს შემდეგი სახის ღონისძიებები:

  1. სტრატეგიული მიზანი,  რა  მიმართულებით  უნდა  განვითარდეს   დარგი.

ცხოველის ბიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე მებოცვრეობა უნდა განვითარდეს გლეხურ და ფერმერულ მეურნეობაში.

  1. მიზანშეწონილად  მიგვაჩნია,  აღნიშნულ  მეურნეობებში მოშენდეს საქართველოში  ბუნებრივ-კლიმატურ პირობებთან შეგუებული და აპრობირებული  ბოცვრები, კერძოდ:

  დასავლეთ საქართველოში თეთრი გოლიათი. აღმოსავლეთ საქართველოში ქართული სახორცე-საქურქე _ რუხი გოლიათი, _ შინშილა. სამხრეთ საქართველოში _ ახალზელანდიური თეთრი, _ კალიფორნიული.

უნდა ამოქმედდეს კანონი  „სანაშენო  საქმის შესახებ“.

  საჭიროება მოითხოვს, აღსდგეს  მეცხოველეობის  სახელმწიფო სანაშენე სამსახური, რომელსაც დაევალება ექსპედიციური გამოკვლევები, არ მარტო მებოცვრეობაში, არამედ ზოგად მეცხოველეობაში არსებული მდგომარეობის შესახებ. დაადგენს მათ სულადობას, აღწარმოების უნარს   და სხვა ზოოტექნიკურ მაჩვენებლებს.

განავითარებს  სახორცე-ტყავბეწვეული  და სახორცე მიმართულების ბოცვრის ჯიშების სელექციას და მოშენებას, ისეთებს რომლებიც კარგად იქნებიან შეგუებული საქართველოს სხვადასხვა რაიონის  შესაბამის კლიმატურ პირობებთან.

  1. ბოცვერი ბალახისმჭამელი ცხოველია, ამიტომ უაღრესად დიდი  მნიშვნელობა აქვს ბუნებრივ საკვებ სავარგულებს.

მწვანე, წვნიანი და უხეში საკვების წარმოება უნდა  გაიზარდოს, ბუნებრივი

საკვები სავარგულების რაციონალურად გამოყენებით და ერთიანი კომპლექსური ღონისძიებების გატარებით  მათი გონივრული გამოყენება უზრუნველყოფს ბოცვრის მაღალ პროდუქტიულობას და გენეტიკური     პოტენციალის სრულ რეალიზაციას – მარცვლეულის, ბოსტნეულის და ბაღჩეულის წარმოების გაზრდაზე.

  1. რა  რესურსით  შეიძლება  აღნიშნული საკითხების     გადაწყვეტა.

ბოცვრეობის დარგის შემდგომი განვითარებისათვის, გამოყენებული უნდა   იქნეს დაფინანსების გრძელვადიანი დაკრედიტების  ფორმა _ ლიზინგი.

  1. მებოცვრეობის დარგის განვითარებისათვის საჭიროა  კოოპერირების სტიმულირება.

   საჭიროება მოითხოვს დაიხვეწოს და რეალურად ამოქმედდეს კანონი „სოფლად  კოოპერირების“ – შესახებ. რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სოფლად სოციალური სფეროს განვითარებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.

  1. ვერცერთი დარგი ვერ განვითარდება მეცნიერების გარეშე:

სრულიად უნდა იქნას გამოყენებული აგრარულ  სექტორში მომუშავე მეცნიერთა პოტენციალი, რომელიც  გახდება ქვეყნის  აგრარული პოლიტიკის წარმატებით გატარების გარანტი.

  1. მეცხოველეობა  და  ვეტერინარია  განიცდის  საკადრო შიმშილს!.

აღნიშნულის გამო აუცილებელია  ზოოვეტერინარი  სპეციალისტების მომზადების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება, რომლის წინაპირობას წარმოადგენს ზოოვეტერინარული უნივერსიტეტის  სტატუსის აღდგენა, აღნიშნული  უმაღლესი სასწავლებელი სახელმწიფო დაკვეთით მოამზადებს მეცხოველეობისა და ვეტერინარიის პროფილის მაღალკვალიფიციურ  სპეციალისტებს და სამეცნიერო კადრებს.

ჯემალ გუგუშვილი,  აკადემიკოსი,  

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია