ბლოგიდარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

„მედეგი“ ქვევრები

ქვევრის ხარისხი უკვე საკმაოდ პრობლემატურ საკითხად იქცა ჩვენში. პრობლემას კი ქვევრის მედეგობა წარმოადგენს.
საქმე ისაა, რომ ახლადდამზადებული ქვევრების გარკვეული ნაწილი არის არასათანადოდ გამომწვარი. ამას ემატება ისიც, რომ ზოგიერთ შემთხვევაში თიხა არასათანადოდაა გადამუშავებული, ან არასათანადო ადგილიდან მოპოვებული და სხვ.

პრობლემები კიდევ ბევრია, რის გამოც ხშირია შემთხვევა, როდესაც მემარნე ძლიერ ზარალდება.

დღეისათვის ჩვენთვის საჭიროა ისეთი ქვევრი, რომელსაც ცვილით დამუშავება ან არ დასჭირდება ან, თუკი დასჭირდა, ეს ოპერაცია არ უნდა იყოს ყოველ მეხუთე წელს ჩასატარებელი…

მაინც უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემა ქვევრის ცვილით დამუშავება კი არ არის, არამედ ის, რომ ქვევრს ეს აუცილებლად ესაჭიროება. ეს ოპერაცია, თუკი ქვევრის ხარისხი დამაკმაყოფილბელია მხოლოდ ერთხელ ტარდება მცირე რაოდენობის ცვილის გამოყენებით. მეორე მხრივ საჭიროა ცვილით დამუშავების მართებულად შესრულებაც.

ამ საკითხზე შესაძლოა ბევრი ვისაუბროთ, რადგან, როგორც ითქვა შინამრეწველობის ამ ტრადიციულ დარგს საკმაო პრობლემები ახლავს. ამჯერად კი შევეხოთ ამ ერთი თვის წინათ იმერეთის სოფელ მაქათუბანში, მექვევრე ოსტატის – ზალიკო ბოჟაძის მიერ დამზადებულ ქვევრებს.

სტატის თქმით მან საკუთარი გამოცდილებითა და მიგნებით დაამზდა მედგი ქვევრი, რომელიც ცვილით დამუშავების გარეშეც კი სითხეს საერთოდ არ ატარებს.

ამ შემთხვევაში მან დააყენა ამგვარი ცდა: ახლადდამზადებული ქვევრი მიწისზემოთ დადგა და წყლით აავსო. ცვილით დამუშავებული ქვევრებიც კი ასეთ დროს გარედან მალევე წყლით იცვარება, მაგრამ ამ შემთხვევაში ქვევრი წყლის მიმართ აბსლუტურად მედეგი აღმოჩნდა…

ეს მოვლენა ქართული მექვევრეობის საქმეში მეტად მნიშვნელოვანია!

მექვევრის თქმით ის აპირებს მთლიანად ახალი ტექნოლოგიის ქვევრების დამზდებაზე გადავიდეს, რაც იმედია, დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის შინამრეწველობის უმნიშვნელოვანეს დარგზე-მექვევრეობაზე და ცხადია ქვევრში ღვინის ქართულად დაყენების საქმეზე.

გიორგი ბარისაშვილი
მცხეთა, 07. 2020