აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობა

კახური ღორი

მეღორეობა ერთ-ერთი საჭირო და მნიშვნელოვანი  დარგია საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.  საქართველოში მეღორეობა საკამაოდ განვითარებული დარგი იყო. მიუხედავად მოსახლეობის სიღარიბისა და დაბალგადამხდელუნარიანობისა ღორის ხორცზე მოთხოვნა კვლავ შენარჩუნებულია. უნდა აღვნიშნოთ, რომ მოსახლეობის  საკარმიდამო მეურნეობა ძირითადად ორიენტირებულია თვითუზრუნველყოფაზე. დღეს ქვეყანაში ღორის ხორცის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 45%-ის ფარგლებშია და ვფიქრობთ, რომ ეს პროცენტიც მაღალი მაჩვენებელია(რომელიც, სავარაუდოდ, ამ ნიშნულს აღწევს ცოცხალი ღორების შემოყვანით და სახორცედ ადგილზე გამოზრდით.). შემოყვანილი ღორების საერთო ღირებულება 2016 წელს 12,5 მილიონ ლარს შეადგენდა.

ფერმერებისთვის ერთ-ერთი ეფექტური გზა კახური ჯიშის ღორის მოშენება შეიძლება იყოს. კახური ღორის პროდუქტიულობა უშუალოდაა დაკავშირებული ფოთლოვანი ხე – მცენარეების მოსავლიანობასთან. კახური ღორისთვის დამახასიათებელია უხეში აგებულება, სამკუთხედისებური მოკლე ნაფოტა სხეული, ხშირი შებუსვა, მუქი წაბლისფერი, გრძელი, უხეში ჯაგარი და მოკლე ნაზი თივთიკი. წინა ნაწილი უკეთ განვითარებული, თავი დიდი, მძიმე, პროფილი სწორი, მოკლე დაცქვეტილი ყურები, მახვილისებური მინდაო, რაზეც ივითარებს გრძელ ჯაგარს, ოდნავ ამოზნექილი, სახურავისებრი ზურგი და წელი, სუსტად განვითარებული დახრილი გავა, პატარა აკრული მუცელი, ხშირ შემთხვევაში აქვს 10 ძუძუ. შებუსვის მიხედვით განასხვავებენ ორ სხვადასხვა ტიპს – სწორჯაგრიანსა და ხუჭუჭჯაგრიანს. ხუჭუჭჯაგრიანი შედარებით ნაკლებად გვხვდება, რომელსაც უკეთესი გასუქებისა და ქონის დაგროვების უნარი აქვს. ორივე ტიპი პროდუქტიულობის მიხედვით სახორცე მიმართულებისაა. კახური ღორის ზოგიერთი ეგზემპლარი შეიძლება იყოს მუქი ნაცრისფერი, ან ღია მოწითალო ფერის.

მრავალმხრივი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კახური ენდემური (ადგილობრივი) ღორის მოშენება კარგ ეფექტს იძლევა მომთაბარე პირობებში. სელექციის საშუალებით  ცოცხალი მასის გადიდების მცდელობა სასურველ შედეგს არ იძლევა, რადგან მომთაბარობის ტექნოლოგია და მაღალი ცოცხალი მასა ურთიერთშეუთავსებელია. ყოველივე აღნიშნული ტყის ნაყოფების ათვისების და გარეული ნადირის მიმართ თავდაცვის უნარიანობის ხელისშემშლელად გვევლინება.

კახური ღორი გამოირჩევა შედარებით დაბალი ცოცხალი მასით. კერატების წონა 110-120კგ-ია, ქუბების (ნეზვების) 95-100კგ, სხეულის სიგრძე შესაბამისად 105-110 და 95-100სმ. ქუბი ერთ მოგებაზე იგებს 6-8 გოჭს, მერძეულობა (წოვების 2 თვეში) 30-35კგ-ია. მომთაბარობის პირობებში მოზარდის საშუალო სადღეღამისო წონანამატი 260 გრამს აღწევს. საკვების დანახარჯი 1კგ წონანამატზე 8 საკვები ერთეულია, ხორცის გამოსავლიანობა  63-64%.

კახურ ღორს აშენებდნენ ჩვენს პირობებში როგორც ფერმერები, აგრეთვე ოჯახური მეურნეობები. ზამთრის პერიოდში კარგად გამოიყენებოდა ყურძნის გადამუშავების ნარჩენები – ჭაჭა. კონცენტრიული საკვების მცირედი დანახარჯითაც შესაძლებელია მათი მოშენება და საუკეთესო გემოს და ზომიერად ცხიმიანი ხორცის წარმოება.

კახური ღორი გამოირჩევა გარემო პირობებისადმი განსაკუთრებული გამძლეობით. დაბალი ტემპერატურის მიმართ ამტანები არიან, როგორც მოზრდილები ასევე ძუძუთაგოჭები, არ საჭიროებენ დამატებით ხარჯებს გათბობაზე, გოჭები არ მოითხოვენ სპეციალურ მოვლა -შენახვას და კვებას. რაც შეეხება ინფექციურ დაავადებებს, სასურველია ყველა საჭირო ვეტერინარული ღონისძიება ჩაუტარდეს დროულად.

ღორის სულადობა რეგიონების მიხედვით

წყარო: geostat.ge

P.S 2016 წლამდე საქსტატის მონაცემები ეფუძნება 2004 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერას (815 ათასი მეურნეობა), ხოლო 2016 წლის – 2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერას (642 ათასი მეურნეობა). ვთვლით, რომ უფრო ზუსტი არის, სამწუხაროდ 2017 წლის ივნისამდე რეგიონების მიხედვით ღორის სულადობაზე მონაცემები არ იქნება.

დღეისათვის საქართველოში ღორის საერთო რაოდენობა ძლიერ შემცირებულია, ენდემური კახური ღორი კი თითზე ჩამოსათვლელი – 2016 წლის მონაცემებით ღორის სულადობა 134200-ია, სავარაუდოდ 10 ათასამდე დედა ღორი (ცხ. 1 ღორის სულადობა), რომელიც უკავშირდება ღორის აფრიკული ჭირის  გავრცელებას, სოფლად ვეტერინარული მომსახურების დაბალ დონეს,  საკვების სიმცირეს. აქედან გამომდინარე კახური ღორის მოშენება და ნაყოფიანი ტყის მასივების ათვისება ეკონომიკურად გამართლებულია. უნდა გატარდეს სათანადო ღონისძიებები, რათა შენარჩუნდეს და მომრავლდეს კახური ღორის ენდემური სულადობა. აუცილებელია ფერმერებმა მოითხოვონ ინფორმაცია რეგიონების მიხედვით ღორის აფრიკული ჭირის უსაფრთხო ზონების შესახებ, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება ღორის ხორცის წარმოების გადიდება და ამასთანავე მოსავლიანი ტყის მასივების შენარჩუნება.

ღორის აფრიკულ ჭირზე  დღესაც არსებული  ეპიზოოტური საფრთხის მიუხედავად, მოსახლეობა მაინც აწარმოებს ღორის ხორცს, რაც მისასალმებელი ფაქტია, რადგან დაავადებების გავრცელების საშიშროება ყოველთვის არსებობს და იარსებებს. მთავარია დავეუფლოთ მის წინააღმდეგ სანიტარულ-ვეტერინარული ღონისძიებების სწორად ჩატარებასა და დაავადებების  მართვას.

ბოლო წლების მონაცემებით ირკვევა, რომ საკარმიდამო მეურნეობებში ღორის სულადობა მატულობს, ხოლო არსებული ფერმები ინარჩუნებენ სტაბილურობას.

ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მთავრობა ვალდებულია, მეტი ყურადღება მიაქციოს საქართველოში მეღორეობის დარგის განვითარებას, განსაკუთრებით, ქართული ენდემური ღორის ჯიშების (კახური, სვანური) აღდგენასა და შენარჩუნებას.

2007-2008 წელი საქართველოში მეღორეობისთვის მეტად რთული მდგომარეობა იყო აფრიკული ჭირის გავრცელების გამო, თუმცა დღემდე გარკვეული არ არის საიდან გავრცელდა ეს დაავადება, რომელსაც ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია ქვეყნის შესაბამისმა სამსახურებმა და უმოკლეს ხანში გაანადგურა ქვეყანაში არსებული ღორის სულადობის 80%-ზე მეტი. 2006 წელს „საქსტატის“ მონაცემებით გვყავდა 108,4 ათასი დედა ღორი, გოჭის ნამატმა შეადგინა 773,2 ათასი, ვაწარმოეთ 31 ათას ტონაზე მეტი ღორის ხორცი, ხოლო 2008 წლისთვის დედა ღორის სულადობა დაეცა 22.1 ათასამდე, გოჭის ნამატი 116.4 ათასამდე. ვაწარმოეთ 11.4 ათასი ტონა ხორცი, ხოლო 2009 წელს 8.2 ათასი ტ. გაკოტრდა უამრავი ფერმერი, სოფლის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა  დაკარგა საარსებო შემოსავალი და რაზეც არავითარი რეაგირება ან რაიმე შეღავათი არ ყოფილა სახელმწიფოს მხრიდან.

დღევანდელ დღეს სოფლის მეურნეობა რთულ პირობებშია და ძირითადად დამოკიდებულია იმპორტზე. საქართველოს აუცილებლად სჭირდება საკუთარი მეღორეობის დარგი. მეღორეობის საფუძვლად ითვლება პროფესიონალიზმი, მაღალტექნოლოგიური წარმოება, ხარისხიანი საკვები და ვეტერინარული უზრუნველყოფა.

დარგში გამოკვეთილი პრობლემები:

  1. საკვები ბაზის სიმწირე.
  2. სანაშენე და სასელექციო საქმიანობის არარსებობა.
  3. ვეტერინარიის დაბალი დონე და საერთოდ მეცხოველეობაში დასაქმებული კადრების დეფიციტი. არ გვყავს ფერმის მენეჯერები, კვების სპეციალისტები.
  4. მუშა ხელის ტექნიკური და მატერიალური, საწარმოო და საფინანსო რესურსების არქონა.
  5. ხელოვნური განაყოფიერების გამოყენების დაბალი დონე.

რა უნდა გავაკეთოთ?

ა) მოვიძიოთ და განვავითაროთ საკვები ბაზა

ბ) აღვადგინოთ და შევინარჩუნოთ ენდემური ჯიშები, აუცილებელია სანაშენე ფერმების შექმნა (როგორც ენდემურის, ასევე კომერციული ხაზის)

გ) უნდა გამოიხატოს სახელმწიფო მხარდაჭერა დარგის განვითარებისადმი

დ) მეტი ყურადღება დაეთმოს მეღორეობის დარგის კვალიფიცირებული სპეციალისტების მომზადებას.

5) იმპორტირებული ღორის ხორცის პროდუქტებზე განსახორციელებელია სანიტარულ-ვეტერინარული კუთხით მკაცრი კონტროლი ევროკავშირის  სტანდარტებით. 

            ფერმების განვითარებისთვის აუცილებელია მეღორეობის დარგის განვითარების სტრატეგიის შემუშავება, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების ფარგლებში, რომელმაც უნდა უზრუნველყოს არა მარტო დარგის აღდგენა, არამედ კონკურენტუნარიანობის გაზრდა არსებულ ბაზარზე, შესაბამისად,  სოფლის მდგრადი განვითარება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე: აუცილებელია დარგის განვითარებისთვის სტრატეგიის შემუშავება და ამ სტრატეგიაში ერთ-ერთი აუცილებელი პირობა უნდა იყოს, სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური სადაზღვევო სისტემის ამუშავება ენდემურ ჯიშებზე. მაგალითად  აფრიკულ ჭირზე  დაზღვევას დაექვემდებაროს  დედა ღორები ( 5000 დედა ღორამდე, წონის მიხედვით 80კგ-ს ზევით).  ამისათვის მცირე თანხა იქნება საჭირო, მაგრამ დიდი სტიმულის მომცემი. ამასთანავე, როგორც ცნობილია, აფრიკული ჭირისგან თავისუფალი ზონა ვართ და გვაქვს გამოცდილება პრევენციული ზომების მისაღებად.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგია მნიშვნელოვანი დოკუმენტია და ჩვენი სურვილი ამ დარგის განვითარებისა პირდაპირ ეხმაურება ამ დოკუმენტს.

P.S. მისასალმებელია, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში არსებობს კახური ღორის მცირე ფერმა, რომელშიც წარმოებს კახური ღორის მოშენება. სასურველი იქნება თუ სახელმწიფო გაამახვილებს მეტ ყურადღებას ამ მიმართულებით, რადგან ენდემური კახური ღორი გამოირჩევა განსაკუთრებული საგემოვნო თვისებებით და შესაძლებელია ღორის ამ მიმართულების კომერციული ხაზის განვითარება.

წარმატებებს ვუსურვებთ დარგში მოღვაწე ფერმერებსა და სპეციალისტებს.

იაკობ შუბითიძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

მიხეილ ჭიჭაყუა, ბიოლოგიის დოქტორი, „აგრო ექსპერტა ასოციაციის” ვეტკონსულტანტი 

წყარო: ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“, №4 (72) აპრილი, 2017. გამოქვეყნებულია 04 ივნ 2019