მეღვინეობა-მევენახეობა რაჭაში

ამჯერად გვინდა, შემოგთავაზოთ რაჭის ვაზის ჯიშების მოკლე აღწერა. როგორც სხვა რეგიონების აღწერისას, ისე ამ შემთხვევაშიც შევეხებით საქართველოს ამ კუთხის ვაზის ჯიშების იმ მოკლე აღწერილობებს, სადაც განვიხილავთ ვაზის ჯიშების გავრცელებას, შეფერილობას, დანიშნულებასა თუ სხვა რომელიმე დეტალს. უნდა აღინიშნოს, რომ რაჭის მევენახეობამეღვინეობის შესახებ ჩვენ მოგვეპოვება 1974 წელს ბატონი ლევან ფრუიძის მიერ გამოცემული უნიკალური შინაარსის წიგნი. ეთნოგრაფიულ მასალებზე დაყრდნობით გამოცემული ეს ნაშრომი ძირეულად მიმოიხილავს რაჭის სავენახე ნიადაგებს, ვაზისა და ღვინის კულტურას, ვაზის ჯიშებს, ტრადიციებს, მარნისა და ვენახის იარაღინვენტარს, კულინარიასა და სხვ.

ნაშრომი უთუოდ უნდა ჩაითვალოს რაჭის მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციების ენციკლოპედიად.

კიდევ ერთი გამოცემა, რომელიც ეხება რაჭისა და ლეჩხუმის რეგიონებს, ესაა 1972 წელში ა. მიროტაძისა და მ. ბრეგვაძის წიგნი – „რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშები“, სადაც განხილულია ამ ორი რეგიონის ვაზის ჯიშები.

როგორც წინა, სხვა რეგიონების აღწერისას, ამჯერადაც ჩვენს ძირითად დასაყრდენ წყაროს ვაზის ჯიშების თვალსაზრისით წარმოადგენს წიგნი – „საქართველოს ამპელოგრაფია“, თბილისი, 1960 წ. (ნიკო კეცხოველის რედაქციით). თვალი გადავავლოთ ვაზის ჯიშებს ხსენებული წიგნის მიხედვით:

ალექსანდროული (წითელი), ალექსანდროული თეთრი (თეთრი), ალეში თეთრი (ვარდისფერი), არაბეული თეთრი (), არაბეული შავი (), ბახვა (), ბეგლარის ყურძენი (), ბერბეშო (), ბეროულა (), ბუტკუა (), გაბაშა (რაჭა/ლეჩხ.) (), გამოყვანილი (რაჭა/ლეჩხ.) (), დაქცეული (რაჭალეჩხ.) (), თავწითელი (რაჭა/ლეჩხ.) (), თბილური (რაჭა/ლეჩხ.) (), თეთრა ლაბილაძის (რაჭა/ლეჩხ.) (), თვალდამწვრისეული (რაჭალეჩხ.) (), თითა რაჭული (), თოვანი (რაჭა/ლეჩხ.) (), თუთაში (რაჭა/ლეჩხ.) (), თქვაფუნა (რაჭა/ლეჩხ.) (), თხმორული (რაჭა/ლეჩხ.) (), კირწმაგარა (), კორტნულა (რაჭა/ლეჩხ.) (), კუდურაული (რაჭა/ლეჩხ.) (), მეგრელაური (), მეკრენჩხულა (რაჭა/ლეჩხ.) (), მოქათური (რაჭა/ლეჩხ.) (), მსხვილთვალა შავი (მდედრობითი) (რაჭალეჩხ.) (), მუჯურეთული (რაჭა/ლეჩხ.) (), მცვივანი რაჭული (მდედრობითი) (რაჭა/ლეჩხ.) (), მწვანე რაჭული (), ნაკუთვნეული (), ნაცარა (), ნოშრიო (რაჭა/ლეჩხ.) (), ორბელური (რაჭა/ლეჩხ.) (), ურიშულა (რაჭა/ლეჩხ.) (ვარდისფერი), უსახელოური (რაჭა/ლეჩხ.) (), უსახელოური ვარდისფერი (რაჭა/ლეჩხ.) (ვარდისფერი), უწყვეტი (რაჭა/ლეჩხ.) (), ფაჩხატა (რაჭა/ლეჩხ.) (), ფეროვანი (რაჭა/ლეჩ) (), ფერუანი (რაჭ/ლეჩხ.) (), ფითრა (რაჭა/ლეჩხ.) (), ქაქტაური (რაჭა/ლეჩხ.) (), ღვანურა (რაჭა/ლეჩხ.) (), ყვირა (რაჭა/ლეჩხ.) (), ყორნისთვალა (რაჭა/ლეჩხ.) (), ძელშავი რაჭული (), ძველი ალექსანდროული (მდედრობითი) (რაჭა/ლეჩხ.) (), ძველი თეთრა (რაჭა/ლეჩხ.) (), წითელოური (რაჭა/ლეჩხ.) (), წმინდა თეთრი (რაჭა/ლეჩხ.) (), წულუკიძის თეთრა (), ხიხვი რაჭული (), ხოტეურა (მდედრობითი) (), ხოფათური (), ხროგი ().

ასერიგად, სახეზე გვაქვს 57 ვაზის ჯიში. ამ ჯიშებიდან 27 წითელყურძნიანია, 27_თეთრყურძნიანი, ხოლო 3_ ვარდისფერყურძნიანი. აღსანიშნავია, რომ ამ ჩამონათვალში ფუნქციონალურად მდედრობითი ყვავილები 4 ჯიშს აქვს. ესენია: მსხვილთვალა შავი, მცვივანი რაჭული, ძველი ალექსანდროული და ხოტეურა. ჩამონათვალში ვაზის ჯიში სეურა (სევურა) მოხსენიებული არაა. გვხვდება რამდენიმე შეუსაბამობაც. ვაზის ჯიშთა წინამდებარე ნუსხაში შეტანილია, როგორც რაჭული, ისე ლეჩხუმის ჯიშებიც, რომელთა წარმოშობაში მითითებულია არა ერთი რომელიმე რეგიონი, არამედ ერთდროულად ორივე, რაჭა-ლეჩხუმი…

მაგალითად, ჯიში „ორბელური“ შესულია რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშთა ასორტიმენტში, არადა ორბელი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელია და შესაბამისად ხსენებული ჯიში ლეჩხუმის ვაზის ჯიშებს უნდა მიეკუთვნოს. ასევეა, მაგალითად, ლეჩხუმის ვაზის ჯიში უსახელოური (სინონიმია „ოყურეშული“). უსახელო ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელია და ამ ჯიშის წარმოშობაც სწორედ ამ სოფელთან უნდა იყოს დაკავშირებული. ამიტომ ჯიში არა რაჭა-ლეჩხუმის, არამედ ლეჩხუმის რეგიონის ვაზის ჯიშთა სორტიმენტშია შესატანი. გაურკვეველია ვაზის ჯიშის – სეურას (სევურა) საკითხიც. საინტერესოა, თუ რა ნიშნით ვერ მოხვდა ხსენებული ჯიში „საქართველოს ამპელოგრაფიაში“? ჯიში ჯერ კიდევ 1939 წელში, სოლომონ ჩოლოყაშვილის მიერ გამოცემულ „მევენახეობის სახელმძღვანელოშია“ აღწერილი. ცნობებს ამ ჯიშის შესახებ ვხვდებით ა. მიროტაძისა და მ. ბრეგვაძის ზემოხსენებულ წიგნშიც. სოფელი სევა ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და აღნიშნული ჯიშის წარმომავლობაც აქედან უნდა იყოს. სეურასაგან მიიღება ვარდისფერი, ხალისიანი და სურნელოვანი ღვინო. ის კარგად ეგუება მაღლარად ფორმირებას.

რაც შეეხება ა. მიროტაძისა და მ. ბრეგვაძის წიგნს – „რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშები“ (თბილისი, 1972), მასში განხილულია რაჭა-ლეჩხუმის 49 ჯიში. ხოლო სოლომონ ჩოლოყაშვილის მიერ 1939 წელს გამოცემულ წიგნში – „მევენახეობის სახელმძღვანელო“ განხილული და აღწერილია რაჭა-ლეჩხუმის 39 ჯიში.

დღევანდელისაგან განსხვავებით, რაჭაში ვაზისა და ღვინის კულტურა განსაკუთრებით მაღალ დონეზე მდგარა, რასაც ასევე ვიგებთ ბატონი ლევან ფრუიძის წიგნიდან – მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში. თბილისი, 1974 წ. ამ ადგილის მეღვინეობის მაღალ კულტურაზე ისიც მეტყველებს, რომ ბევრ ოჯახს, ვინც კი მევენახეობა-მეღვინეობას მისდევდა, მარანში მინიმუმ ორი საწნახელი ჰქონდა. დღემდე გვხვდება ძველი მარნები, სადაც სამი და ოთხი საწნახელია შემონახული. ძველ სახლებში დღემდე ვხვდებით უძველეს საქაჯავებს, წბერებსაც. ბატონი ლევან ფრუიძის წიგნში აღწერილი ჯერ მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ საწნახელში ჩამსვლელი მამაკაცი გარკვეული დროით, რამდენიმე დღე მეუღლისგან განცალკევებით იძინებდა და ასერიგად „ნამარხულევი“ წურავდა ყურძენს… ეს ფაქტი არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიო ხალხების საჩვენებელი თვალნათლივი მაგალითიცაა იმისა, თუ როგორ უნდა მიუდგეს ამ საკითხს ადამიანი…

აღსანიშნავია ისიც, რომ ქვემო თუ ზემო რაჭული დიალექტები მეტად მდიდარია ვაზთან და ღვინოსთან დაკავშირებული ტერმინოლოგიითაც.

რაჭაში ამჟამად წამყვანი ადგილი უკავია ადგილობრივ წითელყურძნიან საღვინე ჯიშს – ალექსანდროულს. ეს ფაქტი მეორე მხრივ განპირობებულია ამ ჯიშის ყურძნის უჩვეულოდ მაღალი ფასითაც. ცხადია, ეს უკანასკნელი გარემოება მნიშვნელოვანია, თუმცა რეგიონში სხვა საინტერესო ჯიშებიც მოგვეპოვება და თან არაერთიც, რომელთა გავრცელებაზე ადგილობრივებმა უნდა იზრუნონ. რეგიონში ჯერ-ჯერობით არ არასებობს საკოლექციო-ამპელოგრაფიული ნაკვეთი, საიდანაც მოსახლეობა შეიძენს რაჭულ ვაზის ჯიშებს.

ამჟამად რაჭაში მრავლად გვხვდება: კახური საფერავი და თავკვერი, რქაწითელი, ციცქაცოლიკოური, გორული მწვანე და სხვ. თუმცა, როგორც აღინიშნა უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს ყოველ კუთხეში რეგიონისთვის დამახასიათებელი ჯიშები გავრცელდეს, რაც მეორე მხრივ, ღვინის ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

გიორგი ბარისაშვილი

2