მეგრული ჯიშის ცხენი

მეგრული ცხენი – ითვლება ძველი კოლხური ცხენის პირდაპირ შთმომავლად. მეგრული ცხენი დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რაიონშია გავრცელებული.

მეგრულ ცხენს საჯდომად, სასაპალნედ, საბარგულებში და სხვადასხვა სახის სასოფლო – სამეურნეოსამუშაოებში იყენებენ.

მეგრული ცხენი თავისი ტანის აგებულებით, ყველაზე მომცრო ტანის ცხენის ჯიშს მიეკუთვნება. მისი სიმაღლე მინდაოში 129 სანტიმეტრია, რომელიც 118 – 135 სანტიმეტრს შორის მერყეობს.

მეგრული ცხენი გაცილებით მომცრო ზომის არის ვიდრე მონღოლური, თუშური, სომხური და აზერბაიჯანული ცხენი. მეგრული ცხენის სხეულის სიგრძის, უკეთ გაწოლილობის მიმართ, რომელიც 101% უდრის, მსუბუქი საჯდომი ტიპის ცხენს მოგვაგონებს, ეს მიდი მაჩვენებელი განსხვავდება ყველაზე ტიპიური საჯდომი ცხენის სადოღე – თავანკარა და არაბული) მაჩვენებლებისა განეთანაბრება ახალთექური, ყაზახური (აზერბაიჯანული) და ზოგიერთი საჯდომი ტიპის ცხენის მაჩვენებელს, ხოლო განსხვავდება მონღოლური წარმოშობისა და კავკასიაში გავრცელებული ზოგიერთი ჯიშის ცხენისაგან (ყაბარდოული და თუშური). მეგრული ცხენისათვის დამახასიათებელია ძვლოვანობის სასურველი განვითარება, რომლის მაჩვენებელი 12, 44% უდრის. ამ მაჩვენებლებით მეგრული ცხენი კავკასიაში გავრცელებულ მთის ჯიშის ცხენს ეთანაბრება (ყაბარდოული, თუშური, ყაზახური). მკერდი მეგრულ ცხენს საკმაოდ აქვს განვითარებული (იდექსი – 23,12%), რომლითაც ის თუშურ და ყაზახურ ცხენს მიემსგავსება, მაგრამ სადოღე – თავანკარას და ყაბარდოული ჯიშის ცხენს ჩამორჩება. სამაგიეროდ გულმკერდის მოცულობა (ინდექსი – 114, 9%), შედარებით აბორიგენულ ცხენის ჯიშებთან (თუშური, ყაზახური (აზერბაიჯანული), ყაბარდოული, ყირგიზული და სახვა), ნაკლები აქვს, მაგრამ უკეთესი, ვიდრე სადოღე – თავანკარას (113. სმ). ამრიგად, ის უფრო ნაკლებად წარმოადგენს ტიპიურ მსუბუქ სადოღე ცხენს.

წინაკიდურების განწყობა მეგრულ ცხენს დამაკმაყოფილებელი აქვს, რომლისათვის დამახასიათებელია დგომის სისწორე, სახსრების სიხმელი და საოლავი სახსრის ნორმალურობა და სიმკვრივესთან ერთად ჩლიქის სწორი ფორმა. წინაკიდურის სიმაღლის მხრივ ის ინგლისურ თავანკარას და ყაბარდოულს მიემსგავსება, არც ისე შედარებით მაღალ ფეხზე დგას, როგორც თუშური, და არც დაბალზე, როგორც ყაზახური (აზერბაიჯანული). უკანა კიდურების განწყობის მხრივაც არ შეიძლება, მეგრულ ცხენს დადებითი შეფასება არ მივცეთ, ვინაიდან უდიდეს ნაწილს ნორმალური დგომა ახასიათებს. მართალია, ხმლისებური აგებულების უკანა კიდურების მქონე ინდივიდთა რაოდენობა 43, 75 % აღწევს, მაგრამ დღეისათვის არავითარი საფუძველი არ არსებობს, რომ ეს ნაკლად ჩაეთვალოს.

მეგრულ ცხენს თავი საშუალო სიდიდისა აქვს, ხმელი და არა უხეში, მცირე შებუსვით; თვალები დიდი, ცოცხალი; ყურები საშუალო და პირდაპირ მდგომი, ყბათა შუა მანძილი ნორმალური, ნესტოები თხელი და ფართო, შუბლის არე შედარებით ფართო, ხოლო ცხვირი შევიწროებული, როგორც მთლიანად მთელი სახის, ისე ცხვირის არეს პროფილი სწორი აქვს და ამიტომ არადამაჯერებლად მიგვაჩნია ზოგიერთი სპეციალისტის (ვაჩაძე) აზრი იმის შესახებ, თითქოს მეგრული ცხენი ყაბარდოულში იყოს „გათქვეფილი“, კისერი მოკლე და ნორმალური სიფართოვისა აქვს, თანაც სწორი მიდგმით მინდაოსთან. მაღალი დგომის კისერი, როგორიცაა გედისებური და ირმისებური, იშვიათად გვხვდება.

საერთოდ მეცხენეები ცხენის ბეჭის სიგრძეს და მის ფორმას უაღრესად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მეგრულ ცხენს მოკლე და ირიბად დახრილი ბეჭი აქვს, რაც მის ზოგიერთ პროდუქტიულ თვისებებს, თავისებურ დაღს ასვამს (მოკლე და ჩქარი ნაბიჯი, არასაკმაო სისწრაფე ნავარდის დროს).

საუნაგირო ცხენის ფორმის გამოხატულება მეგრულ ცხენს არც თუ ისე სასურველი აქვს, რაც დაბალ და მოკლე მინდაოში გამოიხატება, ამასთან დაკავშირებულია მინდაოს და ზურგის ხაზს შორის სიმაღლის მცირე განსხვავება და გავის შესამჩნევი შემართვა. გავა მეგრულ ცხენს მოკლე აქვს, თანაც ოვალური ფორმის, რომელიც ხშირად სახურავისებურ ფორმას ღებულობს და შეიძლება გვაფიქრებინოს მენჯის და ბარკლის სახსრების არასწორ აგებულებაზე. ნეკნები მეგრულ ცხენს უფრო მეტად ბრტყელი აქვს, ამიტომ მკერდმუცლის ღრუს არე არამომრგვალო შთაბეჭდილებას ტოვებს.

მეგრული ჯიშის ცხენში ქურანა ფერის ცხენი ჭარბობს, შემდეგ ლურჯა და ყველაზე ნაკლებად ყორანა ფერისანი გვხვდებიან. აბსოლუტური უმეტესობა უნიშნონი არიან.

მეგრული ცხენი ფართოდ გამოყენებადია, ის გამოიყენება როგორც სამეურნეო პირობებში (მემინდვრეობაში, ჩაის პლანტაციებში და სუბტროპიკულ მეხილეობაში, სათოხნი კულტურებისა და მრავალწლიანი ნარგავების კულტივაციაში), ასევე სასაპალნე სამუშაოებზე.

მეგრული ცხენი მისი გავრცელების არეში შექმნილ გარემო პირობებისა და ეკონომიკურ ვითარებათა პროდუქტს წარმოადგენს.

წყარო: ნ. ჩხეიძე,

„საქართველოს ადგილობრივი ცხენის ჯიშები“