მესხური ვაზისა და ქართული ხორბლის ენდემური ჯიშების აღდგენა- გავრცელების პროექტი იწყება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC) დირექტორმა, სოფიკო ახობაძემ პროექტის „აგრარული ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოწყვლად ეკოსისტემებსა და სოფლებში“ (2022-2026 წწ.) პრეზენტაცია გამართა.
როგორც შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა, აღნიშნული პროექტი აგრობიომრავალფეროვნების მდგრადი მართვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად და მის განხორციელებაში საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობა გადამწყვეტ როლს შეასრულებს.
„ჩვენი ქვეყანა საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული განსაკუთრებული რეგიონი. ამ უნიკალურ ბიომრავალფეროვნებაში კი, გამორჩეული ადგილი აგრობიომრავალფეროვნებას უჭირავს. მისი შენარჩუნება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარი ამოცანაა და პროექტიც ამ მიზანს ემსახურება. სამცხე-ჯავახეთის რეგიონი მდიდარია ვაზისა და ხორბლის იშვიათი, ადგილობრივი ჯიშებით. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ამ ჯიშების აღდგენას და ფერმერებში გავრცელებას. პროექტის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ფერმერებს საშუალება მიეცემათ წარმოებაში გამოიყენონ ეს ჯიშები, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ვაზის დივერსიფიცირებას და ხორბლის წარმოებას. ამასთანავე, გაიზრდება ფერმერების შემოსავლები და მეტი ადამიანი დასაქმდება სოფლებში“,_ აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
მინისტრმა საუბრისას აღნიშნა, რომ ჯიღაურას ბაზაზე ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექციაა შექმნილი, რომლის მოძიება და აღდგენა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეს უნიკალური ბაზა სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა უსასყიდლოდ გადასცა, რისთვისაც მადლობა გადაუხადა.
„პროექტი მინიმუმ 26 სახეობის მესხური ვაზის ჯიშის აღდგენას და სანერგე მეურნეობის მოწყობას გულისხმობს, რომელიც ამ ჯიშების გავრცელებას და მისგან ღვინის წარმოების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. პროექტის ფარგლებში შეიქმნება 2 შატო, რომელიც მესხური ვაზისა და ქართული ხორბლის ენდემური ჯიშებიდან წარმოებული გასტრონომიული პროდუქტების კონცეფციას დაეფუძნება. იდენტიფიცირებულია 5000 ფერმერი, საიდანაც 2400 ქალი ფერმერია. ვიმედოვნებთ, რომ ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ქართული და მესხური ვაზისგან წარმოებული ღვინის აღდგენას უკავშირდება“,_ აღნიშნა სოფიკო ახობაძემ.
პროექტის მიზანია სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოფლის მეურნეობის სექტორში აგრარული ბიომრავალფეროვნების მდგრადი გამოყენებისა და დაცვის ხელშეწყობა, სახელმწიფო პოლიტიკისა და არსებული სამართლებრივი ბაზის სრულყოფა და ადგილობრივ დონეზე შემოსავლების ზრდის მიზნით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ადგილობრივი მესხური ვაზისა და ხორბლის ჯიშების აგროწარმოებაში დანერგვის ხელშეწყობა.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ვაზის, ღვინისა და ხორბლის წარმოების დივერსიფიცირებას, მცირე და საშუალო ფერმერული მეურნეობებისა და მწარმოებლების შემოსავლების ზრდას და რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აგრარული ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვის სფეროში სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება, ადგილობრივი ვაზისა და ხორბლის ჯიშების სარგავი/სათესლე მასალის ფერმერული მეურნეობებისთვის გადაცემა და მათთვის შესაბამისი აგროტექნიკური დახმარების გაწევა. ასევე, ადგილობრივი ფერმერების უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერება მათთვის შესაბამისი წვრთნისა და საველე პირობებში კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების შეთავაზების გზით.
პროექტი განხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს დაცვის გლობალური ფონდისა (GEF) და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) საერთო კოორდინაციით – კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მიერ – სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ადმინისტრაციასთან, მუნიციპალურ ორგანოებთან და სამინისტროს სისტემაში შემავალ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან და სოფლის განვითარების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და ნინო თანდილაშვილი, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იმამურა აკირა, სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები და ადგილობრივი ფერმერები ესწრებოდნენ.