აგრარული განათლებადარგებიმემარცვლეობა

მეთესლეობის განვითარების პერსპექტივა საქართველოში

ანუ უახლოეს 2-3 წელიწადში როგორ უზრუნველვყოთ ქვეყანა
საჭირო რაოდენობის თავთავიანი მარცვლეული კულტურების
ადგილობრივი ჯიშიანი და უხვმოსავლიანი თესლით?

 საწყის ეტაპზე (წლეულს) საჭირო იქნება 375 ტონა მაღალრეპროდუქტიული თესლის შეძენა. მომავალი წლის ბოლოს ქვეყანა მთლიანად უზრუნველყოფილი იქნება საჭირო რაოდენობის ხორბლის ჯიშიანი თესლით.

სასოფლო-სამეურნეო კულტურათა თანამედროვე, უხვმოსავლიანი ჯიშების და ჰიბრიდების გამოყვანას და წარმოებაში დანერგვას სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ამ საქმეში გადამწყვეტ როლს მეთესლეობა ასრულებს.

მეთესლეობა მემცენარეობის დარგია, რომლის ძირითად ამოცანას ჯიშთგამოცდისა და ჯიშთა განახლებისათვის მაღალხარისხოვანი სათესლე მასალის გამრავლება შეადგენს. მეთესლეობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ჯიშის ჯიშობრივი ნიშან-თვისებების შენარჩუნება და მისი თანდათანობით ამაღლებაა. მოსავლიანობის გაზრდის ღონისძიებათა კომპლექსში მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია.

მეთესლეობის მეცნიერულად სწორი წარმართვა გენეტიკურ კანონზომიერებათა გამოყენებას, დარაიონებული ჯიშებისა და ჰიბრიდების ბიოლოგიის ცოდნას ეფუძნება. მაღალი სათესი ღირსებებისა და უხვმოსავლიანი, ჯიშიანი თესლის მიღება მხოლოდ და მხოლოდ მიწათმოქმედების მაღალი კულტურის პირობებში, მეცნიერულად დასაბუთებული აგროწესების დროული და კომპლექსური გამოყენებითაა შესაძლებელი.

მეთესლეობის განვითარება მაღალორგანიზებული ღონისძიებაა, სამწუხაროდ აღარ გვაქვს თანამედროვე პირობების შესაბამისი სისტემა, დარღვეულია ჯიშთა ცვლისა და ჯიშთა განახლებას შორის კავშირი. აუცილებელია დამუშავდეს მეთესლეობის ახალი სისტემა, ამუშავდეს შესაბამისი კონცეფცია. პირველ რიგში ჯიშიანი თესლის წარმოების ორგანიზება სახელმწიფოს მხარდაჭერით უნდა მოხდეს, რადგან იგი ფინანსებთან ერთად, გასატარებელი ღონისძიებებისა და ყველა ოპერაციის უმკაცრეს დაცვას ითხოვს.

უკანასკნელი 20 წელიწადია საქართველოში მარცვლეულისა თუ სხვა კულტურების: ხორბლის, ქერის, შვრიის, სიმინდის, ლობიოს, კარტოფილის და ბოსტნეულის ჯიშიანი და მაღალრეპროდუქციული, დარაიონებული თესლის მწვავე დეფიციტია.

ბოლო წლებია საქართველოში კატასტროფულად მცირდება ძირითადი სასურსათე კულტურის — ხორბლის ნათესი ფართობები. ამჟამად, მხოლოდ 45 ათას ჰექტარამდეა დათესილი, რაც შესაძლებლობის მხოლოდ 20% -ია. ანალოგიური ვითარებაა: ქერის, შვრიის, ჭვავის, სიმინდის და ბოსტნეული კულტურების ნათესების მხრივაც.

ქვეყანაში დღეს არანაირი ყურადღება არ ექცევა ჯიშების და ჰიბრიდების წინასწარ შესწავლას, უგულებელყოფილია ადგილობრივი ჯიშების თესლეულის წარმოება, იავარქმნილია აგრარული მეცნიერება, მოშლილია მეთესლეობის სისტემა, ამ დარგში ყველა საქმიანობა ქაოტურად მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, აღარ არსებობს ხორბლის, ქერის, შვრიის, ჭვავის, სიმინდის, ბოსტნეული კულტურების და პარკოსნების ადგილობრივი ჯიშების მაღალრეპროდუქციული თესლის წარმოების არანაირი სისტემა. ის რაც იწარმოება და მცირე პარტიებად ჯერ კიდევ შემორჩენილია მოსახლეობაში, გაქრობა ემუქრება. თუ ასე გაგრძელდა, რამდენიმე წელიწადში ასევე არ გვექნება სიმინდის ადგილობრივი ჯიშები, რაც შეუსწავლელი ჰიბრიდების შემოტანით და მისი მასობრივი გავრცელებითაა გამოწვეული.

სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდის საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა მეთესლეობის პროგრამების მოგვარებას ენიჭება.

ჯიშთა გამოცდის სისტემის გაუქმების შემდეგ ქვეყანაში თვითნებურად შემოდის წინასწარ შეუსწავლელი ჯიშები და ჰიბრიდები, მათ თან მოჰყვება ისეთ მავნებლები და დაავადებები, რომლებთანაც შემდგომში ბრძოლა ჭირს. როგორც წესი, ჯიში მარტო უხვმოსავლიანობით კი არა, მავნებელ-დაავადებებისადმი გამძლეობითაც უნდა გამოირჩეოდეს.

ქვეყნის თავთავიანი მარცვლეულის მწარმოებელ რაიონებში 550 ათასი ჰექტარი სახნავ-სათესი ფართობი ირიცხება, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ თავთავიანი მარცვლეული დაითესოს 300 ათას ჰექტარამდე ფართობზე, (სახნავის 40%) იხ. ცხრილი № I, მათ შორის ხორბალი 216-220 ათას ჰექტარზე.

ბოლო წლებში ქვეყანაში მასობრივად შემოდის და ქაოსურად, ვისაც როგორ უნდა, ითესება სიმინდის ჰიბრიდების თესლები.

როგორც ვთქვით, ქვყანაში ელიტური, მაღალრეპროდუქციული, ჯიშიანი, დარაიონებული თესლის მწვავე დეფიციტია. ბოლო 20 წელიწადია საქართველოში აღარ იწარმოება ჯიშობრივად მაღალხარისხოვანი მაჩვენებლების თესლეული, აღარ არსებობს მეთესლეობის სპეციალიზებული საწარმოები, აღარ იცდება ჯიშები, აღარ გვაქვს თესლეულის გარდამავალი ფონდი, რომლითაც მარაგდებოდა მთისწინა და მთიანი ზონები (ამ რეგიონებში საშემოდგომო თესვა იწყება 20 აგვისტოდან და წლის მოსავლიდან ვერ ესწრება ხარისხიანი თესლების მომზადება), მეთესლეობის დარგი დაუცველი გახდა კანონმდებლობითაც, კერძოდ, გაუქმებულია საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების ხარისხიანი თესლის და სარგავი მასალის შესახებ, აღნიშნული კანონი გადაკეთდა და არასრულყოფილად მიუერთდა მეცხოველეობის დარგს და მიღებულია საქართველოს კანონი — „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ“.

მიწათმოქმედების ქვეყანაში არ გვაქვს კანონი მეთესლეობის შესახებ. მეთესლეობის სისტემა განადგურებულია. დრო არ ითმენს, მდგომარეობა სავალალო და სამარცხვინოა, რადგან ასეთი რამ მსოფლიოს არც ერთ მეტ-ნაკლებად ნორმალურ ქვეყანაში არ მომხდარა. ამიტომ დაყოვნება დაუშვებელია. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე პირველ რიგში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მეთესლეობის პრობლემების მოგვარებას და დაჩქარებული მეთოდით დაწყოს სამრეწველო მეთესლეობა, ანუ უხვმოსავლიანი ჯიშების მაღალრეპროდუქციული თესლების წარმოება და მიწათმოსარგებლეთათვის მიწოდება.

რაც შეეხება პირველად მეთესლეობას, ანუ ელიტური თესლის მეცნიერულად დამუშავებული მეთოდებით მიღებას, იგი შედარებით დიდ დროს (5 წელიწადს მაინც) მოითხოვს, ამიტომ ამ ეტაპზე აუცილებელია სამრეწველო მეთესლეობის აღორძინება და პარალელურად უნდა განვითარდეს პირველადი მეთესლეობაც.

ქვეყანაში ფიზიოლოგიური ნორმებიდან გამომდინარე პურ-ფუნთუშეულით მოსახლეობის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად საშუალოდ ყოველწლიურად 750 ათასი ტონა ხორბალია საჭირო, მაგრამ ამის ნაცვლად მხოლოდ 45-65 ათასი ტონა იწარმოება, დანარჩენი უცხოეთიდან შემოდის.

ეს პრობლემა რომ გადაიჭრას და ჩვენთვის სამყოფი ხორბალი ვაწარმოოთ, ამისათვის საჭიროა ყოველწლიურად ხორბალი საშუალოდ 216-220 ათას ჰექტარზე დაითესოს, რის შესაძლებლობაც დღეს რეალურად არსებობს. ბუნებრივია, ამ მოცულობის ფართობზე ხორბლის დასათესად 54 ათასი ტონა, მაღალხარისხოვანი, უხვმოსავლიანი, ჯიშიანი და დარაიონებული ხორბლის თესლია საჭირო, ამისთვის კი კარგად გამართული მეთესლეობის სისტემის გამართვაა აუცილებელი.

ვინაიდან ქვეყანაში მეთესლეობის დარგი აღარ არსებობს, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ გამოსავალი დარგის გეგმაზომიერ და სწრაფად აღორძინებაშია.

ვფიქრობთ, ეს თუ სახელმწიფოს ნება იქნება, შესაძლებელია.

პირველ რიგში საჭიროა წინასწარ შეირჩეს სათესლე ნაკვეთები და მკაცრად გაკონტროლდეს ყველა მოთხოვნა, რაც თესლის წარმოებას სჭირდება.

გააზრებული, მეცნიერულად დასაბუთებული გეგმის მიხედვით მუშაობის შემთხვევაში, საქართველოს სოფლის მეურნეობა უახლოეს პერიოდში უზრუნველყოფილი იქნება საჭირო რაოდენობის საკუთარი წარმოების ხორბლისა და სხვა კულტურების ჯიშიანი თესლეულით.

ჩვენი თვალსაზრისით პირველ ეტაპზე  ხორბლის მეთესლეობის განვითარებისთვის 1500 ჰექტარზე დაითესოს და დამზადდეს 4500 ტონა ჯიშიანი თესლი. (დახარისხების შემდეგ გადაირჩევა 750 ტონა ჩვეულებრივი რიგითი მარცვალი, რომელიც გაიყიდება).

საწყის ეტაპზე (წლეულს) საჭირო იქნება 375 ტონა მაღალრეპროდუქციული თესლის შეძენა. მომავალი წლის ბოლოს ქვეყანა საჭირო რაოდენობის ხორბლის ჯიშიანი თესლით მთლიანად უზრუნველყოფილი იქნება.

თავთავიანი მარცვლეული კულტურების პირველადი მეთესლეობის პროგრამა 3 წლიანია და ორი ეტაპისგან შედგება.

პირველი ეტაპზე (იხ. ცხრილი № II),  შემოდგომაზე 1500 ჰექტარზე საშემოდგომო ხორბლის დასათესად უნდა შეირჩეს საქართველოს ნიადაგურ-კლიმატური პირობებისთვის ვარგისი საშემოდგომო ხორბლის 375 ტონა ელიტური სათესლე მასალა. ანალოგიურად უნდა მოხდეს საგაზაფხულო ხორბლის, საშემოდგომო და საგაზაფხულო ქერის და შვრიის ჯიშების შერჩევა და პირველი რეპროდუქციის თესლის წარმოება.

შემდგომ წელს წარმოებული ხორბლიდან 54 000 ტონა სათესლე მასალა გამოირჩევა, ანუ მომდევნო წლის ბოლოს ქვეყანას საშემოდგომო ხორბლის 216-220 ათას ჰექტარზე დასათესად საკუთარი წარმოების ჯიშიანი, უხვმოსავლიანი თესლი ექნება.

შემდგომ წლებშიც ქვეყანა უკვე მთლიანად დაიკმაყოფილებს მოთხოვნას საკუთარი წარმოების საშემოდგომო ხორბლის თესლით (მოხდება ჯიშთგანახლება და კვლავ დაიწყება განახლებული ჯიშების წარმოება).

მომავლალი  წლისათვის ასევე შესაძლებელია იწარმოოს 1600 ტ საგაზაფხულო ხორბლის, 8000 ტონა საშემოდგომო ქერის, 3000 ტონა საგაზაფხულო ქერის და 1440 ტონა შვრიის მაღალხარისხოვანი თესლი, რაც სრულიად საკმარისია, რომ ამ კულტურებისთვის გამოყოფილი ფართობები ადგილზე დამზადებული, შემოწმებული, და დარაიონებული ხარისხიანი თესლით დაითესოს.

 მარცვლეული თუ სხვა კულტურების მეთესლეობის ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ხელი შეეწყოს ქვეყანაში ნათესი ფართობების და საჰექტრო მოსავლიანობის გაზრდას, კონკრეტული რაიონისა თუ რეგიონის მიწათმოსარგებლეთა მოთხოვნილების საჭირო რაოდენობით უხვმოსავლიანი სათესლე მასალით დაკმაყოფილებას.

 მეთესლეობის დარგის გამართული მუშაობა მოითხოვს, მარცვალსაწმენდ, სპეციალურ ტექნიკას, სასაწყობე მეურნეობის გამართვას. ძალიან ცუდია, რომ აღარ ვართ მეთესლეობის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები. ამიტომ დღეს, რაც უნდა ხარისხოვანი თესლი და ნერგი ვაწარმოოთ, ქვეყნის გარეთ ვერ გავიტანთ, რადგანაც არ ფუნქციონირებენ სერთიფიკატის გამცემი ოფიციალური ორგანიზაციები, რაც სასწრაფოდ აღსადგენია.

მეთესლეობის პროგრამის განსახორციელებლად თავთავიანი კულტურების გავრცელების ზონებში, ნიადაგურ-კლიმატური პირობების მიხედვით, უნდა შეირჩეს გამოცდილი ფერმერები, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს : -ფერმერებს საკუთრებაში უნდა ჰქონდეს, სულ მცირე, 80-100 ჰა სახნავი მიწა;

— გააჩნდეს სასაწყობე მეურნეობა, მარცვალსაწმენდი, თესლის დამკალიბრებელი დანადგარი (პეტკუსი), თესლის შესაწამლი აპარატი.

და რაც მთავარია, წინასწარ შერჩეულ მეთესლეობის მიმართულებით მომუშავე ფერმერებს გავუწიოთ დახმარება და წარმოდგენილი ბიზნეს გეგმის მიხედვით ისარგებლონ დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი კრედიტებით.

სამრეწველო და პირველადი მეთესლეობის პრობლემების მოსაგვარებლად უნდა შეიქმნას პროფესიონალ სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც მეთესლეობის პროგრამის მიმდინარეობას, გასატარებელი აგროტექნიკური ღონისძიებების დაცვას თესვიდან მოსავლის აღებამდე მონიტორინგს გაუწევს.

ქვეყანაში საშემოდგომო და საგაზაფხულო ხორბლებისა და ქერის, ასევე შვრიის თესვის შესაძლებლობებიდან გამომდინარე ჯიშიან, დარაიონებულ და მაღალხარისხოვან თესლეულზე მოთხოვნა ძალიან დიდია და მათ შესაძენად ქვეყნიდან სოლიდური თანხები გადის. თანაც რა ხარისხის თესლი შემოდის უცხოეთიდან, არავინ იცის.

ზონების მიხედვით შერჩეულ მეთესლეობის ფერმერულ მეურნეობებში თავთავიანი კულტურების გარდა პარალელურად განვითარდება მარცვლოვან-პარკოსანი მრავალწლოვანი და ერთწლოვანი საკვები ბალახების და ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების მეთესლეობაც.

ამიტომ ვთავაზობთ ქვეყანას ჯიშიანი და უხვმოსავლიანი თესლის ადგილზე წარმოებას. ჩვენთან ამის გამოცდილება არსებობს და თუ სახელმწიფოს სურვილი და ნება იქნება, ქვეყანა სავალუტო რეზერვებსაც დაზოგავს (68 ათასი ტონა სათესლე მასალა სოლიდური თანხა ჯდება), ადგილობრივ წარმოებასაც განავითარებს, ახალგაზრდა სპეციალისტებსაც გაზრდის და ათასობით მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებსაც შექმნის.

ამ საქმის დაწყება და ბოლომდე მიყვანა რეალურია, მეტიც აუცილებელიცაა, მითუმეტეს როცა რისკი, რომ პროგრამა ჩავარდეს, მინიმალურია. თუ ყველაფერი სწორად გაითვლება და დაიგეგმება, ერთადერთ შეფერხებად, რისკ-ფაქტორად სტიქია: სეტყვა, მაღალი ყინვები, ღვარცოფი, წყალდიდობა, ნიაღვარი, მეწყერი, ხანგრძლივი წვიმები შეიძლება მოგვევლინოს, სხვა შემთხვევაში მაღალი შედეგი გარანტირებული იქნება. სტიქიის საფრთხის გამო კი სოფლის მეურნეობას ჯერ არსად შეუჩერებია მოქმედება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ps. ეს წერილი 2013 დაიწერა და გმაოქვეყნდა ჟურნალ „ახალ აგრარული საქართველოში“,  ვითარება კვლავ უცვლელია, ქვეყანაში დღემდე უმეტესად გაურკველველი წარმოშობის სათესლე მასალა შემოდის, ამიტომაც ხორბლის საშუალო მოსავლიანობა 1,4 ტონსა ვერ ასცდა, ქვეყნიდან კი გაედინება ვალუტა, იკარგება უამრავი სამუშაო ადგილის შექმნის პერსპექტივა და რაც მთავარია ზარალდებიან ფერმერები, საბოლოო ჯამში ქვეყანა და ყოველი ჩვენგანი. (რედ.)

ადოლ ტყეშელაშვილი,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი,

ედნარ მიქანაძე, სწავლული აგრონომი,

მურმან ბაკურაძე, სწავლული აგრონომი.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“