მეტი ტექნოლოგია, მეტი გენეტიკა და ნაკლები წუწუნი სოფლის მეურნეობაში
გამარჯობა, ამ რამდენიმე დღის უკან “ლიბერალიდან” მითხრეს, რად აღარა წერ ბლოგსაო, რათ დაგვეუმძრახეო*. ხშირად მომინდა ამ ბოლო ხანებში დამეწერა კიდეც ბლოგი, მაგრამ ვერ ვითავხელებდი*.
დღევანდელი პოსტი მინდა ისევ სოფლის მეურნეობაზე იყოს, მაგრამ ისე დაწერილად გამომივიდეს, რომ ყველასთვის გასაგები იყოს, მათ შორის მათვისაც, ვინც არც ფერმერია და არც სურვილი ქონია ოდესმე ეფერმერა. მოდით მეცხოველეობაში გენეტიკის გაუმჯობესების აუცილებლობაზე, მეტ შემოსავალზე და უბრალოდ ბიზნესმენად ქცეულ ფერმერზე ვისაუბროთ.
დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 1 მილიონ 500 ათასი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვია. დაახლოებით 1 მილიონი ცხვარი იქნება გაზაფხულზე, დოლი* რო ჩაგვიმთავრდება. დაახლოებით 200 000 მდე ღორი და სხვა… ძალიან ბევრი “დაახლოებით” ვიხმარე კი, ქართულის მასწავლებელიც კარგი მყვანდა და ტავტოლოგია რო ცუდია ვიცი, მაგრამ ამ “დაახლოებით”-ს მანამ ვერ მოვეშვები, სანამ იდენტიფიცირების სისტემა ქვეყანაში სრულყოფილი არ გვექნება და სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე დავთვლით მიახლოებით ციფრებს. თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა, ახლა იმის თქმა მინდა, რომ მცირედით გავეთამაშოთ ციფრებს, ვთქვათ მეძროხეობაში (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი):
საქართველო:
მოსახლეობა – 4 მილიონი + შემომსვლელ, გამსვლელი, ტურისტი, ჭირისუფალი და სხვა მაქსიმუმ 5 მილიონი ერთდროულად მაცხოვრებელი.
მეწველი სულადობა – დაახლოებით 700 000 ფური
რძის წარმოება – 600 000 ტონა (ეს ჩემი ციფრი არაა, სტატისიკის სამსახური ამას ღაღადებს)
საშუალო წველა – 1000 ლიტრი 1 ფურზე (მთლად გული რო არ გაგვისკდეს და სამნიშნა ციფრი არ დავწეროთ)
ისრაელი:
მოსახლეობა – 9 მილიონი
მეწველი ფურების სულადობა – 130 000 სული
რძის წარმოება – 1 600 000 ტონა
საშალო მონაწველი – 12.5 ტონა ფურზე (ეს ციფრები ფერმერების მიხედვით ჩემი თვალით მაქვს ნანახი)
იტალია:
მოსახლეობა – 50 მილიონი
მეწველი ფურების სულადობა – 1 300 000 სული
რძის წარმოება – 13 000 000 ტონა
საშუალო წველადობა – 10 ტონა სულზე
მგონი გაგრძელება აღარაა საჭირო დავინახოთ თუ რაოდენ “რძეში ვბანაობთ”. ჩვენ ქვეყანაში რძის პროდუქტების 80% ზე მეტი არის იმპორტირებული აღდგენილი რძისგან დამზადებული, ან სხვა მინარევებით კოხტად შესრულებული პროდუქტი, რომელშიც ყველაზე ცუდს მე იმაში ვხედავ, რომ არ არის ადგილობრივი პოტენციალი გამოყენებული, ვუგზავნით ჩვენს მწვანე ამერიკულ თუმნიანებს ვიღაცას, რომ იმან მოგვცეს თავისი რძე (ფხვნილი სახით) და აქ მთავრობას გემოზე ვაგინებთ, როგორც კი “ვალუტჩიკის” ტაბლოზე თვალი მოგვიხვდება.
მოდით ორი სიტყვით ხორცის წარმოებაზეც ვთქვათ. იმ ციფრებიდან რაც გვაქვს გამოდის, რომ საკმაოდ კარგი მდგომარეობა უნდა გვქონდეს ხორცის თვითმომარაგებაში, ასეც არის მეგობრებო, მაგრამ თუ ასეა ამ წინა საახალწლოდ მარტო ერთმა სასაკლაომ რომელსაც ვიცნობ, რატო დაკლა 300 მდე ცხენი? არა ამაში დანაშაული არც არაფერია, ცხენსაც სჭირდება დაკვლა, მაგრამ ის გაიყიდა როგორც ძროხაო, თავად თქვა იმ კაცმა. და ვინც ამ სფეროში ვტრიალებთ, ყველამ ვიცით ეს, ასევე იკვლება და იყიდება კამეჩის ხორცი ვითომ ძროხაა, ან ამის მოტყუება რა საჭიროა? განა კამეჩმა რაღა დააშავა? მაგრამ ცუდი ისაა რომ 700 000 სულამდე მოზარდი გყავდეს ქვეყანაში და კიდე ამდენი იმპორტი გჭირდება? კარგით, ამ 700 000 მოზარდიდან ნახევარი ავიღოთ რომ დასაკლავ კონდიციაში მოდის, თუმცა აი ესეც დიდი პრობლემაა ჩემი აზრით, რომელსაც გენეტიკისკენ მივყავართ. რატომ?
იმიტომ, რომ ჩვენში დაბადებული საქონელი, რომელიც დასაკლავად უნდათ, 2 წელი იზრდება იმისთვის რომ 400 კილოს ცოცხალ წონას მიაღწიოს, და ჩემი აზრით სწორედ აქ ვკარგავთ კიდე ფულს, რომელსაც სწორედ გენეტიკამ უნდა უშველოს.
გენეტიკაში გენმოდიფიცირებას არ ვგულისხმობ! სამწუხაროდ უნდა დავწერო ასეთი ფორმით, რადგან სხვანაირად მქონდა შემთხვევები, რომ კარგ საქონელს (დიდს და ბევრი ხორცით) ააკრეს ჩვენში იარლიკი “გენმოდიფიცირებულის”.
სწორედ ახლა, როცა ამ ბლოგსა ვწერ ირლანდიაში ვიმყოფები, სადაც სანაშენე კოოპერატივთან, DOVEA GENETIC -თან ვიყავი სტუმრად. მათთან უკვე 3 წელზე მეტია ვთანამშრომლობ. ჩამომაქვს სპერმა საქართველოში და ვაკეთებთ ხელოვნურ განაყოფიერებებს. ხალხსაც ნელა-ნელა ვანახეთ შედეგი და ჩვენთვისაც ბევრი რამე კიდევ უფრო თვალნათელი გახდა. აქაური ფერმერები 14-15 თვის მოზარს ყიდიან, რომელსაც სულაც არ სჭირდება “ჰორმონებით” და “გენმოდიფიცირებით” გაჭყეპვა, საძოვრებზე აბალახებენ, იქვე ფერმის წინ და შემოსავალსაც ჩვენზე მალე იღებენ და უფრო მეტსაც ვიდრე ჩვენ.
შარშან, ანუ 2016 წელს, საქართველოდან ექსპორტირებულია დაახლოებით 35 000 000 დოლარის ღირებულების მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. კარგია, ძალიან კარგია, მაგრამ წინა წლებში ეს ციფრი უფრო ნაკლები იყო და ეგ ცუდია. თუმცა დაახლოებით 4 წლის წინ, თუ არ ვცდები, მხოლოდ აზერბაიჯანში ძროხის ექსპორტმა 65 მილიონ დოლარს გადააჭარბა. წელს ფასები დაახლოებით 4.5 ლარი იყო ცოცხალ წონაზე, ხოლო ახალი წლის დღეებში 5.5-6 ლარებზეც ავიდა და ახლაც ძალიან გაძვირებულია. თბილისის საბითუმოებში ხორცის ასაღები ფასი 11 ლარის ფარგლებში ავიდა, მაშინ როცა ერთი თვის წინ 9-9.5 ლარი იყო. ერთი შეხედვით, მომწონს ფასების მატება, რა თქმა უნდა, მეორე მხრივ არ მომწონს იმიტომ, რომ ხალხში ფული არ არის და ხორცის ყიდვა კიდევ უფრო გაუჭირდებათ. ასევე არ მომწონს იმის გამო, რომ ეს 35 000 000 $ საქართველოში დაიხარჯა ძირითადად მოზარდი საქონლის შესასყიდად, გადიოდა ერაყში 180 კილოგრამიანები. რა არის ამაში ცუდი? დღეს არაფერი, მაგრამ ხვალე იქნება. რატომ? იმიტომ, ძვირფასო ხორცისმჭამელო მკითხველო, რომ ეს 180 კილოანი საქონელი არ იკვლებოდა საქართველოში თქვენს მაგიდაზე მოსახვედრად, ამ საქონელს ყიდულობდნენ ადგილობრივი ფერმერები, რომლებიც მას დააბავდნენ და რამდენიმე თვის განმავლობაში კვებავდნენ, რასაც “ატკორმს” ეძახიან. შესაბამისად ასეთი საქონელი “კარმავოი” -ს სახელით არის ცნობილი. ხორცი მეტი გამოსდის საქონელს, არის შედარებით რბილი და დამიჯერეთ ეს ის არის რაც თქვენ მეტად მოგწონთ. შესაბამისად, ახლო მომავალში გაჩნდება დეფიციტი მასეთ საქონელზე. ახლა უკვე არის დეფიციტი. ამაზე წუწუნებენ ის ფერმერები რომლებიც წლებია ასე მუშაობდნენ, მხოლოდ “ატკორმზე”. ახლა ვიფიქროთ რა უნდა მოხდეს მომავალში, როცა დგება დეფიციტი ფასი ხომ იწევს მაღლა? გავანებოთ თავი იმას, რომ გაძვირებულ ხორცს გაჭირვებული ადამიანი ვეღარ იყიდის, არამედ ვთქვათ ის, რომ ისევ აქტიურად გაეხსნება გზა იმპორტს, რადგან საჭიროც იქნება იმპორტი. ადრე აზერბაიჯანს ძირითადად 400 კილოგრამის ფარგლებში საქონელი გაყავდა, და ეს პრობლემაც ნაკლებად იდგა, სამომავლოდ კი მე ვფიქრობ რომ ეს პრობლემა დადგება.
ხო მართლა, იმედია მთავრობა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს რომ გამოცხადებული “ქართული ჯარი ქართული ხორცით მარაგდება” მთლად ეგრე არ არის და იქ უკრაინულიც ხშირად ხვდებოდა და შეილება ეხლაც ხვდება. გამომძიებელი არ ვარ ეგენი ვიკვლიო და ვბრალი ვდო მავანთ, თუმცა ეს რომ ასე იყო, ნამდვილად ვიცი, ესეც ერთ-ერთი პრობლემაა ჩემი აზრით.
მოდი ღორის ხორცზეც ვიტყვი ორ სიტყვას. საქართველოში არამხოლოდ გაყინული შემოდის, შემოდის დაკლულიც და შემოდის დასაკლავიც (ოღონდ დასაკლავ კონდიციაში მყოფი) ღორები საზღვარგარეთიდან, შესაბამისად გავიდა ჩვენი ორი კაპიკი კიდე საზღვარგარეთ და სავალუტო კურსის “ტაბლოზე” შეხედვაზე რასაც ვშვებით ხოლმე, ისევ ის ვქენით…
თუმცა, ეს ყველაფერი არ ნიშნავს რომ ჩვენი საქმე წასულია, ან უნდა მოვიგონოთ რეგულაციები, კანონები, მთავრობა და ხალხი ერთად დავუწვეთ იმპორტზე მომავალ მანქანებს. რომ დავიცვათ ქართული დახლების სიწმინდე… არც ვინმეს შევიწროვებაა ძალისმიერად აუცილებელი. უბრალოდ მეტი შრომა, გააზრება, შრომის მეტად ეფექტურად დახარჯვაა საჭირო.
ასე მაგალითად:
წლების განმავლობაში უამრავი პროექტი მაქვს ნანახი ან გაგონილი, როგორ დაისვამდნენ მავანნი “კაცნი მეცნიერმი” და არწმუნებდნენ დონორ ორგანიზაციებს, რომ საქართველოში მეცხოველეობა არის კატასტროფულ მდგომარეობაში, და ამისთვის რამის მოტყუებაც არ იყო საჭირო, მაგრამ საჭირო იყო მათგან წამოსული დახმარებები სწორედ იმას მოხმარებოდა, რომ საფუძველში შეეცვალა პრობლემა. შემოიყვანდნენ მაღალპროდუქტიულ ძროხებს ჯიგრები, დახარჯავდნენ უშველებელ ფულს და დახვდებოდნენ ნამჯით და “ცოტა კორმა რამე, ქერის და სიმინდის ღერღილით”. მეგობრებო ეგაა სწორედ პრობლემა. ტექნოლოგია უნდა დავიცვათ თავიდან ბოლომდე. მათ შორის კვება, საკვები ბაზა, ჯიშობრივი გაუმჯობესება, რენტაბელურობის სწორი ანალიზი და შემოწმება (აწონვა, საკონტროლო წველა და სხვა), ვეტერინარული მოვლა-მკურნალობა, ფერმების სწორად მოწყოება და სხვა.
რძის წარმოების ფერმებისთვის სახელმწიფო უშველებელ ფულს ხარჯავს, იაფი აგრო კრედიტები ძალიან მაგარია, მაგრამ ალბათ სახელმწიფოსაც არ აქვს გააზრებული რომ ამას წყალში ყრის და აზრი არ აქვს! რადგან თავად პროექტების სააგენტო არ დგას მოწოდების სიმაღლეზე. არ იციან თავად ეს ფული სწორად როგორ უნდა იყოს დახარჯული, როგორ შეილება ადამიანს სესხი მიეცეს მერძეული საქმიანობის განსავითარებლად და მან სილოს წარმეობა არ იცოდეს რა არის? ეს ხომ ამ ადამიანს დაღუპვაც არის? ნუ იქნება ბევრი ფერმები ამ წელში, 5-10 წელიწადში იყოს მაგრამ ისე აღარ, რომ სუბსიდირებას ითხოვდეს შენგან, რადგან რძის წარმოება 1 ლარი მიჯდებაო, მაშინ როცა წესით 30 თეთრზე მეტი არ უნდა უჯდებოდეს, კაი 40 თეთრი ვთქვათ (ნებისმიერს შეუძლია შემედაოს ამ ციფრებში, უფრო მეტი ჯდებაო, თუმცა ნამდვილად არ ვურჩევ.
იგივეა ღორის საკითხშიც. თქვენ გგონიათ ჩვენ არ შეგვიძლია, რომ იაფად ვაწარმოოთ ღორის ხორცი? გეტყვით, აი დამიგდეთ ყური. გორში ერთი ოქრო კაცია, ხელოვნური განაყოფიერების ტექნიკოსი ილია მთვარელიძე, ხოდა ილომ ასე ერთი წლის წინ დამირეკა და ბაქტერიაზე მელაპარაკა რომელიც ღორის ფერმაში ნახერხზე ცოცხლობს და ფეკალიებით იკვებება.
ჩავედი, ვნახე როგორ დაიწყეს ბიჭებმა გამოცდა და აგერ ერთი წლის თავზე შემიძლიათ გითხრათ, რომ სასწაული ტექნოლოგიაა. ღორის სადგომში 70 სანიტიმეტრზე ამოთხრით და ჩაყრით ნახერხს ნახერხზე გაუშვებთ ამ ბაქტერიას და 3 წელი არ გჭირდებათ არც დახვეტა, არც არაფერი. და რაც მთავარია არანაირი სუნი არ არის! რატოა ეს მაგარი? იმიტომ, რომ ფერმერს არ მოუწევს ფერმაში შესვლა ყოველდღე, რადგან დასახვეტი არ აქვს. მეტყვით საკვებს ხომ უნდა მიწოდებაო, კაცი მაინც დაჭირდებაო. არა ბატონო, საკვებურების მოწყობა ისეა შესაძლებელი, რომ ჩაყრით ერთხელ საკცებს და აღარ გჭირდებათ 2-3 დღე ჩაყრა. ასევე დასაწყურებელი “სოსკები”. რატო ვყვები ამას, თან ასე აღტაცებულად? იმიტომ რომ 100 სულ ღორსაც კი ადვილად მოუვით თქვენ, ან უბრალოდ ერთი კაცი, რომ დაიქირავოთ, თუნდაც ნახევარ განაკვეთზე და ამით შეიმციროთ ხარჯები.
კარგი იქნება სოფლის მეურნეობის სამინისტროც ჩაერთოს ინოვაციებში. ინოვაციების წახალისებაში, დანერგვაში და ეს ტექნოლოგიები არაა აუცილებელი ძვირადღირებული იყოს, გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო, ჩვენზე უარესები აქვთ სხვა ქვეყნებს გამოვლილი და ნანახი და მოფიქრებული აქვთ უკვე ისეთი მარტივი ტექნოლოგიები რასაც საქმე წინ მიჰყავს!
მოკლედ, შეილება მთლად სალიბერალე საკითხებზე არ ვწერ მაგრამ მგონი ჰაერით არავინ ვიკვებებით, ჭამა ყველას უნდა კონსერვატორსაცა და ლიბერალსაც.
- დაუმძრახება – ძველი ქიზიყური სიტყვაა და გაბუტვასა ნიშნამს;
- მოთავხელება – ასევე ქიზიყურია და მოცლას ნიშნამს;
- დოლი – საკრავი ინსტრუმენტია, როცა ბატკნები იბადებიან და მეცხვარე გახარებული შემოჰრავს ხოლმე, ანუ ბატკნების დაბადების პერიოდს დოლი ჰქვიან.
წყარო: liberali.ge