დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ტენდენციები

 მევენახეობა-მეღვინეობა საქართველოში ოდითგანვე განიხილება, როგორც ქვეყნის ეკონომიკის ერთერთი განსაზღვრელი დარგი, ერის სულიერი და მატერიალური ძლიერების წყარო, მისი ცხოვრების განუყოფიი ნაწილი. მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების განსაზღვრისას ამოსავალი უნდა იყოს მისი ბუნებრივი და საწარმოოეკონომიკური პოტენციალი.
მომავალში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების მთავარ მიმართულებად რჩება უმაღლესი ხარისხის მშრალი (თეთრი და წითელი) ბუნებრივად მოტკბო, ქართული ცქრიალა ღვინოების წარმოებისათვის სანედლეულო ბაზის განვითარება, ძირითადად ქართული, აბორიგენული, უნიკალური ჯიშების ბაზაზე. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს წარმოშობის ადგილის დასახელების კონტროლს დაქვემდებარებული ღვინოების წარმოების სანედლეულო ბაზის გაფართოება. ამჟამად, საერთაშორისო რეესტრში რეგისტრირებულია ადგილწარმოშობის 24 დასახელების ღვინო.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ბუნებრივ-კლიმატური და ზონალური პირობებით გამოირჩევა, როგორც ვაზის ჯიშების რაოდენობით (მრავალფეროვნებით), მათ შორის აბორიგენულით, ისე ყურძნის ქიმიურბიოლოგიური შემადგენლობით და შესაბამისად მიღებული ღვინო-პროდუქციის სამომხმარებლო თვისებებით. ეს თავისებურება მოითხოვს:

− დაზუსტდეს ცალკეული რეგიონების, სოფლების, ზონებისა და მიკრო ზონების მიხედვით სამრეწველო ვაზის ჯიშთა დარაიონების სქემები.

− განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ჯიშობრივი სიწმინდის დაცვას, უნდა აღდგეს ჯიშთა გამოცდის სამსახური;

− აიკრძალოს უცხოური ვაზის ჯიშების სამრეწველო დანიშნულებით თვითნებურად შემოტანა და წინასწარი აპრობაციის გარეშე მათი გავრცელება;

− 2030 წლამდე პერიიოდისათვის რეალურია ვენახის ფართობების 75-80 ათას ჰექტრამდე გადიდება. ნარგაობაში დომინანტური ადგილი უნდა დაიკავოს უნიკალური ვაზის ჯიშებმა (საფერავი, რქაწითელი, ხიხვი, მწვანეები, ალექსანდროული, მუჯურეთული, უსახელოური, ოჯალეში, ჩხავერი და სხვა). მათი საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა შეიძლება გაიზარდოს (8-10 ტონამდე);

− ქვეყანაში შეიძლება  ყოველწლიურად 450-500 ათასი ტონა ყურძენი დამზადდეს, საიდანაც შესაძლებელი იქნება მრავალფეროვანი, მაღალხარისხოვანი ღვინის მიღება. 15- 20 მლნ დეკალიტრამდე ღვინო შეიძლება მიეწოდოს საერთაშორისო ბაზარს. ადგილწარმოშობის, კონტროლს დაქვემდებარებული ღვინოების წარმოების ხვედრითმა წილმა შესაძლოა 40-45% მიაღწიოს;

− შეიქმნას სამაცივრე მეურნეობები, აღდგეს ცქრიალა ღვინოების ქართული სანედლეულო ბაზა, საკონიაკე სპირტის გამოხდის ტრადიცია. ქართული კონიაკი გაფორმებული უნდა იყოს ადგილწარმოების დასახელებით;

− ქვეყანაში ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანად კვლავაც რჩება ღვინის ხარისხის ამაღლება. ამ საქმეში მნიშვნელოვანია მსხვილი ფირმების (საწარმოების) როლი, რომელთა პროდუქცია დღეს ქართული ღვინის იმიჯს ქმნის საერთაშორისო ბაზარზე;

− მნიშვნელოვანია ქვეყნის გარეთ გატანილი პროდუქციის არაჯანსაღი კონკურენციისაგან დაცვა. იგულისხმება საქართველოს ადგილწარმოშობის პროდუქციის სახელით ფალსიფიცირებული პროდუქციის შეტანის კონტროლი სავაჭრო ქსელში;

− მკაცრ კონტროლს უნდა დაექვემდებაროს შემოტანილი სხვადასხვა სასუქების, ქიმიური და სხვა საშუალებების ხარისხი;

− ჯერ კიდევ აუთვისებელია საქართველოში სუფრის ჯიშის ყურძნის წარმოების გაფართოების რესურსები. ქვეყნის ბაზარზე დომინირებს იმპორტული სუფრის ყურძენი, რომლის მოხმარება საკმაოდ დიდია. შეიძლება შეირჩეს ბუნებრივ-კლიმატური პირობებისადმი მაღალი ადაპტაციის მქონე, უხვმოსავლიანი და ნაკლებად შრომატევადი, ტექნოლოგიატევადი, დიდხანს შენახვადი და მაღალი გემური თვისებების მატარებელი ჯიშები და მოეწყოს ნერგების წარმოება და მოსახლეობისათვის მიწოდება.

დღევანდელი მსოფლიო ღვინოს განიხილავს როგორც სამკურნალო, პროფილაქტიკურ და დიეტურ სასურსათო პროდუქტს. ქართული ღვინოები ამ თვალსაზრისით გამორჩეულია, რასაც ვაზის ჯიში, წარმოების ადგილი და ტექნოლოგია განაპირობებს. შესაბამისად:

− საქართველოს სამეცნიერო საზოგადოება აქტიურად უნდა ჩაერთოს საერთაშორისო პროგრამებში “ღვინო და ჯანმრთელობა”. ქართველი და უცხოელი მეცნიერების მიერ დადგენილია, რომ ღვინო (განსაკუთრებით წითელი და კახური ტექნოლოგიით დაყენებული) შეიცავს უამრავ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს: ფენოლებს, ანტოციანებს, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ კარდიოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ, იცავენ ადამიანებს ათეროსკლეროზისაგან, აღნიშნავენ მათ აქტიურობას სიმსივნური დაავადების პროფილაქტიკაშიც. ამ ნივთიერებების ფარმაცევტული სახელწოდებაა პროანტიციანიდები. ისინი დიდი რაოდენობითაა კონცენტრირებული ყურძნის წიპწაში 59%, კლერტში და კანში 19-21%, რბილობში კი 1%. კახური წესით ქვევრში დაყენებულ ღვინოში, რომელიც დამზადებულია მთლიანად დაჭყლეტილი ყურძნის (კლერტის, წიპწის, კანის) მაგარი ნაწილების მონაწილეობით, მათი შემცველობა 63%-ს აღწევს.

დღეისათვის საქართველოში განსაკუთრებით გამოირჩევა ქვევრში კახური, იმერული ტექნოლოგიებით დაყენებული ღვინოები. ეს იმას ნიშნავს, რომ ოჯახურ მეურნეობებს ღვინის წარმოების მნიშვნელოვანი რესურსები გააჩნიათ. ბოლო წლებში ჩატარებული მეღვინეობის სხვადასხვა კონკურს-ფესტივალები ადასტურებენ ოჯახურ მეურნეობებში მევენახეობა-მეღვინეობისადმი დიდ ინტერესს და ღვინის წარმოების მაღალ ორგანიზაციას.

 მევენახეობა-მეღვინეობის ეკონომიკური პოტენციალი და მისი პრიორიტეტულობა უახლოესმა ისტორიამაც დაადასტურა და ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონითაც არის განმტკიცებული (1998წ.). ქვეყანაში კანონით არის დაცული, რომ ფილოქსერიან ზონაში, ვენახი მომავალში მხოლოდ ნამყენი, ჯანსაღი სარგავი მასალით გაშენდეს. თუმცა, შესაბამისი საკმარისი საწარმოო ბაზა ქვეყანაში აღარ არსებობს. დეფიციტურია ფილოქსერაგამძლე საძირე მასალა. იგი ძირითადად ქვეყნის გარედან (უკრაინა, მოლდოვა, ბულგარეთი, ესპანეთი, სერბეთი…) შემოაქვთ; ფილოქსერა გამძლე საძირე ვაზის სადედეების ფართობი ქვეყანაში 3-4 ათეულ ჰექტარს არ აღემატება, რაც მინიმალურადაც ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნილებას (გასული საუკუნის 80-იან წლებში მისი ფართობი 1500 ჰა-აღემატებოდა).

ინდივიდუალური ნერგის მწარმოებლები საძირე მასალას მიტოვებული, მოუვლელი ვენახებიდან აგროვებენ, რაც მოკლებულია ჯიშურ და ფიტოსანიტარულ სიწმინდეს. ერთადერთი საბაზისო სანერგე 2008 წლიდან სოფელ ჯიღაურაში (მცხეთის მუნიციპალიტეტი) შეიქმნა, რომლის განვითარების გეგმაში შედის მვენახეობის რეგიონებში საბაზისო სანერგეების მოწყობა-განვითარება.

წყარო: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია