მღრღნელები ფერმერების წინააღმდეგ
მღრღნელები ყოველ წელიწადს მსოფლიო მოსავლის 1/5-ს ანადგურებენ.
100 ვირთაგვა კი წელიწადში 2ტ მარცვალს ჭამს.
გლობალური დათბობის და ურბანული პროცესების გააქტიურების პირობებში მღრღნელების პოპულაცია მთელ მსოფლიოში, მათ შორის – საქართველოშიც, იზრდება.
მღრღნელები ავრცელებენ დაავადებებს, ანადგურებენ მოსავალს და ინფრასტრუქტურას.
აშშ ყოველწლიურად ვირთხების მიერ დაზიანებული შენობების და კომუნიკაციის აღსადგენად 19 მილიარდ დოლარს ხარჯავს.
ისტორიული მონაცემებით, ბოლო ათასწლეულში ვირთხების გამო იმაზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე ამ პერიოდში წარმოებული ერთად აღებულ ყველა ომში.
მე-14 საუკუნეში ევროპაში ჭირის გავრცელებით ვირთხებმა კონტინენტის მესამედი მაცხოვრებელი გაანადგურეს.
დღევანდელი ბრძოლის პრობლემა მღრღნელების წინააღმდეგ არის ის, რომ ჩვენ მარტო რეაგირებას ვუკეთებთ მათ მოქმედებას და არ ვატარებთ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს, ერთ-ერთ აუცილებელს პოპულაციის შესასუსტებლად.
ნათეს ფართობებში, სადერატიზაციო სამუშაოების შესუსტება იწვევს მღრღნელების (ვირთაგვები, თაგვები, მემინდვრიები, ზაზუნები და სხვა) მომრავლებას. თითოეული მათგანი სანიტარული თვალსაზრისით საშიშია და მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს აყენებს ფერმერულ მეურნეობებს.
მღრღნელები გამოირჩევიან სწრაფი გამრავლების უნარით, განსაკუთრებით ხელსაყრელ პირობებში (როგორიც არის კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში), წყვილ ვირთაგვას (ნამატით) წელიწადში 800-მდე ნაშიერის მოცემა შეუძლია, ხოლო სამი წლის განმავლობაში _ 20 მილიონზე მეტის. მდედრი ვირთაგვა წელიწადში 4-6 ჯერ იგებს და ჯერადობაზე 10-12 წრუწუნას ყვრის, მაკეობა 21-25 დღე გრძელდება 3-4 თვის შემდეგ წრუწუნები უკვე თვითონ იწყებენ გამრავლებას.
მემინდვრიები უფრო სწრაფად მრავლდებიან, სქესობრივ სიმწიფეს დაბადებიდან 30-ე დღეს აღწევენ. მაკეობა 18-20 დღე გრძელდება, ხოლო წრუწუნების რაოდენობა ბუდეში 8-10-ია, ერთი და იმავე დედალმა მემინდვრიამ შეიძლება ყოველთვიურად მისცეს შთამომავლობა. 4 მემინდვრიას (2 დედალი, 2 მამალი) თავიანთი ბუდობებით, კარგი პირობების ზეგავლენით, შეუძლია წელიწადში 1-1,5 მილიარდამდე წრუწუნა დაყაროს.
ვირთაგვები და თაგვები ადამიანისა და სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისათვის სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენენ, მრავალი ინფექციური და ინვაზიური დაავადებების გავრცელებაში, როგორიცაა: ჭირი, ციმბირული წყლული, ცოფი, ბრუცელოზი, ტუბერკულოზი, ტულარემია, აუესკი, წითელი ქარი, თურქული, ტრიქინელოზი და სხვა დაავადებები.
ზოგიერთი დაავადებებით (ჭირი, ბრუცელოზი, ტუბერკულოზი და სხვა) მღრღნელები თვითონ ავადდებიან და არიან დაავადებების აღმძვრელთა მუდმივი წყარო და რეზერვუარი, ქმნიან ეპიდემიოლოგიურ და ეპიზოოტურ საშიშროებას, რაც გამოხატულობას პოულობს მრავალი ინფექციური და ინვაზიური დაავადებების მატარებლობასა და გადატანაში.
მღრღნელები განსაკუთრებით ეკონომიკურ ზარალს სოფლის მეურნეობას აყენებენ, ანადგურებენ საკვები პროდუქტებისა და ფურაჟის დიდ რაოდენობას, ნათესებს, მოსავალს. ერთი ზრდასრული ვირთაგვა დღეღამეში 50 გრ. მარცვლეულს ჭამს, რაც წელიწადში, შესაბამისად, შეადგენს 18კგ-ს. თაგვი დღეში – 4 გრ. მარცვლეულს ჭამს, წელიწადში – 1,5 კგ-ს. 10000 ვირთაგვა – 180 ტონას, ხოლო 10 000 თაგვი კი _ 15 ტონას.
თუ გავითვალისწინებთ მათი სიმრავლის შესახებ ზემოთ დასახელებულ მონაცემებს, დასკვნის გამოტანა ადვილია, თუ რა რაოდენობის მარცვლეულის განადგურება შეუძლია მღრღნელს წელიწადში.
გამანადგურებელი ღონისძიებები მღრღნელების წინააღმდეგ ტარდება ქიმიური, მექანიკური, ბიოლოგიური და კომბინირებული მეთოდებით.
ვფიქრობთ, ამჟამად შედარებით უკეთესი საშუალება არის თანდათან მოქმედი შხამები ანტიკოაგულანტები: რეთს-ქილერი და რატექსი.
ანტიკოაგულანტები გამოირჩევიან გარკვეული უპირატესობებით ძლიერმოქმედ შხამებთან შედარებით. ისინი ისეთი მცირე დოზებით გამოიყენება, რომ ფაქტობრივად მათი სწორი გამოყენების შემთხვევაში შინაური ცხოველების მოწამვლა გამორიცხულია. გარდა ამისა, აღნიშნულ შხამებს აქვთ საკუთარი შხამსაწინააღმდეგო ვიტამინი „K”.
ანტიკოაგულანტები გამოიყენება, როგორც მზა სახით (რეთს-ქილერი), ასევე, საკვებ მისატყუებელში (რატექსი), წყლიან მისატყუებელში. ძლიერმოქმედი შხამები ასეთი მრავალნაირი გამოყენებით არ ხასიათდებიან.
გარდა ამისა, ძლიერი მოქმედი შხამიანი მისატყუებელი (თუთიის ფოსფიდი) ხშირად მღრღნელების ორგანიზმში იწვევს დამცველობით – რეფლექსურ რეაქციას, ზოგიერთი ვირთაგვა ნაადრევად უარყოფს მისატყუებელს, ვიდრე მიიღებდეს შხამის სასიკვდილო დოზას. ანტიკოაგულანტებიანი მისატყუებელი ასეთ რეაქციას არ იწვევს, რასაც მივყავართ დერატიზაციის უკეთეს შედეგამდე.
სადერატიზაციო სამუშაოების დროული და ეფექტური ჩატარება, ჩვენს მოსავალს განადგურებისგან დაიცავს!
თაგვისნაირი მღრღნელების სრულ ლიკვიდაციას შეიძლება მივაღწიოთ იმ შემთხვევაში, თუ პროფილაქტიკური და გამანადგურებელი ღონისძიებები გატარდება ერთდროულად მღრღნელებით დასახლებულ ყველა ობიექტზე (ფერმები, საწყობები, მინდვრებიმთლიანი ფართით).
დიდი მნიშვნელობა აქვს დამუშავების ტექნოლოგიას.
და ბოლოს, მინდა ხაზი გავუსვა, ეკონომიკურ ზარალს, რომელიც შეიძლება ოთხმა მემინდვრიამ ხორბლისა და სიმინდის ნათესებს ერთ წელიწადში მიაყენოს.
ოთხ წყვილ მემინდვრიას, თუ მათ პოპულაციას ხელი არ შევუშალეთ, თავისი ნამატით წელიწადში შეუძლია გაანადგუროს 8000 ტონამდე (2000-4000 ჰა ფართობი) მარცვალი, ხოლო წყვილ ვირთაგვას წელიწადში – 1000 ტონამდე. ამას გარდა, ისინი თითქმის მთლიანად ანადგურებენ ახლადამოსულ მწვანე ჯეჯილს. არ გავიმეორებთ იმ ეპიდემიოლოგიურ საშიშროებაზე, რომელიც შეუძლია მავნე მღრღნელებმა ადამიანს მოუტანოს.
P.S ვირთაგვები და თაგვები არსად წასულან, მათ ისწავლეს ჩვენთან თანაცხოვრება და ჩვენი აღარც ეშინიათ.
მიხეილ ჭიჭაყუა
ბიოლოგიის დოქტორი
აგრო ექსპერტთა ასოციაცია